Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უხილავი ორგანიზატორები: ვინ დგას სომხეთში ნარკოტიკების უპრეცედენტო ოდენობის კონტრაბანდის მცდელობის უკან

03 მაისი 2017

სამი წლის წინ სომხეთის საბაჟოს თანამშრომლებმა ამოიღეს ირანიდან უკანონოდ შემოტანილი თითქმის ერთი ტონა ჰეროინი. ეს იყო რეგიონის ისტორიაში ყველაზე დიდი ოდენობის ნარკოტიკების ამოღების ფაქტი, თუმცა დღემდე გასამართლებულნი არიან მხოლოდ სატვირთო მანქანის მძღოლი და სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი.

სომხეთის სამართალდამცავებმა დღემდე ვერ დაადგინეს ამ ოპერაციის ორგანიზატორების ვინაობა.

ყველაფერი კი დაიწყო 2014 წლის 17 იანვარს, როცა, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას, მეღრის საბაჟო პუნქტზე, ირანიდან მიმავალ სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს 927,6 კილოგრამი ჰერიონი.

სატვირთოს მძღოლი, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ მარტიაშვილი ადგილზე დააკავეს კონტრაბანდის ტრანსპორტირების ბრალდებით. თურქეთის მოქალაქე ოსმან უღურლუ (სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი) კი მეორე დღეს ერევანში დააკავეს და წაუყენეს ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდება. ორივე ბრალდებული უარყოფდა დანაშაულს.

გავიდა სამ წელიწადზე მეტი, მაგრამ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა, ვინ იდგა ამ უპრეცედენტო ნარკოტიკების კონტრაბანდის მცდელობის უკან. მართალია, ამ პროცესში აქა-იქ გაჟღერდა რამდენიმე სახელი და დეტალი სომხეთსა და საქართველოს, როგორც ნარკოტიკებით ვაჭრობის სატრანზიტო ქვეყნების შესახებ, მაგრამ რეალურად ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ 2013 წლის აპრილში უღურლუმ საქართველოში დააარსა კომპანია Hovo Logistic. მიზნებში მითითებულია, რომ დაკავდება სატვირთო გადაზიდვების ბიზნესით. მისივე განცხადებით, ბიზნესის წამოწყება საქართველოში განაპირობა სატვირთო მანქანების დაბალმა ფასებმა და ბიზნესის დაწყების სიმარტივემ.

სომხეთი სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს კომპანია ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ნარკოტიკების კონტრაბანდა-ტრანსპორტირებას.

2008 წლამდე უღურლუ სატვირთო მანქანების მძღოლად მუშაობდა თურქულ კომპანიაში Guvend Logistics და, ძირითადად,  ერაყში ტვირთის გადაზიდვით იყო დაკავებული. უღურლუ აღიარებს, რომ 2008 წელს ის დამნაშავედ ცნეს სიგარეტისა და ალკოჰოლის კონტრაბანდაში, ასევე სხვა დროს უკანონო მიყურადებაში. მისი თქმით, მან ციხეში 14 თვე გაატარა.

რაც შეეხება გამოძიებს მიერ მოპოვებულ მასალებს, სახეზეა ინტერპოლის სომხური განყოფილების დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფს უღურლუს კავშირს 2008 წელს 149 კილოგრამი ჰეროინის კონტრაბანდის მცდელობასთან, თუმცა თავად უღურლუ ამას უარყოფს.

უღურლუს თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის უმუშევარი იყო. მეგობრის დახმარებით მან გაიცნო თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ნერგიზი. უღურლუს გაგონილი ჰქონდა, რომ ნერგიზი იყო ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გავლენიანი კაცი.

„შევხვდი მუსტაფას, რომელმაც შემომთავაზა საქართველოში კომპანიის დაარსება და სატვირთო მანქანის ყიდვა. ხარჯებს თვითონ დაფარავდა. მითხრა, ზუსტად რა უნდა გამეკეთებინა, თუმცა თავიდან არ გამიმხილა, რისთვის კეთდებოდა ყველაფერი“, - ვკითხულობთ უღურლუს ჩვენებაში.

