მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით საქართველო, ევროპაში იმ ქვეყნებს შორის, სადაც გოგონები ადრე თხოვდებიან, მეორე ადგილზეა.
ოზურგეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დამათავრებელ კლასში თანაკლასელებთან ერთად გაკვეთილებს ექვსი თვის ორსული თეონაც ესწრება. ის ერთი წლის წინ გათხოვდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სკოლაში სწავლისათვის ამას ხელი არ შეუშლია. კიდევ ერთი მისი კლასელი უკვე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დადის სკოლაში. გაკვეთილების დროს ბავშვს პედაგოგები უვლიან - სიუჟეტი ამ გოგონების შესახებ ოზურგეთის რეგიონალურმა ტელევიზიამ 2011 წელს გააკეთა, მაგრამ მსგავს ფაქტებს დამამთავრებელ კლასებში მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთ სკოლაში შევხვდებით.
2000-2009 წლების მონაცემებით ევროპაში 20-24 ასაკის ქალების 19 პროცენტი 18 წლამდეა გათხოვილი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპული ბიუროს მონაცემებით საქართველო ევროპაში ამ მაჩვენებლით მოლდოვას შემდეგ მეორე ადგილასაა. ნაადრევი გათხოვება მოლდოვასა და საქართველოსთან ერთად ხშირია თურქეთსა და ტაჯიკეთში.
გოგონების ნაადრევ გათხოვებას მთელი მათი ცხოვრების მანძილზე სერიოზული გავლენა აქვს მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ მგომარეობაზე.
“გოგონებს ერთმევათ ბავშვობა და მოზარდობა, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ოჯახური ძალადობის მიმართ, მოკლებულები არიან პერსონალურ თავისუფლებას, აქვთ არასრული განათლება, დასაქმებისა და კარიერული განვითარების ნაკლები პერსპექტივები - ეს ყველაფერი სიღარიბის, გენდერული უთანასწორობისა და ბავშვთა გათხოვების ციკლში ერთვება.”- წერს ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე.
გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვება მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. 15-19 წლის გოგონების გარდაცვალების მიზეზები ხშირ შემთხვევაში ორსულობას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს უკავშირდება.
ფილოსოფოსის და გენდერის სპეციალისტის ლელა გაფრინდაშვილის აზრით, პრობლემის სათავე პატრიარქატია. აზროვნების,ქცევებისა და წარმოდგენების პატრიარქალური კონსტრუირება მთელი მსოფლიოსთვისაა დამახასიათებელი, თუმცა ქვეყნების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაგვარად იჩენს თავს. გაფრინდაშვილის თქმით, მსგავს სურათს ანუ ნაადრევი გათხოვების მაღალ მაჩვენებელს იმ ქვეყნებში ვიღებთ, სადაც კულტურული ნორმები მყარია და ოჯახის, როგორც ღირებულების მნიშვნელობა ძლიერია.
ლელა გაფრინდაშვილი 1997 წელს ჩატარებულ კვლევას იხსენებს, რომლის მიხედვითაც ღირებულებების სამეულში ოჯახი პირველ ადგილზე იყო, მას მოჰყვებოდა სამსახური და ნათესავები.
ქალებისათვის ოჯახი და გათხოვება სოციალიზაციის საშუალება და ნიშანია.
“როდესაც გოგონა იწყებს ფიქრს, როგორ დაგეგმოს მომავალი, ის სასწორზე დებს გათხოვებას ან განათლების მიღებას. ამ არჩევანში ის არაა მარტო, მან თავისი გადაწყვეტილება ოჯახს უნდა შეუთანხმოს და ამ შემთხვევაში თავისუფალ არჩევანზე ვერ ვილაპარაკებთ.” - ამბობს გაფრინდაშვილი.
კიდევ ერთი ფაქტორი ეკონომიკური დამოუკიდებლობაა. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ჩვენი ტიპის კულტურაში ოჯახის ეკონომიკური დონორი მამაკაცია. ამიტომაც, როდესაც ქალი განათლებას ირჩევს, ხშირად ამას შემოსავალს არ უკავშირებს. განათლების მიღება და დიპლომი მისთვის სარფიანად გათხოვების შანსია.
