10. რეკრეაციული ზონები სტატუსის გარეშე, მათში პრივატიზებული ნაკვეთები და მიმდინარე მშენებლობები
დეველოპერი თბილისის მერიის აქტიური ხელშეწყობით ბეტონის ჯუნგლებში ამომხრჩვალი მოსახლეობა რამდენიმე წელია თავგანწირულ ბრძოლაშია ჩართული. თბილისის მერია საბჭოთა დროინდელი ქალაქის გენგეგმიდან შემორჩენილი ცარიელი ადგილების ათვისებას აქტიურად განაგრძობს. ყველა ასეთი ტერიტორია თბილისის ცენტრსა და, განსაკუთრებით, გარეუბნებში სამშენებლო მოედნად მოიაზრება.
გენგეგმის არარსებობის გამო გრძელდება ყველა, აბსოლუტურად ყველა ცარიელ ნაკვეთზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემა. თბილისი ნელ-ნელა ტიპურ ჩინურ საცხოვრებელ კვარტალს დაემსგავსა, უშნო კორპუსებში ჩატენილს, სადაც იმედები სუფთა ურბანულ გარემოზე ჩანასახშივე კვდება.
სწორედ ამიტომაა საჭირო, თბილისში სარეკრეაციო ზონების სტატუსის სასწრაფოდ განსაზღვრა, (გარეუბნებში განსაკუთრებით) მათში პრივატიზებული ნაკვეთების გაუქმება და მშენებლობის აკრძალვა.
აქვე ფოტოები ვარაზის ხევიდან, იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ ადვილად ახერხებს დეველოპერი მერია ნებართვის მოპოვებასა და ქალაქის ცენტრში რეკრეაციულ ზონაში მშენებლობის წარმოებას.
city.kvira.ge
9. მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვის გაცემა ყველა შესაძლო ნაკვეთში ქალაქის გენგეგმის არსებობის გარეშე
თბილისს რომ ზედმეტსახელი ჰქონდეს, მას „კორპუსა“ ერქმეოდა. საიდუმლო არაა, რომ სამშენებლო სფერო ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და, შესაბამისად, ყველგან მაღალსართულიანი კორპუსი შენდება.
მერია, ცხადია, ყველაზე დიდ დეველოპერულ წამოწყებებს უწყობს ხელს. არ იწუხებს თავს სერიოზულად მოეკიდოს გენგეგმის სწორად და ხარისხიანად დასრულების საკითხს. ამასობაში თბილისი მახინჯი კორპუსების მუზეუმს დაემსგავსა. ჩვენი საამაყო ისტორიის მქონე დედაქალაქი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ადგილობრივმა მმართველობამ მოახერხოს და ასეთი ისტორიული ქალაქის იდეალურად განსავითარებელი ურბანული გეგმა რამდენიმე წელში სრულ ქაოსად აქციოს და თან ამაზე სარფიანადაც „მოითბოს ხელი“. დიდად არც წინა წლებში, ბოლო რეგულაციებამდე გაცემული მშენებლობის ნებართვები კონტროლდება, ამიტომ ხშირად, მაგალითად, 15-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეიძლება 10 პარკინგის ადგილი ჰქონდეს და ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა ჩვენს დედაქალაქში.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როცა ქალაქს გენგეგმა არ გააჩნია. არ ვიცით, რა მიმართულებით ვითარდება ის, რა იქნება 10 წლის შემდეგ. ახლა თბილისში ყველგან მხოლოდ „ნაკვეთები იყიდება, კორპუსის მშენებლობის ნებართვით“.
8. ბაზრების გეგმარება, იერსახე, ანტისანიტარია, გარევაჭრობა
ბაზარი დღევანდელი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. მსუყე ისტორიული მასალა გვაქვს, როგორი იყო ძველად ბაზრები თბილისში და ქალაქის იერსახის ეს განუყოფელი ნაწილი, წესით, ახლა უკვე განვითარების მაღალ საფეხურზე უნდა იყოს, ლამაზ დახლებზე გამოფენილი ჭრელა-ჭრულა პროდუქტითა და უამრავი საინტერესო მასალით. თუმცა ყველაფერი პირიქითაა. დღეს თბილისში ბაზარი არის ადგილი, რომელიც ასოცირდება ანტისანიტარიასთან, ქაოსთან, სტრესთან, ცუდ სუნთან, წვიმიან ამინდში ტალახთან და ქარიან ამინდში მტვერთან.