მიღებული თანხით უღურლუმ წამოიწყო ბიზნესი და თბილისის ავტობაზრობაზე დაახლოებით 40 000 დოლარად შეიძინა სატვირთო მანქანა, რომელიც მან გადააგზავნა თურქეთში შესაკეთებლად და შესაღებად. მუსტაფამ შეატყობინა უღურლუს, რომ მანქანაში გაკეთდებოდა ფარული სათავსი. „ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ზომის იქნებოდა“, - აცხადებს უღურლუ.

უღურლუ ასევე ნამყოფი იყო უკრაინასა და რუსეთში, თუმცა ევროპას კარგად არ იცნობდა. მუსტაფას ნათქვამი ჰქონდა, რომ სატვირთოს მარშრუტი ევროპას მოიცავდა და რომ მას მძღოლი სჭირდებოდა. ავთანდილ მარტიაშვილი უღურლუმ იმავე ადამიანის მეშვეობით იპოვა, რომელმაც მას სატვირთო მაქანა მიჰყიდა.

60 წლის მარტიაშვილი, რომელსაც მძღოლობის თითქმის ორმოცწლიანი გამოცდილება ჰქონდა, 2009 წლიდან მუშაობდა ქართულ კომპანია „საქავტოტრანსში“ და გადაჰქონდა ტვირთი საქართველოდან, სომხეთსა და თურქეთიდან უკრაინაში, ბელარუსში, პოლონეთსა და ჩეხეთში.

„მოვალეობებს ყოველთვის მაღალ პროფესიულ დონეზე და პირნათლად ასრულებდა“, - ვკითხულობთ „საქავტოტრანსის“ დირექტორის, ლევან ტომარაძის მიერ სომხეთის სამართალდამცავებისთვის გაგზავნილ წერილში.

ლიზინგის კომპანიამ 2013 წელს გაწყვიტა კონტრაქტი მარტიაშვილთან. ასე რომ, ის და სხვა მძღოლები უმუშევრად დარჩნენ. ორი თვის შემდეგ მისმა მეგობარმა სახელად სულეიმანი (რომელიც უღურლუს დაეხმარა სატვირთოს შეძენაში) დაურეკა მარტიაშვილს და შესთავაზა სამუშაო უღურლუს მიერ ახლახან დაარსებულ კომპანიაში.

უღურლუს ჩვენების თანახმად, მუსტაფას სურდა, რომ სატვირთო მანქანას, სულ მცირე, ერთი საცდელი რეისი მაინც გაეკეთებინა ევროპაში და უკან. ასე რომ, 2013 წლის ნოემბერში უღურლუმ დატვირთა მანქანა ბროწეულით და თურქეთის ზღვისპირა ქალაქ ანტალიიდან მიუნხენისკენ გააგზავნა.

სომხეთის ინტერპოლი ადასტურებს, რომ სატვირთო მანქანა მართლაც ჩავიდა გერმანიაში, თუმცა ნარკოტიკები არ აღმოუჩენიათ..

უკანა გზაზე სატვირთო მანქანით პოლონეთიდან სომხეთში კომპანია Natali Pharm-სთვის მედიკამენტები გადაზიდეს, რომლის მფლობელიც სომხეთის პარლამენტარის, სამველ ალექსანიანის ოჯახია. სატვირთო მანქანა, შესაბამისი პროცედურების საწინააღმდეგოდ, სკანერში არ გაატარეს. სომხურმა სასამართლომ მაინც ვერ დაადგინა, რატომ მოხდა ეს.

მედიკამენტების ჩამოტვირთვის შემდეგ მარტიაშვილმა უღურლუს დაურეკა და აცნობა, რომ პოლონეთში გადასაზიდი ხე-ტყე ეგულებოდა, თუმცა უღურლუმ მოითხოვა საქართველოში ცარიელი ავტომობილის გაგზავნა. მხარეებს ენის უცოდინრობის გამო თურქულ და რუსულ ენებზე ერთმანეთთან ურთიერთობა უჭირდათ.

უღურლუს ჩვენების  თანახმად, ის მუსტაფას 2013 წლის დეკემბერში შეხვდა. მუსტაფას მიზანი იყო ჰაშიშის გადაზიდვა ირანიდან ევროპაში. „ამიხსნა, რომ ჰაშიში არ არის ჰეროინი ან მსგავსი ძლიერი ნარკოტიკი და ამ დავალების შესრულებაში 100 000 ევროს დამპირდა“. იმისთვის, რომ ირანში ეჭვი არავის გასჩენოდა, მანქანა ხე-ტყით დატვირთეს.

