10 იანვარს განათლებისა და მენციერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ხარისხის მართვის ცენტრის დირექტორი მაკა კორძაძე დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა. "ლიბერალი" ხარისხის მართვის ცენტრის ყოფილ დირექტორს მაკა კორძაძეს ესაუბრა.
მაკა, როდის დაიკავეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა და როგორ შეგარჩიეს ვაკანტურ თანამდებობაზე?
მინისტრის ბრძანებით 2012 წლის 14 დეკემბერს დავინიშნე, ამ სფეროში ცენტრში 2006 წლიდან ვმუშაობ, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. გადავწყვიტე, რომ შევძლებდი მეხელმძღვანელა ამ ცენტრისთვის და სწორი მიმართულებით წამეყვანა პროცესები. დავწერე კონცეფცია “განათლების ხარისხის განვითარების“ შესახებ ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში, მივაწოდე ბატონ მინისტრს და მინისტრის მოადგილეს, ბატონ დავით ზურაბიშვილს. შევხვდით, ჩემი მოსაზრებები მინისტრს და მინისტრის მოადგილეს კიდევ ერთხელ პირადად გავაცანი. დაინტერესედნენ და გარკვეული დროის შემდეგ, განმეორებითი შეხვედროს შემდეგ მინისტრის ბრძანებით დავინიშნე. ცენტრში მუშაობა დირექტორად14 დეკემბერს დავიწყე. აქტიურად შევუდექი საქმიანობას. პირველ რიგში ვგეგმავდი ცენტრი სადამსჯელო და ხარკის ამკრეფი სტრუქტურიდან რეალურად ხარისხის განმავითარებელ სტრუქტურად გადამექცია. ბატონ მინისტრთან ამ საკითხში სრული თანხმობა გვქონდა. სკოლების, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისთვის ცალ-ცალკე საბჭოების შექმნა დავგეგმეთ, კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტიც ერთობლივად მოვამზადეთ. 28 დეკემბერს გია დვალი იყო ცენტრში სტუმრად, მინისტრი და მინისტრის მოადგილეც, ბატონი დავით ზურაბიშვილიც მოვიწვიე, ესწრებოდნენ უნივერსიტეტების და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებიც. ჩავატარეთ შეხვედრა. გამოვთქვით ერთობლივი ინციატივები. ბატონმა გიამ აღნიშნა, რომ განათლების რეფორმის კომისიის მიერ შემუშავებული კონცეფციის ფარგლებში ცენტრი იქნებოდა ძირითადი დასაყრდენი უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების კუხით. ჩვენ უნდა გაგვეხორციელებინა საქმიანობა უნივერსიტეტებში ე.წ.“ ექსელენტ კლასტერის“ გამოვლენისთვის. ამისთვის სამუშაო ჯგუფიც შევქმენით და ბრძანებით დავამტკიცეთ.
მინისტრის უკმაყოფილება რამ გამოიწვია?
თავიდანვე გაკრვეული წინაპირობა იყო წაყენებული, რომ კონკრეტულად აკრედიტაციის და ავტორიზაციის სამსახურის უფროსს, რომელიც 3 წელია მუშაობს ცენტრში, აქ უნდა ემუშავა შემდგომშიც. მინისტრის მითითება გავითვალისწინე. თუმცა ამის პარალელურად სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი აკრედიტაციის და ავტორიზაციის სამსახურში მომუშავე, ე.წ. „გადაწყვეტილების მიმღები“ ადამიანების სამსახურიდან გაშვებას მთხოვდა, რადგან შიდა აუდიტის ინფორმაციით არსებობდა ამ ადამიანების მიმართ სერიოზული ეჭვი, რომ არაერთ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი მათი მხრიდან. კერძოდ, შეხვედრა მქონდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსთან, ბატონ ლაშა აბაშიძესთან სამინისტროში, მის კაბინეტში. ამ შეხვედრას ჩვენს გარდა კიდევ ორი ადამიანი ეწრებოდა, მათ შორის ჩემი მოადგილე ბატონი ზურაბ ბრაგვაძე, რომელიც ასევე გაათავისუფლეს და აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი. თავად შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა აბაშიძე, რომელიც ვფიქრობ, გამოიჩენს ვაჟკაცობას და დაადასტურებს, რომ თითქმის ერთი საათი მესაუბრნებოდნენ და იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული ადამიანების ავტორიზაციის და აკრედიტაციის სამსახურში მუშაობით პრობლემები შემექნებოდა.
როდის შედგა ეს შეხვედრა?
ეს თარიღი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი 20 ან 21 დეკემბერს შედგა. ჩემი დანიშვნიდან მალევე.
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი იმ ადამიანის განთავისუფლებას გთხოვდათ, რომლებზეც მინისტრმა გითხრათ, რომ არ გაგეშვათ?
