Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოგონების რთული გზა უმაღლესი განათლებისკენ

31 მაისი 2017

ზოგადი განათლების დაბალი ხარისხი; ქართული ენის ცოდნის დაბალი დონე; ადრეულ ასაკში ქორწინება; თემში არსებული სტერეოტიპები და ტრადიციები; მძიმე სოციალური ფონი - ის ბარიერები და გამოწვევებია, რომელთა დაძლევაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ გოგონებს უმაღლესი განათლებისკენ მიმავალ გზაზე ეღობებათ.

შვიდი წელია, რაც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდა. „საშეღავათო პოლიტიკის“ ფარგლებში უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ეთნიკურ უმცირესობათა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ხელმისაწვდომობისა და ხარისხის თვალსაზრისით კვლავ არსებობს გამოწვევები.

აიშან გიზბასოვა, მარნეული, სოფელი ალგეთი

მეოთხე კლასამდე ქართულ სკოლაში სწავლობდა. შემდეგ - აზერბაიჯანულენოვანში. კლასში  სულ 15 მოსწავლე გოგო იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება მხოლოდ ორმა გადაწყვიტა.

აიშანი 25 წლისაა. სკოლა 2010 წელს დაამთავრა. სწორედ იმ წელს, როცა ეთნიკური უმცირესობებისთვის უნივერსიტეტებში მოსახვედრად ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა ამოქმედდა. მხოლოდ ერთი გამოცდა, ზოგადი უნარები ჩააბარა და თსუ-ის მოსამზადებელ კურსზეც ჩაირიცხა.

დანარჩენები პესპექტივას ვერ ხედავდნენ. ქართული ენა კარგად არ იცოდნენ, ამიტომ სწავლის გაგრძელებაზე არც უფიქრიათ.

აიშანი და მისი მეგობარი თბილისში ჩამოვიდნენ. ერთად სწავლობდნენ. თავიდან ძალიან გაუჭირდათ. რთული აღმოჩნდა მოსამზადებელ კურსზე სწავლაც, ენის ბარიერის გამო. ერთი წლის შემდეგ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მოხვდნენ. აიშანმა აღმოსავლეთმცოდნეობა აირჩია. მეგობარმა სწავლა ვეღარ გააგრძელა.

აიშანი არ დანებდა. ქართული სალაპარაკო დონეზე იცოდა. ერთ წელიწადში მისი ცოდნა კიდევ უფრო გაიუმჯობესა, მაგრამ უნივერსიტეტში ყველა საგნის ქართულად სწავლა მაინც ძალიან უჭირდა.

„გამოცდებს როცა ვაბარებდით, ქართველები კითხულობდნენ ერთხელ, ორჯერ - უკვე  იცოდნენ. მე 10-15-ჯერ წაკითხვა და გამეორება მიწევდა,  რომ გამოცდა ჩამებარებინა. ყოფილა შემთხვევა, რომ სამოცდაათამდე თემა ზეპირად ვიცოდი. რადგან ჩემი სიტყვებით ვერ გადმოვცემდი, იძულებული ვიყავი ზეპირად დამესწავლა“,- ამბობს აიშანი.

ფიქრობს, რომ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა საკმარისი არ არის, მაგრამ იმასაც ხაზს უსვამს, რომ ამ პროგრამის გარეშე უნივერსიტეტში მოხვედრა მისთვის გაცილებით რთული იქნებოდა.

იცოდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, სოფელში თავისსავე სკოლაში უნდა დაბრუნებულიყო სამუშაოდ. ეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი.

ასეც მოხდა. ახლა სოფელ ალგეთში დამხმარე მასწავლებლად მუშაობს. მოსწავლეებს ძირითადად ქართული ენის სწავლაში ეხმარება. ცდილობს მათ პერსპექტივა, შესაძლებლობები დაანახოს. ამისთვის თვითონვე კარგი მაგალითია. ამბობს, რომ განათლებაში ჩადებული არც შრომა, არც ფული, არც წლები არასოდეს იკარგება.

ხშირად ესმოდა, რომ ქართული ენის არცოდნის გამო აზერბაიჯანელი სტუდენტები სწავლას წყვეტდნენ ან რამდენიმე წლის დამატება უწევდათ.

აიშანი ამბობს, რომ მისი წარმატება და მიღწევები ოჯახის დამსახურებაა. ოჯახს ყველაზე დიდი როლი აქვს, განსაკუთრებით გოგონებისთვისო. მშობლები ყოველთვის მხარს უჭერდნენ. ეუბნებოდნენ, რომ სწავლა აუცილებლად უნდა გაეგრძელებინა, მიუხედავად იმისა, რომ აიშანის  სახლში უმაღლესი განათლება არავის მიუღია.