ნოდარ დუმბაძე წერდა: „გინახავთ ზაფხულში ნავთლუღის ბაზარი? აი ასეთია სწორედ ჯოჯოხეთი“. მას მერე არც არაფერი შეცვლილა, პირიქით, ძველი საბჭოთა კონსტრუქციები ახლა უკვე სავალალოდ მორყეულია, ელექტროობისა და წყლის მიმღები სისტემები ამორტიზებული, სუნი და ანტისანიტარია ერთიორად გამძაფრებული.
თბილისში ბაზრებს არ აქვს არანაირი რეგულაცია, რომელიც რეალურად მოერგება მომხმარებლისა და გამყიდველის მოთხოვნებს და გარევაჭრობა აღარ გახდება საჭირო. არ არსებობს ბაზრების განვითარების კონკრეტული გეგმა და თუ არის რამე მცდელობა ამ მხრივ სიტუაციის შეცვლისა, ის არაპრიორიტეტულია და კონკრეტული უწყებისთვის ერთჯერადი ანგარიშის ჩაბარებას ემსახურება. თბილისის ბაზრების მოწესრიგება არ დგას დღის წესრიგში, ისე როგორც, მაგალითად, მერიის მოხელეების პირადი მანქანებითა და პრემიებით უზრუნველყოფა.
7. მტვრიანი და ჭუჭყიანი ქუჩები, რომლებიც არ ირეცხება
როგორი მტვრიანი ქალაქია თბილისი? - ისეთი, სახლში დილით გადაწმენდილი მტვერი, საღამოს რომ ისევ მტვრიანია. მტვერია ყველგან: ქუჩებში, სახლებში, მანქანებში... რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს ამას, თბილისის მერია უნდა ზრუნავდეს და უკვე უნდა ჰქონდეს შემუშავებული გეგმა მტვრისა და ტროტუარის კიდეებში დაგროვებული ჭუჭყის მოსაშორებლად და ეს მხოლოდ რუსთაველის გამზირს არ უნდა ეხებოდეს. ახლა თბილისის ქუჩები არ ირეცხება, არ სუფთავდება მტვრისგან და არ ხდება მათი სათანადო მოვლა.
ერთი მცირე ნიავია საჭირო და თბილისის გზები უდაბნოს ემსგავსება, ხედვა და სუნთქვა ერთდროულად ჭირს და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამას მივეჩვიეთ, ყოველდღიურობად გვექცა, ისევე, როგორც ტროტუარზე დაპარკინგებული მანქანისთვის გზიდან გვერდის ავლა ან შავი ბოლის მხრჩოლავი ავტომანქანები. მერიამ რამდენჯერმე გარე ვაჭრობისგან განთავისუფლებული ტერიტორიები „სპეციალური ხსნარით“ მორეცხა და ეს საქმე ამით ამოიწურა. არადა, თბილისი გაცილებით დიდია, ქუჩაც ბევრია და მათ სისუფთავის დაცვა რეგულარულად სჭირდებათ. თბილისის მოსახლეობა არ იმსახურებს ასეთ მტვრიან ჰაერს!
6. ქალაქის სანიაღვრეების კრიზისი
წაიკითხავს ამ სტატიის მე-7 პუნქტს „თბილისის მერიის მტვერთან ბრძოლის სამსახურის“ უფროსი და იტყვის: „რომ მოვრეცხო, ეს ამდენი წყალი სად წავიღოო?“ და მართალიც იქნება. ერთი პატარა წვიმაა საკმარისი იმისთვის, რომ თბილისის ქუჩებში მდინარეების ნიაღვარი წამოვიდეს და ტბების გუბეები დადგეს. ცოტა ძლიერ წვიმაში ქალაქის მოძრაობა პარალიზებულია: წყლის ნაკადი მოდის ყველა მხრიდან, ამას შენობების სანიაღვრე მილებიდან ჩამოსული წყალიც ემატება (ზოგჯერ ხომ პირდაპირ მე-2 სართულიდანაც მოთქრიალებს ნაკადი), რაც ქვეითების გადაადგილებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის. მოკლედ წვიმაში თბილისის ყველა ქუჩა ერთ დიდ გასაბერ აუზს ემსგავსება.
