Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა იცვლება პატიმრებისთვის

01 მაისი 2017

მიმდინარე წლის 2 თებერვალს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პარლამენტში პატიმრობის შესახებ კოდექსში ცვლილებების შესატანად ინიციატივა დაარეგისტრირა.

პროექტი კოდექსს მნიშვნელოვნად ცვლის. ის ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, გათავისუფლებისთვის მომზადება,  პატიმრებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, უვადო პატიმრობა, მსჯავრდებულის საცხოვრებელი პირობები, სატელეფონო საუბარი და მიმოწერა, ხანგრძლივი პაემანი, ავადმყოფობის გამო გათავისუფლება და აშ.

საქართველოს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებათა პაკეტს გარკვეულწილად დადებითად აფასებენ, თუმცა შენიშვნები აქვთ.

ომბუდსმენმა, „ციხის საერთაშორისო რეფორმამ” (PRI) და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (gyla) სასჯელაღსრულების მინისტრს, ასევე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების თავმჯდომარეებს, ეკა ბესელიას და სოფიო კილაძეს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები უკვე გააცნეს. სამინისტრო შენიშვნების ნაწილს იზიარებს, თუმცა ყველა რეკომენდაციის გაზიარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

სად იცხოვრებენ პატიმრები?

კანონპროექტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართი მსჯავრდებულისთვის საპატიმრო თუ სამკურნალო დაწესებულებაში 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ახალი სტანდარტების შესაბამისად, ყველა პატიმრის (არა მხოლოდ მსჯავრდებულის) მინიმალური საცხოვრებელი ფართი ერთ პატიმარზე, ანუ სამარტოო პირობებში სულ ცოტა 6 კვადრატული მეტრი უნდა იყოს, ხოლო ყველა შემდეგ პატიმარზე უნდა დაემატოს 4 კვადრატული მეტრი (6+4+4+4).

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ეს სტანდარტი ქართულ კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს და უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ მსჯავრდებულებზე - „იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული სტანდარტი გავრცელდება ასევე ბრალდებულების მიმართ, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პენიტენციურ სისტემაში აღარ არის გადატვირთულობის პრობლემა და რომ ბრალდებულები მთელი კონტიგენტის დაახლოებით მხოლოდ 12%-ს შეადგენენ“, - ვკითხულობთ ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონული დირექტორის, ცირა ჭანტურიას წერილში.

ალექსანდრე დარახველიძე სასჯელაღსრულების სამინისტროში იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ის გვიყვება, რომ 2013-2114 წლების ცვლილებებამდე საცხოვრებელი ფართის სტანდარტი 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები იყო. „ცვლილებების შემდეგ სტანდარტი ბრალდებულთათვის 3 კვადრატულ მეტრამდე, მსჯავრდებულთათვის კი 4-მდე გაიზარდა. ეს CPT-ის  მაშინდელი რეკომენდაცია იყო, წლების განმავლობაში ეს რეკომენდაციები გადაიხედა და სტანდარტიც გაიზარდა.

დღესდღეობით პატიმართა საერთო რაოდენობა 10 000-ის ფარგლებში მერყეობს. ისინი საქართველოს მასშტაბით 15 პენიტენციური დაწესებულებაში არიან გადანაწილებული.

„პატიმრების საერთო რაოდენობის და ამ ინფრასტრუქტურის პირობებში მეტის საშუალება არ არის. ჩვენ არ გაგვაჩნია საშუალება, რომ 6 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. დიდი სიამოვნებით დავეთანხმებოდით, მაგრამ არ შეგვიძლია”, - ამბობს დარახველიძე.

ვინ გაწევს პაემნის მეთვალყურეობას?

პირველ მოსმენაზე წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ხანმოკლე პაემნის შემთხვევაში ციხის ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს პატიმარს არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ელექტრონული მეთოდებითაც უმეთვალყურეოს.

როგორც კოდექსის 54-ე მუხლიდან ვიგებთ, „ელექტრონული მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-ვიდეო საშუალებებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებებით”, ანუ ცვლილების მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებას ხანმოკლე პაემნის არა მხოლოდ ზედამხედველობა, არამედ მოსმენაც შეეძლება.

