Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-ს იზოლატორები - რას აღწერს ომბუდსმენი

29 მაისი 2017

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საკანონმდებლო ორგანო წევრებს წარუდგინა ანგარიში, რომელიც 2016 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას აღწერს.

ანგარიში მრავალ საკითხს მოიცავს, მათ შორის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს. 

სახალხო დამცველის ოფისთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ შემოწმებული დაწესებულებებიდან, განსაკუთრებით საინტერესოა შსს-ს დაქვემდებარებული იზოლატორების მდგომარეობა. 2016 წელს მონიტორინგი პოლიციის 58 სამმართველოსა და დროებითი მოთავსების 27 იზოლატორში  ჩატარდა.

ამ შემოწმების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა:

► 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში (დმი) შესახლებულ პირთა რაოდენობა შემცირებულია;

► თუმცა, გაზრდილია დაზიანებით შესახლებულ პირთა და პოლიციის მიმართ პრეტენზიის შემთხვევათა რიცხვი;

►კვლავ პრობლემად დარჩა პირთა თანხმობის გარეშე პოლიციის ავტომობილში ან პოლიციის განყოფილებაში „გასაუბრების“ მანკიერი პრაქტიკა;

►შესწავლილი სისხლის სამართლის საქმეებიდან თითქმის ნახევარ შემთხვევებში დაკავებულ პირს საერთოდ არ ჰყოლია ადვოკატი;
 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლის თანახმად, ყველა თავისუფლებააღკვეთილი პირს აქვს უფლება, რომ ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის ღირსებას. პაქტზე დაყრდნობით სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციას უწევს,  „მიიღოს ყველა საჭირო ზომა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ასევე, ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად“

გამოკვეთილ ტენდენციად შეგვიძლია აღვიქვათ იზოლატორებში დაზიანებით შესახლებულთა რიცხვის ზრდა. ამას საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი  სტატისტიკური ინფორმაციაც ადასტურებს.

ომბუდსმენი  მთავარ პროკურორსაც  მიმართავს და სთხოვს, „უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან დაკავებული პირების მიმართ წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტების ეფექტიანი გამოძიება“. ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ ამგვარ საქმეებზე გამოძიება შესაბამისი მუხლით უნდა დაიწყოს და არა - 333-ე, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ამ საკითხების გარდა, ომბუდსმენი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: დაკავებულის ინფორმირება უფლებების შესახებ; დაკავებული პირის მიერ ოჯახის ინფორმირების შესაძლებლობა, ადვოკატის ხელმისაწვდომობა,  ექიმის ხელმისაწვდომობა; მიმოიხილავს ისეთ პროცედურულს გარანტიებს, როგორებიცაა აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება, თანამშრომელთა სამუშაო პირობები და სწავლება. 

უშუალოდ იზოლატორების მდგომარეობის შესწავლისას ყურადღება მიექცა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საცხოვრებელი ფართი, ფიზიკური გარემო, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, კვება და სასმელი წყალი, სანიტარული კვანძის პრივატულობა, სუფთა ჰაერზე ყოფნის/გასეირნების უფლება.

წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ევროპული კომიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტით, პოლიციის განყოფილებაში ყველა საკნის ფართი გათვლილი უნდა იყოს პირთა იმ რაოდენობაზე, რომლებიც, ჩვეულებრივ, იქ თავსდებიან. საკნებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათება (რომელიც იძლევა კითხვის საშუალებას) და ვენტილაცია. სასურველია, საკნებში იყოს ბუნებრივი განათება. გარდა ამისა, საკნებში უნდა იყოს დასვენების პირობები (მაგალითად, იატაკში ჩამონტაჟებული სკამი ან ძელსკამი).

ანგარიში ამ სტანდარტის საპირისპირო ყოფას აღწერს - საკნების არასაკმარისი ვენტილაცია, სიბნელე, ნესტი, ობი კედლებზე...

დროებითი მოთავსების იზოლატორები არ მარაგდება ჰიგიენური საფენებით, რის გამოც იზოლატორის თანამშრომლებს ჰიგიენური საფენების შეძენა დაკავებული ქალების სახსრებით უწევთ. 

ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. ნანუაშვილი ითხოვს, რომ:

►ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორის საკანში დამონტაჟდეს ცენტრალური გათბობა, საკნები ბუნებრივი/ხელოვნური განათდეს და განიავება; 
►ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში იზოლირებული იყოს სანიტარული კვანძი. 
►ყველა დაკავებულს ჰქონდეს ინდივიდუალური საწოლი;
►დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი ყველა დაკავებული მომარაგდეს პირადი ჰიგიენის დაცვისთვის აუცილებელი ნივთებით, მათ შორის, ჰიგიენური საფენებით; 
►ყველა დაკავებული უზრუნველყონ სათანადო რაციონის საკვებით, მათ შორის, დიეტური საკვებით. 

ანგარიშის ბოლოს, დასკვნის სახით სახალხო დამცველი აღნიშნავს,  რომ პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება, დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაკავებული პირის მიერ პროცედურული უფლებებით არაჯეროვნად სარგებლობა და სხეულის დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირება კვლავ გამოწვევად რჩება პოლიციის სისტემისათვის. 

ამდენად, ომბუდსმენს  მიაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობაზე მკაცრი კონტროლის დაწესება და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა -  „აუცილებელია, პოლიციის თანამშრომლებმა ზემდგომი თანამდებობის პირებისგან მიიღონ მკაფიო გზავნილი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება“.

ომბუდსმენი ანგარიშში აღნიშნავს დადებით ტენდენციებსაც, თუმცა საბოლოო ჯამში მისი მოხსენება საკმაოდ კრიტიკულია და, თუ პრობლემების აღწერილობებით ვიმსჯელებთ,  სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ განხორციელებული პროექტის,„საქართველოსა და სომხეთში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა პრევენციული მონიტორინგის გაძლიერების გზით“, - ფარგლებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^