სკოლაზე ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურა, სწავლის მიტოვების მაჩვენებელი - რეგიონებში ზოგად განათლებაზე საუბრისას ყველაზე ხშირად სწორედ ამ საკითხებს უსვამენ ხაზს.
„სოფლის განვითარების სტრატეგიის 2017-2020-ის“ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, რეგიონებში ბავშვების უმრავლესობისთვის ზოგადი განათლება ხელმისაწვდომია (85.7%), თუმცა, ჯერ კიდევ რჩება სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების 14.3%, ვისთვისაც განათლება სხვადასხვა მიზეზების გამო ხელმისაწვდომი არ არის. ამავე დოკუმენტის მიხედვით, სოფლებში სკოლების უმეტესობა მოსწავლის საცხოვრებელი სახლიდან შორს მდებარეობს (10 კილომეტრზე მეტი მანძილი) ან მასთან მისასვლელი გზები ცუდ მდგომარეობაშია. თუმცა, მხოლოდ სკოლის სიშორე და ცუდი გზა სკოლის შეწყვეტის მიზეზი არ არის.
რა სირთულეებს აწყდებიან მაღალმთიან სოფლებში მოსწავლეები? და რა გზები არსებობს სკოლაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად?
სამცხე-ჯავახეთი, ადიგენის რაიონი, სოფელი ღორთუბანი
მლაშე, ჭელა, ჭეჭლა, მოხე... აბრები, რომლებზეც სოფლის დასახელებას ვკითხულობთ ერთმანეთს სწრაფად ენაცვლება. იმ სოფლის სახელი კი სადაც მივდივართ, არ ჩანს. რამდენჯერმე ვამოწმებ, ნამდვილად სწორად მიწერია თუ არა სახელი. მოხეში, პატარა მაღაზიასთან რამდენიმე კაცი შეკრებილა. გზა მიგვასწავლეს. ქვიან და მტვრიან გზას ფრთხილად მივუყვებით. სხვანაირად შეუძლებელია. სოფელი ღორთუბანი თითქმის მიუვალია. სკოლას ვეძებთ. გაურკვეველი მიმართულებით იშვერენ ხელს - იარეთ, პატარა ლურჯი სახლი შეგხვდებათო. გზა უფრო და უფრო ზევით მიდის. თითქმის იმედგადაწურულები, რომ სკოლა ვერ ვიპოვეთ, ერთ სახლთან სამ კაცს ვამჩნევთ. სკოლაა. ჩვენზე მეტად გაკვირვებულები თვითონ ჩანან. ბავშვები არ არიან. ერთადერთი გოგო, რომელიც სკოლაში ვნახეთ, ინგლისურის მასწავლებელი აღმოჩნდა.
სკოლა სულ სამი ოთახისგან შედგება. სამასწავლებლოში ერთადერთ მაგიდაზე ჭადრაკის დაფაა გაშლილი. ორ საკლასო ოთახს 31 მოსწავლე ორ ცვლად ინაწილებს.
ამ შენობაშიც დროებით არიან. სკოლის დირექტორი რომან მარკოიძე გვიყვება, რომ 2015 წელს ძველი სკოლის შენობა დაიწვა. მას შემდეგ სკოლა ერთ-ერთმა სოფლის მცხოვრებმა კერძო სახლში შეიფარა. თუმცა, ერთი წლის თავზე იქიდან წამოსვლაც მოუხდათ. ოცამდე ბავშვი იძულებული გახდა მოხეს სკოლაში გადასულიყო.
დირექტორი ახალი სკოლის პროექტს გვიჩვენებს. ამბობს, განათლების სამინისტრო გვპირდება და აუცილებლად აშენდებაო. ორი წელია ელოდებიან.
სკოლის დირექტორის ოპტიმიზმს ლევან ბოლქვაძე ბოლომდე არ იზიარებს. ის გეოგრაფიას და რუსულს ასწავლის. ამდენი ხანია გვპირდებიან, იციან როგორ გავწვალდით, მაგრამ ჯერ მაინც არაფერიაო. განსაკუთრებით ბავშვებზე დარდობენ. ძველი სკოლა სოფლის ცენტრში იყო და შედარებით ადვილად დადიოდნენ. აქ კი ძალიან უჭირთო. უფრო ზამთარში. სოფელი ზღვის დონიდან 1 480 მეტრზეა.
სკოლა თუ არ იქნება სოფელი სულ დაიცლებაო - განიცდიან.
ღორთუბნის სკოლა ცხრაკლასიანია. ბავშვები ახლო მდებარე სოფლებიდან, ზედუბნიდან და აფიეთიდანაც, დადიან. ტრანსპორტი არ არის.