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, კანონპროექტში ეს ჩანაწერი გასწორებულია: „ვიზუალური დაკვირვება გულისხმობს თანამშრომლის იმ ადგილზე ყოფნას, სადაც ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს. ჩვენ გვსურდა, რომ სტანდარტი გაგვეზარდა, ანუ უშუალოდ თანამშრომელს კი არ ემორიგევა, არამედ ვიდეომეთვალყურეობის სტანდარტი დაგვენერგა, თუმცა  სწორი შენიშვნა იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომ ელექტრონული მეთვალყურეობა მოიცავს აუდიოსაც - საშუალებას  იძლევა,  რომ აუდიომეთვალყურეობა განხორციელდეს. ჩანაწერი დავაკონკრეტეთ და ვთქვით, რომ  ელექტრონული მეთვალყურეობა დარჩება, ოღონდ მოსმენის გარეშე”.

ვინ გადასინჯავს უვადო სასჯელს?

ცვლილებათა თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, უვადო მსჯავრდებულები მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას, რომ ამჟამად დადგენილი 15-წლიანი მინიმალური ვადის მოხდის შემდეგ მათი სასჯელი უფრო მსუბუქი სასჯელით შეიცვალოს, ან 20-წლის მოხდის შემდეგ განიხილებოდეს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი.

ციხის საერთაშორისო რეფორმაში მიიჩნევენ, რომ ევროპული პოზიტიური პრაქტიკის, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების და ასევე საქართველოს კანონმდებლობაში ამჟამად არსებული ლიბერალური დანაწესების გათვალისწინებით, შემოთავაზებული ცვლილებები რეგრესს წარმოადგენს, ვინაიდან არ ითვალისწინებს უვადო სასჯელისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას და ზრდის მინიმალური მოსახდელი სასჯელის ვადას.

დარახველიძის თქმით, მათ  ახალი მოდელი შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, როდესაც პატიმარი 15-წელს მოიხდის, საშუალება ექნება მიმართოს სასამართლოს და ითხოვოს, რომ პატიმრობა შეეცვალოს ან შინა პატიმრობით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით. ხოლო თუ ამ სერვისით არ ისარგებლებს და 20 წლის გასვლას დაელოდება, მისი მიმართვის შემდეგ სასამართლოს უფლება ექნება, გაათავისუფლოს პირობით, გამოსაცდელი ვადით.

არის თუ არა საკმარისი გასათავისუფლებლად ავადმყოფობა?

სამინისტროს შემოთავაზებული ვერსიით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლებაზე არა სპეციალური კომისია, არამედ სასამართლო იმსჯელებს, ამასთან მან სასჯელისგან გათავისუფლების მიზანშეწონილობაზეც უნდა იმსჯელოს, გაითვალისწინოს მსჯავრდებულის კრიმინალური წარსული, პიროვნული თვისებები, დანაშაულის ხასიათი, მიზანი, მოტივი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და ა.შ.

„ახალგაზრდა იურისტები" მიიჩნევენ, რომ თუკი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა  შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს სასჯელის მოხდის შესაძლებლობასთან, სხვა გარემოებებზე მსჯელობა აღარ უნდა გაგრძელდეს.

დღეს პროცედურა ასეთია: არსებობს ჯანდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მუდმივმოქმედი კომისია. ისინი ეყრდნობიან ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, სადაც ჩამოწერილია დაავადებები, რა შემთხვევაშიც კომისიამ უნდა გასცეს რეკომენდაცია მსჯავრდებულის გათავისუფლების თაობაზე.

როდესაც პატიმარი მიიჩნევს, რომ მისი დიაგნოზი ამ დაავადებათა ჩამონათვალშია, იღებს ექსპერტიზის დასკვნას და გადის კომისიაზე.

„კომისიას ერთადერთი კომპეტენცია აქვს, - ამბობს ალექსანდრე დარახველიძე, - შეამოწმოს ემთხვევა თუ არა ერთმანეთს პატიმრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაში მოცემული დაავადება და ბრძანებაში არსებული დაავადებათა ჩამონათვალი და თუ დაადგენს, რომ შეესაბამება, კომისია ვალდებულია პატიმარი გაათავისუფლოს”.

