პირველ თებერვალს, თუმანიშვილის თეტარში გამართულ საღამოზე, გივი მარგველაშვილი სპეციალური პრემიით დააჯილდოვეს. ქართველ - გერმანელი მწერალი, ფილოსოფოსი და ენათმეცნიერი, რომელსაც თვენახევრის წინ 85 წელი შეუსრულდა,ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს და გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International-ის მიერ დაწესებული პირველი პრემია გადასცეს.
“თუ ვინმე განასახიერებს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, ეს ნამდვილად გივი მარველაშვილია”- აღნიშნა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ.
საღამოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და გერმანიის ელჩი- ორთვინ ჰენიგიც დაესწრნენ. მათ გივი მარგველაშვილის შემოქმედებასა და ამ ახლად დაწესებული პრემიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მწერლის შემოქმედებას სპეციალური სიტყვა მიუძღვნა გაზეთ Süddeutsche Zeitung-ის ლიტერატურულმა კრიტიკოსმა, ლოთარ მიულერმაც.
საღამოს მსვლელობისას აჩვენეს ნაწყვეტები სპეკტაკლიდან, რომელიც მარგველაშვილის ისტორიული ზღაპრის “მაყურებელთა დარბაზები” მიხედვით რეჟისორმა ნინო ბურდულმა დადგა.დაჯილდოვების შემდეგ კი 50 წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც ასევე “მაყურებელთა დარბაზების” ტექსტზეა აგებული და თავად მწერლის დოკუმენტური კადრების გარდა,დადგმული სცენებით და სხვადასვა მხატვრული ფილმებიდან თუ არქივიდან აღებული კადრებითაც არის გაფორმებული. ფილმის ავტორები მარიკა ლაფაური-ბურკი და ნიკო ტარიელაშვილი არიან. როგორც მარიკა ლაფაური- ბურკი “ ლიბერალთან” საუბარში ამბობს, ის დიდი ხანია იცნობს გივი მარგვლეაშვილს და მის შესახებ არაერთი მასალა მოუმზადებია. ამ ფილმის გადაღება მან 4 წლის წინ დაიწყო და ის სულ ახლახანს დაასრულა. თუმანიშვილისs თეატრში ფილმი პირველად აჩვენეს.
გივი მარგველაშჳილი 1927 წელს დაიბადა ბერლინში - ქართველი ფილოსოფოსის და ისტორიკოსის, ტიტე მარგველაშვილის ოჯახში, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გერმანიაში გადასახლდ. 1945 წელს გივი მარგველაშვილი მამასთან ერთად საბჭოთა უშიშროებამ გაიტაცა გერმანიის საბჭოთა სექტორში, საიდანაც ისინი საქართველოში გადმოიყვანეს. ტიტე მარგველაშვილი მალევე დახვრიტეს, მის 18 წლის შვილს კი უფლება მისცეს საქართველოში, ნათესავებთან ეცხოვრა. გივი მარგველაშვილმა მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული "პერესტროიკის" შედეგად, შეძლო ბერლინში დაბრუნება. 2011 წელს მწერალი ისევ თბილისში დაბრუნდა საცხოვრებლად.
დღეიდან გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International-ის პრემია გივი მარგველაშვილის სახელობის გახდება და ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ- გერმანული ურთიერთობების გარღმავებაში გასნაკუთრებულ წვლილს შეიტანენ.