Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ ეხმარება კურსდამთავრებული სკოლას

08 ივნისი 2017

კურსდამთავრებული სკოლისთვის ის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური, ფინანსური და სოციალური რესურსია, რომელსაც შეუძლია პოზიტიური გავლენა იქონიოს სასკოლო ცხოვრებაზე. თუმცა, ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში სკოლის განვითარებისათვის კურსდამთავრებულთა ორგანიზებული მხარდაჭერის პრაქტიკა მწირია. არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც კურსდამთავრებულები სკოლას ინტელექტუალური თუ ფინანსური რესურსით ეხმარებიან, მაგრამ ამგვარი ინდივიდუალური აქტივობა საერთო სურათს ვერ ცვლის.

საჯარო სკოლების მაგალითზე, სკოლის კურსდამთავრებულთა ორგანიზებული მხარდამჭერი ჯგუფი კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში არსებობს. სკოლის მხარდამჭერთა ჯგუფების შექმნას მომავალი სასწავლო წლისთვის თბილისის კიდევ ორი საჯარო სკოლა გეგმავს:

ასოციაცია კლუბი კომაროველი

კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მხარდამჭერთა ჯგუფმა - ასოციაცია „კლუბი კომაროველმა“ ჩამოყალიბება 11 წლის წინ დაიწყო. ინიციატივა სკოლის კურსდამთავრებულებს შორის გაჩნდა. როგორც სკოლაში ამბობენ, მათ ბევრი სოციალურად და ფინანსურად წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავთ, რომლებიც სკოლას, როგორც ინტელექტუალური, ისე ფინანსური რესურსით ეხმარებიან. ასოციაციას თავისი ბიუჯეტი აქვს, რომელიც კურსდამთავრებულთა შემოწირულობებით საზრდოობს, შემოწირული თანხა კი სკოლის საჭიროებებს ხმარდება. ძირითადად - მოსწავლეების ადგილობრივ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებში მონაწილეობას ან მათთვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას. რაც შეეხება საგანმანათლებლო რესურსს,  სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კურსდამთავრებულები მოსწავლეებისთვის ლექციებს, სემინარებსა და შეხვედრებს მართავენ.

როგორც სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ შალიკაშვილი ამბობს, იმისათვის, რომ კურსდამთავრებულებთან მუდმივი კომუნიკაცია შეინარჩუნონ, სკოლას მათ შესახებ მონაცემთა ბაზა აქვს გახსნილი,- სკოლის  წარმატებებისა თუ საჭიროებების შესახებ კურსდამთავრებული მუდმივად ინფორმირებულია. ეს კი ამცირებს სასკოლო ცხოვრებასთან დისტანციას, სკოლის საჭიროებებსა და პრობლემებზე ზრუნვის საშუალებას აძლევს მათ.

რა შეცვალა კლუბის შექმნამ სასკოლო ცხოვრებაში? მხარდამჭერთა კლუბმა კომაროვის სკოლა დიდი აკადემიური კრიზისისგან გადაარჩინა, ამბობს განათლების სპეციალისტი გიორგი გახელაძე, რომელიც დაფუძნების დღიდან კლუბის ერთ-ერთი წევრიცაა. გიორგი გახელაძე იხსენებს, რომ 90-იანი წლების ბოლოს სკოლას კრიზისული სიტუაცია დაუდგა, როცა ახალი კადრების დეფიციტი და პედაგოგების „დაბერების პრობლემა“ გაჩნდა. გარდა ამისა, სკოლას ფინანსური პრობლემებიც შეექმნა, მოსწავლეების ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა. საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის გუნდების დაკომპლექტება და მწვრთნელების მომზადება კლუბმა თავის თავზე აიღო, რითაც სკოლა „აკადემიური ნიშის“ დაკარგვისგან გადაარჩინა.

ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით სკოლაში კურსდამთავრებულთა მხარდამჭერი ჯგუფის დაფუძნებას მომდევნო სასწავლო წლიდან გეგმავენ. როგორც სკოლის დირექტორის მოადგილე, მაკა ბიბილაშვილი ამბობს, შეგროვილი ფინანსური რესურსი სკოლას პროექტების განხორციელებაში დაეხმარება. სხვადასხვა ტურნირსა და ოლიმპიადაში მონაწილეების კურსდამთავრებულთა მხრიდან დაფინანსების ერთეული შემთხვევები აქამდეც ყოფილა, მაგრამ იგეგმება, რომ კლუბმა ორგანიზებული ჯგუფის სახე მიიღოს.

რაც შეეხება ინტელექტუალურ რესურსს, ბიბილაშვილი ამბობს, რომ უკვე წლებია, რაც სკოლის კურსდამთავრებულები მოსწავლეებს მათემატიკისა და ფიზიკის საოლიმპიადო წრეებში ამეცადინებენ. კურსდამთავრებულები სკოლაში სწავლის პერიოდში თავადვე იყვნენ ოლიმპიადებისა თუ ტურნირების გამარჯვებულები, ახლა კი ამ გზით გამოცდილებას სხვა მოსწავლეებს უზიარებენ.  

გიორგი ხომერიკმა სკოლა შარშან დაამთავრა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკას სწავლობს, პირველი კურსის სტუდენტია, პარალელურად „ნორჩ ნატურალისტთა“ ჯგუფს ამეცადინებს. ექვსკაციანი ჯგუფი ზაფხულში ჩინეთში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ემზადება: „როცა სკოლაში ვსწავლობდი, მეათე კლასიდან „ნორჩ ნატურალისტთა“ გუნდის კაპიტანი ვიყავი, მეც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მამეცადინებდა. ამიტომ კარგად ვიცი, რა უპირატესობა აქვს, როცა შენზე რამდენიმე წლით უფროსი, მაგრამ გამოცდილი ადამიანი გამეცადინებს. მოსწავლეებთან ერთად ოლიმპიადების ამოცანებზე მუშაობა, მეც მეხმარება, როგორც მომავალ მეცნიერს“.

კურსდამთავრებულების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, ამჟამინდელი მოსწავლეებისთვის მისაბაძი მაგალითი ხდება, ამბობს მაკა ბიბილაშვილი და განმარტავს, რომ ამგვარად მომავალ თაობებში იზრდება მოტივაცია - არ გაწყვიტოს კომუნიკაცია სკოლასთან და დაეხმაროს მას განვითარებაში.

21-ე საჯარო სკოლა

21-ე საჯარო სკოლა მეექვსე საავტორო სკოლის ერთ-ერთი სამართალმემკვიდრეა, რომელიც თბილისში 80-იან წლებში დაფუძნდა. სკოლის დირექტორი თამარ ამზაშვილი ჰყვება, რომ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი სასკოლო ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა იყო. თუმცა, როგორც ის იხსენებს, სკოლის დაყოფამ და მოსწავლეების ხუთ სხვადასხვა ბაზაზე გადანაწილებამ უარყოფითად იმოქმედა: მშობლებსა და სკოლას შორის თანამშრომლობის პრაქტიკა შესუსტდა, მოსწავლეებში კი სკოლისადმი იდენტობის განცდამ იკლო.

„სწორედ ამიტომ გამიჩნდა სკოლის კურსდამთავრებულების მხარდამჭერთა ჯგუფის შექმნის იდეა. სკოლის მარტო დატოვება არ შეიძლება, მხოლოდ სახელმწიფო ვერ „ზიდავს“ მას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ორგანიზაცია, ინსტიტუცია, ადამიანი გაერთიანდეს მასში და სკოლას პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს. მით უმეტეს, ამ პირობებში, როცა სკოლის ბიუჯეტი ძალიან მწირია. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებული არიან სხვადასხვა სფეროში, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მათი ინტელექტუალური თუ ფინანსური რესურსი სკოლის განვითარებისთვის?“

მისი ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში 21-ე სკოლის მაგალითზე იკვლიეს, თუ რა ფორმით შეუძლია მხარდამჭერ კურსდამთავრებულთა ჯგუფს სკოლის განვითარებასა და გაძლიერებაში წვლილის შეტანა.

