ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2017 წლის 2 მაისს მიღებული განჩინებით, ირაკლი ხოფერია, რომელსაც პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ პროკურორმა გამოიტანოს დადგენილება ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
ირაკლი ხოფერიას სავარაუდოდ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული წამების ფაქტზე გამოძიება 2017 წლის მარტიდან მიმდინარეობს.
საიას განცხადებით, ირაკლი ხოფერიას განმარტებით, მას სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, ემუქრებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებით და პარალელურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ ირაკლი ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს, იგი გაათავისუფლეს. ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ხოფერიას აღენიშნებოდა „თავის ტრავმა, [...] გულმკერდის ზედაპირული ტრავმა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობებით. სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები მიყენებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით“.
„ოთახში როგორც კი შემიყვანეს, მაშინვე სახეში ხელი მომხვდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ეს ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. მირტყამდნენ გამეტებით, ისე მირტყეს, გონებაც დავკარგე. მეუბნებოდნენ თითქოს 15 თებერვალს, დილის 10 საათზე ვიღაცას წავართვი მობილური ტელეფონი და მერე დავალომბარდე. ვეუბნებოდი ეს ტყუილია, მე ლექციაზე ვიჯექი იმ დროს, შეგიძლიათ ჩემს ჯგუფელებთან და უნივერსიტეტში გადაამოწმოთმეთქი, მაგრამ უფრო გამეტებით მირტყამდნენ. შემდეგ დამადეს ხელბორკილები, ჩამიყვანეს სარდაფში და ითხოვდნენ მეღიარებინა არ ჩადენილი დანაშაული. თუ არ აღიარებ, მაშინ წამალს ჩაგიდებთ და 6 წლამდე პატიმრობას მოგისჯიანო. ცხვირის წამალი, ნავტიზინი მედო ჯიბეში და მეუბნებოდნენ, ამ წამალზე ხომ არის შენი ხელის ანაბეჭდი, ეს ანაბეჭდი გადავა იმ ნარკოტიკზე, რომელსაც ჩაგიგდებთ და მერე ამტკიცე, რომ შენი არ არისო", - ამის შესახებ ირაკლი ხოფერია „კვირის პალიტრასთან" საუბრისას აცხადებდა.
საიამ 2017 წლის 21 აპრილს სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობა. სასამართლომ სრულად გაიზიარა საჩივარში მოყვანილი არგუმენტები, და მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„სასამართლომ განმარტა, რომ დაცვის ეფექტური საშუალება გულისხმობს სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების წარმოებას დამნაშავე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით. ,,ამ ფონზე კი მომჩივანისათვის საგამოძიებო პროცედურები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ხოლო ხელმისაწვდომობა სისხლის სამართლის საქმეზე გადის კონკრეტული სტატუსის მოპოვების შემდგომ. [...] მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილია, რომ ირაკლი ხოფერიას მიმართ შესაძლოა განხორციელდა წამება, სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული თანამშრომლების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია არავის, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს რაიმე ხელშემშლელ გარემოებას ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობისათვის“. შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ ,,პროკურორმა უსაფუძვლოდ უთხრა უარი ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობაზე, რითაც ფაქტობრივად პირს მოესპო საშუალება, ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით“, - აცხადებს საია.