Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა გამოწვევების წინაშე დგას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - ინტერვიუ ადვოკატთან

11 მაისი 2017

წელიწადზე მეტია, ქვეყანაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს. ის 14-18 წლის მოზარდებისა და 19-21 წლის პირების მიმართ განსაკუთრებულ მიდგომებს ითვალისწინებს. საუბარია კანონთან კონფლიქტში მყოფ, მოწმე ან სამართლებრივ პროცესში რაიმე ფორმით ჩართულ არასრულწლოვნებზე. კოდექსი ისეთ საკითხებს არეგულირებს, როგორიცაა, მათთვის  სპეციალური გარემოს შექმნა, დაკითხვაზე კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, განრიდების პროგრამაში მათი ჩართვა და თავისუფლების აღკვეთის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენება. და რაც ყველაზე მთავარია, კოდექსით, არასრულწლოვანთან სამართლებრივი კომუნიკაცია მხოლოდ სპეციალიზებულ პირებს შეუძლიათ. ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი ,ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული  ერთადერთი კვლევის ავტორი, აცხადებს, რომ პრაქტიკაში ბევრი ხარვეზი  გამოიკვეთა.

სად არის ამ პრობლემების სათავე? რამდენად საკმარისია სერტიფიკატის მისაღებად გავლილი სწავლების  კურსი?

სტანდარტის მისაღწევად აუცილებელია მინიმალური სწავლების შემდეგი საფეხურების გავლა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები, კანონთან წინააღმდეგობაში მოსვლის, ქცევის ფსიქოლოგიური მიზეზების, დაზარალებულისა და მოწმე არასრულწლოვანისაგან ინფორმაციის მიღების პროფესიული უნარების ცოდნა.

პირველმა სიღრმისეულმა კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებში არსებობს ინდივიდუალურად შექმნილი მინიმალური სტანდარტებით არსებული ტრეინინგკურსები, რომლის გასავლელადაც მსურველმა სამოტივაციო წერილი უნდა წარმოადგინოს.

რამდენადაა მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს?

სწორედ ეს იყო ძირითადი კითხვა იმ კვლევის ფარგლებში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ ჩაატარა.  ეს კითხვა მოსამართლეებს, ადვოკატებს, პოლიციელებს, პროკურორებს, სოციალურ მუშაკებსა და მართლმსაჯულების კოდექსთან კავშირში მყოფ ყველა პირს დავუსვით. გამოიკვეთა ხარვეზები. ზოგ შემთხვევაში მტკივნეულიც - სპეციალიზებული მოხელეების მხრიდან მიდგომისა და დამოკიდებულების სრული უცოდინარობა. იყო შემთხვევა, როცა დიღომში არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილების სარდაფში ჩაიყვანეს და იქ ესაუბრებოდნენ. არადა, მათ ბავშვისთვის სპეციალური გარემოს შექმნა ევალებათ.

პროკურორებს დავუსვი ასეთი კითხვა - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ბრალდების დოკუმენტიც იმავე ფორმატისაა თუ არა, როგორიც ზრდასრულის-მეთქი. კიო.  მაშინ სადაა განსაკუთრებული დამოკიდებულება?! 14 წლის დათოს და 24 წლის გელას რომ ერთნაირ ბრალდებას აცნობ, სწორია?! არასრულწლოვანს ისე უნდა გააცნო ბრალდების შინაარსი, რომ გაიგოს. ბავშვის უფლებათა კონვენციაში ეს პირდაპირ წერია.

როგორ უნდა გადაიჭრას ის პრობლემები, რომლებიც კვლევისას გამოიკვეთა?

ვფიქრობთ და კვლევამაც  აჩვენა, რომ აუცილებელია ხარისხის კონტროლის შექმნა. ვიღაცამ უნდა გააკონტროლოს იმ პროფესიონალთა მოქმედებები, რომლებიც  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის აღსრულებაში მონაწილეობენ. რამდენად შეესაბამება მათი ქმედება კოდექსსა და საერთაშორისო პრინციპებს.  

როცა კოდექსი ამოქმედდა, ყველა უწყება ვალდებული იყო, სერტიფიცირებული სპეციალისტები ჰყოლოდა. ამიტომ ისინი მინიმალური სტანდარტების დაცვით გაიცა. ადვოკატთა ასოციაციაში ვცდილობდით, რომ ეს ტრეინინგები და ფორმალური არ ყოფილიყო. კვლევამ ცხადყო, რომ ამასვე ცდილობდნენ პროკურატურაშიც. მაგრამ ახლა უკვე მიზანი ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული უწყების შიგნით ხარისხის კონტროლის  სისტემა შეიქმნას. აუცილებელი ხომ არაა, ვინმემ გიჩივლოს და მერე მიხვდე, რომ რაღაც სწორად ვერ გაგიკეთებია. უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმძღვანელოც.  

როგორ წარმოგიდგენიათ მონიტორინგის პროცესი -  უნდა გაანალიზდეს თითოეული საქმე?