გზები ისე შენდება, რომ მის პროექტში ერთი სანიაღვრე არაა გათვალისწინებული, უკვე არსებული ერთი-ორი კინკილა „ასფალტის ღრიჭო“ რომ ვერ შველის სიტუაციას, ამას ყოველი წვიმიანი ამინდის დროს ვხვდებით. ახალი სანიაღვრე სისტემის გეგმის შედგენა და მისი მოწყობა უფრო და უფრო ძნელად შესასრულებელ მისიასა და შორეულ მომავალს ემსგავსება: თბილისი. 2156 წელი. ძლიერი წვიმაა, მაგრამ საფეხმავლო და სამანქანო მოძრაობა შეუფერხებლად გრძელდება. კი აბა.
მანამდე ვუყუროთ დატბორილი ქუჩების ამსახველ ვიდეოებს, ყოველი წვიმის მერე რომ აქტიურად ვრცელდება ინტერნეტში. კარგი გასართობია.
5. პარკინგის სისტემის არარსებობა საცხოვრებელ ზონებში
არ ვიცი, ალბათ, თბილისის ძველი შენობების 100% და ახალი „სილამაზეების“ 80% ისეა დაგეგმარებული და აშენებული, რომ პარკინგზე ნაფიქრიც კი არაა. შესაბამისად, თუ პირველ სართულზე ცხოვრობთ და თქვენი ბინის ფანჯრები ქუჩის დონეზეა, ყველაზე მეტად შესაძლებელია, რომ დილას მეზობლის მანქანის გამონაბოლქვმა გაგაღვიძოთ, რომელიც ღამით თქვენი ფანჯრის წინ დააპარკინგა. ერთისთვის ეს წვრილმანი დეტალი, სხვისთვის მთელი დღის ხასიათის განმსაზღვრელია, ჯანმრთელობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
თბილისური ეზო თავისი სილამაზითა და სტრუქტურით არის ის, რაც ამ ქალაქის უნიკალურ იერსახესა და ხასიათს განსაზღვრავს. ტიპური თბილისური მრავალბინიანი საცხოვრებელი არის ქუჩაზე გამოსული ფასადით, ეზოში შესასვლელი თაღითა და სადარბაზოთი. უმეტესწილად, იატაკზე ულამაზესი ფილებით ან მოზაიკით, უკეთეს შემთხვევაში მოხატული ჭერითა და კედლებით. ეზოში სრულიად განსხვავებული, ქუჩისგან დამოუკიდებელი და თბილი გარემო გვხვდება. შემინული შუშაბანდი, აივნები ხის მრავალფეროვანი დეკორით, გამწვანებული ეზო... ეს თბილისური ეზოები და მცხოვრებლების თავშეყრის ადგილი ახლა მანქანების გასაჩერებლ ადგილად იქცა. რამდენი ხე მოიჭრა და ყვავილი ამოიძირკვა, რომ ეზოში მეტი მანქანა დატეულიყო... დროა შედგეს თბილისური ეზოების აღორძინების პროექტი, მოეწყოს პარკინგები ეზოებს გარეთ, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, შენობასთან ახლოს. დავუბრუნოთ თბილისს ის ავთენტური იერსახე, რომელსაც ჩვენი ქალაქი უკვე დიდი ხანია იმსახურებს!
4. საავტომობილო გზების მშენებლობა ქუჩების გადატვირთული მოძრაობისგან განტვირთვის მიზნით
ამ საკითხზე ბევრი დაიწერა და ეჭვი მაქვს, კიდევ ბევრი დაიწერება, რადგან თბილისში ახალი გზების მშენებლობით უფრო და უფრო მეტად ინტერესდება ჩვენი საყვარელი მერია. ყველაზე მტკივნეულად ქალაქმა კოლმეურნეობა-თავისუფლების მოედნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გადაიტანა. ასფალტი დაასხეს თბილისის გალავანის იმ არქეოლოგიურ მონაკვეთს, სადაც შუა საუკუნეებში საბაჟოს მსგავსი ოთახი იყო და თბილისში შემოსვლისას მსოფლიოს სხვადასხვა მონეტებს იხდიდნენ. მოკვლევისა და ჩვენი დედაქალაქის შესახებ ახალი ფაქტების აღმოჩენის ნაცვლად, აქ ახლა მტვრის „ბუდე“ და დიდი ტალახიანი ორმო გვაქვს, ღამით გაუნათებელი და ფეხით რომ ვერ გაივლი, ისეთი. სამაგიეროდ, ავტომანქანები დადიან აქტიურად. ანუ მერია აშენებს გზებს, ისედაც მომრავლებული მანქანების გადაადგილების ხელშესაწყობად. იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააძლიეროს და ქალაქში გადაადგილება კომფორტული გახდეს ავტობუსით, მეტროთი და ტაქსით, პირიქით, ხდება ავტომობილების მომრავლების ხელშეწყობა.