კვლევის ფარგლებში ჩამოყალიბდა სკოლის მხარდამჭერი იურიდიულად არარეგისტრირებული ჯგუფი, შეიქმნა კურსდამთავრებულთა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, ასევე მხარდამჭერთა სოციალური ქსელის ფეისბუქგვერდი. კურსდამთავრებულებმა სხვადასხვა ღონისძიება ჩაატარეს, რომელთა შორის ტრადიციად იქცა - სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, კვირაში ერთხელ საჯარო ლექციის გამართვა.

იმისათვის, რომ სკოლისა და კურსდამთავრებულთა თანამშრომლობის პრაქტიკა განვითარდეს, ამზაშვილი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში საჭიროა სასწავლო გარემო მოსწავლისთვის საინტერესო და სასიამოვნო იყოს:

 „ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ჩვენი სკოლებისთვის. ვინაიდან ჩვენთან საზოგადოებისა და სკოლის ურთიერთობის პრაქტიკა მწირია, კურსდამთავრებულთაგან სკოლასთან თანამშრომლობის სურვილი იშვიათია. ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივია, თუმცა ინიციატივა მაინც სკოლიდან უნდა მოდიოდეს, რადგან სკოლა არის ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია ამ ურთიერთობის წარმართვაზე.  სკოლას აქვს  სამოქალაქო აზროვნების ადამიანის აღზრდის პასუხისმგებლობა. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბავშვმა სრულფასოვან, შემდგარ ადამიანად იგრძნოს თავი. როცა სკოლა ამას ახერხებს, მაშინ ჩნდება მიკუთვნებულობისა და მადლიერების განცდა და იმ გარემოზე ზრუნვის სურვილი, სადაც გაიზარდა და ისწავლა“.

ა ფორმით ეხმარება კურსდამთავრებული სკოლას

ერთი მხრივ, კურსდამთავრებული შეიძლება მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს სკოლისთვის საგანმანათლებლო მიმართულებით; მეორე მხრივ, კურსდამთავრებულების მიერ გაღებული ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანი რესურსია სკოლის საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარებისთვის.

ფორმა კი, თუ როგორ ხდება ფინანსების შეგროვება, სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. მაგალითად, როგორც კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში ხდება,  კურსდამთავრებულებიდან შემოწირულობის მიღების მიზნით, ყოველწლიურად კლუბის ორგანიზებით ღონისძიება იმართება. ღონისძიებაზე მიწვეულია სკოლის კურსდამთავრებულები, ისინი სკოლის სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციას იღებენ, ასევე ღონისძიების ფარგლებში იმართება სხვადასხვა ნივთების გაყიდვა (ხელნაკეთი ნივთები, წიგნები), შეგროვებული თანხა კი სკოლის საჭიროებებს ხმარდება.

გარდა ამისა, საზღვარგარეთ მიღებული პრაქტიკაა, როცა კურსდამთავრებულები სკოლის ბიბლიოთეკებს წიგნებით ამარაგებენ, სკოლას საკლასო ოთახების ტექნოლოგიებით აღჭურვაში ეხმარებიან ან საჭირო ავეჯს გადასცემენ ; ასევე სკოლას მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების გამართვაში ეხმარებიან, მაგალითად საზეიმო ცერემონიები ან ექსკურსიები. 

თამარ ამზაშვილი უფრო მასშტაბური დახმარების ფორმებზეც საუბრობს და მაგალითად პარტნიორი გერმანული სკოლების პრაქტიკა მოაქვს, სადაც კურსდამთავრებულები სკოლისთვის ახალ კორპუსებს აშენებენ, სპორტულ ან საკონფერენციო დარბაზს არემონტებენ.