ამ კუთხით ერთი საფრთხე არსებობს - პერსონალური მონაცემები, რომლის დაცვაც ყველა მხარისთვის სავალდებულოა. სასამართლოში საერთოდ დახურულია არასრულწლოვანთა პროცესები. ასეთ პროცესებზე მონიტორინგისთვის გარკვეულ ჯგუფებს უშვებს შიგნით. მაგრამ მონიტორინგის ასეთი მოდელი სასამართლოს ხელშია. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა უწყებაში გარე დაკვირვების შესაძლებლობაც გაჩნდეს, რათა გამოირიცხოს თვითნებობა.

როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა ახორციელებდეს საზოგადოებრივ კონტროლს?

სასამართლოსაც, პროკურატურასაც და ადვოკატთა ასოციაციასაც აქვთ ეთიკის კოდექსები. მისი დარღვევის შემთხვევაში მე, როგორც ადვოკატმა, შეიძლება საჩივარი მივიღო. იგივეა მოსამართლეების შემთხვევაშიც. მაგრამ ისევ მივდივართ იქამდე, რომ მაშინ ვინმემ რამე უნდა გააპროტესტოს.

თუმცა არც თითოეული საქმის მასალების გაცნობაა დინამიკური. ამან მეტი დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. ადვოკატის  საქმიანობის შემოწმება კანონიერ წარმომადგენელსაც შეუძლია, რომელიც პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატთან დაკავშირებით თავის აზრს გამოთქვამს.

ერთია მონიტორინგის მექანიზმი, მეორე  - შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე რეაგირება. თავადაც გქონიათ შემთხვევა, როცა პროკურატურის გენინსპექციას მიმართეთ და ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

მქონდა ერთი შემთხვევა, რომელზეც ცოტა ხნის წინ „ლიბერალსაც“ ვესაუბრე. პოლიციელები არასრულწლოვანს აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ დანას ატარებდა. განყოფილებაში წაიყვანეს, ფოტოებიც გადაუღეს. შემდეგ კი სახლში აკითხავდნენ და განყოფილებაში გამოცხადებას აიძულებდნენ. ამ ბავშვს პოლიციის სიახლოვეს გავლისაც კი ეშინოდა. 

როცა საქმეში ჩავერთე, პროკურატურის გენინსპექციას საჩივრით მივმართე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ პასუხი რომ ვერ მივიღე, წერილი მივწერე - მოდით, ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციები გავცვალოთ, აი, მე ესა და ეს გავაკეთე და თქვენი საქმიანობა რა ეტაპზეა-მეთქი. პასუხი ვერც ამჯერად მივიღე. თუმცა ბავშვზე ზეწოლა შეწყდა და აღარც მას აქვს გარეთ გასვლის შიში. კარგია, რომ ეს პრეცედენტი შეიქმნა. მაგრამ ცუდი ისაა, რომ პოლიციის თვითნებობას კოდექსით გაწერილი ნორმები კი არა, ადვოკატის საჩივარი აჩერებს.

რა რეაგირება უნდა მოჰყვეს გამოვლენილ ხარვეზებს?

პირველი მიზანი ხარვეზების აღმოჩენა და მათი კლასიფიკაციაა. შემდეგ კი ამის მიხედვით  მოხელეებისთვის მუდმივი ტრეინინგების ჩატარება.

ამჟამად თუ მიმდინარეობს ხარისხის კონტროლი ზემოხსენებულ უწყებებში?

ჩემი ინფორმაციით - არა.

ანუ გამოდის, რომ სამუდამოდ იღებს ამ სერთიფიკატს, რაიმე პროფესიული შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც კი?

დიახ! როგორც საკომიტეტო მოსმენაზე შსს-მ განაცხადა, ისინი ფიქრობენ, რომ თავიანთი თანამშრომლები 5 წელიწადში ერთხელ გადაამზადონ.  ეს ძალიან დიდი დროა. თანაც თუ მონიტორინგი არ გექნება და ხარვეზებს ვერ გამოკვეთ, რატომ უნდა გადაამზადო? შეიძლება ყველაფერში არ გქონდეს ხარვეზი. ვიდრე გადაამზადებ, ხომ  უნდა იცოდე, რაში სჭირდებათ მათ უფრო მეტად დარეინინგება.

მაგალითად, დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი, თუმცა არა მძიმე, პრობლემა არასრულწლოვანისთვის შესაფერისი გარემოს შექმნაა. ასევე მნიშვნელოვანია საუბარი, მიდგომა. არის შემთხვევები, როცა პოლიცია კანონიერი წარმომადგენელის მოსვლამდე ნახევარი საათი ესაუბრება არასრულწლოვანს. ესეც დარღვევაა.

რაღაც ხომ უნდა აკავებდეს ადამიანს, როცა კანონის მიერ დადგენილ ნორმებს გადადის.

მომავალში შეიძლება, რომ უკვე მიღებული სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდეს ადამიანს.

