Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ასუსტებს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები კულტურის დარგის დაცვის მექანიზმებს

16 მაისი 2017

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვები მიმდინარეობს. კონსტიტუციის პროექტის რამდენიმე საკითხი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ესაა: პრეზიდენტის არჩევის წესი, პარლამენტში მანდატების გადანაწილების საკითხი, ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განსაზღვრა და კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღება. თუმცა, არავის უხსენებია კონსტიტუციის 34-ე მუხლთან დაკავშირებული ცვლილებები. ეს მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში კულტურის საკითხებს ეხება.

მუხლში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმებიან კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი არსებითად აუარესებს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში კულტურის დარგის დაცვის მექანიზმებს. ორგანიზაციების ნაწილმა ვენეციის კომისიას 34-ე მუხლთან დაკავშირებით შენიშვნები გაუგზავნეს.

                რა წერია კონსტიტუციის მოქმედ რედაქციის 34-ე მუხლში:

მუხლი 34 

1. სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურული თვითმყოფობის გამოვლინებასა და გამდიდრებას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარებასა და საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას.

2. საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია, ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე. კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო კანონით იცავს.

კულტურული მემკვიდრეობის მართვის სპეციალისტი მანანა თევზაძე კონსტიტუციის პროექტიდან 34-ე მუხლის  ამოღებისა და ცვლილებების საკითხს საფრთხის შემცველად აფასებს.

„შემოთავაზებული პროექტით, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, იზრუნოს კულტურის განვითარებაზე, ეცლება ნორმატიული შინაარსი, ჩაუნაცვლებლად უქმდება მოქმედი რედაქციით დაცული უფლება კულტურული გარემოთი სარგებლობაზე, ვიწროვდება კულტურის ცნება და ის მხოლოდ სახელოვნებო და აკადემიურ თავისუფლებამდე დაიყვანება“, - ვკითხულობთ არასამთავრობო სექტორის მიერ ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ წერილში.

კონსტიტუციის პროექტში კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხთან  დაკავშრებით რამდენიმე პრობლემა იკვეთება. პირველი არის ის, რომ სუბიექტის, მოქალაქის ვალდებულება, იზრუნოს კულტურულ მემკვიდრეობასა და მის  დაცვაზე, საერთოდ გამქრალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს უმცირდება  საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის საფუძველი. შესაძლოა სახელმწიფომ გამოსცეს ისეთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ხელს შეუშლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.“, - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის მართვის სპეციალისტი, მანანა თევზაძე.

იურისტ გიორგი მუმლაძის თქმით, კონსტიტუციის პროექტის განმარტებით ბარათში, სადაც კონსტიტუციაში  შეტანილი ცვლილებების შესახებაა საუბარი, საერთოდ არაა საუბარი 34-ე მუხლსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე  და ყურადღება მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე მახვილდება.

მისი თქმით, მოცემული მუხლიდან (34-ე)  დარჩა მხოლოდ ერთი წინადადება - „კულტურულ მემკვდირეობას სახელმწიფო იცავს კანონით“ და ამოაკლდა:  რომ „სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე  კულტურულ გარემოზე ზრუნვა ევალება“; რომ „საქართველოს ყოველი მოქალქე ვალდებულია, იზრუნოს კულტურულ მემკვიდრეობაზე“.  მისი თქმით, სახელმწიფომ ამ ცვლილებებით გარკვეულწილად ეჭვები გააჩინა.

„ეს ეჭვები უკავშირდება საყდრისის საკითხს. როდესაც საყდრისთან დაკავშირებით დავა წარიმართა, საია-მ შეიტანა სარჩელი საყდრისის გარშემო სამუშაოების შეჩერების თაობაზე.

მაშინ მთავრობამ თქვა, რომ მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი სუბიექტი. შემდეგ ესეც გაასაჩივრეს და სასამართლომ კონსტიტუციის ამ მუხლში (საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია, ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე) დაინახა მოსარჩელის უფლება. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, გარკვეული სამართლებრივი აქტები გაასაჩივროს და იყოს სასამართლოში სუბიექტი. RMG-ის სამართლებრივი გზით პრობლემა სწორედ ამ ჩანაწერმა შეუქმნა. შეიძლება ამავე პრობლემის წინაშე დავდგეთ, მაშინ მე და თქვენ არ გვექნება საშუალება, ვიდავოთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე“, -ამბობს მუმლაძე. 

იურისტი აღნიშნავს, რომ ამ ცვლილების შედეგად, შესაძლოა, მომავალში სახელმწიფომ, თუნდაც რომელიმე დეველოპერული კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღოს რამე აქტი ისე, რომ მოქალაქეს საბრძოლველად არცერთი ბერკეტი აღარ დაუტოვოს, რადგან ეს უფლება მას კონსტიტუციის ახალი ჩანაწერით ერთმევა. მოქალაქის კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლება გარანტირებული მაშინ იქნება, როცა მას მისი დაცვის უფლებაც ექნება.