ერთი შეხედვით აბსურდია, მაგრამ რეალობა. მაშინ, როცა ნორვეგია მთლიანად კრძალავს მანქანების მოძრაობას ქალაქის ცენტრში, ინგლისი - დიზელზე მოქმედ მანქანებს, ჩვენ ელემენტარული სავალდებულო ტექდათვალიერების კანონიც კი არ გავქვს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კანონის მიღებით, მთელი „მხრჩოლავი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოღება მოგვიწევს სისტემიდან.
თბილისი ვეღარ უძლებს ამდენ სულელურ გადაწყვეტილებას და უუნარობას მმართველი ორგანოების მხრიდან, რომლებიც რეალურად მომავალზე კი არაა ორიენტირებული, არამედ იმ კონკრეტულ პერიოდში, კონკრეტული ამომრჩევლის ხმების მობილიზებაზე. თითებზე ვითვლი დღეებს, როდის დაგვემხობა ქალაქი თავზე. ასეთ პირობებში ურბანულ კოლაფსამდე ერთი ნაბიჯი დარჩა.
3. Ⴑაზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ მთავრობის მხრიდან არასერიოზული დამოკიდებულება
რამდენიმე წელია, რაც თბილისი დადგა სერიოზული პრობლემის წინაშე. ყველგან გამონაბოლქვის მიერ დაბინძურებული ჰაერი, სუნი და მტვერია. ქუჩაში ფეხით სიარული თითქმის წარმოუდგენელია, მაგალითად, კოლმეურნეობა-თავისუფლების მოედნის მიმართულებით ფეხით მოძრაობა აბსოლუტური კატასტროფაა და ზოგადად ყველგან, სადაც სამანქანო მოძრაობის ორი ან მეტი ზოლი და ვიწრო ტროტუარია, ქვეითი მთლიანად მუქი ფერის გამონაბოლქვშია გახვეული და თუ ქარიანი ამინდია, ქალაქი უდაბნოს ემსგავსება და სუნთქვა კი არა ხედვაც კი ჭირს. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ბოლო წლებში მომატებული მანქანების რაოდენობაა.
ავტომანქანები ამ პრობლემის ძირითადი გამომწვევი მიზეზია, მაგრამ ქალაქის მთავრობა რამდენიმე წელია არ აჩქარებს სავალდებულო ტექდათვალიერების კანონის მიღებას, რაც, პირველ რიგში, საზოგადოებრივ ტრანსპორტს სჭირდება.
ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს, უარეს მდგომარეობაში მოძრავი სამარშრუტო ტაქსები ემატება. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია კერძო საკუთრებაშია და ასე უტიფრად ბედავს ყოველდღიურ გამოყენებაში ჰყავდეს ეს „მხრჩოლავი მანქანები“, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არის სიბინძურის ბუდე და მათი ნახშირივით შავი გამონაბოლქვი ჩვეულებრივად იფრქვევა გარემოში, თან ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა და ისე მიეჩვია მოსახლეობა, აღარავის უკვირს. რამდენი საპროტესტო ბანერი გაეკრა, თითქოს დაიწყო მოძრაობა ტექდათვალიერების შემოღების მიზნით, მაგრამ არაფერი შეცვლილა, კომპანია ჩვეულებრივი რიტმით აგრძელებს მუშაობას და თბილისის მერიაც არ იმჩნევს, „თვალები აქვს დახუჭული, ვითომ სძინავს“.