დეკემბრის ბოლოს დაჭრილი ხე-ტყით დატვირთული მანქანა თბილისის ელიავას ბაზრობიდან გავიდა და სომხეთის გავლით ირანისკენ გაემართა. ოფიციალურად ამ სამუშაოს დამკვეთი  ირანული კომპანია Vesrt Teraber იყო.

ირანში ჩასვლის შემდეგ მარტიაშვილმა და უღურლუმ თეირანის საბაჟოზე ხე-ტყე გადმოტვირთეს და შემდეგი რამდენიმე ღამე  მანქანის კაბინასა და ქალაქის გარეუბანში ერთ-ერთ სასტუმროში გაატარეს მანამ, სანამ დოკუმენტებთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები დასრულდებოდა.

მარტიაშვილი თვლის, რომ ნარკოტიკები მისგან ფარულად  სატვირთო მანქანაში სწორედ იმ ორი დღის განმავლობაში მოათავსეს, რომელიც მან სასტუმროში გაატარა. ქართველი მძღოლის ჩვენების თანახმად, უღურლუ პერიოდულად გადიოდა სასტუმროდან ვითომდა დოკუმენტაციაზე მუშაობის მსვლელობის შესამოწმებლად, ასევე კომპანია Vesrt Teraber-ის წარმომადგენელთან შესახვედრად.

ირანში უღურლუ შეხვდა ნასრის, 50-ს გადაცილებულ ავღანელს, მუსტაფას წარმომადგენელს ადგილზე. უღურლუ აცხადებს, რომ ნასრიმ ნარკოტიკებით დასატვირთად წაიყვანა მანქანა. მოგვიანებით მან შეცვალა ჩვენება და თქვა, რომ ამჯერად ფარული სათავსით საცდელად ქვიშას გადაიტანდნენ. მისი შეუმჩნევლად გადაზიდვის შემთხვევაში შემდეგ ჯერზე უკვე ჰაშიშს ჩადებდნენ.

„გასაღები მომაწოდა და მითხრა, რომ იქ ქვიშა იყო და სანერვიულო არაფერია. რომ მცოდნოდა, ნარკოტიკებით იყო სავსე - ეს სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა ორივესთვის, ირანში ხომ ამისთვის სიკვდილით სჯიან“, - განაცხადა უღურლუმ სასამართლოში.

როგორ მოხდა ნარკოტიკების კონტრაბანდა?

უღურლუს გეგმის მიხედვით, სატვირთო მანქანა საქართველოში, ფოთის ან ბათუმის პორტში, სომხეთის გავლით უნდა ჩასულიყო. შემდეგ მარტიაშვილი გემით განაგრძობდა გზას უკრაინის პორტ ილიჩევსკამდე (ოდესის ოლქი). უღურლუ კი, რომელსაც წყლის შიში აწუხებდა, თვითმფრინავით იმგზავრებდა იმავე დანიშნულების ადგილამდე.

შეთანხმების თანახმად, 19 იანვრიდან ნასრი უღურლუს ილიჩევსკში უნდა დალოდებოდა. საკონტაქტოდ ტელეფონი არ გამოუყენებიათ. თუკი შეხვედრა ოდესაში არ შედგებოდა, ნასრი მათ კიევში, ერთ-ერთ ავტოფარეხში დაელოდებოდა.

უღურლუმ სთხოვა მარტიაშვილს კიევში „ტისას“ ავტოფარეხის რუკის დახატვა, რომ ეს რუკა ტაქსის მძღოლისთვის მიეცა და უკრაინაში გარაჟისთვის მიეგნო. უღურლუს თანახმად, მან რუკის ასლი მისცა ნასრისაც, რომელსაც ის შუამავლისთვის უნდა გადაეცა.  მივიდოდნენ ავტოფარეხში, უღურლუს ახალ მისაბმელს უყიდდნენ და ნარკოტიკებით დატვირთულ მისაბმელს თვითონ დაიტოვებდნენ.

უღურლუსთვის თანხა ხსენებული გაცვლის დროს უნდა გადაეხადათ. ნარკოტიკი კი ჰოლანდიაში უნდა გაეშვათ.

„რაიმე მოულოდნელი ცვლილების შემთხევაში ნასრი ჩვენს ჩასვლას უნდა დალოდებოდა“, - ამბობს უღურლუ. თუკი შეხვედრა კიევში არ შედგებოდა, უღურლუ ნარკოტიკებს პოლიციას გადასცემდა ან, საერთოდ, დაწვავდა.