რატომ არ გვყავს სკოლის მხარდამჭერთა ჯგუფები

გიორგი გახელაძის თქმით, იმისათვის, რომ სკოლის კურსდამთავრებულთა მიერ საგანმანთლებლო დაწესებულებაზე მხარდაჭერისა და ზრუნვის რაიმე სახის ინსტიტუტი შეიქმნას, საჭიროა რამდენიმე წინაპირობა:  

ერთი მხრივ, სასწავლებელს უნდა ჰქონდეს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის ტრადიცია, რაც იდენტობისა და მიკუთვნებულობის განცდას ამყარებს; მეორე მხრივ კი, ორგანიზებული მხარდაჭერისათვის, სამოქალაქო საზოგადოების არსებობაა საჭირო, რომელსაც შესწევს უნარი მიზნის მისაღწევად ინტერესები და ძალები გააერთიანონ.

გახელაძე მიიჩნევს, რომ მართალია, ჩვენს საზოგადოებაში საგანმანათლებლო დაწესებულებისადმი კუთვნილების განცდა არსებობს, თუმცა უმეტესად ამ იდენტობის სკოლისადმი მხარდაჭერით გამოხატვა არ ხდება. კურსდამთავრებულთა საკუთარი სკოლისადმი ორგანიზებული მხარდაჭერა ტიპური ქველმოქმედებაა, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ნაცნობი პრაქტიკა არ არის.

მისივე თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს - იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებსაც ინტელექტუალური თუ ფინანსური რესურსი აქვთ, ე.წ. „საბჭოთა თაობაა“, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად, ორგანიზებულად ვინმეზე ან რამეზე ზრუნვას მიჩვეული არ არის. ამიტომ პრაქტიკაში ძირითადად პერსონალური ქველმოქმედებისა და მხარდაჭერის შემთხვევები გვხვდება. მაგალითად კი სოფლისა და მაღალმთიანი რეგიონების სკოლები მოჰყავს, სადაც ძირითადად სკოლისათვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით, ინდივიდუალური მხარდაჭერის პრაქტიკა არსებობს.  მეორე მიზეზად კი დაუხვეწავ კანონმდებლობას ასახელებს, რომელიც ბუნდოვანია და ნათელ წარმოდგენას არ ქმნის, ქველმოქმედებისას რა სახის თავისუფლება ან შეზღუდვები უწესდებათ მოქალაქეებს.

თუმცა, სკოლის მხარდამჭერ კურსდამთავრებულთა კლუბების შექმნა  ხელოვნურადაც ვერ მოხდება, ამბობს გიორგი გახელაძე და მაგალითად 2010 წელს იხსენებს, როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროექტი „ალუმნაი“ შეიმუშავა, რომელიც სასკოლო განათლებაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ისახავდა მიზნად. თუმცა პროგრამა ეფექტური ვერ აღმოჩნდა: „ის, რომ ყველა სკოლას ალუმნი კლუბები ჰქონოდა, ინიციატივაც იყო და დირექტივაც. ამ ღარიბ ქვეყანაში ინიციატივა მიმართული იყო სკოლების მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერისკენ. ამან კი ზამბარის ეფექტით იმუშავა, თავდაპირველად მიიზიდა კურსდამთავრებულები, მაგრამ სკოლების განვითარებისათვის ინიციატივები ვერ დაბადა. ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, ისევ განერიდნენ სკოლას. შესაძლოა ამ ძალდატანებითმა ინიციატივამ, პირიქით, საზოგადოებისა და სკოლის ამ ფორმით დაახლოების პროცესი კიდევ უფრო გადაავადა“.

ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა და მასთან დაკავშირებული საზოგადოება მიჩვეული არ არის ორგანიზებულ, ჯგუფურ მხარდაჭერას, ამბობს გიორგი გახელაძე და განმარტავს, რომ, ერთი მხრივ, პრაქტიკის არარსებობა და, მეორე მხრივ, ქველმოქმედებისთვის სტიმულის მიმცემი სამართლებრივი ბაზის არქონა სკოლის მხარდამჭერი ჯგუფების არსებობისთვის წინაპირობებს ვერ ქმნის. თუმცა, ინიციატივის შემთხვევაში, კურსდამთავრებული სკოლისთვის მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსად იქცევა, რომელსაც შეუძლია თავისი საგანმანთლებლო თუ ფინანსური მხარდაჭერით ხელი შეუწყოს სკოლის განვითარებას.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^