გოგონების გათხოვება პირდაპირ უკავშირდება სექსუალური ცხოვრების დაწყებას.
“ნაადრევად სექსუალური ცხოვრების დაწყება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამისთვის ფსიქოლოგიურად არ ხარ მზად, სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრავმებს იწვევს. ორსულობაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქალები სამედიცინო შემოწმებაზე მხოლოდ ორსულობის დროს მიდიან, პოსტმშობიარობის მდგომარეობისას, როდესაც ძალიან საჭიროა შემოწმებაზე მისვლა, აღარ. სიმსივნული დაავადებების უმეტესობა გაპირობებულია იმით, რომ ისინი გინეკოლოგებთან და რეპროდუქტოლოგებთან არ დადიან.” - ამბობს გაფრიდაშვილი.
ძალადობის ეროვნული ქსელის თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე საკუთარი ორგანიზაციის პრაქტიკის მაგალითზე ნაადრევი გათხოვების მხვრივ ყველაზე პრობლემურად ადგილად ქვემო ქართლის რეგიონს ასახელებს. აზერბაიჯანულ თემში გოგონების ნაადრევი გათხოვება ძლიერი ტრადიციაა. აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში სკოლების დამამთავრებელ კლასებში მხოლოდ ბიჭების ნახვაა შესაძლებელი, რადგან გოგონები უკვე გათხოვილები არიან.
“ჩვენი ბენეფიციარები, ერთეული ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს ოჯახიდან წამოსვლა, უმეტეს შემთხვევაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. თავიანთ მეორე ნახევრთან არაფერი არ აკავშირებათ, ფაქტობრივად, ქორწილის დღეს იცნობენ მეუღლეს. თავადაც ძალიან განიცდიან, რომ მათი თანასოფლელი გოგონები ასეთ მდგომარეობაში არიან.” - ამბობს “ლიბერალთან” საუბრისას ნატო შავლაყაძე.
ლელა გაფრინდაშვილიც მიიჩნევს, რომ მართალია აზერბაიჯანულ თემში ადრეული გათხვება ძლიერი ტრადიციაა, მაგრამ საქართველოს მთავრობას ნებისმერი ეროვნების საკუთარ მოქალაქეზე ზრუნვა ევალება.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია სახელწიფოებს მოუწოდებს კონკრეტული ნაბიჯები გადადგან სიტუაციის კონტროლისათვის, შეიმუშავონ ინტერვენციის სტრატეგია, აღწერონ არსებული სიტუაცია და გაავრცელონ ინფორმაცია, რომ ბავშვების გათხოვება აშკარა ძალადობა და ადამიანის უფლების დარღვევაა.
ტრადიციასთან სახელმწიფოს ბრძოლა, მით უმეტეს, თუ ეს მნიშვნელოვანწილად ეთნიკური უმცირესობის თემს უკავშირდება, ძალიან საფრთხილო საქმე და დაძაბულობის წყაროა. ლელა გაფრინდაშვილის აზრით, პრობლემის გადაჭრის ყველაზე სწორი, ადეკვატური და ეფექტური გზა განათლებაა. სახელმწიფოს განათლებისა და ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება აქვს. მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში შეუძლია ადამიანს გაცნობიერებული არჩვევანი გააკეთოს.
“როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ არ არსებობს მხოლოდ თეთრი და შავი და შენი დანიშნულებაა არსებულ მრავალფეროვნებაში არჩევანის გაკეთებაა. როდესაც კულტურა გოგონებს ეტყვის, რომ შვილოსნობა ერთ-ერთი არჩევანია და არსებობს უამრავი არჩევანი პერსონალურად განვითარდე, გახდე კარგი მხატვარი, მსახიობი, მეცნიერი, მათემატიკოსი და ა.შ. მაშინ რა არჩევანსაც გააკეთებს, ის იქნება მისი არჩევანი.”- ამბობს გაფრინდაშვილი.