2015 წლის 17 ივნისს ანალოგური მაუწყებლობის სიგნალი, რომლითაც საქართველოში ტელემაუწყებლობა ხორციელდება, გაითიშება. 2006 წელს ჟენევის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებით, ამ დროისთვის ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად მზად უნდა იყოს. თუმცა 6 წლის განმავლობაში ამ კუთხით, პრაქტიკული ნაბიჯები თითქმის არ გადადგმულა.
რა სიკეთეს მოუტანს ქვეყანას გაციფრულება? მოასწრებს თუ არა ხელისუფლება ორწელიწადნახევარში იმის გაკეთებას, რისთვისაც ევროპის ქვეყნებს 6-დან 12 წლამდე დასჭირდათ? ემუქრება თუ არა მოსახლეობას მაუწყებლობის სიგნალის გარეშე დარჩენა?
კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ ციფრულ ფორმატში მაუწყებლობით (ტერესტრიალური ციფრული ტელევიზიის (TDT) სისტემის გამოყენებით) უკეთესი გამოსახულება მიიღება, შესაძლებელია მაღალი გარჩევითუნარიანობის ტელევიზიის (HDTV) ტრანსლირება ვიზუალური და აუდიო ხარვეზების გარეშე, მაღალია აუდიო ხარისხი, ხელმისაწვდომია მულტიმედია და ინტერაქტიური მომსახურება.
დღეს საქართველოში ანალოგური ტელერადიომაუწყებლობა გვაქვს. რაც ნიშნავს, რომ ერთ სიხშირულ ზოლში მხოლოდ ერთი პროგრამული არხის გადაცემაა შესაძლებელი. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით კი სიხშირული სპექტრი გამოთავისუფლდება და შესაძლებელი გახდება, რომ იმ სიხშირულ არხში, რომელშიც აქამდე მხოლოდ ერთი სამაუწყებლო არხის გატარება ხდებოდა, ამჯერად მეტი პროგრამული არხი გავიდეს. მაუწყებლობის გაციფრულება 90-იანი წლებიდან აშშ-ში სწორედ სიხშირული რესურსის უფრო ეფექტურად გამოსაყენებლად დაიწყო.
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ ციფრული მაუწყებლობის მაღალ ხარისხზე საუბარი შესაძლოა გემოვნების საკითხიც იყოს, დაახლოებით ისევე, როგორც ზოგს ფირით გადაღებული ფოტო შეიძლება ციფრულზე მეტად მოსწონდეს. თუმცა, გაციფრულების მთავარი სიკეთე მაინც სიხშირეების დაზოგვაა.
“ფაქტია, რომ მოსახლეობის მოთხოვნა იზრდება მობილურ კავშირგაბმულობაზე, ინტერნეტ და სხვა მომსახურებებზე, რომლებსაც დასჭირდა ის სიხშირეები, რომელიც სატელევიზიო მაუწყებლობას აქვს დაკავებული, მთავარ მოგებას სწორედ ამ ნაწილში მივიღებთ. ოღონდ მთავარია, რომ არ დაიკარგოს სიხშირული მაუწყებლობის ის სიკეთე, რომ ბოლო მომხმარებლამდე მომსახურება უფასოდ მივიდეს,” - ამბობს კუპრაშვილი.
მოსახლეობა ტელემაუწყებლობას სხვადასხვა არხით: კაბელით, ინტერნეტით, თანამგზავრითა და სიხშირული მიწისზედა სადგურების საშუალებით იღებს. ამ უკანასკნელზე კი, სხვადასხვა კვლევების მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 60%-ია დამოკიდებული, ეს ის რაოდენობაა, რომელიც მაუწყებლობის გაციფრულების საკითხი უშუალოდ შეეხება.
თუმცა, მათაც ვინც მაგალითად საკაბელო ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს, შეიძლება პრობლემები შეექმნათ, თუ რომელიმე კონკრეტულმა მაუწყებელმა ტექნიკურად ვერ მოახერხა ვიფრულზე გადასვლა. ცხადია, საკაბელო მას ვეღარ გაავრცელებს.
ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირმა ( ITU ) ციფრულ მაუწყებლობაზე გადამსვლელი ქვეყნები სამ რეგიონად დაყო. საქართველო მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან რუსეთსა და თურქეთთან ერთად პირველ რეგიონში მოხვდა. ე.წ. პირველი რეგიონის ქვეყნები და ირანის ისლამური რესპუბლიკა 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდნენ. პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნის მაუწყებლობისთვის გამოყოფილი სიხშირეები დაუცველი აღმოჩნდება – ანალოგური ფორმატის სიხშირეები მეზობელი ქვეყნების ციფრული სიგნალით გადაიფარება და ქვეყანა ადგილობრივი მაუწყებლობის გარეშე დარჩება.
ამჟამად საქართველოს 175 ციფრული არხის გამოყენება შეუძლია. რაც საკმარისია იმისთვის, რომ არსებულმა თუ პოტენციურმა კომპანიებმა მაუწყებლობა თავისუფლად განახორციელონ. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ საქართველოში მოქმედ მაუწყებლებს ავტომატურად უფართოვდებათ გეოგრაფიული არეალი.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” რეკომენდაციით, საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე ეტაპობრივად უნდა გადავიდეს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა რეგიონების, სპეციალური გეგმისა და გრაფიკის მიხედვით ხდება, რაც პასუხისმგებელ ორგანოს საშუალებას აძლევს რეალური სურათი დაინახოს და ყოველ მომდევნო ეტაპზე შეცდომები გაითვალისწინოს. ასეთი მოდელი გამოიყენეს შვედეთში, ნორვეგიასა და საფრანგეთში.