კვლევაში იმაზეცაა საუბარი, რომ  ზოგჯერ  არასრულწლოვანი მოწმის სტატუსით მიჰყავთ, ესაუბრებიან მას, იღებენ მისგან სასურველ ინფორმაციას  და შემდეგ ბრალდებულის სტატუსით აკავებენ.

კი, ასეთი შემთხვევები არის. არასრულწლოვანი ზოგჯერ ბრალსაც კი ეთანხმება. ეს მანამდე მუშაობის ნაყოფია. ეუბნებიან, შენგან „არას“ თქმას აზრი არ აქვს, სჯობს დანაშაული აღიარო და ჩვენ შეგიმსუბუქებთ სასჯელს. ჩვენ გვაქვს ამის მექანიზმებიო და ათას რაღაცას სთავაზობენ. სტრასბურგის სასამართლო ასეთ შემთხვევებზე ამბობს, რომ  მარტო არასრულწლოვანი კი არა, არავინ არ შეიძლება დაიბარო მოწმის სტატუსით და შემდეგ ბრალი წაუყენო. ამით ატყუებ მას, მოიწვევ, ინფორმაციას მიიღებ და აკავებ.

კვლევის დროს ზოგიერთმა ადვოკატმა ისაუბრა, როგორ შეესწრო პოლიციის განყოფილებაში, სამუშაო კაბინეტში არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელსაც თავად სპეციალიზებული პოლიციელი ახორციელებდა.

რამდენად კარგად არიან ინფორმირებული კოდექსით გათვალიწინებული უფლებების შესახებ არასრულწლოვანი და მისი კანონიერი წარმომადგენელი?

სწორედ ესაა ერთ-ერთი პრობლემა და კვლევამაც აჩვენა, რომ არასრულწლოვნებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. არ იციან, რა შეიძლება და რა არა; რისი უფლება აქვს პოლიციას და სად დაირღვა კანონი. ყველაფერს თავისებურად აღიქვამენ. მათი გადმოსახედიდან ძალიან ცუდი ამბავი უნდა მოხდეს, მათ რომ ხმა ამოიღონ და თქვან, რომ მათი უფლებები დაირღვა. ამიტომ ადვოკატის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოდის, რომ გამოძიება ბოროტად იყენებს  ამას.

დიახ, უფლებებს კი არ განუმარტავენ, შეცდომაში შეჰყავთ. მქონდა ერთ-ერთი შემთხვევა, როცა ძველი, 2013 თუ 2014 წლის ბლანკზე იყო დაწერილი დაკითხვაზე გამოძახების დოკუმენტი და ეწერა, რომ გამოუცხადებლობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა. მაშინ, როცა დღეს ეს პასუხისმგებლობა აღარ არსებობს.

როგორც ფიქრობთ,  რატომ  უნდათ ადამიანებს სპეციალიზაციის მიღება, თუ მაინც თვითნებურად მოიქცევიან?

შესაძლოა ამის ერთ-ერთი მიზეზი იყოს ის, რომ სახელმწიფო წარმომადგენელს არასრულწლოვანთა საქმეებთან შეხება მოუწევს და ამისთვის მას შესაბამისი  ლიცენზია სჭირდება. მაგრამ ეს არის ფარი მისთვის და არა არასრულწლოვნისთვის.

ადვოკატების შემთხვევაში მიზეზი შეიძლება იყოს საქმე, რომელსაც ის აწარმოებს და სადაც არასრულწლოვანი ფიგურირებს. ლიცენზიის გარეშე ადვოკატი ამ საქმეს ვეღარ აგრძელებს. მაგრამ ეს ყველაზე ცუდი შემთხვევებია. თავად უნდა უნდოდეთ სპეციალიზება.

როგორ უნდა ამაღლდეს არასრულწლოვანთა ცნობიერება?

მედიასაშუალებების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. როცა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდა, მაშინ შეიქმნა ვებგვერდი, სარეკლამო რგოლები, საინფორმაციო სიუჟეტები და კლიპები.  ვფიქრობ ამჯერად  იგივე და ცოტა მეტიც უნდა გაკეთდეს.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ყველაფრის აღსრულებაზე?

ამაზე პირდაპირი ვალდებულება ეკისრება სახელწმიფოს. სახელწმიფო უნდა აცნობიერებდეს, რომ საზოგადოების ეს ნაწილი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ქვეყნის მომავალი მათზეა დამოკიდებული.

რა მიმართულებით აპირებთ მუშაობის გაგრძელებას ამ ხარვეზების გამოსასწორებლად?

ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა და უწყებებს კვლევის ფარგლებში  მომზადებული რეკომენდაციები გავაცანით. ერთობლივი მუშაობაც კი შევთავაზეთ როგორც მონიტორინგის სქემის, ასევე სახელმძღვანელო მოდულის შესაქმნელად.

უარი არავისგან მიგვიღია. ვიცით, რომ აპირებენ მუშაობის დაწყებას. ვფიქრობ, პროკურატურა უფრო მალე დაიწყებს ამას. შსს-სთან რთულადაა საქმე,  რთულია მათთვის რეკომენდაციების გაზიარება და მათთან ერთობილი მუშაობაც. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^