მარია იასაიანი, თეთრიწყარო, სოფელი სამშვილდე

სოფლიდან წამოსვლა ძნელი იყო. უკან არ დაიხია. ჯერ იყო და საატესტაციო გამოცდებზე ჩაიჭრა. ატესტატი ერთი  წლის შემდეგ აიღო. მერე ოჯახს საშუალება არ ჰქონდა, ქირას ვერ გადაუხდიდნენ. კიდევ ერთი წელი დაკარგა.

მარიამ სომხურენოვანი სკოლა დაამთავრა. ახლა ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე სწავლობს. სკოლაში კარგი მასწავლებელი ჰყავდა, მაგრამ ქართული ისე მაინც არ იცოდა, რომ ყველა გამოცდა ჩაებარებინა.

სკოლიდან უმაღლესში მარტო მან ჩააბარა. გოგოებს ზოგს სწავლა უნდა, მაგრამ ოჯახს ან ძალიან უჭირს და შესაძლებლობა არ აქვთ ქალაქში გაუშვან,  ან კიდევ თხოვდებიანო. 

მარიას სახლში დედა, მამა და სამი ძმა ჰყავს.  ძმები მასზე ბევრად უფროსები არიან. განათლება არცერთს არ მიუღია. მათ დროს განათლების მიღება ძალიან ძნელი იყოო. იხსენებს, რომ პატარა ძმას ძალიან უნდოდა სწავლა, ჩააბარა კიდეც, მაგრამ ბინის ქირის და სწავლის საფასურის გადახდა მშობლებმა ვერ შეძლეს და ძმაც სოფელში დაბრუნდა. გული ძალიან წყდებაო. ახლა მარიას უწყობს ხელს, რომ სწავლა ბოლომდე შეძლოს.

მისი სოფლიდან სასწავლებლად იშვიათად მოდიან. კიდევ უფრო იშვიათად - გოგოები. მარია ამბობს, რომ მისთვისაც რთული იქნებოდა, რომ არა მშობლების დახმარება. დედა განათლებული ქალია და სულ მხარს მიჭერსო.

თავიდან იურიდიულზე ჩაბარება უნდოდა. საბოლოოდ კი გადაწყვიტა, სამედიცინოზე სცადოს. მარია მომავალი გინეკოლოგია.

სევილ იბრაგიმოვა, მარნეული, სოფელი თექალო

კლასში სულ 15 გოგო იყო. ერთმანეთს ხშირად უზიარებდნენ ოცნებებს, სურვილებს, ვის რა უნდოდა სკოლის შემდეგ გამოსულიყო, რა პროფესიას აირჩევდნენ. სევილი მასწავლებლობაზე ოცნებობდა.

სკოლა დაამთავრეს. სწავლა მხოლოდ სევილმა გააგრძელა. სკოლაში გოგოების უმეტესობა კარგად სწავლობდა, მაგრამ ოჯახური პრობლემების, ქორწინების თუ სხვა ინტერესების გამო ვერ შეძლეს განათლების მიღება. სევილი ამაზე დღემდე წუხს. ბევრი ჩემზე კარგადაც სწავლობდა, მეტი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლესო.

აზრებაიჯანულენოვანი სკოლა დაამთავრა. სკოლაში ნასწავლი ქართული საკმარისი არ იყო. თავდაპირველად მოსამზადებელ პროგრამაზე ჩაირიცხა, შემდეგ კიდევ ოთხი წელი ისწავლა.

ისტორიის მასწავლებელია. ახლა სოფელ აღმამედლოს სკოლაში ასწავლის. ამბობს, რომ მდგომარეობა ნელ-ნელა იცვლება. მოსწავლეები და მშობლები უფრო მეტად ირჩევენ განათლებას. ხშირად მშობლები სთხოვენ, რომ მათ შვილებს ქართულის სწავლაში დაეხმაროს.

„ამ პროგრამის შემდეგ დაინახეს, რომ ყველა სასწავლებლად მიდის. როცა ბავშვები  ბრუნდებიან, საუბრობენ ქალაქზე, იქაურ ცხოვრებაზე და ამათაც სურვილი უჩნდებათ, რომ ისწავლონ. ფიქრობენ - რატომ ჩვენ არა? ვინც გათხოვდა, შვილები ჰყავს და არ უსწავლიათ, იმათ  მდგომარეობას რომ ხედავენ, ნათელი ხდება განათლებულ და გაუნათლებელს შორის განსხვავება“, - ამბობს სევილი.  