დიახ, საუბარი იყო ერთსა და იმავე ადამიანებზე. განსაკუთრებით აქცენტი ავტორიზაციის და აკრედიტაციის სამსახურის უფროსზე კეთდებოდა, მე აღმოვჩნდი ორ ცეცხლშუა. ამის შემდეგ, იყო კიდევ ერთი ზარი შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მხრიდან, დარწმუნებული ვარ იგი ამასაც დაადასტურებს. ეს ზარი, მახსოვს დანამდვილებით, რომ იყო 28 დეკემბერს, საღამოს, ვინაიდან სწორედ ამ დილით ცენტრში გვქონდა შეხვედრა გია დვალთან. სიტყვა-სიტყვით მახსოვს ეს საუბარი და რჩევა: „გაუშვით, ეს უნდა იყოს თქვენი მენეჯერული გადაწყვეტილება, მინისტრი ამას გაიგებს, მას ვესაუბრე და ასე თქვა, მაკამ გადაწყვიტოსო“. დარწმუნებული ვიყავი, რომ მინისტრის ნებართვა მქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, შევეცადე, დამეკავებინა შუალედური პოზიცია. 2013 წლის 4 იანვარს ოთხი ხელმძღვანელი დავიბარე და ვუთხარი, რომ იმ პროცესებით, რომელიც აკრედიტაციისა და ავტორიზაციის მიმართულებით ხდებოდა უკმაყოფილო ვიყავი, ჩვენ ეს პროცესები ახალ სტანდარტებზე და პრინციპებზე უნდა გადაგვეყანა, ამიტომ ასეთი სახით მათთან თანამშრომლობას აღარ ვაპირებდი. თუმცა, ეს ბრძანებით არ გამიფორმებია და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოვიფარგლე. იმავე საღამოს მინისტრის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ სასწრაფოდ მიბარებს მინისტრი. ბატონმა გიორგიმ თავისი კაბინეტის მისაღებში მე და ჩემს მოადგილეს გვითხრა, რომ დაგვეწერა განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, რადგან ვერ გავამართლეთ ნდობა. შევეცადე გამომეხატა ჩემი გაურკვევლობა, რატომ მოხდა ასეთი მისკომუნიკაცია. არც მიფიქრია, რომ ჩემი რაიმე ქმედება იყო მიუღებელი. ამის შემდეგ მინისტრთან საუბარი, ჩემი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვეღარ შედგა.
კომუნიკაციის მცდელობა გქონდათ? არ აგიხსნიათ, რომ იმ ადამიანების განთავისუფლების გადაწყვეტილება ბრძანებით გაფორმებული არ იყო?
არაერთი მცდელობა მქონდა. 8-ში მივედი სამინისტროში და ვითხოვე შეხვედრა. იქ დამახვედრეს ინფორმაცია, დაწეროს განცხადება და წავიდესო. ჯერ ერთი, ჩემი ასე უცებ წამოსვლა არ შეიძლებოდა, ისედაც ამდენი ხანი, ჩემამდე, ცენტრი რეალურად დირექტორის გარეშე იყო. ამ საქმის, ამ ცენტრის, გულშემატკივარი ვარ, და ძალიან ვწუხვარ, რომ რაღაცების გაკეთებას ვაპირებდი და ვერ გავაკეთე. ჩემმა მოადგილემ 9-ში დაწერა განცხადება და წავიდა. მე ვერ მივატოვე ცენტრი და გავაგრძელე რამდენიმე დღე მუშაობა და 11 იანვარს მომივიდა მინისტრის ბრძანება ჩემი გათავისუფლების შესახებ. ჩემი მხრიდან არც რაიმე დარღვევას, არც გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. არც არავინ გამითავისუფლებია, ნებისმიერი ჟურანლისტს, შეუძლია მივიდეს და გადაამოწმოს.
მინისტრმა „ლიბერალთან“ საუბარისას გაკვრით აღნიშნა, რომ თქვენ ინტერესთა კონფლიქტი გქონდათ, თუმცა, არ დაუსაბუთებია რას გულისხმობდა.
ინტერესთან კონფლიქტი იყო მეორადი საბაბი. ჩემი მეუღლე დავით აღამაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსია. მაგრამ შეგიძლიათ, ნებისმიერ იურისტთან გადაამოწმოთ, ასეთი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს. მე გადავხედე კანონმდებლობას, რომ ყოფილიყო ინტერესთა კონფლიქტი თავიდანვე მოვაგვარებდი ამას. სხვათა შორის, შიდა აუდიტის დეპარტამენტში, ზემოთაღნიშნული შეხვედრის დროსაც ვიკითხე და დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც დამიდასტურეს, რომ ჩემს შემთხვევაში არანაირი ინტერესთან კონფლიქტი არ არსებობდა. თუ მინისტრი ჩათვლიდა, რომ ზემოაღნიშნულის გამო არსებობს „მორალური“ კონფლიქტი, ამის შესახებ შეეძლო მიეთითებინა და ეს კონფლიქტი ადვილად გადაიჭრებოდა.
როგორც ვიცი თქვენ ცენტრის რეორგანიზაციას გეგმავდით, მას ის ფუნქციები უნდა ჩამოშორებოდა, რომელიც ასეთ ცენტრს საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით არ უნდა ჰქონოდეს.