უღურლუმ მძღოლ ავთანდილ მარტიაშვილს უთხრა, რომ მათ ირანიდან უკრაინაში კონცენტრატები გადაჰქონდათ. სასამართლოში მარტიაშვილი ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული გარიგების შესახებ. მისი ჩვენების თანახმად, მან იცოდა, რომ სატვირთო მანქანის შეძენის მიზანს წარმოადგენდა ხილ-ბოსტნეულის გადაზიდვა თურქეთიდან ევროპაში, ხოლო ირანში ხე-ტყის ტრანსპორტირებაში მას 1000 დოლარის გადახდას დაჰპირდნენ.

მარტიაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, ირანში მან შეამჩნია, რომ სატვირთოს კილომეტრაჟი ჰქონდა ჩამოყრილი და არ უჩვენებდა თბილისიდან თეირანამდე გავლილ მანძილს (1596 კმ). უღურლუმ მძღოლს უთხრა, რომ სპიდომეტრზე ხელი შემთხვევით მოუხვდა. მძღოლის თანახმად,  ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მან გასაღები უღურლუს მისცა. დაკავებიდან მეორე დღეს კი პოლიციამ უღურლუს ჩანთაში მეორე გასაღები იპოვა.

„გასაღების მეორე პირი ნასრის მივეცი. მარტიაშვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ჩანთაში მქონდა. ნასრიმ წაიყვანა სატვირთო და მეორე დღეს, დაახლოებით შუაღამეს, დააბრუნა ის ფარეხში. ის დღეები მე და მარტიაშვილმა სასტუმროში გავატარეთ“.

გზად სომხეთისკენ

2014 წლის 25 იანვარს სატვირთო მანქანა უკან სომხეთისკენ დაიძრა. მეორე დღეს მან ირანის საზღვარი ყოველგვარი ინციდენტების გარეშე გადალახა.

მეღრის პუნქტზე სომეხმა მებაჟეებმა შეამოწმეს სატვირთო და სკანერის მეშვეობით მისაბმელის ქვეშ საეჭვო სექცია შეამჩნიეს. მარტიაშვილმა განაცხადა, რომ სატვირთო ცარიელი იყო. მძღოლმა უკანა კარი გააღო, რათა ნათქვამი დაედასტურებინა. მებაჟეებმა მისაბმელის იატაკი აყარეს. მათი განცხადებით, მარტიაშვილი სრულიად აუღელვებელი იყო და დახმარებისთვისაც კი იყო მზად.

ამასობაში უღურლუმ, მიხვდა რა, რომ ნარკოტიკები აღმოაჩინეს, გააჩერა ტაქსი და სასწრაფოდ ერევნისკენ წავიდა. ქვეყანაში შესასვლელი ვიზაც ჰქონდა.

მებაჟეებმა ნარკოტიკებით სავსე ფარულ სათავსს მიაგნეს, დალუქეს სატვირთო და ერევანში გადაიყვანეს. საბაჟო პუნქტზე  47 მსხვილი შეფუთვა ამოიღეს.

თვეების შემდეგ სომხეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სატვირთოს თვალყურს მას შემდეგ ადევნებდნენ, რაც გარკვეული ეჭვები გაჩნდა, როდესაც ის ირანისთვის განკუთვნილი ხე-ტყით დატვირთული პირველად შევიდა სომხეთის ტერიტორიაზე ბაგრატაშენის გავლით.

სომხეთი - ევროპისკენ მიმავალი ნარკოტიკების კონტრაბანდის ალტერნატიული მარშრუტი

ნარკოტიკების აღმოჩენიდან ორი თვის შემდეგ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ გამოსცა ანგარიში, რომელშიც ევროპაში ჰეროინის უკანონო შეტანის ტრადიციული და ახალი მარშრუტებია ასახული.