ლევან ბოლქვაძე ამ სკოლაში უკვე 25 წელია ასწავლის. ის ყოველდღე სოფელ ჭეჭლადან ფეხით დადის. ტრანსპორტის ხსენებაზე ეცინებათ. მოკლე გზით მოვდივარ, თუმცა ისე 16 კილომეტრიაო. ის მოკლე გზაც ზამთარში რთული გასავლელია. სკოლის დირექტორიც ჭეჭლადანაა. ხუმრობენ, რომ ზამთარში გზაზე თოვლს მხოლოდ ორი კაცი კვალავს. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ორ მეტრამდე თოვლი მოდის და ბავშვებს ძალიან უჭირთ სიარული, სკოლას მაინც არ აცდენენო. ამბობენ, რომ სოფელში სკოლის გადარჩენას ყველა ცდილობს - მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები, რიგითი მცხოვრებლები.
„ბიბლიოთეკა აქ არ არის, კლუბი, თეატრი და კინო - მხოლოდ სკოლაა. სწავლა ყველას უნდა. პირველკლასელი მოსწავლე ვერ ივლის მოხეში. თუ ესეც არ იქნება. სოფელი დაყრუვდება. ხალხს აქ რაღა დააკავებს. სოფელს სჭირდება წყალი, გზა და სკოლა“, - ამბობს ლევან ბოლქვაძე.
სოფელში დაახლოებით 60 ოჯახი ცხოვრობს. ძირითადად თავი მესაქონლეობით გააქვთ. ვისაც საშუალო განათლების მიღება უნდა სწავლა სოფელ მოხეში უნდა გააგრძელოს.
მოხეში ორასამდე ბავშვი სწავლობს. უმეტესობა ახლომდებარე სოფლებიდან. 12 სოფლიდან მოხეს სკოლაში მისასვლელად ბავშვები ტრანსპორტით სარგებლობენ.
ახალციხეში „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქციაში გვეუბნებიან, რომ სამცხე -ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში მოსწავლეებს სკოლამდე მისვლა ზამთარში განსაკუთრებით უჭირთ. ხანდახან ტრანსპორტიც არაა. რთული და საშიში გზის გავლაც უწევთ. ისინი მუდმივად წერენ ამის შესახებ. რედაქციაში იხსენებენ, რომ ერთხელ უტყისუბანზე სიუჟეტიც მოამზადეს. სოფელს 13 წელი ელექტროენერგია არ ჰქონდა, ერთი წლის წინ მოხერხდა მოსახლეობისთვის შუქის მიწოდება. ამ სოფლიდან ათამდე ბავშვი საკმაოდ არაკომფორტულად ადგილობრივი მცხოვრების „ნივით“ ზარზმის სკოლაში დადიოდა.
ადიგენის განათლების რესურსცენტრში ამბობენ, რომ უტყისუბანში ეს პრობლემა მოგვარდა და ახლა ბავშვები გამართული „ორხიდიანი“ მანქანით დადიან სკოლაში, რადგან სხვა ტრანსპორტს აქ გადაადგილება უჭირს.
რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის 25 სკოლიდან 17-ს ტრანსპორტი ემსახურება. შეფერხება მხოლოდ დიდთოვლობის დროსაა, ისიც რამდენიმე დღით. იხსენებს, რომ წელს მოხესა და დერცელში ტრანსპორტი ვერ ავიდა.
რაც შეეხება ღორთუბნის სკოლას, ინგა ბოჭორიშვილი გვარწმუნებს, რომ სკოლა ნამდვილად აშენდება. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ტერიტორიიდან ნარჩენების გატანის შემდეგ მშენებლობა დაიწყება.
როგორ მუშაობს საჯარო სკოლების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა
განათლების სამინისტროს 2013-2014 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რთულრელიეფიანი რეგიონების, განსაკუთრებით, მაღალმთიანი სოფლების მოსწავლეებისათვის ზამთრის სეზონზე, თითქმის 5 თვის განმავლობაში, სკოლების ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემა იდგა. დასწრება 30%-ზე დაბალი იყო. მაგრამ აქვე აღნიშნულია, რომ სკოლების ხელმისაწვდომობა სასკოლო ავტობუსების მომსახურებამ გაზარდა. მოსწავლეებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა აღარ უწევთ. სკოლებში დასწრება 95%-მდე გაიზარდა. პროგრამამ ოჯახის წლიური დანახარჯი ზოგად განათლებაზე თითქმის 60%-მდე შეამცირა.
„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის” პროგრამა 2013 წელს დაიწყო. პროგრამის მიზნებია - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმისაწვდომობის ზრდა, მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე დაგვიანებისა და გაცდენების მაჩვენებლის შემცირება და საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამაში სულ 1212 საჯარო სკოლის 66070 მოსწავლეა ჩართული.
