ნათია მესტვირიშვილი, „CRRC-საქართველოს“ მოწვეული უფროსი მკვლევარი
დღეს მსოფლიოში ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბავშვები მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ. თუმცა საქართველოს მოსახლეობის აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქვეყნის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოდგენები აღზრდის სწორ მეთოდებზე არცთუ ისე იშვიათად წინააღმდეგობაში მოდის როგორც მსოფლიოში აღიარებულ ბავშვთა უფლებებთან, ასევე პოზიტიური აღზრდის საყოველთაოდ მიღებულ პრაქტიკასთან.
„CRRC-საქართველომ“ 29-30 მაისს სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას მიმართა შეკითხვებით - რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მშობელმა შვილისთვის უნდა გააკეთოს? და ბავშვის აღზრდის რა მეთოდებია მათთვის მისაღები?
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა შვილისთვის განათლების მიცემას და მასზე ზრუნვას ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ეს უკანასკნელი ბევრს არაფერს გვეუბნება, რადგან შვილზე ზრუნვა ზოგადი ცნებაა და ადამიანებს ის სხვადასხვანაირად ესმით.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობა უფრო მნიშვნელოვნად ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებას, მის გამოკვებას და მისთვის მიმართულების მიცემას მიიჩნევს, ვიდრე ბავშვის სიყვარულს, პატივისცემას და მასთან ერთად დროის გატარებას, რაც გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის პოზიტიური აღზრდის პრინციპებთან.
- განათლებაზე ზრუნვა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აზრით, ასე მნიშვნელოვანია, სკოლის ასაკამდე გაცილებით ადრე იწყება. პედაგოგიკაში სკოლამდელ აღზრდას უდიდესი როლი ენიჭება, რადგან ყველაზე სწრაფად ბავშვის ტვინი ამ ასაკში ვითარდება და მისთვის აუცილებელია ფიზიკური, აკადემიური და სოციალური განვითარებისთვის მასტიმულირებელი გარემო. თუმცა, საქართველოში მცხოვრები ბავშვების მესამედი მოკლებულია სკოლამდელი აღზრდის შესაძლებლობას. მიზეზი ტერიტორიულად ხელმისაწვდომი საბავშვო ბაღების არარსებობა, ან - მათში არასაკმარისი ადგილების რაოდენობაა. ცალკე საკითხია ისიც, თუ რამდენად მასტიმულირებელ გარემოში ხვდებიან ის ბავშვები, რომლებიც მშობლებს ბაღში დაჰყავთ.
- განათლებაზე ზრუნვა მისი ბაღში და სკოლაში მიყვანით არც იწყება და არც მთავრდება. მისი მნიშვნელოვანი გამოხატულება მშობლების მიერ ბავშვისთვის ადრეულ ასაკში წიგნების კითხვაა. სწორედ სკოლამდელ ასაკში წიგნებთან შეხება განსაზღვრავს ბავშვის ლექსიკურ მარაგს, კითხვის სიყვარულს, ფანტაზიას და სხვადასხვა მნიშვნელოვანი კოგნიტური უნარების განვითარებას. მაგრამ საქართველოში 3-დან 5 წლამდე ბავშვების მხოლოდ 58%-ს აქვს სამი ან მეტი საბავშვო წიგნი. სოფლად მცხოვრებ ბავშვებში კი ეს წილი 40%-მდე მცირდება.
- სწავლის და სკოლისთვის მომზადებაში უდიდესი როლი მშობლებს ეკისრება. ბავშვთან ერთად დროის გატარება - მასთან საუბარი, თამაში და სხვა ტიპის ურთიერთობა პატარასთვის ბევრად უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე სხვა რამ. მოსახლეობის მხოლოდ 3%-ისთვის წარმოადგენს ეს საკითხი აღზრდისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს.
- მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან ერთად თამაშსა და სხვადასხვა ტიპის საქმიანობაში ორივე მშობელი თანაბრად იყოს ჩართული, რადგან, როგორც წესი, დედას და მამას ბავშვთან ურთიერთობის განსხვავებული მიდგომები აქვთ. კვლევები აჩვენებენ, რომ ბავშვები, რომელთა აღზრდაშიც მაღალი იყო მამის ჩართულობა, არა მხოლოდ კოგნიტურად, არამედ - ფიზიკურად, ემოციურად და სოციალურადაც უკეთ ვითარდებიან. თუმცა, საქართველოში 3-5 წლამდე ბავშვების მხოლოდ მესამედი სწავლობს და ვითარდება მამასთან ერთად. გაერო-ის ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით, მამები კვლევის წინმსწრები სამი დღის განმავლობაში, საქართველოში მცხოვრებ 3-დან 5 წლამდე ბავშვთა მხოლოდ 35%-ის შემთხვევაში მონაწილეობდნენ მინიმუმ ერთ ისეთ აქტივობაში, რომელმაც ბავშვთა სწავლისა და სკოლისათვის მომზადებას შეუწყო ხელი.
ბავშვის დასჯაზე ქართული საზოგადოების შეხედულებები ასევე ეწინააღმდეგება პოზიტიური აღზრდის პრინციპებს. ამჟამად დასჯის თითქმის ყველა ფორმა პედაგოგიური თვალსაზრისით მიუღებლად ითვლება. განსაკუთრებით დაუშვებელია ბავშვის ფიზიკური დასჯა, ყვირილი და შეურაცხმყოფელი სიტყვების დაძახება, რადგან ასეთი ტიპის დასჯა პატარას მნიშვნელოვან ემოციურ და ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს. მსგავსი მიდგომა ბავშვში ხანმოკლე პერიოდში დანაშაულის, უმწეობის, შიშის, ბრაზის და სხვა მრავალ უარყოფით განცდას იწვევს; გრძელვადიანად კი პესიმიზმის, კონცენტრაციის უუნარობის, აგრესიის, ჰიპერაქტიურობის ან დაბალი თვითშეფასების მოტანა შეუძლია.
თუმცა, CRRC-ის კვლევის მიხედვით, ყოველი მეოთხე ქართველი ყვირილს ბავშვის აღზრდის მისაღებ ფორმად მიიჩნევს, ხოლო ყოველი მეხუთე თვლის, რომ ხელით უკანალზე წამორტყმა გამართლებულია. უფრო მძიმე სურათო იხატება UNICEF-ის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში საზოგადოების 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს და 60% ფიქრობს, რომ ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები.
- ძალადობა მაშინაც კი, თუ ის პირდაპირ არაა ბავშვზე მიმართული, მნიშვნელოვან კვალს ტოვებს მის განვითარებაზე. გარდა ზემოხსენებული მოკლე და გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ეფექტებისა, ოჯახური ძალადობა მომავალში ბიჭების მოძალადეებად, ხოლო გოგონების მსხვერპლებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. საქართველოში მოსახლეობის უმეტესობას (94%) ესმის, რომ ბავშვისთვის საზიანოა, თუ ის ოჯახში ძალადობის მომსწრეა, თუმცა 91% ოჯახის „შიდა საქმეებში“ გარეშე პირთა ჩარევის წინააღმდეგია, რაც ოჯახური ძალადობის შემთხვევაში ხშირად ერთადერთი გამოსავალია.
საქართველოში სჯერათ, რომ ყველა ბავშვი საუკეთესოს იმსახურებს. მაგრამ სახელმწიფოს და საზოგადოებას ჯერ კიდევ ნაკლებად ესმის, თუ რა არის ბავშვებისთვის საუკეთესო. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა ხელს უშლის პატარებს, ჩამოყალიბდნენ ლაღ, თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანებად და გაარღვიონ ის მანკიერი წრე, რომელიც საქართველოში სიღარიბეს, განათლების დაბალ დონეს და ძალადობას შორის არსებობს.