როგორც წესი, ავღანური ჰეროინი დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მხოლოდ ბალკანეთით შეჰქონდათ. პროდუქციას ეზიდებოდნენ პაკისტანიდან ან ავღანეთიდან ირანში და შემდეგ თურქეთის საზღვრის გავლით. 2012 წელს თურქეთის ხელისუფლებამ 850 კილოგრამი ჰეროინის გერმანიასა და ჰოლანდიაში კონტრაბანდის მცდელობა აღკვეთა. 2013 წლის ივლისში კი თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე 718 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოსავლეთ თურქეთის სასაზღვრო პუნქტებზე განთავსებული სკანერების შიშით, ნარკოტიკების კონტრაბანდისტებმა დაიწყეს ევროპისკენ მიმავალი ალტერნატიული მარშრუტების მოსინჯვა. გაეროს ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს მარშრუტები შეიძლება გადიოდეს ირანის საზღვარზე, კავკასიასთან ან ერაყთან, ანუ თურქეთთან საზღვრების გვერდის ავლით. სხვა მარშრუტები იწყება ავღანეთში, გადის პაკისტანის ან ირანის ტერიტორიებზე, შემდეგ სპარსეთის ყურის სახელმწიფოების გავლით აფრიკაში და, საბოლოოდ, ევროპაში.

2014 წელს მეღრის ოპერაცია არ იყო ერთდერთი მიზეზი, რომელმაც უბიძგა გაეროს ანალიტიკოსებს, განეხილათ კავკასია, როგორც კონტრაბანდის ახალი მარშრუტის ნაწილი.  2013 წელს ქართველი სამართალდამცავებმა 116 კილო ჰეროინის ამოიღეს. ჰეროინი აღმოაჩინეს თურქეთის მოქალაქის მანქანაში, რომელსაც მოლდოვას სანომრე ნიშნები ჰქონდა.

წინასწარი გამოძიების დროს ნარკოტიკების წონამ იკლო

თავდაპირველად, სომხეთის სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ამოღებული ნარკოტიკების წონა 927,6 კილოგრამს შეადგენდა. მოგვიანებით ორ შეფუთვაში ქვის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, რომელთა ჯამურიწონა 6,5 კილოგრამი იყო.  სამთვიანი გამოძიების დასასრულს წონა ოფიციალურად კიდევ უფრო ცოტა 850,1 კილოგრამი გახდა. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დღემდე არ უპასუხა გამოცემა Hetq-ის შეკითხვას ამ შეუსაბამობასთან დაკავშირებით.

დაკავების დღეს მარტიაშვილმა უარყო, რომ ჰეროინის და სატვირთო მანქანაში ფარული სათავსის არსებობის შესახებ  იცოდა. გარდა ამისა, მან სომეხ სამართალდამცავებს განუცხადა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, სად შეიძლება ყოფილიყო უღურლუ.

ტაქსისტმა, რომელმაც უღურლუ ერევანში ჩაიყვანა, განაცხადა, რომ მისი მგზავრი საკმაოდ დაძაბული იყო. როდესაც მძღოლს ტელეფონზე ურეკავდნენ, უღურლუ სვამდა კითხვას: „რამე პრობლემაა?“ მძღოლის თქმით, უღურლუმ რუსულად ორიოდე სიტყვა თუ იცოდა, რის გამოც მათ ჟესტიკულაციით უწევდათ ურთიერთობა. უკვე ერევანში უღურლუმ იკითხა, რამდენად შორს იყო საქართველოს საზღვარი და სად შეიძლებოდა სასტუმროს პოვნა. მძღოლმა მიიყვანა ის სასტუმრო Congress Hotel-ში, სადაც უღურლუ დააკავეს კიდეც მეორე დღეს.

მოგვიანებით სომეხმა სამართალდამცველებმა უღურლუს დაუსვეს შეკითხვა, საქართველოდან სომხეთში შესვლის და შემდეგ ირანში გადასვლის დროს შეამჩნია თუ არა, რომ მანქანებს სკანირება უტარდებოდა და ხომ არ ეხმარებოდა საზღვარზე ვინმე. უღურლუმ უარყო დახმარების ფაქტი:  „ვიფიქრე, თუ დამიჭირეს, დამიჭირონ“, - განაცხადა უღურლუმ. ტაქსის მძღოლის თანახმად, უღურლუსთვის არავის დაურეკავს და არც მას დაურეკავს ვინმესთვის მეღრიდან ერევნამდე.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ამოღებული ჰეროინის ღირებულება შეადგენს 100-200 აშშ დოლარს, ერთი გრამის ფასი 100-დან 200  დოლარამდე. მარტიაშვილის ადვოკატი თეიმურაზ მაისურაძის თქმით, კონტრაბანდის ღირებულება ლამის მილიარდ დოლარს შეადგენდა.