კითხვაზე, აქვს თუ არა განათლების სამინისტროს ინფორმაცია და სტატისტიკა იმ ბავშვების შესახებ, რომლებსაც საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი სკოლაზე, გვიპასუხეს, რომ ყველა მოსწავლე, რომელიც საჭიროებს ტრანსპორტით მომსახურებას, პროგრამის ბენეფიციარია.
შევეცადეთ, ასევე გაგვერკვია, როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა მცირეკონტიგენტიანი სკოლების მიმართ და როგორ აპირებს სამინისტრო სკოლაზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის სრულად მოცვას. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ შენობაში, სადაც მცირეკონტიგენტიანი სკოლაა განთავსებული, დაგეგმილია მოეწყოს საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც განათლების მიღებას ზრდასრულებიც შეძლებენ. ასევე, მცირე სკოლებში შეიქმნება კულტურული ცენტრები. ამავე შენობაში იქნება, კინო, ბიბლიოთეკა, საბავშვო ბაღი, ზრდასრულთა განათლების ცენტრი და ა.შ.
როგორია საბაზო და საშუალო განათლების მიღების მაჩვენებელი
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა სამ საფეხურს მოიცავს დაწყებითი განათლება (I-VI კლასები), საბაზისო (VII-IX კლასები) და საშუალო განათლება (X-XII კლასები).
კანონმდებლობის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლები, საჯარო სამართლის დამოუკიდებელ იურიდიულ პირს წარმოადგენენ. 2016-2017 წლების მონაცემებით, საქართველოს განათლების სისტემაში 2085 საჯარო და 336 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. საჯარო სკოლაში 508, 900 მოსწავლე სწავლობს, კერძო სკოლაში - 55 800. ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობები.
თუ მუნიციპალიტეტების მიხედვით დავითვლით მოსწავლეთა რიცხოვნობას საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2016-2017 წლების სტატისტიკით, ადიგენის მუნიციპალიტეტში 2237 მოსწავლეა. წინა წლებთან შედარებით ეს რაოდენობა სტაბილურად მცირდება. მაგალითად, 2009-2010 სასწავლო წლებში ადიგენში 3032 მოსწავლე ირიცხებოდა.
რაც შეეხება საბაზო და საშუალო განათლების მიღების მაჩვენებლებს: 2016 წელს საბაზო განათლება (დაასრულა 9 კლასი) 21549 გოგომ და 24196 ბიჭმა მიიღო. ამავე წელს საშუალო განათლება მიიღო (დაასრულა 12 კლასი) 19970 გოგომ და 20955 ბიჭმა.
მნიშვნელოვანია სკოლის მიტოვების მაჩვენებლებიც. საქსტატის ინფორმაციით, 2016-2017 წლებში (სასწავლო წლის დასაწყისის მონაცემები) სწავლა სულ 11 512 ბავშვმა მიატოვა.
რეგიონების მიხედვით სწავლის მიტოვების შესახებ საუბარია ახალ კვლევაშიც, რომელიც „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებებს“ შეეხება. კვლევაზე ევროკავშირისა და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის საქართველოში“ ფარგლებში „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ იმუშავა. კვლევა განათლების საკონსულტაციო ცენტრმა EDUCC მოამზადა. მოკვლევა 2016 წლის ივლის-ოქტომბერში ჩატარდა და საქსტატის, EMIS-ის, UNICEF-ის და სხვა წყაროებიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა.
კვლევის ძირითადი მიზანი იმ ფაქტორების შესწავლა იყო, რომლებიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებს სწავლის მიტოვებისკენ უბიძგებს. როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები, ქართველ თანატოლებთან შედარებით, ზოგად განათლებაში ნაკლებად არიან ჩართულნი.
კვლევის მიხედვით, სწავლის მიტოვების მაჩვენებელი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში - ქვემო ქართლში 3.8%, კახეთში 2.4%, სამცხე- ჯავახეთში 2.1%, გურიაში- 2%, სამეგრელოში -1.7%, თბილისში -1.6%. სკოლის მიტოვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭასა (1.3%) და იმერეთშია(1.2%).
კვლევის ფარგლებში ჩატარებულ ფოკუსჯგუფებში მოსწავლეების მიერ სკოლის გაცდენას ძირითადად ინტერესისა და მოტივაციის ნაკლებობით, ასევე დასაქმებით ხსნიან.