მომატებული მანქანებისა და გამონაბოლქვის პრობლემის მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასწორი ფუნქციონირება და მთავრობის მიერ ამ საკითხთან არასერიოზული დამოკიდებულებაა. ცხადია, 40 ლურჯი ავტობუსის შემოყვანით ამ პრობლემას არ ეშველება და სატრანსპორტო დეპარტამენტი უნდა დაფიქრდეს, ხომ არ სჯობს პრიორიტეტად იქცეს გამართული და კომფორტული საჯარო ტრანსპორტი, იქნება ეს მეტრო, ავტობუსი, ტაქსი და აღარ გახდებოდა მოსახლეობაში ამდენი ავტომანქანის მოხმარების საჭიროება. ვის უნდა სუნიან და ჭუჭყიანი ავტობუს/მარშუტკით მგზავრობა, როცა ძალიან იაფადაა შესაძლებელი ავტომანქანის შეძენა და მისი გამოყენება?
2. საფეხმავლო გზების (ტრტუარები, ზებრა) გეგმარების არარსებობა
თბილისში სამანქანო გზებისა და მათთან დაკავშირებული აქსესუარების (შუქნიშანი, კუნძული და ა.შ) მოწყობაზე ქალაქის ბიუჯეტიდან მსუყე თანხები იხარჯება, თუმცა არასდროს თბილისის ისტორიაში, არცერთ მთავრობას არ დაუსვამს საკითხი ქვეითებისთვის საფეხმავლო გზებისა და მოძრაობის სქემების დაგეგმარებისა.
თბილისში A პუნქტიდან B პუნქტში ფეხით მოხვედრა გაურკვეველი მარშრუტია, წინასწარ არასდროს იცი, სად რა დაბრკოლებას შეხვდები და რა დროში მიაღწევ დანიშნულების ადგილს. ფეხით სიარული ერთგვარი თავგადასავალია, არასასიამოვნო მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით აღსავსე - ერთგან მანქანაა დაპარკინგებული, მეორეგან - სამშენებლო ღობეს უკავია მთლიანი ტროტუარი, მესამეგან - გარე ვაჭრობის ჯიხური ამ დახლია წინაღობა, მეოთხეგან - ჟოლობიდან პირდაპირ შუა ტროტუარზე მოჩქეფს წყალი და კიდევ რამდენის ჩამოთვლა შეიძლება.
ქალაქში არ არსებობს ქუჩებს შორის დამაკავშირებელი დაგეგმარებული საფეხმავლო გზები, რის მიხედვითაც ქვეითს ექნება მარშრუტი და წინასწარ განსაზღვრული სამოძრაო მიმართულება დანიშნულების ადგილას მისაღწევად. სწორედ ამის გამოა, რომ სამანქანო გზებზე ქვეითები ყველა შესაძლო მონაკვეთში ქაოსურად კვეთენ გზებს, რაც სიცოცხლისთვის საშიშია და მოძრაობასაც აფერხებს, მაგრამ თბილისში ყველა მოქალაქე და მძღოლი თითქოს ადაპტირებული და მიჩვეულია მსგავს ქმედებებს, ეს პროცესები ქალაქის ყოველდღიურობა გახდა.
იმის გამო, რომ მსგავსი ქაოსური ქუჩის გადაკვეთები აღეკვეთათ, თბილისის მერიის რომელიღაცა „ჭკვიანმა“ სამსახურმა ყველაზე უფრო ხალხმრავალ და პრობლემურ მონაკვეთებში მოაჯირები დაამონტაჟა.
მათი ვიზუალური მხარე რომ გვერდით გადავდოთ და მაგალითისთვის თამარ მეფის გამზირი ავიღოთ, ძალიან უხერხულ და სასაცილო სიტუაციის წინაშე აღმოვჩნდებით.