„ მარტიაშვილი საქართველოდან უკრაინაში მარტო უნდა გამგზავრებულიყო. მას რომ სცოდნოდა ნარკოტიკების შესახებ, ვინ ანდობდა ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელს?“ - განაცხადა მაისურაძემ „სტუდია მონიტორთან“ საუბარში.

2015 წლის იანვარში, სასამართლო პროცესის დაწყებიდან თითქმის ერთ წელიწადში, მარტიაშვილს ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით 17 წლით თავისუფლების აღკვეთამიუსაჯეს, ხოლო ოსმან უღურლუს, ანუ საქმის ფიგურანტი სატვირთო მანქანის შემსყიდველი კომპანიის მფლობელს -19 წელი.

განაჩენის გამოცხადებიდან მეორე დღეს მარტიაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადადა საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრა მოითხოვა.

ავთანდილ მარტიაშვილის მეუღლემ, ლეილა მარტიაშვილმა გვითხრა, რომ ციხეში ყოფნის დროს მისი ქმრის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეირყა. „მას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სტრესმა და ნერვიულობამ დიაბეტი გაუჩინა. მას არ მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და კვება. მისი მოთხოვნა საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით უარყვეს“.

ავთანდილ მარტიაშვილის ნათესავებმა სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს მიმართეს თხოვნით საქართველოში მის ექსტრადაციასთან დაკავშირებით. სომხეთმა უარყო ეს მოთხოვნა, წამოაყენა რა პრეტენზია მარტიაშვილის მიერ სასამართლოს ხარჯების 1,4 მილიონი სომხური დრამის (2900 დოლარი) გადაუხდელობასთან დაკავშირებით. ოჯახის წევრთათვის განკუთვნილ წერილში, სომხეთის ოფიციალური პირები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ექსტრადაცია საქართველოში „არ განიხილება, როგორც მიზანშეწონილი ნაბიჯი“. აქ ისინი, სავარაუდოდ, გულისხმობენ იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დანაშაულის საქმის გამოძიება, რომელიც კონტრაბანდის მცდელობის ორგანიზატორებს ეხება. მარტიაშვილის ოჯახი ახლა იმის დადგენას ცდილობს, შესაძლებელი იქნება თუ არა მისი ექსტრადაცია სასამართლოს ხარჯების დაფარვის შემდეგ.

სისხლის სამართლის საქმის ნაწილის გამოძიება გრძელდება

როგორც მარტიაშვილი იხსენებს, ტელეფონით საუბრის დროს უღურლუ თავს არიდებდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მოშორებით განლაგებულ სასტუმროებს ამჯობინებდა. მართალია, უღურლუ აცხადებს, რომ საქართველოში არავის იცნობს, თუმცა თბილისში მას შეხვედრები ჰქონდა თურქულ რესტორანში.

უღურლუ აცხადებს, რომ სტამბოლში 3-4-ჯერ შეხვდა მუსტაფას, რომელთანაც მას, მისივე თქმით, აკავშირებს მუსტაფას ძმა, ისმაილ ნერგიზი. თუმცა მარტიაშვილს საუბარში ისმაილმა სხვა სახელით წარუდგინა თავი. ბოლოს უღურლუ და მუსტაფა ერთმანეთს თბილისის თურქულ რესტორანში, ირანში გამგზავრების წინა ღამეს შეხვდნენ.

სომხეთის გავლით ევროპაში ნარკოტიკების კონტრაბანდის შეტანის გეგმა კარგად იყო გათვლილი. მთავარი მოთამაშეები ჩრდილში რჩებოდნენ.

კონტრაბანდის მცდელობის საქმის წინასწარი გამოძიების დროს, სანამ უღურლუსა და მარტიაშვილის საქმე სასამართლოში გადაიგზავნა, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა გადაწყვიტა, ცალკე საქმედ გაეფორმებინა გამოძიება, რომელშიც ფიგურირებენ მუსტაფა ნერგიზი, ისმაილ ნერგიზი და ადამიანი, რომელიც თავს უწოდებდა ნასრის.