რა გზები არსებობს სკოლაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად
განათლების სპეციალისტი გიორგი გახელაძე ამბობს, რომ ყოველთვის რთულია ნებისმიერი სისტემის, მათ შორის სავალდებულო განათლების სისტემის მართვისას უზრუნველყო თანაბარი ხელმისაწვდომობა და ხარისხი. რადგან შეზღუდული რესურსები ყოველთვის დილემის წინაშე გაყენებს. მისი თქმით, განათლების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდა და ხარისხის შეინარჩუნებაც, ამოუხსნელი ამოცანაა. განსაკუთრებით საჯარო განათლებაში, სადაც სახელმწიფო ოპერირებს და მის რესურსებზეა ლაპარაკი.
გახელაძე ხაზს უსვამს, რომ ზოგადი განათლების ნაწილში მიზნად მაღალი თამასაა დასახული, რადგან უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა სამოქმედო გეგმაში განათლების სისტემის მთავარი მიზანი ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაა, რაც ნიშნავს, რომ ხელმისაწვდომობაც და ხარისხიც თანაბრად უნდა იზრდებოდეს. ეს კი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში იმაზე, თუ რა განსაზღვრა სახელმწიფომ სავალდებულო განათლებად, რამდენ ხანს და რისი სწავლაა სავალდებულო. ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს ინფრასტრუქტურა და განაწილდეს რესურსები.
რაც შეეხება უშუალოდ სკოლების ფიზიკურ ხელმისაწვდომობას, როგორც ის ამბობს, არსებობს ერთი საკითხი, რომელიც განათლების სამინისტროს დღემდე არ გადაუჭრია: ეს არის სავალდებულო და ზოგადი განათლების, ე.წ. „დარუკება“, რაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფუნქციაა.
„ეს ნიშნავს არა მხოლოდ მისამართების მითითებას, რომელი სკოლა სად მდებარეობს, ან რა ტიპის საგანმანათლებლო სერვისია ამა თუ იმ ადგილზე, არამედ რა დემოგრაფიული არეალია, როგორია საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო გადაადგილების მდგომარეობა; გზატკეცილი მიდის, თუ მეორეხარისხოვანი გზებია და ა.შ. სწორედ ეს „დარუკება“ არ გვაქვს, რაც ცუდია სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების ოპტიმალური მართვისათვის. რადგან ასეთ დროს გადაწყვეტილებები მიიღება პროტექციონისტულად, ადგილობრივი თვითმმართველობების ძალისხმევებით ან არ მიიღება, ან კიდევ მიიღება არაოპტიმალური გადაწყვეტილება. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ აღმოვაჩინოთ ის ბავშვები, რომლებსაც სკოლაზე არ მიუწვდებათ ხელი; გავიგოთ, სად არიან ისინი ლოკალიზებული და რა გვაქვს იქ განსავითარებელი“, - ამბობს გიორგი გახელაძე.
გახელაძე რამდენიმე ტიპის გამოსავალზე საუბრობს. პირველი ეს შეიძლება იყოს ტრანსპორტირება, მეორე - საფეხურების მიხედვით საგანმანათლებლო დაწესებულებების ოპტიმალურად დივერსიფიცირება. მაგალითად, საბაზო საფეხურის სკოლები დასახლებულ პუნქტთან ახლოს და შედარებით მეტი იყოს; ხოლო საშუალო (რომელიც არასავალდებულოა და ყველა არ ირჩევს) შედარებით მცირე და მოშორებით. მესამე გზა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება, დისტანციური სწავლის კომპონენტია, რადგან სახელმწიფოს შესაძლებელია მოკლე დროში გზის გაყვანა გაუჭირდეს, მაგრამ ინტერნეტიზაცია გაუადვილდეს და უფრო იაფიც დაუჯდეს: „მეოთხე გზა ასევე შეიძლება იყოს “homeschooling”-ის აღიარება, რომელიც ჩვენთან, როგორც სისტემის კომპონენტი, საერთოდ არ მოქმედებს. თუ ეს მექნება, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც მოქნილ რეჟიმზე გადაერთვებიან და რიგ შემთხვევაში არ იქნება აუცილებელი ერთ ადგილზე მკაცრად ორგანიზებული საგანმანათლებლო სივრცის არსებობა. მაშინ ხელმისაწვდომობის მაჩვენებელიც გაიზრდება“.
სწორედ ამ შესაძლებლობების აღმოსაჩენად და განსავითარებლად, გახელაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ე.წ. „დარუკების“ სახით არსებობდეს ზუსტი საინფორმაციო ბაზა - სად რა ტიპის ინვესტიციაა საჭირო, რომელი ადგილიდან უფრო გაედინება მოსახლეობა, მიზეზები - რატომ ხდება მიგრაცია და სადაა საჭირო ჩარევა; ან საუკეთესო შემთხვევაში სახელმწიფომ განათლების სავალდებულო ნაწილში, დეცენტრალიზებულად, უფლებამოსილებთან ერთად შესაძლებლობებიც მუნიციპალიტეტებს გადასცეს.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.