სევილი საუბრისას ხაზს უსვამს, რომ  ყველაზე მთავარი, რაც განათლებამ მისცა,  ეს დამოუკიდებლობაა. ამბობს, რომ უნივერსიტეტმა ბევრი მეგობარი შესძინა, სხვადასხვა გამოცდილება; სკოლის გარდა, სხვა პროექტებშიც ჩართულია. აპირებს სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას.

სახლში უმაღლესი განათლება მარტო მას აქვს. მშობლები და ორი ძმა ჰყავს, მასზე უფროსები. თავიდან  ოჯახი წინააღმდეგი იყო, არ ემხრობოდნენ, რომ თბილისში წასულიყო. იხსენებს, რომ ერთხელ რაიონში ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობდა. ქართულში ყველაზე მაღალი ქულა აიღო. მას შემდეგ ოჯახის წევრებმა აზრი შეიცვალეს. 

ამბობს, რომ ბევრი ბარიერია -  ენის არცოდნა, განსხვავებული შეხედულებები ოჯახსა და მოსწავლეს შორის, სოციალური პირობები, მაგრამ მაინც მიიჩნევს, რომ ოჯახი ყველაზე დიდ როლს თამაშობს. რადგან თუ ოჯახი არ იქნება თანახმა, გოგო სასწავლებლად ვერ წავა. ბოლო რამდენიმე წელია მდგომარეობა შედარებით შეიცვალა და გოგოები სასწავლებლად მიდიანო.

„როცა ამბობენ,  რომ აზრებაიჯანელი გოგოები დაჩაგრულები არიან, ამას არ ვეთანხმები, მე და ბევრი ჩემნაირი გოგო ვართ ნათელი მაგალითები, რომ  ეს ასე არ არის.  გააჩნია..“, - ამბობს სევილი.

კვოტირების სისტემა და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა

2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდა. აქ მოხვედრა მხოლოდ ერთი გამოცდით, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის ჩაბარებით არის შესაძლებელი.

ჩარიცხვის შემდგომ სტუდენტი ერთი წელი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, რის შედეგადაც ენის ცოდნა იმდენად უნდა გაიღრმაოს, რომ მომდევნო ოთხი წელი ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა შეძლოს, ამიტომ პროგრამას ხშირად „1+4“-ის სახელითაც მოიხსენიებენ.

ე.წ. კვოტირების სისტემის შემოღება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით განისაზღვრა, როგორც დროებითი პოლიტიკა და მისი მოქმედების ვადა 2010 წლიდან 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით გრძელდება.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის - „ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ეფექტურობის კვლევა“- ანგარიშში ნათქვამია, რომ კვოტირების სისტემის შემოღებამ ეთნიკური უმცირესობების აბიტურიენტების ჩაბარების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდა. თუმცა, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის თვალსაზრისით კვლავ არსებობს პრობლემები და გამოწვევები.

„ლიბერალმა“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 2010-2016 წლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. მის მიერ გამოთხოვილ მონაცემებში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო გენდერული ფაქტორიც - ანუ რამდენმა ქალმა და რამდენმა კაცმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, თუმცა საჯარო ინფორმაცია გამოთხოვიდან მეცხრე დღეს არასრულყოფილად მიიღო. მათი განმარტებით, ინფორმაცია გენდერულ ჭრილში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დამუშავებული არ არის.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ ენაში მოსამზადებელ პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა 2010 წლიდან დღემდე ტრადიციულად იზრდება. გასულ წელს პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება ჯამში 960-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი 194 აბიტურიენტმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კვოტირებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გამოყოფილ ადგილებთან შედარებით მცირეა. როგორც კვლევის ანგარიშში აღინიშნა, 2010-2015 წლებში სახელმწიფოს მიერ მთლიანად გამოყოფილია 19 544  ადგილი, ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა კი 3742, რაც გამოყოფილი ადგილების მხოლოდ 19%-ია. 

ამგვარი თანაფარდობის მიზეზს კი სპეციალისტები სკოლის საატესტატო გამოცდებზე მიღებული შედეგებით ხსნიან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სასკოლო საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრის მაჩვენებელი არაქართულენოვან სკოლებში საკმაოდ მაღალია.

კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში - ქვემო ქართლსა და სამხცე ჯავახეთში სხვა რეგიონებთან შედარებით ჩაჭრის მაჩვენებელი მაღალია. თუმცა, როგორც კვლევის ანგარიშში აღინიშნა, გასული სასაწავლო წლის საატესტატო გამოცდების ანალიზის მიხედვით, რეგიონების მიხედვით განსხვავება მკვეთრი არ არის, რადგან მონაცემები ქართულენოვანი სკოლების შედეგებით არის დაბალანსებული. მაგალითისთვის, თუკი ქვემო ქართლის სკოლების საერთო რაოდენობას, რუსთავში მდებარე სკოლების მონაცემებს გამოვაკლებთ, ვითარება უფრო მძიმე იქნება, ამგვარად ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა 47%-მდე გაიზრდება.

აღნიშნული მონაცემები ზოგადი განათლების სისტემაში შემავალ არაქართულენოვან სკოლებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს, რაც კვლევის ავტორთა განმარტებით, თავს იჩენს სწორედ საშეღავათო პოლიტიკის ეფექტურობაში, სადაც კვოტირებული ადგილების ათვისება სრულად ვერ ხდება. უნივერსიტეტებს კი დამატებითი ძალისხმევის გაწევა უწევთ, რათა ზოგადი განათლების დონეზე არსებული ხარვეზები აღმოფხვრან.

რაც შეეხება სტუდენტების უნივერსიტეტებში გადანაწილებას, როგორც კვლევის შედეგები ცხადყოფს, პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულ სტუდენტთა 90%-ზე მეტი ძირითადად ხუთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაწილდება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი.

„ლიბერალმა“გამოითხოვა ხუთივე უნივერსიტეტიდან პროგრამის ფარგლებში 2010-2016 წლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა; ასევე - ინფორმაცია ჩარიცხული სტუდენტების შესახებ გენდერულ ფაქტორის გათვალისწინებით.

მიღებული ინფორმაციის სტატისტიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ 2010-2016 წლებში პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, როგორც აზერბაიჯანულენოვანი, ისე სომხურენოვანი აბიტურიენტებისა იზრდება, თუმცა აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტი მეტია, ვიდრე სომხურენოვანი. რაც შეეხება მონაცემებს, რომლებშიც გენდერული ფაქტორი იქნებოდა გათვალისწინებული - ქალთა რაოდენობა ჩამორჩება კაცების რაოდენობას, თუმცა პროცენტული სხვაობა დრამატული არ არის.

ქართული ენის სათანადო დონეზე ცოდნა კიდევ ერთი გამოწვევაა პროგრამისთვის. კვლევის ავტორთა შეფასებით, ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა ხშირად არაეფექტურია სტუდენტებისთვის საჭირო ენობრივი კომპეტენციების მისაღწევად, რაც ყველაზე მტკივნეულად დაბალი და მაღალი ენობრივი კომპეტენციების მქონე სტუდენტებზე აისახება: პირველნი სწავლის პერიოდში ვერ ახერხებენ აკადემიური ენის განვითარებას და სოციალური უნარების შეძენას; უკანასკნელნი კი შეზღუდულ პერიოდში საკმარისად ვერ ავითარებენ ენობრივ კომპეტენციებს. ეს კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების საბაკალავრო პროგრამაში აკადემიურ მიღწევებზე.  დაბალი აკადემიური მიღწევები კი ხშირად სწავლის მიტოვების მიზეზი ხდება. როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტთა მიტოვების მაჩვენებელი ჩაბარების მონაცემთან შედარებით ძალიან მაღალია. მაგალითად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაცემებია მოყვანილი, სადაც 2010 წელს სულ 156 სტუდენტი ჩაირიცხა. 2015 წელს კი  მხოლოდ 23-მა (14.8%) შეძლო საბაკალავრო პროგრამის დასრულება.

რა გეგმები აქვს სამინისტროს

სახელმწიფო გეგმავს, რომ „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა 2018-2019 სასაწავლო წლის შემდეგაც გაგრძელდეს. როგორც „ლიბერალს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონსულტანტმა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებში, ქეთევან ჯაყელმა განუცხადა, კონკრეტული ვადა - თუ როდემდე გაგრძელდება პროგრამა, ჯერჯერობით მსჯელობის საგანია.

მისივე თქმით, პროგრამა განახლებული სახით გაგრძელდება. უფრო კონკრეტულად კი, რამდენიმე კვირაში დაიწყება გარე შეფასებისთვის კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც, გამოვლენილ საჭიროებებსა და ხარვეზებზე სამინისტრო იმუშავებს.

ქეთევან ჯაყელი ყურადღებას პროგრამის ფარგლებში ქართული ენის სწავლებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ენის სწავლების ერთწლიან კურსს დარგობრივი პროგრამები დაემატოს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ სტუდენტებს ბაკალავრიატის დონეზე სწავლა გაუადვილდეთ.