2017 წლის თებერვალში ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, აღაჯანიანმა გამოცემა Hetq-სგანუცხადა, რომ 2014 წლის აგვისტოში  მუსტაფას, ისმაილ ნერგიზისა და ნასრის იდენტობისა და ადგილმდებარეობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებამდე  გამოძიების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა უარი თქვა დამატებითი დეტალების გამხელაზე.

ამოღებული ჰეროინი 2015 წლის 6 ივნისს არარატის ცემენტის ქარხნის ბოილერში დაწვეს.

შესაძლო ორგანიზატორები

თუკი მივიღებთ, რომ უღურლუს მიერ დაფიქსირებული სახელები ავთენტურია, მაშინ მათ უკან უნდა იდგნენ 2000 წელს თურქეთში დაკავებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები.

ოპერაცია „მატადორის“ დროს თურქულმა პოლიციამ დააკავა 15 პირი, რომლებიც ცდილობდნენ 21 ტონა მარიხუანის და 600 კილოგრამი ოპიუმის გადაზიდვას სატვირთო მანქანით. ერთ-ერთ დაკავებულს ერქვა მუსტაფა ნერგიზი. მართალია, ჯგუფის წევრთაგან არც ერთს არ ერქვა ისმაილი, მაგრამ კიდევ ერთი დაკავებულის, მეჰმედ ბაქირის გვარი გახლდათ ნერგიზი.

2000 წელს დაკავებულ კიდევ ერთ მამაკაცს ერქვა ორჰანი. უღურლუს ჩვენების თანახმად, სწორედ ვინმე ორჰანმა ურჩია მას მუსტაფასთან თანამშრომლობა, როცა ის (უღურლუ) 2009 ციხიდან გამოვიდა. სამივეს (მუსტაფა, მეჰმედ ბაქირი და ორჰანი) ათ-ათი წელი მიუსაჯეს.

თურქულმა პოლიციამ მერსინ-თარსუსის გზატკეცილზე მიაგნო სატვირთო მანქანების ფარეხს 10 ავტომობილით. თავის ჩვენებაში უღურლუ იხსენებს თარსუს და მერსინს. მას შემდეგ, რაც 2014 წლის კონტრაბანდის მცდელობაში გამოყენებული სატვირთო მანქანა გაარემონტეს და მასში ფარული სათავსი ჩააყენეს ქალაქ კონიაში, უღურლუმ გადაიყვანა სატვირთო თარსუსში.

ადგილობრივი პრესის თანახმად, ხსენებული კრიმინალური დაჯგუფება წარმოადგენდა ნარკოტიკების კონტრაბანდით დაკავებულ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საერთაშორისო ქსელს. პოლიციის შვიდ თანამშრომელს წაუყენეს ბრალდება დაჯგუფებისთვის დახმარების გაწევასა და ინფორმაციის მიწოდებაში. დაჯგუფების ლიდერი, ურფი ჩეტინკაია, რომელიც 1980-იანი წლებიდან ნარკოტიკებით ვაჭრობაშიიყო ჩართული, ავღანეთიდან, პაკისტანსა და ირანიდან ევროპაში (ძირითადად, ჰოლანდია და ესპანეთი) ნარკოტიკების ტრანსპორტირების მუხლით გაასამართლეს.

მოგვიანებით ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს, მაგრამ შემდეგ ისევ დააკავეს „ბოლო ტანგოს“ ოპერაციის ფარგლებში.

სომხეთში კონტრაბანდის მცდელობის საქმის გამოძიებისას გამოყენებული იყო რამდენიმე დასახელება (Vesrt Teraber, Vers Tarabar) იმ ირანული კომპანიის აღსანიშნავად, რომელმაც საქართველოდან ხე-ტყე გამოიწერა. არ არის გამორიცხული, რომ კომპანიას კავშირი ჰქონდეს ხსენებულ დაჯგუფებასთან, რადგან უღურლუს ჩვენების თანახმად, ისმაილმა, გარდა სხვა ხარჯებისა,  დამატებითი თანხა ხე-ტყის შესაძენად მისცა. ასევე ირანში მყოფი ნასირის სახელით გადაუხადა 5000 დოლარი ამ ხე-ტყის ტრანსპორტირებაში. სწორედ მუსტაფას იდეა იყო ხე-ტყის გადაზიდვა ირანში.

სასამართლოს დოკუმენტაციაში ამ კომპანიის შესახებ რაიმე დეტალები არ არსებობს. ირანის კორპორატიულ რეესტრში კი მსგავსი დასახელებით მხოლოდ 1 ფირმა ფიგურირებს - Veresk Tarabar.

