2017 წელი გერმანია-საქართველოს წლად გამოცხადდა
ორასი წლის წინ, 1817 წელს, საქართველოში პირველი გერმანელი კოლონისტები ჩამოსახლდნენ. შვაბმა პიეტისტებმა რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I-ის მოწვევით ბოლნისსა და ასურეთში პირველი კოლონიები დააარსეს, ხოლო შემდგომში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიასა და კულტურის განვითარებაში.
1991 წელს გერმანია იყო პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო 1992 წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო თბილისში. შესაბამისად, 2017 წელს საქართველო და გერმანია იზეიმებენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. საქართველო-გერმანიის წელი სწორედ ზემოაღნიშნულ ისტორიულ თარიღებს თუ თანამედროვე რეალიებს უკავშირდება და იმის საწინდარია, რომ გერმანიამ საქართველოში და საქართველომ გერმანიაში ერთდროულად 2017-18 წლის განმავლობაში თავიანთი ქვეყნები და კულტურა წარადგინონ.
ასე რომ, გერმანია და საქართველო 2017 წელს ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვან თარიღებს ანიშნავენ: 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. მომავალ წელს კიდევ ერთი საიუბილეო თარიღი - 100 წელი სრულდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან.
ამ თარიღების აღსანიშნავად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2017-18 წლებში როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული შინაარსის ღონისძიებაა დაგეგმილი.
ცხადია, ამ თარიღის აღნიშვნა ევროპულ-ქართული ურთიერთობის გაღრმავებისა და ახლახან გაფორმებული ვიზალიბერალიციის აქტის შემდეგ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
21აპრილს თბილისის საკრებულოს შენობაში საქართველო-გერმანიის წლის საზეიმო გახსნა გაიმართა, რომელსაც საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი - ქალბატონი ჰაიკე ფაიჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული კულტურის პოლიტიკის საკითხებში, ბატონი მიხაელ რაიფენშტუელი და გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტი, პროფესორი კლაუს-დიტერ ლემანი ესწრებოდნენ.
„საქართველო-გერმანიის წლის აღნიშვნით ჩვენ გვსურს წარმოვაჩინოთ უკვე არსებული კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მრავალფეროვნება და ინტენსივობა, იმისათვის, რომ გერმანულ და ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში კიდევ უფრო გაღრმავდეს ამ საერთო ისტორიის ცოდნა...
როგორც მთავრობის, ისევე სამოქალაქო საზოგადოების მიერ ინიცირებული მრავალი კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება ორივე ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჩვენს საზოგადოებებს შორის არსებულ მიღწევებზე ყურადღების გამახვილებას და ამავდროულად ისტორიულად მრავალმხრივ დაკავშირებული ორი დემოკრატიული სახელმწიფოს საერთო კულტურული მომავლის სხვადასხვა ასპექტით წარმოჩენას. ამ ასპექტებს ასევე ასახავს საქართველო-გერმანიის წლის სლოგანი „მომავლის მემკვიდრეობა“, - აღნიშნა ელჩმა, ქალბატონმა ჰაიკე ფაიჩმა სპეციალურად ამ თარიღისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების მრავალფეროვნების წარმოჩენას. 2017-18 წლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება: თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, გამოფენები და ლიტერატურული საღამოები, ბიზნეს-ფორუმები და პროექტები განვითარების, ეკონომიკის, განათლების და სპორტის სფეროებში. საზეიმო წელი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ ინტენსიურ ურთიერთობას, განსაკუთრებით კი სამოქალაქო საზოგადოებებს შორის.
გახსნის ცერემონიის ფარგლებში მოეწყო გამოფენა „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი; ქართულ-გერმანული ისტორიები“. გამოფენაზე წარმოდგენილია მასალა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ვებარქივიდან, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „სოვლაბის“, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
ვებარქივის მიზანია საქართველო-გერმანიის ურთიერთობების დოკუმენტური და ისტორიული წყაროების დაცვა და პოპულარიზაცია. „მომავლის მემკვიდრეობა“ ეყრდნობა „საზოგადოებრივი არქივის“ კონცეფციას, რაც მუდმივად განახლებას, ე.წ.ღია სივრცის შექმნას, ფართო საზოგადოებისა და ჯგუფის ჩართვას გულისხმობს.
გერმანია-საქართველოს წელი გერმანიაში ოფიციალურად 2017 წლის 26 აპრილს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „მსოფლიო დარბაზში“ გაიხსნება, რომელსაც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. ეს საქართველოს ევროპასთან დაახლოების მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია და ნიშნავს:
საქართველოს შესახებ გერმანიასა და ევროპაში ცნობადობის გაზრდას;
საქართველოს საერთო ევროპულ სივრცეში დაბრუნების იდეის პოპულარიზაციას;
საქართველოს, როგორც ევროპული კულტურის ნაწილის წარმოჩენას;
საქართველოსა და ევროპის ხალხებს შორის კავშირების გაღრმავებას.
საქართველოში მეგობრობის წლის ფარგლებში დაგეგმილმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს ზემოაღნიშნულ სფეროებში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, თანამშომლობის ახალი პროექტების შექმნას და გერმანული კულტურული მემკვიდრეობის უკეთ დაცვას.
გერმანია-საქართველოს წლის აღნიშვნა და მასთან დაკავშირებული ისტორიული თარიღები მხოლოდ განვლილ და უმნიშვნელო წარსულად კი არ უნდა იქნას აღქმული, არამედ მომავლის კულტურულ რესურსადაც. აქცენტი უნდა გაკეთდეს არსებულ კულტურულ ურთიერთგავლენებსა და საერთო დემოკრატიული ფასეულობებზე, ისევე, როგორც მათ სამომავლო გაღრმავებაზე.
გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს, ერთი მხრივ, მჭიდრო ოფიციალური და კულტურული ურთიერთობები და, მეორე მხრივ, კერძო ინიციატივები, არასამთავრებო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების კონტაქტები თუ მეგობრული ურთიერთობები.
საქართველოში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებებიდან შეიძლება გამოვყოთ:
21 აპრილს თბილისში გახსნილი გამოფენა „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები“ და გერმანულ-ქართული ურთიერთობების ვებარქივის პრეზენტაცია;
მსოფლიოში აღიარებული გერმანელი ქორეოგრაფის, საშა ვალცისა და „სტუმრების“ (Sasha Walz & Guests) საგასტროლო სპექტაკლი Continu 2017 წლის ნოემბერში, თეატრალური ფესტივალის „საჩუქარის“ ფარგლებში;
ევროპაში ცნობილი თეატრალური დასის - Rimini Protokoll-ის გასტროლი ოქტომბერში, თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში. ეს არის სრულიად არაორდინალური, გამორჩეული, დოკუმენტურ- ინტერაქტიული პერფორმანსი სახელწოდებით „Home visit Europe“;
არქიტექტორ მაია მანიას მოხსენება და თანმხლები გამოფენა „გერმანელი და ევროპელი არქიტექტორები თბილისში“, რომელიც გოეთეს ინსტიტუტში 2017 წლის ნოემბერში გაიმართება;
მწერლის, კრიტიკოსისა და პუბლიცისტის, კატია ლანგე-მიულერის ლიტერატურული საღამო (29 მაისი-3 ივნისი) მწერალთა სახლში;
დაბოლოს, გამოფენა სახელწოდებით „დინასტიები - პარალელური პერსპექტივა“ (არქიტექტურით დაკავშირებული ოჯახების შესახებ გერმანიასა და საქართველოში; 7 დეკემბერი, 2017 – 7 იანვარი, 2018), რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება და დაიხურება.