ვისაც ამ ადგილას ჯერ არ გაგივლიათ, მოკლედ გაგაცნობთ სიტუაციას: ეს მოაჯირები იწყება იმ მანძილიდან, რომ ტროტუარზე მოძრავი ქვეითი თავიდან ამას ვერც კი ამჩნევს. პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა ქუჩის გადაკვეთის დრო დგება. წინ შუქნიშანია, სადაც ლოგიკურად ზებრა უნდა იყოს და ქვეითი კვეთდეს გზას, თუმცა აქ წინაღობად მოაჯირი გხვდებათ. გზას აგრძელებთ და ქუჩის გადაკვეთას მანქანების შუა სამოძრაო ზოლშიღა ახერხებთ, შუქნიშნიდან მოშორებით, ზებრის გარეშე, უამრავი ავტომანქანის ბორბლებსა და გამონაბოლქვს შორის. ამის შემდეგ ტროტუარზე ასასვლელად წინაღობად ისევ მოაჯირი გხვდებათ და სამანქანო გზის კიდეში აგრძელებთ მოძრაობას, რათა ისევ შეძლოთ ტროტუარზე მოხვედრა. იგივე მეორდება ამ კონკრეტული გზა-გასაყარის ოთხივე მხარეს და, შესაბამისად, ხალხის ნაკადი ყველა მხრიდან მაინც ქაოსურად მოძრაობს, ამ სულელური მოაჯირების გამო კი უფრო არაკომფორტულ გარემოში. მოკლედ, ეს ან იმდენად გენიოსური ჩანაფიქრია, რომ უბრალო მოკვდავები ინსტრუქციის გარეშე ამას ვერ ვხვდებით, ან ვისაც ამ საქმის მოგვარება აბარია, ერთხელაც კი არ გაუვლია ამ ადგილას, ურბანისტობაც კი არაა მისი პროფესია და საერთოდ, რას ვითხოვთ...
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ როგორც სამანქანო გზები არსებობს და იგეგმება, ისევე უნდა განვითარდეს საფეხმავლო მოძრაობის მონაკვეთები და ქალაქის მმართველობამ ამ მიმართულებით პროფესიონალებთან ერთად სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა.
ერთი სიტყვა: მ ტ კ ვ ა რ ი
ყველაზე დიდი ურბანული შეცდომა, რაც ოდესმე თბილისს დაუშვია, არის მდინარე მტკვრის იგნორირება. წლები გადის ისე, რომ ქალაქი მისკენ არც იხედება, თითქოს არც არსებობს. ბლანტი, სუნიანი და ტალახისფერი, ჯებირებს შორის ჩაკარგული საქართველოს „დედა-მდინარედ“ წოდებული ეს მდინარე სრულიად მივიწყებული და გაუცხოებულია ქალაქის ცხოვრებისგან. პოტენციალი მისი ქალაქის ურბანულ გარემოში ინტეგრირებისა დიდია, თუმცა ნება და პროექტი მისი რეკრეაციად გარდაქმნისა - 0.
მტკვარი ოდესღაც თბილისის საამაყო კინტო და ყარაჩოღელების, წყლის წისქვილებისა და გადმოკიდებული აივნების ადგილი, ახლა გაუქმებული სარწყავი არხივითაა. აი, ამხელა მასა დევს უფუნქციოდ.
მსოფლიოს კარგ ქალაქებში მდინარისა და ქალაქის ურთიერთობის უამრავი საინტერესო მაგალითი გვაქვს. პირველ რიგში მდინარეები აქტიურად იწმინდება და იქ მთელი ქალაქის კანალიზაცია არ ჩაედინება.
სუფთა ნაპირებზე ეწყობა საფეხმავლო რეკრეაცია, უამრავი ხე, მცენარე, ყვავილითა და ეკოსისტემით, რომელსაც იხვები, ციყვები, უამრავი მწერი და ჩიტის სახეობა წარმოადგენს. რაღაცნაირად უნდა შევეცადოთ და მოვახერხოთ თბილისის ეკოსისტემის აღორძინება. საქართველოს ფაუნის ცხოველებმა და ფრინველებმა ჩვენკენ უნდა იბრუნონ პირი და პარკებსა და სკვერებს დაუბრუნდნენ.
უნდა შევეცადოთ და მტკვარს მივცეთ ახალი სიცოცხლე, საინტერესო სივრცეებითა და სანაპირო ზოლით.
ამ სტატიის გარეშეც ნათელია, რომ თბილისს 10-ზე მეტი პრობლემა აქვს და ამ სიის დაუსრულებლად გაგრძელება შეიძლება. ამის მიზეზი არის ის, რომ რეალურად სახელმწიფო მათ არ აგვარებს. ეს პრობლემები ერთმანეთს ემატება და უფრო სერიოზულ ურბანულ დილემას ქმნის. ეტყობა ქალაქის მმართველობა კოსტავას ქუჩიდან დანახულ თბილისს ისე არ ხედავს, როგორც ამას აქ მცხოვრებლები ვგრძნობთ.
მთავრობა, რომელიც მთლიანად ინვესტორის სურვილებსაა მორგებული, არასდროს იზრუნებს კომფორტული ქალაქის აშენებაზე!
ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი