Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თითქმის კონტრაპუნქტი

24 მაისი 2017

შოსტაკოვიჩიდან ყანჩელამდე... „სტიქსზე“ ფინალური გადაცურვით

ძალიან იშვიათია, როდესაც „რთულად“ წოდებულ, თანამედროვე კლასიკურ მუსიკას ორგანიზატორები კარგად გეგმავენ და მსმენელს არანაკლებ საინტერესოდ მიაწოდებენ. ხოლო თუ მუსიკოსები ამ სირთულეს კარგ შესრულებასაც შეუხამებენ, ეს თითქმის იდეალური შემთხვევაა.

თანამედროვეობის ორი გამოჩენილი კომპოზიტორის - დიმიტრი შოსტაკოვიჩისა და გია ყანჩელის შემოქმედების (ნუმერაციაზე ნუ ვიდავებთ, ვინ პირველია და ვინ მეხუთე, ფაქტია, მათი მუსიკა საკაცობრიო მასშტაბისაა) პარალელურ რეჟიმში გაცნობა მსმენელს ერთკვირიანი ფესტივალის, alla Kontrapunkt-ის ფარგებში შეეძლო. ფესტივალი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, დიმიტრი შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონიით (დო მინორი, თხზ. N47) გაიხსნა და ერთი კვირის შემდეგ, ასევე ოპერის თეატრში, გია ყანჩელის „სტიქსით“დაიხურა. თუმცა ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ.

შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონია ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ვიტყოდი, ერთგვარი მოწიწებული თავდადებით შეასრულა. რაც შეეხება ახალგაზრდა დირიჟორ კახი სოლომნიშვილს, რომელმაც კონსერვატორია საგუნდო დირიჟორობის განხრით დაამთავრა, ხოლო საორკესტრო-სადირიჟორო „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა მაესტრო ჯანლუკა მარჩანოს ხელმძღვანელობით გაიარა, ის გემის ახლად დანიშნული კაპიტანივით მონდომებული და კონცენტრირებული იყო. განსაკუთრებით კი ფინალში, სადაც აუცილებელია დირიჟორმა პირველი ნაწილის დრამატიზმიც შეინარჩუნოს და ორკესტრს ახალი სასიცოცხლო ძალები და ენერგია შთაბეროს.

აღსანიშნავია, რომ კონცერტს ესწრებოდა კომპოზიტორის მეუღლე, ირინა სუპინსკაია. ფესტივალის გახსნის დღეს შესრულდა აგრეთვე გია ყანჩელის „სევდა ნათელი“, ბავშვთა გუნდისა და ორკესტრისათვის. ნაწარმოებმა, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ლაიპციგის სახელოვანი „გევანდჰაუზის“ დაკვეთით დაიწერა და მეორე მსოფლიოს ომის დროს დაღუპულ ბავშვებს ეძღვნება, დღეს სრულიად სხვა დატვირთვა და განზომილება შეიძინა...

და როდესაც პუბლიკა გია ყანჩელის ტრაგიკულ და ამავდროულად მისტიკური სინათლით გასხივოსნებულ მუსიკას უსმენს, ახსენდება არა მხოლოდ ომში დაღუპული ბავშვები, არამედ დღევანდელ კონფლიქტებსა თუ ტერორისტულ აქტებს შეწირული ბავშვებიც, რომელთა ხმები  თითქოს ნაწარმოებში გამოყენებული შექსპირის, გოეთესა თუ გალაკტიონის სტრიქონებად ტრანსფორმირდება. „სევდა ნათელი“  აქტუალურია იმიტომაც, რომ განუწყვეტლივ შეგვახსენებს ბავშვთა მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ და იმასაც, რომ თანამედროვე სამყაროში ხელოვნებას არ ძალუძს რაიმე შეცვალოს და წინ აღუდგეს ამგვარ ძალადობას.

აღსანიშნავია ორკესტრისა და დირიჟორის ფაქიზი მიდგომა პარტიტურისადმი და, განსაკუთრებით - გორის სულხან ცინცაძის სახელობის კოლეჯის მოსწავლეთა გუნდის უდიდესი მონდომება, რომლისთვისაც ეს ძალიან საპასუხისმგებლო კონცერტი იყო.

ფესტივალის დღეებში აჟღერდა გია ყანჩელის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი კინოსა და თეატრისათვის შექმნილი მუსიკაც; ასევე „ღამის ლოცვები“ (კლარნეტის, სიმებიანი ორკესტრისა და მაგნიტური ფირისათვის, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა, ხოლო სოლისტებად ცნობილი უცხოელი და ქართველი მუსიკოსები - იულიან მილკისი და გიორგი ცაგარელი ვიხილეთ), „იავნანა მზეს“ (შერეული გუნდისა დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის, რომელიც კომპოზიტორმა რიგის კამერული გუნდის დაკვეთით შექმნა).

ფესტივალის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ყანჩელის ახალი ნაწარმოების, „წერილები მეგობრებს“ მსოფლიო პრემიერა, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართა და რომელიც ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის დაიწერა (შედგება 25 მინიატურული პიესისგან). ვიოლინოს პარტიას ახალგაზრდა და უკვე აღიარებული იტალიელი მუსიკოსი, ანდრეა კორტესი ასრულებდა, ხოლო სიმებიან ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა. „თითოეული პიესა ეძღვნება ჩემს უახლოეს მეგობრებს, რომელთა გარეშე ჩემი ცხოვრება და, შესაბამისად, ჩემი შემოქმედება სრულიად განსხვავებული იქნებოდა“ - აღნიშნავს გია ყანჩელი.

შოსტაკოვიჩის ნაწარმოებებიდან ფესტივალზე შესრულდა კონცერტი ფორტეპიანოს, საყვირისა და სიმებიანი საკრავებისთვის, სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, ხოლო ფესტივალის დასკვნით დღეს,  დიდი კომპოზიტორის ერთ-ერთი უკანასკნელი მუსიკალური ნაწარმოები - კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის. 

ჩელოს პარტიას ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ბორის ანდრიანოვი თითქმის პერფექციონისტული ტექნიკით, თუმცა ოდნავ მშრალად თუ ნეიტრალურად ასრულებდა. თუმცა ესეც გარკვეულწილად დროის ნიშანია. დღეს როსტროპოვიჩის მსგავსი ემოციურ-ექსპანსიური ინტერპრეტაცია (სწორედ ის იყო შოსტაკოვიჩის კონცერტის პირველი შემსრულებელი 1959 წელს) რატომღაც ძველმოდურად ითვლება... არადა, მსგავსი შესრულება იშვიათია მუსიკის ისტორიაში.

ფესტივალი თითქმის შოსტაკოვიჩის კონცერტის კონტრაპუნქტით - გია ყანჩელის „სტიქსით“ დასრულდა (ალტის, შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი). ეს ერთგვარი რეკვიემია, რომელიც კომპოზიტორმა გარდაცვლილი მშობლების, მეგობრებისა და კოლეგების ხსოვნას მიუძღვნა... და სავარაუდოდ, შოსტაკოვიჩიც მათ შორისაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^