Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველო-რუსეთი: პირდაპირი დიალოგის პირველი მცდელობა და ურთიერთობის მომავალი

27 დეკემბერი 2012

რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობისას თბილისმა პრიორიტეტები კარგად უნდა განსაზღვროს, რათა არ მოხდეს მოსკოვისთვის იმაზე მეტის დათმობა, ვიდრე ამას სახელმწიფო ინტერესები ითვალისწინებს.

14 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის მოლაპარაკება გაიმართა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს რუსეთ-საქართველოს შორის შემდგარი პირველი ორმხრივი შეხვედრა იყო. მართალია, რუს და ქართველ დიპლომატებს ერთმანეთთან კონტაქტი ამ შეხვედრამდეც ჰქონდათ, თუმცა ეს ხდებოდა  შვეიცარიის დიპლომატიური მისიის მედიაციით. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას რაიმე კონკრეტული შეთანხმება არ მოჰყოლია, საერთაშორისო თანამეგობრობამ იგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების ამ მცდელობად შეაფასა.  

მოლაპარაკებების დაწყებამდე ორივე ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ჩანდა, რომ არც ერთი მხარე მნიშვნელოვან შედეგებს არ ელოდა. შეხვედრა წმინდა ტექნიკურ ხასიათს ატარებდა და განისაზღვა ის ფორმატი, რომელშიც დიპლომატები მომავალში ითანამშრომლებენ. აბაშიძის განცხადებით, მხოლოდ იმ საკითხებზე შედგა საუბარი, რომლებსაც არ ფარავს ჟენევის მრავალმხრივი მოლაპარაკებები და შეთანხმება  იმაზე იქნა მიღწეული, რომ ორმხრივი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობას ახლო მომავალში არავინ ელოდება, აშკარად გამოიკვეთა ის ტენდენცია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში მისი წინამორბედის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას არ გეგმავს. რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა უკანასკნელი წლების განმავლობაში წარმოადგენდა დაშინებაზე აწყობილ თამაშს, რომლითაც ორივე მხარე სარგებლობდა. რუსეთი ამას იყენებდა საკუთარი აღმავლობის ხაზგასასმელად და ძალის დემონსტრირებისათვის, თბილისი - საერთაშორისო ასპარეზზე გოლიათთან მებრძოლი დავითის იმიჯის შესაქმელად, აგვისტოს ომის შემდეგ კი საკუთარი ვიქტიმიზაციისთვის. ორივე მხარის პოლიტიკური ისტებლიშმენტისათვის მომგებიანმა ამ თამაშმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური, კულტურული და სოციალური კავშირები მოშალა, ისედაც დაძაბული ურთიერთობა კი გრძელვადიან მოუგვარებელ კონფლიქტად აქცია.

სააკაშვილის აგრესიულმა ანტირუსულმა საგარეო პოლიტიკამ  მას პროდასავლურობის იმიჯი შესძინა და ამერიკელ ნეოკონსერვატორთა გარკვეულ ჯგუფში მხარდაჭერა მოუტანა, მაგრამ ამით საფრთხე შეუქმნა არამარტო ქვეყნის სტაბილურობას, არამედ დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა. ვაშინგტონი და განსაკუთრებით ბრიუსელი კი მოსკოვთან თანამშრომლობას საერთაშორისო საკითხებში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ და შესაბამისად, საქართველოს „გოლიათთან მებრძოლი დავითის“ კურსი დროიდან ამოვარდნილად იქცა. ნატოს უკანასკნელ სამიტებზეც არაერთხელ გაკეთდა განცხადება თბილისის მისამართით, რომ ალიანსში შესვლამდე საქართველოს რუსეთთან უნდა მოეგვარებინა ურთიერთობა. მიუხედავად ამ მოწოდებებისა, თბილისი აგრესიულ ანტირუსულ პროპაგანდას აგრძელებდა  და მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარების პერსპექტივას სულ უფრო არარეალურს ხდიდა.

სწორედ ამიტომაც საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისათვის გადადგმულ ნაბიჯებს, დასავლეთში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დროს თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ტომას მელიამ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები დადებითად უყურებს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობას.

რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა კი ნამდვილად არ იქნება იოლი საქმე, რომლის მიღწევაც მოკლე ვადაში გახდება შესაძლებელი. მოსკოვი ამ ეტაპზე დაინტერესებულია საქართველოსთან მიმართებაში სტატუს ქვოს შენარჩუნებით, რაც ივანიშვილის ხელისუფლებას საწყის ეტაპზევე წამგებიან პოზიციაში აყენებს. ქართულ დიპლომატიას სერიოზული მუშაობა მოუწევს კონკრეტული საკითხების წინ წამოსაწევად. თუმცა, აუცილებელია, ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობისას თბილისმა პრიორიტეტები კარგად განსაზღვროს, რათა არ მოხდეს მოსკოვისთვის იმაზე მეტის დათმობა, ვიდრე ამას სახელმწიფო ინტერესები ითვალისწინებს. როგორც  ამერიკელმა ანალიტიკოსმა პოლ რიმპლიმ განაცხადა, შეთავაზებები უნდა იყოს ადეკვატური და საქართველომ რუსეთის ჯარის ყოფნა საკუთარ ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას მაგალითად იაფი ენერგორესურსების სანაცვლოდ.

ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის დაწყებისთვის მზადყოფნაზე საუბრისას მუდმივად ხდება ხაზგასმა ე.წ. „წითელ ხაზებზე“, რომელთა გადაკვეთა არ უნდა მოხდეს. ერთ-ერთ ასეთ „წითელ ხაზად“ შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისაკენ. დასავლურ ანალიტიკურ წრეებში შიშობენ, რომ მოსკოვი ეცდება უკრაინის მსგავსად საქართველოც გადაიყვანოს პროდასავლური რელსებიდან საკმაოდ მიმზიდველი ეკონომიკური შეთავაზებებით. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია საზოგადოების განწყობა. მართალია, ქვეყანაში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მიესალმება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ უკრაინისგან განსხვავებით საქართველოში პროდასავლური კურსის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების დაკვეთაა, რუსეთთან დაახლოვება არ მოხდეს დასავლეთთან დაშორების ხარჯზე.

ასევე რუსეთი ეცდება საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასა და ინსტიტუციური თვალსაზრისით მასზე გარკვეული გავლენის აღდგენას. თუმცა, ამ მხრივ პირდაპირ ნაბიჯებს ერიდება და მხოლოდ მისდამი ლოიალური ლიდერების საშუალებით ახმოვანებს ზრახვებს. ამის მაგალითია ბელორუსის პრეზიდენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული განცხადება, რომ ის მზადაა დაუჩოქოს და ისე თხოვოს საქართველოს ახალ ხელისუფლებას დსთ-ში დაბრუნება. შესაძლოა, ეკომონიმკური და საემიგრაციო თვალსაზრისით საქართველოსთვის მომგებიანიც კი იყოს დსთ-ში დაბრუნება, მაგრამ პოლიტიკური კუთხით აუცილებლად დააზარალებს ქვეყანას და მის საერთაშორისო იმიჯს. კრემლს კი, დამატებით ბერკეტებს მისცემს საქართველოზე გავლენის აღსადგენად.

საქართველოში მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენის საკითხი ძირითადად ეკონომიკურ კონტექსტში განიხილება და ქართული პროდუქციის რუსეთში დაბრუნების პერქსპექტივაზე დიდი იმედებიც მყარდება. შეხვედრის შემდეგ აბაშიძის მიერ გაკეთებული განცხადებიდანაც ჩანს, რომ მოლაპარაკებების დროს ამ საკითხებზე იქნა ყურადღება გამახვილებული. რუსულ საინფორმაციო წყაროებშიც გავრცელდა ინფორმაცია ქართული პროდუქციის შესაძლო დაბრუნების შესახებ. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა, თუმცა, არ უნდა შეწყდეს ბაზრის დივერსიფიკაციის პოლიტიკა და არ უნდა მოხდეს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა. როგორც კლაუს ნორი აღნიშნავს, როდესაც ქვეყანა მცირე სახეობის პროდუქციას აწარმოებს და შეზღუდულია მისი სავაჭრო პარტნიორთა რიცხვი, ის ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან დაუცველია.

ქართული მხარისთვის ამ ეტაპზე ერთ-ერთი სერიოზული ხელჩასაჭიდი თემა არის სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა. რუსეთისთვის მისი უსაფრთხოდ ჩატარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს საკითხი შესაძლოა საქართველომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და  სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც ოლიმპიადის ჩაშლა/ბოიკოტზე აკეთებდა აქცენტს, ახალმა ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებაში და ტურნირის უსაფრთხოდ ჩატარებაში თანამშრომლობა შესთავაზოს რუსეთს. სანაცვლოდ კი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში კრემლისგან გარკვეული დათმობები მოითხოვოს.

წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე პუტინმა საქართველოს თემას ყურადღება დაუთმო და ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთი არა მხოლოდ ამჩნევს, არამედ მიესალმება საქართველოს მხრიდან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ გადაგმულ ნაბიჯებს. მიუხედავად ამისა, რუსეთის მოქმედებიდან ჩანს, რომ კრემლი თბილისის მზადყოფნას სკეპტიკურად უყურებს და სხვადასხვა მეთოდებით ეცდება მის შემოწმებას. ერთ-ერთ ასეთ „გამოცდად“ შეიძლება შეფასდეს  მოსკოვის მხრიდან გივი თარგამაძის გადაცემის მოთხოვნა, რომელსაც რუსი სამართალდამცავები ქვეყანაში ოპოზიციასთან ერთად არეულობის მოწყობის მცდელობაში სდებენ ბრალს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^