უღურლუმ სხვა კომპანიაც დააფუძნა საქართველოში

საქართველოში სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ბიუროკრატიის შემსუბუქებისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე რეფორმა გატარდა. შედეგად, საქართველოში კომპანიის რეგისტრაციის გასაფორმებლად ერთი დღეც საკმარისია.

2013 წელს უღურლუმ საქართველოში, Hovo Logistic-ის გარდა, დააფუძნა კომპანია OSM Trans. ეს მოხდა ირანში გამგზავრებამდე 20 დღით ადრე. წესდების მიხედვით, კომპანია აწარმოებდა ტვირთის გადაზიდვას და ავტომობილების ექსპორტს.

ორივე კომპანიას ერთი იურიდიული მისამართი აქვს: ქეთევან წამებულის გამზირი, ბინა #11.

ჩვენთან საუბარში ბინის მფლობელმა, მარინე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ვერ იხსენებს უღურლუს, თუმცა დაამატა, რომ მას აქვს ფირმა, რომელიც კომპანიების რეგისტრაციაში ეხმარება ხალხს. „ალბათ, მისამართი არ ჰქონდა და მე ჩემი მისამართის გამოყენების უფლება მივეცი. ასეც ხდება ხოლმე“, - ამბობს ქეთევან მაჭავარიანი.

საჯარო რეესტრის თანახმად, ყველა დანარჩენი მისამართი მითითებულია, როგორც „სხვა მისამართი“. კომპანია Hovo Logistics-ის შემთხვევაში ეს „სხვა მისამართი“ არის იოსებიძის ქუჩა 20, სადაც რეგისტრირებულია სამი ბინა. სამიდან ორი გაქირავებულია მფლობელების მიერ და ვერც ერთი მათგანი ვერ იხსენებს შეხვედრას ვინმე ოსმან უღურლუსთან.

უღურლუს მეორე კომპანიის „სხვა მისამართია“ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 12ა, სადაც განლაგებულია ორი საოფისე შენობა. აქაც არავის სმენია უღურლუს ან მისი კომპანიების შესახებ.

სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში განმცხადებლის სტატუსით ფიგურირებს მამუკა მელაძე.

„სტუდია მონიტორი“ დაუკავშირდა მელაძეს და იკითხა, თუ რა კავშირი ჰქონდა მას უღურლუსა და მის კომპანიებთან. აღმოჩნდა, რომ ის საჯარო რეესტრის “ავტორიზებული მომხმარებელია”.საქართველოში ავტორიზებული მომხმარებლის პროექტის შექმნის ერთ-ერთი მიზანი ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის საჯარო რეესტთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივება და რიგების თავიდან აცილება იყო.ავტორიზებულ მომხამარებლებს კლიენტების სახელით შეუძლიათ კომპანიის რეგისტრაცია, რეესტრიდან დოკუმენტების მოთხოვნა, რითაც საქმეს უმარტივებენ მოქალაქეებსა და ბიზნესს.მოქალაქე, ავტორიზებული მომხმარებლის საშუალებით, საჯარო რეესტრის სერვისებს იღებს რეესტრის ოფისში მიუსვლელად. ამ ეტაპისთვის 350-მდე ავტორიზებული მომხმარებალია. შესაბამისად, მამუკა მელაძის თქმით, მას ბევრი კლიენტი ჰყავს და კონკრეტულად ოსმან უღურლუ არ ახსოვს

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურში გვაცნობეს, ამ საქმეზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის შედგა მჭიდრო თანამშრომლობა.

გარდა ამისა, სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში არ ჩატარებულა დამოუკიდებელი გამოძიება, რადგანაც დანაშაული სომხეთში მოხდა.

დღეს უღურლუ და მარტიაშვილი სომხეთის პენიტენციალურ დაწესებულებაში იხდიან თავიანთ გრძელვადიან სასჯელს.

სომხეთის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა უარი განაცხადა გამოცემა Hetq-ს თხოვნაზე პატიმრებთან ინტერვიუს ჩატარებასთან დაკავშირებით. მიზეზად კი გადატვირთული სამუშაო პროცესი დაასახელა.

სტატია პროექტ N-vestigate -ის მხარდაჭერით შეიქმნა 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^