რაც შეეხება ვადებს, დიდი ბრიტანეთის გაციფრულების პროცესი თითქმის 14 წელს მიმდინარეობდა, ბელგიასა და შვედეთს 8-8 წელი დასჭირდათ, გერმანიასა და საფრანგეთს 6-6 წელი.
“საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც მოუწევს ძალიან მცირე დროში მაქსიმალური ძალისხმებით აირიდოს თავიდან ის საფრთხეები, რაც დაკავშირებული იქნება მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან სიხშირეების გადაფარვასთან. იმედია, ყველაფერი მოესწრება, თუ საქარტველოს მთავრობა მაქსიმალურად მობილიზებულად იმუშავებს,” - ამბობს საიას იურისტი და მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე.
საია განსაკუთრებულ მნიშვნელობას მომხმარებელთა ინფორმირებასა და მომზადებას ანიჭებს. “მოსახლეობამ უნდა იცოდეს, აქვს თუ არა მას შესაბამისი ტელევიზორი, რომლითაც ციფრული სიგნალის მიღებას შეძლებს, რა ხარჯების გაღება მოუხდება მას, რას იკისრებს სახელმწიფო და ასე შემდეგ,” - განმარტავს კაპანაძე.
გასარკვევია რა ტიპის ტელევიზორებს ფლობს მოსახლეობა და დაახლოებით რამდენს, ასევე განსასაზღვრია რეგიონების მიხედვით, შეუძლია თუ არა მოსახლეობას შესაბამისი რისივერის შეძენა და რა შემთხვევაში იტვირთებს ამ ხარჯებს სახელმწიფო. მაგალითად საფრანგეთს მთლიანად გაციფრულება 150 მილიონი ევრო დაუჯდა, თანხის 50% სახელმწიფომ დააფინანსა, 15% - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, დანარჩენი კი კერძო მაუწყებლებმა ან სხვა ორგანიზაციებმა.
მოსახლეობის მზაობასთან ერთად მნიშვნელოვანია თავად მაუწყებლების ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების შესწავლაც, ასევე იმის დადგენა ვინ რომელ ლიცენზიას ფლობს და რა ვადით. შესაბამისი ცვლილებებია შესატანი “მაუწყებლობის შესახებ კანონსა” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში.”
პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული როლი საზოგადოებრივ მაუწყებელს ენიჭება, რომელსაც თითქმის 100%-იანი დაფარვა აქვს. ძირითადად, საზოგადოებრივ მაუწყებელს მინიმუმ ერთი მულტიპლექსით სარგებლობის უფლება გადაეცემა. დანარჩენი მულტიპლექსები აუქციონზე გადის და ღია კონკურსის წესით გადაიცემა. მულტიპლექსი სატელევიზიო და რადიო არხების პაკეტია, რომელთა ტრანსლაციაც ერთი რადიოსიხშირული არხის მეშვეობით ხორციელდება. თუმცა ჯერჯერობით გადასაწყვეტია რამდენი მულტიპლექსი უნდა არსებობდეს ქვეყანაში? ვის მფლობელობაში უნდა იყოს ისინი, რა პირობებით დაუშვებენ მაუწყებლებს ამ სიხშირეებზე ან რა ბედი ეწევათ რეგიონულ მაუწყებლებს.
ყველაზე დიდი რისკის წინაშე სწორედ რეგიონული მაუწყებლები დგებიან.მათთვის საჭირო ფინანსური რესურსების დამოუკიდებლად მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. მათ შესაძლოა ვერ შეიძინონ ძვირადღირებული თანამედროვე აპარატურა და არც იმის რესურსი ჰქონდეთ, რომ მულტიპლექს ოპერატორის გადასახადი გადაიხადონ. ამიტომ შესაძლოა მოსახლეობა ადგილობრივი მაუწყებლების სიგნალის გარეშე დარჩეს. „ეს არის სერიოზული გამოწვევა რეგიონული მაუწყებლებისთვის, სახელმწიფომ კი ხელი უნდა შეუწყოს მათ, რათა მოპოვონ თავიანთი ადგილი ახალ ციფრულ სივრცეში“ - ვკითხულობთ საიას კვლევაში.
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში კი მიიჩნევენ, რომ ამ პროცესმა შეიძლება სამაუწყებლო ზონების დამსხვილება გამოიწვიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 27 რეგიონული არხი ვიწრო ლოკალურ ტერიტორიაზე ვეღარ იმაუწყებლებს და თითოეულს რამდენიმე რეგიონის დაფარვა ერთდროულად მოუწევს. ეს კი მათ შინაარსსაც შეცვლის. თუმცა ზონების გამსხვილება შესაძლოა მედიაბიზნესის განვითარების საქმეში დადებით ფაქტორადაც კი იქცეს.
ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში ეკონომიკის სამინისტრო „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის პროექტის შემუშავების პროცესში იყო.“ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, შემოდგომაზე ევროპელმა ექსპერტებმა საქართველოში გაციფრულების პოლიტიკისა და განხორციელების სამსჯელო პროექტი მოამზადეს. დეკემბრის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სათათბირო საბჭო შეიქმნა. ამჭამად საბჭოში სამი სამუშაო ჯგუფი შედგა, რომლებიც მომხმარებელთა ინფორმირების, ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებზე იმუშავებენ. მომდევნო ეტაპი ჯგუფებს შორის სამუშაო საკითხების შეჯერებაა.
ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაძე ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფები ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ და მაქსიმალურად მოკლე დროში ყველა საკითხს განიხილავენ. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის სუბსიდირებას გასწევს სახელმწიფო. “ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მულტიპლექს ოპერატორებზე წვდომა ხელოვნურად არ შეიზღუდოს, არ შეიქმნას მონოპოლია და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დორისთვის მოსახლეობაც მომზადებული იყოს,” - ამბობს ქაშიბაძე.