Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"უნდა გვყავდეს მობილური, კარგად აღჭურვილი, ბრძოლისუნარიანი პროფესიული არმია"

09 იანვარი 2013

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, 2016 წლისთვის ქვეყნის შეირაღებული ძალების მთლიანად საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე გადასვლა იგეგმება. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ „ლიბერალი“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა. 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით,  სავალდებულო სამხედრო  სამსახურის ვადებისა და გაწვევების შემცირება ეტაპობრივად მოხდება - პირველ ეტაპზე ამ ვადის შემცირება 12 თვემდე იგეგმება, იანვრის ბოლოსკენ კი, უკვე ცნობილი იქნება ვადებში გაწერილი ზუსტი ხედვა. როგორ მოხდება ამ ცვილებების გატარება და როგორ აისახება ეს თავდაცვის სტრუქტურაზე?

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს თავდაცვის სამინისტროსთან ჯანსაღი ურთიერთობა აქვს, სამინისტროს თავისი პოზიცია აქვს, რიგი საკითხები პარლამენტმა უნდა განიხილოს, კომიტეტს კი, ცხადია, თავისი პოზიციები ექნება. მიუხედავად იმისა, რომ მე და ირაკლი ალასანია მაქსიმალურად  ვცდილობთ ერთად გავიაროთ რეფორმის გეგმები და ბევრ საკითხში პრინციპულად ვთანხმდებით კიდეც, მიმაჩნია, რომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მოდელზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვთვლი, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების საკითხი დღის წესრიგში განცალკევებით არ დგას. აქ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სარეზერვო სამსახურში ტრანსფორმაციაზეა საუბარი.

სავალდებულო სამხედრო სამსახური შეიძლება გავაუქმოთ, მაგრამ იარსებებს სავალდებულო სარეზერვო სამსახური, რომელიც ფორმებითა და ვადებითა შეიძლება დღევანდელ სავალდებულო სამხედრო სამსახურს ჰგავდეს. ჩვენ უნდა გვყავდეს მობილური, კარგად აღჭურვილი, ბრძოლისუნარიანი პროფესიული არმია, ამასთანავე გვჭირდება ძლიერი სარეზერვო სამსახური. სარეზერვო სამსახურის შესაქმნელად რესურსია აუცილებელი -  თუ ვინმემ სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახური არ გაიარა, ის შემდგომში რეზერვს ვერ შექმნის.

2012 წლის 19 ოქტომბერს, იმ დროისთვის ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია აცხადებდა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსხურის ვადა შესაძლოა 6 ან 8 თვემდე შემცირებულიყო, ხოლო გაწვევის ასაკად 19 წელი განსაზღვრულიყო...

 

დღეისათვის არსებულ 15 თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავისი უარყოფითი მხარეები აქვს, ამიტომ პირველ ეტაპზე ეს ვადა 12 თვემდე დაიწევს; მას შემდეგ, რაც ჩვენ კომპლექსური რეფორმის ჩარჩოებს ჩამოვაყალიბებთ, შეგვეძლება კონკრეტული ციფრებით  ვისაუბროთ და კანონმდებლობით დავადგინოთ, თუ როგორ უნდა მოხდეს გაწვევის სისტემის, სარეზერვო სამსახურის სისტემის რეფორმირება და სხვა საკითხების რეგულირება. ამ თემებზე უკვე მუშაობს თავდაცვის სამინისტრო, ისევე, როგორც ჩვენი კომიტეტი. ვცდილობთ, 3-4 თვეში ჩავეტიოთ, რის შემდგომაც შეგვეძლება ვთქვათ, თუ რა ეტაპზე შემცირდება ვადები და როგორი იქნება სარეზერვო სამსახური.

ანალიზი გაკეთებულია, რეფორმის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრულია და ამ რეფორმების განხილვა უკვე მიმდინარეობს. ეს ყველაფერი მოგვცემს 2017 წლამდე გაწერილი რეფორმირების გეგმას, რის შემდეგაც დაიწყება მისი იმპლემენტაცია.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ჯარში მხოლოდ პროფესიონალური განათლების მქონე პირები უნდა მსახურობდნენ, სამხედრო განათლებას კი დიდი დაფინანსება დასჭირდება. რამდენად არის შესაძლებელი ეფექტური რეფორმების გატარება ამ მიმართულებით?

პროცესის განვითარებას ჩვენ ცალმხრივად არ ვუყურებთ. ეს ყველაფერი კომპლექსურად და სისტემურად უნდა მოხდეს. მართალია, ცალკეულ საკითხებზე საუბარი გვიწევს, მაგრამ, ის, რასაც ინიციატივის სახით საზოგადოებას ვთავაზობთ, ეს არ არის ცალკეული, რეფორმიდან ამოვარდნილი მიმართულება. ყველაფერ ამას განვიხილავთ კომპლექსში, ძირითადად კი გამოვდივართ იქიდან, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა უნდა გაიზარდოს.

ვითვალისწინებთ არსებულ რესურსს. მას შემდეგ, რაც გვექნება სურათი, თუ როგორ უნდა მოხდეს - მიზნის, რესურსისა და შესაძლებლობების შესაბამისად ქვეყნის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება და მთლიანად, უსაფრთხოების სექტორის განვითარება, ჩვენ გვექნება საშუალება დავიდეთ კონკრეტულ ციფრებამდე - თუ რამდენი ჯარისკაცია საჭირო, რა რაოდენობის ტექნიკა, რა ტიპის შეიარაღება გვჭირდება, როგორი უნდა იყოს სავალდებულო, საკონტრაქტო, გაწვევითი, სარეზერვო სამსახური, რა წილი უნდა ჰქონდეს მას შეიარაღებულ ძალებში და ა.შ.

რამდენად შესაძლებელია დღეისათვის არსებული რესურსით თავდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრა? ხომ არ გაზრდის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე გადასვლა ხარჯებს?

გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენი რესურსის დათვლა უკვე შესაძლებელი იქნება; ასევე, დიდი მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ ძალიან მალე ქვეყანა ეკონომიურად წელში გაიმართება, ინვესტიციები შემოვა, ბიზნესი განვითარდება, რაც მეტ შემოსავალს მოიტანს და ამ რესურსსაც ადეკვატურად გამოვიყენებთ. ამ ეტაპზე, პოლიტიკური ნება არსებობს და თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს არსებული ფინანსების  რაციონალურად გამოყენებას. ამის კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა, რომლებიც სოციალურ საკითხებზეცაა ორიენტირებული. მომავალი წლისთვის ეს ყველაფერი მოგვცემს რეალურ სურათს იმისა, თუ რა სახსრები სჭირდება ადეკვატური შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას.

წლების მანძილზე, თავდაცვის უწყების ბიუჯეტი სამწუხაროდ არამიზნობრივად იხარჯებოდა. თანხის მიმოქცევის უკან, ვფიქრობ კორუფციული სქემები, ფულის გათეთრება და ვიწრო პარტიული ინტერესები იდგა. შესაბამისად ის რესურსი, რაც წინა წლებში იხარჯებოდა, არ არის ადეკვატური იმ პოტენციური შედეგისა, რომელის მიღებაც არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით შეიძლება.

იმედი მაქვს, რომ უკვე წელს ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემები აღმოიფხვრება, რაც ამ მიმართულებით ხარჯებს გამოათავისუფლებს, ამ თანხების მიმართვა კი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას მოხმარდება.

თუკი მომავალი წლისთვის სისტემა გამართული იქნება, ჩვენ შევძლებთ მის სწრაფ და ეფექტურ განვითარებას.   

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^