Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბავშვო სახლები კონტროლს მიღმა

28 იანვარი 2013

საქართველოს საპატრიარქოს მმართველობის ქვეშ რამდენიმე ბავშვთა სახლია, რომელთა მონიტორინგიც ჯერჯერობით ვერ ხერხდება 

“რამდენიმე აღმზდელმა ყურის აწევა და თმის მოწიწკვნა იცოდა, სხვა აღმზრდელები პირდაპირ სახეში არტყამდნენ, მაგალითად, ბავშვის მტკიცებით, 6 წლის ასაკიდან ს.შ. ხშირად სცემდა, სახეში ურტყამდა: “გამიქანა და მტკიცა, ცხვირიდან სისხლი წამომივიდა, მეც გავმწარდი და ხელში დავარტყი, შემდეგ ძალით დამაჩოქა, მუხლებზე დამაყენა ხატებთან, ამაზე ისტერიკები დამემართა, ფეხებს ვუბათქუნებდი.” ამის შემდეგ ს.შ. ხშირად ემუქრებოდა: “ხომ არ დაგვიწყებია ჩემი ხელი.” ლ.ს.-მ ასევე არაჰუმანურ მოპყრობაში ამხილა აღმზდელები ნ.უ და იოანე. საუბრისას ლ.ს. ღელავდა, ნერვიულად ამოძრავებდა ხელებს, შეიმჩნეოდა გადატანილ სტრესთან დაკავშირებული ძლიერი აფექტურ- ვეგეტატიური რეაქციები,” - ეს ამონარიდი სახალხო დამცველის ბავშვთა სააღმზდელო დაწესებულების სპეციალური ანგარიშიდან საპატრიარქოს ბავშვთა სახლის ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელის მონათხრობია.

საპატრიარქოს მფლობელობის ქვეშ მყოფი ბავშვთა სახლებში არსებული სიტუაციის ანალიზს ანგარიშის მხოლოდ მცირე ნაწილი ეთმობა. ამის ერთ-ერთი და უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ  სახალხო დამცველის წარმომადგენლების თხოვნას, მათთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ, საპატრიარქოდან არ უპასუხეს. საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში ადრე მცხოვრები ბავშვების მონათხრობის გადამოწმებაც ამავე მიზეზით შეუძლებელია. 

ანგარიშის მიხედვით ზესტაფონის წმ.ბარბარეს  და სამცხე-ჯავახეთის წმ.ნინოს ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში 221 ბავშვია. სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი სრული არაა და როგორც ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელები ამბობენ, საპატრიარქოს ბავშვთა სახლების რაოდენობა 7-9-მდე მერყეობს, სადაც დაახლოებით 1000-მდე ბენეფიციარი შეიძლება იყოს. იმის გამო, რომ საქართველოს საპატრიარქოს საკუთარ ინსტიტუციაში  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ უშვებს, ამ მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია. ამ ბავშვების შესახებ არც სახალხო დამცველის შემაჯამებელ ანგარიშებში  წერია. გამონაკლისია ბავშვთა სააღმზდელო დაწესებულებების 2011 წლის მონიტორინგი.

სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი ამბობს: “ის ბავშვები, რომლებიც უწინ საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში ცხოვრობდნენ და ახლა სხვა სამზრუნველო დაწესებულებებში იმყოფებიან, ბავშვთა მიმართ ძალადობის საკმაოდ რთულ შემთხვევებზე ყვებიან, რომელთაც მათი გადმოცემით საპატრიარქოს ბავშვთა დაწესებულებებში ჰქონდა ადგილი. ობიექტურად არ არსებობს ასეთი ტიპის დაწესებულება, რომელიც ძალადობის რისკებს არ ატარებს, მაგრამ ამ პრობლემას მონოტორინგი და რეკომენდაციების შეთავაზება აბალანსებს. როდესაც ჩვენ ინფორმირებულები არ ვართ რომელიმე დაწესებულებაშ ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესახებ, ეს უფრო მაშინებს.”

მისი თქმით, “ბავშვზე ზრუნვა კეთილი საქმეა, თუმცა ამავე დროს ვალდებულებაცაა. როდესაც ამ ვალდებულებას იღებ, უნდა შემოწმდეს რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებ მას”. 

საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში ბავშვებს მოწესრიგებული არ აქვთ დოკუმენტაცია, არ არის ცნობილი ვინაა მათი კანონიერი წარმომადგენელი და რამდენად კანონის დაცვით ხვდებიან ამ დაწესებულებებში ბავშვები. 

ბავშვთა სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს. ერთ-ერთი უფლებადამცველის აზრით კი, ვინც ანონიმად დარჩენა ისურვა, ეს ტიპური ტრეფიკინგია.