ცენტრი უნდა დამსგავსებოდა ისეთ ცენტრს, რომელსაც შეეძლებოდა გამართულად ფუნქციონირება და ასეთი სახის სააგენტოებისთვის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება. გრიფირების სამმართველოც და რეგიონალური სამმართველოც დაახლოებით ერთი წლის წინ დაემატა ამ ცენტრს. მე ვიფიქრე, რომ ნელ-ნელა ამის ნორმალიზება შეიძლებოდა. მინისტრთან შეთანხმებით, კანონში შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ გრიფირების ფუნქცია ჩამოსცილდებოდა ცენტრს. იყო ასევე რეგიონული იურიდული სამმართველო. მათ რეგიონებში იურისტებთან მოკლევადიანი ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული. ჩვენი ცენტრის მომსახურეობისათვის სკოლები ყოველთვიურად იხდინენ განსაზღვრულ თანხას. ესეც არაჯანსაღი სტრუქტურა იყო. ჩვენ სკოლებიდან ხარკის ამკრები სტრუქტურა გამოვდიოდით. ამით ცენტრში კი დიდი თანხა შემოდიოდა, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ მიუღებელია ცენტრს ჰქონდეს მებაჟის ფუნქცია და თითოეული სკოლიდან იღებდეს ფულს. ამ სამმართველოს გაუქმება დაგეგმილი იყო მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან შეთანხმებით.
სკოლა ყოველთვიურად ფიქსირებულ თანხას იხდიდა?
ფიქსირებულ თანხას იხდიდა სკოლა ბაჟივით, თანხა სკოლის კონტიგენტის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრებოდა. მე მითხრეს ამით დიდი შემოსავალი დააკლდებოდა ცენტრს, მაგრამ მე მაინც უარი ვთქვი ამ ფუნქციაზე და ვამჯობინე, რომ სასკოლო სისტემა უფრო დეცენტრალიზირებული ყოფილიყო. როცა ამბობენ, რომ 60 ადამიანი გავუშვი, ალბათ რეგიონალურ იურისტებს გულისხმობენ, რომლებთანაც ვაპირებდით აღარ გაგვეგრძელებინა კონტრაქტები, რადგან ცენტრს უბრალოდ ეს ფუნქცია აღარ ექნებოდა. ამის გარდა, არანაირი ცვლილება ცენტრში არ მომხდარა. ყველა ძველი ხელშეკრულება გავაგრძელეთ.
როგორ მუშაობდა ავტორიზაციის და აკრედიტაციის სამსახური ?
აქ ნამდვილად იყო იყო დანერგილი სრულიად მანკიერი სისტემა. ჩემთან ყოველდღე მოდიოდა არაერთი ადამიანი და მოჰქონდა საჩივარი, აბსურდული საექსპერტო დასკვნები. არ არსებობდა არანაირი გაზომვადი კრიტერიუმები, რომელიც ცალსახად შეაფასებდა ამა თუ იმ დაწესებულებას თუ პროგრამას. შეფასება მთლიანად სუბიექტურ მიდგომაზე იყო აწყობილი და კარგი მანიპულირების საშუალებასაც იძლეოდა. ვთვლიდი, რომ ის ადამიანები, ვინც ამ პროცესების დანერგვასა და განხორციელებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, უნდა ჩაგვენაცვლებინა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მინისტრთან შეთანხმებით. 8 იანვარს მინისტრთან გავაგზავნე წერილი, ცენტრში გამოეშვათ შიდა აუდიტის დეპარტამენტის შემმოწმებელი ჯგუფი, რათა გამეგო, რა დარღვევები იყო ცენტრში ჩემამდე. ვითხოვე ცენტრის შემოწმება, რომ რაღაცნაირად გაგვეცა პასუხი, თუ ჩემს მიერ გაფრთხილებული ადამიანები მართლაც არღვევდნენ კანონს, გათავისუფლებინა სამსახურიდან, თუ არა - დაგვეტოვებინა. აღსანიშნავია, რომ ცენტრის გრიფირების სამმართველოს საქმიანობას ამ დროს უკვე ამოწმებდა პროკურატურა.
ვფიქრობ, მაინც გაუგებრობა მოხდა, იმედი მქონდა, შევძლებდი ბატონ გიორგისთან შეხვედრას და ყოველივე ამის ახსნას, სანამ იგი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ასევე ვფიქრობ, რომ მინისტრის წინაშე დღეს ნამდვილად ძალიან ბევრი პრობლემაა განათლების სფეროში, მაგრამ ნამდვილად არ წარმოვადგენდი ასეთ პრობლემას, პირიქით, შემეძლო მისი დასაყრდენი ვყოფილიყავი ამ სისტემის რეფორმირებაში, რისი წინაპირობებიც ნამდვილად არსებობდა, რასაც ადასტურებს ჩვენი ურთიერთთანხმობა იმ შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელებისას, რაც ერთად დავგეგმეთ. სამწუხაროა, რომ ეს თანამშრომლობა ვერ გაგრძელდა.