დარახველიძე გვიყვება, რომ ყოფილა შემთხვევები, რომ პატიმარმა დააკმაყოფილა ეს პირობები, მაგრამ გათავისუფლების შემდეგ ადამიანმა განმეორებით ჩაიდინა დანაშაული.

„ამის შემდეგ რა ხდება - ჩაიდინა დანაშაული, დაიწყო დევნა, დააკავეს, მიუსაჯეს, და იმ დაავადება მას კვლავ აქვს. ისევ მიდის კომისიასთან და ითხოვს, რომ გაათავისუფლონ. კომისიამ რაკი ერთხელ გადაწყვიტა, რომ პატიმარი დაავადების გამო აკმაყოფილებს გათავისუფლების კრიტერიუმებს, შესაბამისად იგივე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მეორედაც. პრაქტიკულად დიაგნოზი მისთვის ინდულგენციაა”.

დარახველიძის თქმით, დიაგნოზი არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულს ფიზიკურად არ შეუძლია დანაშაულის ჩადენა, „თანაც დანაშაული მხოლოდ ფიზიკური აქტიურობით არ ხდება, შეიძლება უმოქმედობითაც ჩაიდინო ან ინტელექტუალური შრომით მოახერხო.

შესაძლოა კრიმინალურ იერარქიაში დაწინაურებული პირი იყო, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება ფიზიკური აქტივობა, მისი ერთი გადაწყვეტილება შესაძლოა სერიოზულ დანაშაულს დაედოს საფუძვლად”.

დეპარტამენტის უფროსი მიიჩნევს, რომ ერთადერთი კვალიფიციური და კომპეტენტური ორგანო, რომელსაც შეუძლია აწონოს, ერთი მხრივ, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეორე მხრივ კი, საფრთხეები, რომლებიც კონკრეტული მსჯავრდებულისგან მომდინარეობს და მიიღოს გადაწყვეტილება, არის სასამართლო, რომელიც გარდა დაავადების ხასიათისა, თავად პატიმრის კრიმინალურ წარსულს, ხასიათის თვისებებს თუ სხვა გარემოებებს გაითვალისწინებს.

„ამიტომ, ამ რეკომენდაციას ვერ დავეთანხმებით, ამ ცვლილების აუცილებლობა აჩვენა პრაქტიკამ, იმ რეალობამ, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით”, - ამბობს დარახველიძე.  

ვინ ისარგებლებს ხანგრძლივი პაემნით?

როგორც პროექტში ვკითხულობთ, ხანგრძლივი პაემნით ისარგებლებს მხოლოდ ის პატიმარი, რომელსაც დისციპლინური სახდელი არ აქვს დადებული.

პატიმრობის კოდექსის თანახმად, დისციპლინურ სახდელდადებულად მიიჩნევა პირი, რომელიც ამ სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში არ გაიმეორებს დარღვევას, ხოლო თუ ეს სახდელი სამარტოო საკანში განთავსებაა, ერთი წლის განმავლობაში დარღვევის გარეშე უნდა გაატაროს, რომ ხანგრძლივი პაემნის უფლება მიიღოს.

შესაბამისად, გამოდის, რომ მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, 6 თვით ან 1 წლით გახანგრძლივდება ვადა, რა დროის განმავლობაშიც პატიმარს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა არ შეეძლება.

მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება, ის გარკვეული პერიოდი სახდელდადებულად ითვლება.  დაახლოებით იგივე სისტემაა, როგორც ნასამართლობა ციხის გარეთ, - განმარტავს დარახველიძე ჩვენთან საუბარში.

ის მიიჩნევს, რომ არასამთავრობოების და სახალხო დამცველის შენიშვნა აქაც სწორი იყო. მათ ეს შენიშვნაც გაიზიარეს და ჩაწერეს, რომ ხანგრძლივი პაემნით პატიმარი მხოლოდ მაშინ არ სარგებლობს, როცა ის სამარტოო საკანში ზის. სამარტოო საკანში ყოფნის მაქსიმალური ვადა 14 დღეა.

პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს განიხილავენ.

სტატია მომზადებულია ორგანიზაციაციხის საერთაშორისო რეფორმისმიერ განხორციელებული პროექტის, - „საქართველოსა და სომხეთში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა პრევენციული მონიტორინგის გაძლიერების გზით“, - ფარგლებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^