“ჩვენ ვატარებთ სხვა ტიპის მონიტორინგსაც, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხებათ. სახალხო დამცველს მომართა რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელმა და აღნიშნა, რომ მათი სურვილის მიუხედავად, საკუთარი ბავშვების საპატრიარქოს ბავშვთა დაწესებულებიდან გაყვანის უფლებას არ აძლევენ და მათი ბავშვები ამ დაწესებულებებში კანონის დარღვევით იზრდება. ”- ამბობს ანა არგანაშვილი.

საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანის მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქოს ბავშვთა სახლების მონიტორინგი პრობლემა არაა. მისი თქმით, “რამდენადაც ვიცი სახელმწიფო და საპატრიარქო ერთად ახორციელებს მონიტორინგს და რატომ უნდა იყოს ამ დაწესებულებებში შესვლა პრობლემა არ ვიცი. მიმართეს დაწესებულებებს და არ შეუშვეს?” - ამბობს “ლიბერალთან” საუბარში მიქაელ ბოტკოველი. 

ანა არგანაშვილი კი ამბობს, სააღმზდელო დაწესებულებების მონიტორინგის პროცესში ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით საპატრიარქოს მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.

ინფორმაცია  საპატრიარქოს მმართველობის ქვეშ მყოფ ბავშვთა სახლებზე  სახალხო დამცველის არც ერთ ანგარიშში  არაა. უწინდელმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებს სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ამ სახლების მონიტორინგის დაწყებაზე აუწყა, თუმცა, მონიტორინგი აქამდე  არ განხორციელებულა.

ბავშვზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. მას ბავშვთა ზრუნვის უნიფიცირებული სისტემა და სტანდარტები აქვს. 2009 წლის 26 აგვისტოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანებით “ბავშვთა ზრუნვის სტანდარტები სავალდებულოა ყველა დაწესებულებისათვის, რომელიც ახორციელებს სააღმზდელო საქმიანობას, მიუხედავად მათი ორგანიზაციული-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა.”

როდესაც სახელმწიფოში არსებობს ისეთი ტიპის ბავშვთა სახლები, რომლებიც სახელმწიფოსათვის და უფლებადამცვლებისთვის ჩაკეტილია და იქ მონიტორინგი ვერ ხერხდებამ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ყველა ბავშვზე ზრუნვას ვერ ახერხებს.

“სახელმწიფოში შექმნილია ბავშვთა ძალადობისგან დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა და შესაბამისი სტანდარტები. ეს სტანდარტები ყველა იმ დაწესებულებას ეხება, რომელშიც ბავშვია მოთავსებული. რა გამოდის? ამ პოლიტიკაზე პასუხიმგებელი სამი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, არც ერთი არ ასრულებს იმ ბავშვების მიმართ დაცვის ვალდებულებას, რომლებიც საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში იზრდებიან.” - ამბობს არგანაშვილი. 

საპატრიარქოსა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ორი წლის წინ მემორანდურმი დაიდო, რომლის ფარგლებში ზესტაფონის წმ. ბარბარეს ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა და სამცხე-ჯავახეთის წმ.ნინოს ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში 200 ბავშვს სახელმწიფოს სოციალურმა მუშაკებმა დოკუმენტაცია მოუწესრიგეს, თუმცა, ანა არგანაშვილის თქმით, ეს შემთხვევა იყო ერთადერთი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ და საპატრიარქომ ამ მემორანდუმის ფარგლებში შეასრულა.

მემორანდუმით ხელმომწერებს სხვა ტიპის ვალდებულებებიც აქვთ აღებული. მაგალითად, ეკლესიას დაქვემდებარებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში მყოფ ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ მომსახურეობებზე თანაბარი ხელმისაწვდმობა უნდა ჰქონოდათ. ეკლესია ვალდებულია მის დაქვემდებარებაში არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში მოხვედრილი ობოლი ან მიტოვებული ბავშვის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის კანონით დადგენილ ვადებში ეცნობებინა.

ამ ორგანოს კი სოციალურ მუშაკთან ერთად ბავშვის და მისი ბიოლოგიური ოჯახის მდგომარეობა უნდა შეეფასებინათ.

“თანამშრომლობა გვქონდა, თავად საპატრიარქომ მოგვმართა ორი წლის წინ, რომ ზესტაფონის და ნინოწმინდის ბავშვთა სახლებში ბავშვების დოკუმენტაცია მოგვეწესრიგებინა. მას შემდეგ საპატრიარქოსთან რაიმე შეხება არ გვქონია, ჩვენ აღმასრულებელი ორგანო ვართ და რასაც გვავალებენ, ვაკეთებთ. როგორც ვიცი, ეს ყველაფერი მოლაპარაკებებისა და განხილვის პროცესშია.” – ამბობს “ლიბერალთან” საუბრისას სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამებისა და მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა სანებლიძე.

რამდენი ბავშვია საპატრიარქოს სახლებში, რამდენად კანონის დაცვით მოხვდნენ ისინი  იქ და რა პირობებში ცხოვრობენ, უცნობია. ყველა ის უწყება, რომელსაც ამის გარკვევა ევალება, ჯერჯერობით პასიურობს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^