ხვალიდან ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება მოქალაქეებს იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ. აქამდე ამ ცნობის ასაღებად მათ შსს-ს მომსახურების სააგენტოსთვის უნდა მიემართათ. ამ სიახლეს მომსახურების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ითვალისწინებს.
ამასთან, ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში იუსტიციის სახლის ფილიალებში ეტაპობრივად დაინერგება შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები: განმეორებითი მართვის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის აღება და სხვა.
შსს-ს ინფორმაციით, ნასამართლობის ცნობის მისაღებად მომხმარებელმა იუსტიციის სახლში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს, ცნობა კი განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა. ნასამართლობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით აღების საფასური 1 სამუშაო დღეში - 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.