მანანა თევზაძე კიდევ ერთ ცვლილებაზე საუბრობს, რომელიც მოქმედი კონსტიტუციის 37-ე მუხლს შეეხება. აქ საუბარია იმაზე, რომ ყველას აქვს უფლება, იცხოვროს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში და ისარგებლოს კულტურული და ბუნებრივი გარემოთი. კულტურული გარემო ჩანაცვლებულია „საჯარო სივრცით“.  მისი თქმით, ეს აკნინებს კულტურული გარემოს მნიშვნელობას. აღნიშნული პუნქტი მთლიანად იზიარებდა  იმ საერთაშორისო კონვენციების სულისკვეთებას, რომლიც ხელმომწერი საქართველოცაა, იქნება ეს „მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენცია“, „კულტურული მრავლაფეროვნებისა და თვითგამოხატვის შესახებ იუნესკოს კონვენცია“  და ა.შ. მანანა თევზაძის თქმით, კულტურულ გარემოს ძალიან ფართო განმარტება აქვს.

„საჯარო სივრცე“ არსობრივად განსხვავდება „კულტურული გარემოს“ ცნებისაგან და გულისხმობს საზოგადოებისათვის თავისუფლად ხელმისაწვდომ, ღია ადგილს.  „კულტურული გარემო“ მოიცავს არა მხოლოდ გეოგრაფიულ ლოკაციას, არამედ ქცევების, ნორმების, პრაქტიკისა და რწმენების ერთობლიობას, რომელიც დამახასიათებელია გარკვეული სოციუმისთვის. აღწერილი დაცული სფერო მთლიანად გადის კონსტიტუციის მოწესრიგების ფარგლებიდან“, - ნათქვამია არასამთავრობოების მიერ ვენეციის კომისიისადმი გაგზავნილ წერილში.

„მაგალითად, საჯარო სივრცე არის ქუჩა, მაგრამ რომელიმე ტაძარი შესაძლოა არ იყოს ამავე რანგის საჯარო სივრცე. პირობითად რომ ვთქვათ, ტაძარში შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში ვერ შეხვიდე, რადგან მას შეიძლება ჰქონდეს შინაგანაწესი. თუ არ შეგიშვებენ რომელიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე  და ვერ ისარგებლებ ამ გარემოთი, უნდა მიმართო სასამართლოს. სასამართლოს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, ჩათვლის თუ არა ამ საჯარო სივრცედ იმ კონკრეტულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მაგ: ტაძარს“, - ამბობს გიორგი მუმლაძე.

მუმლაძის თქმით, „კულტურული  გარემოს“ „საჯარო სივრცით“ ჩანაცვლებით იქმნება დიდი რისკი, რომ  სამომავლოდ სახელმწიფომ შესაძლოა, უარი უთხრას მოქალაქეს რაღაც სივრცეში შესვლასა და მისით სარგებლობაზე. ამიტომაც აუცილებელია, რომ ეს უფლება კონსტიტუციით იყოს გარანტირებული, რათა სახელმწიფომ შემდგომში ბოროტად არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება.

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის პროექტის ის ნაწილი, რომელიც ეხება კულტურულ მემკვიდრეობას, საჯარო განხილვებში წინ არასდროს წამოწეულა.

„სამოქალაქო სექტორს გვქონდა შეხვედრა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან. როგორც აღმოჩნდა, მათ ჰქონდათ მიმოწერა საკონსტიტუციო ცვლილებების ჯგუფთან. ისინიც ითხოვდნენ 34-ე მუხლის არა მხოლოდ დატოვებას, არამედ გამძაფრებასაც კი. კულტურის სამინისტროც გეგმავს შენიშვნების პარლამენტისთვის მიწოდებას. ისინი იზიარებენ არასამთვრობო სექტორის პოზიციას“, - ამბობს მანანა თევზაძე.

მუმლაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტროს ამ სფეროზე პასუხისმგებლობა ეკისრება, არ იყო ჩართული პროცესში და კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ცვლილებების შესახებ სამოქალაქო სექტორისგან გაიგო.

„როცა პროექტი გამოვიდა და გასაჯაროვდა, მაშინ გაიგეს ამის შესახებ, ისიც სამოქალაქო სექტორიდან. ესაა სპეციფიკური სფერო და საჭირო იყო სპეციალისტის ჩართვა, რაშიც კომისიამ ან შეცდომა დაუშვა, ან კიდევ მიზანმიმართულად მოიქცა ასე“.

მანანა თევზაძე აღნიშნავს, რომ მოქმედ კონსტიტუციას ეფუძნება „კულტურის პოლიტიკა 2025“, მასვე ეფუძნება „კოდექსი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ“, რაზეც მუშაობა მალე უნდა დასრულდეს. მისი თქმით, კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ცვლილებები და კოდექსის სამუშაო ვერსია ძალიან შეუთავსებელია ერთმანეთთან.

„ახალმა კოდექსმა უნდა დაარეგულიროს ორი სფერო, კულტურული და ბუნებრივი გარემო ერთად, მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად. ხოლო კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ცვლილებით ეს ორი სფერო იმიჯნება“,- გვითხრა მანანა თევზაძემ.

ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ შენიშვნების წერილზე ხელი „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის პლატფორმის“ წევრმა არასამათავრობო ორგანიზაციებმა მოაწერეს. ეს ორგანიზაციებია:

„ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“, „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“, „მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტი“, „თბილისის ჰამქარი“, „ბათომი“, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო“, ICOMOS - საქართველო.

„ეს ცვლილება შესაძლოა, საფუძველი გახდეს იმისა, რომ სახელმწიფომ მომავალში ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს. აღნიშნული ცვლილებები კონსტიტუციის სხვა საკითხებზე არანაკლები მნიშვნელობისაა“, - ამბობს მუმლაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^