Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ეს პაემანზე მოდის აპრილი...“

02 მაისი 2017

ლევან კოღუაშვილის ფილმს - „გოგიტას ახალი ცხოვრება“ CinéDOC-Tbilisi-ის ფესტივალზე უჩვენებენ 

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi უკვე ხუთი წლისაა და, სინორჩის მიუხედავად, ბევრი საინტერესო რამის „ჩადენა“  მოასწრო. ეს ჯერჯერობით ერთადერთი ყველაზე მასშტაბური კინოფესტივალია კავკასიაში, რომლის მთავარი მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

ფესტივალი 11 მაისს გაიხსნება და 16 მაისს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალით დასრულდება. გასულ წლებთან შედარებით, წელს მაყურებელს გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა ელოდება. CinéDOC-Tbilisi-ის მხარდამჭერია „შემოქმედებითი ევროპა“, რომელიც უკვე მეორე წელია ფესტივალს გვერდში აქტიურად უდგას. ტრადიციულად კინოფესტივალის მხარდამჭერია ეროვნული კინოცენტრიც.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის შერჩეულია 67  ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, რომელიც გადანაწილებულია ხუთი ძირითადი თემატიკის მიხედვით - სოლიდარობა, უსაფრთხოება, სიყვარული, ფანტაზია და რწმენა.

უცხოური საერთაშორისო საკონკურსო ფილმების პროგრამა ცალკე  საუბრის თემაა. ამჯერად კი ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმის - „გოგიტას ახალი ცხოვრების“ შესახებ მოგითხრობთ, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე წარმატებით უჩვენეს ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების  ფესტივალზე (IDFA1988 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება).

„გოგიტას ახალი ცხოვრება“ ყოფილი პატიმრის, 39 წლის გოგიტა ჩიტიშვილის ნამდვილი ისტორიაა, რომელიც 13-წლიანი სასჯელის შემდეგ მშობლიურ სოფელში, დედასთან და ძმასთან ბრუნდება და  ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. აქ მნიშვნელოვანია ერთი დეტალიც, რომელიც 90-იანი წლების „დაკარგულ თაობას“ გვახსენებს - თაობა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ნარკოტიკებსა თუ კრიმინალურ-რომანტიკულ თავგადასავლებს გადააყოლა. თუმცა გაცილებით საშიშია, როცა უფროსი თაობის „რომანტიზებული მაგალითი“ გადამდებია და როცა გზა სინამდვილეში არსაით მიდის... არადა, თინეიჯერები სკოლის მერხებიდან თავის დროზე, სწორედ „დაკაცების“ ამგვარ გაკვეთილებს გადიოდნენ. თუმცა „შემოდგომის დღეების“ მთავარი გმირის, ქალაქელი ჩეკისგან განსხვავებით, გოგიტა ალალი და სოფლელი კაცია, რომელიც, როგორც ამბობენ, „სხვისი დანაშაულისთვის იჯდა“.

გოგიტას თითქოს დაკარგული თავისუფლების, წლებისა და სიყვარულის დაბრუნება-ანაზღაურება სურს. „ფეისბუქით“ მაკას გაიცნობს (მაკა სანიკიძე), რომელიც შეკვეთებით ტორტებს აცხობს და რომელიც საბერძნეთიდან, ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ დაბრუნდა. მაკასა და გოგიტას პირველი „არაშემთხვევითი პაემანი“ ზღვის სანაპიროზე წარუმატებელია, რადგან სიყვარულსა და სექსს მონატრებული კაცი (რომელიც ტელევიზიით ზოგჯერ სამეჯლისო ცეკვებსაც უყურებს) სიმსუქნის გამო მაკას დაიწუნებს. თუმცა მშობლიურ სოფელში, ძროხების ფერმას და ფუტკრების სკებს შორის მოფუსფუსე გოგიტა მალე აღმოაჩენს, რომ მარტოა და მაკა ენატრება... 

ბოლო დროინდელი მხატვრული ფილმების მსგავსად („შემოდგომის დღეები“ და „შემთხვევითი პაემნები“), ამჯერადაც ლევან კოღუაშვილი  ნაღვლიან-პოეტურ მეტაფორებსა და გრძნობად-ჰუმანურ იუმორს იშველიებს: მაგალითად, როდესაც გოგიტას მარტოობას თითქოს შემთხვევით აღწერს, ან მაკას გასახდომ ვარჯიშებს გვიჩვენებს პარკში, და მაშინაც, როცა საპარიკმახეროში სტალინის პატარა ბიუსტსა და „ველას“ სარეკლამო ქალების ფოტოებს ერთ კადრში მოაქცევს.

რეჟისორის კინემატოგრაფიული მზერა პირველ რიგში, სადა, პოეტური და ჰუმანურია; თუმცა დოკუმენტური კინოს ესთეტიკის გათვალისწინებით, შეიძლება ადამიანის რეალური ცხოვრების მანიპულაციის გამო მაინც შევედავოთ, რადგან დოკუმენტური ფილმი გარკვეულ ზღვარს, დისტანციას გულისხმობს და არა გმირების „თამაშსა“ და მანიპულაციას.

შავი ზღვის სანაპიროზე გადაღებული ეპიზოდები, ძველი და ჟანგმოკიდებული ატრაქციონებითა და რეტრო-მუსიკით (ფილმში გამოყენებულია იზო ჯაბაშვილის სიმღერები „აპრილი“ და „მშობლიური“) ასევე ჰგავს კადრებს „შემთხვევითი პაემნებიდან“; თუმცა ფინალი - მაკა და გოგიტა ზამთრის პეიზაჟის ფონზე სოფელში (ოპერატორები - გივი სამსონაძე და მიხო სტურუა), გაცილებით ოპტიმისტურ და პოეტურ-ნაივურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

გოგიტა კოშმარულად მოსაგონარი ციხის, ყოველდღიური და მომქანცველი შრომისა თუ ყოვლად არასაამო რეალობის შემდეგ, „ახალ, ოჯახურ ცხოვრებას“ იწყებს. მალე სახლის აშენებასაც დაასრულებს და მაკა სამზარეულოში უკვე არასაქორწინო ტორტებსაც გამოაცხობს, რომელსაც ასევ ბედნიერ დედამთილს (ნუნუ ჩიტიშვილი) გაუნაწილებს. მანამდე კი ნათელი, მაგრამ მაინც ნაღვლიანი სიმღერა ჩაგვესმის: „ეს პაემანზე მოდის აპრილი...“

ჯერ კიდევ ადრე, ფილმზე მუშაობისას, „ლიბერალთან“ საუბარში ლევან კოღუაშვილი აღნიშნავდა: „მინდა გადავიღო ფილმი არცთუ ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც ციხეს, განსაცდელსა და დროის გამოცდას გაუძლო და სიყვარულის უნარი და ოპტიმიზმი შეინარჩუნა...  ჩვენ სულ უფრო სასტიკ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ადამიანური განცდები, ურთიერთობები, გრძნობები სულ უფრო კარგავენ მნიშვნელობას, ამიტომ ხშირად გვიწევს სასტიკ გარემოსთან მარტო გამკლავება. სწორედ ამის შესახებ იქნება ჩემი  ფილმიც.

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვუბრუნდები „ნეორეალიზმის” შედევრებს, რომლებიც რობერტო როსელინიმ, პიეტრო ჯერმიმ, დე სიკამ გადაიღეს. მეჩვენება გრძნობადი და ნათელი კინო დღეს იშვიათობაა!“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^