 „ჩვენ, სამწუხაროდ, გვაქვს სახელმწიფო ენის შემსწავლელი ზოგადი კურსები. მართალია, ეს კურსი ენის ცოდნის თვალსაზრისით დონეების მიხედვით ყოფს სტუდენტებს, მაგრამ დარგობრივი ლექსიკის თვალსაზრისით მწირია. პრობლემა არის, რომ დარგობრივი ლექსიკით გაჯერებული სასწავლო მასალის დეფიციტი გვაქვს. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა. მაგალითად,  ჩვენმა ერთ-ერთმა სსიპ-მა, ჟვანიას სკოლამ შეიმუშავა ოთხი სახელმწიფო ენის დარგობრივი პროგრამა - ინფრასტრუქტურის, მენეჯმენტის, ფინანსებისა და სამართლებრივ საკითხებში. იგეგმება, რომ აღნიშნული დარგობრივი პროგრამები უნივერსიტეტებმა ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაში დანერგოს“, - ამბობს ქეთევან ჯაყელი.

გენდერული როლები და სტერეოტიპები

გენდერული როლები და სტერეოტიპები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის გამოც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს სრულფასოვანი განათლების მიღებისას ბარიერი ექმნებათ.

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ადრეულ ასაკში ქორწინებას შეეხება, აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში დამკვიდრებული გენდერული როლების მიხედვით, უმაღლესი განათლება ბიჭის შემთხვევაში პრიორიტეტულია, რადგან ის განიხილება ოჯახის ფინანსურ უზრუნველმყოფელად, ხოლო ქალის შემთხვევაში – არა, რადგან მისი ძირითადი სამომავლო პერსპექტივა დაქორწინებას უკავშირდება. უფრო მეტიც, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გენდერული სტერეოტიპები, გოგონების უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებით ახალისებს ადრეული ქორწინების პრაქტიკას.

„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც, ძირითადად აქვთ ეთნიკური იდენტობა, ნაკლებად -  სამოქალაქო იდენტობა. მათთვის ეთნიკურობასთან დაკავშირებულ ტრადიციებს, ადათ-წესებს, ჩვეულებებს უპირატესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ  გოგონებიც აპრიორი ემორჩილებიან ამ ადათ-წესებს. ბუნებრივია, ეს სერიოზული დაბრკოლებაა მათი განვითარებისთვის, რადგან ისინი მზადდებიან არა პროფესიონალებად, არამედ კარგ დედებად, მეუღლეებად“, - ამბობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი.

როგორც ლელა გაფრინდაშვილი განმარტავს, მთავარ პრობლემას, ზოგადი განათლების საფეხურზე მიღებული დაბალი ხარისხის განათლება წარმოადგენს. ის მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების დონეზე არსებული მხარდამჭერი პროექტები რეალურ შედეგს მანამ ვერ გამოიღებს, სანამ პარალელურად არ მოხდება ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. გაფრინდაშვილი ყურადღებას ქართული ენის ცოდნის დაბალ კომპეტენციაზეც ამახვილებს: „თსუ-ში 2001 წლიდან დღემდე სულ 2-3 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგონა სტუდენტი მყავდა. ის, რომ სტუდენტი ენის ცოდნის მინიმალურ კომპეტენციას აკმაყოფილებს, ვერ უზრუნველყოფს მისთვის რომელიმე დარგის - ფილოსოფიის, სოციოლოგიის ან ეკონომიკის - სათანადოდ შესწავლას“.

განათლება და ინფორმაცია თავისუფლების წყაროა, ამბობს ლელა გაფრინდაშვილი და განმარტავს, რომ თავისთავად, როცა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის საკომუნიკაციო სივრცე ფართოვდება, ეს ზრდის მათი თავისუფლების ხარისხს, რაც თავის მხრივ მასტიმულირებელი ხდება იმისა, რომ ცოდნა და გამოცდილება საკუთარ თემში გაავრცელოს, ამგვარად კი „თავისი თავისუფლებით, სხვისი თავისუფლებაც დაბადოს“.

ლელა გაფრინდაშვილის თქმით, ამგვარ პრეცენდენტებს დამატებითი კვლევა სჭირდება:  ქალები, რომლებიც იღებენ უმაღლეს განათლებას საკუთარ თემში ბრუნდებიან როგორც ემანსიპატორები, თუ პირიქით, მათ მზითვებში ეს დიპლომი დამატებითი კომპონენტი ხდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^