კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ფონდი “ქართუ” კომპენსაციებს არიგებს. ამ მიზნით 100 მილიონ ლარამდე გამოიყო. ფულის დარიგება მცირემაშსტაბიანი, ლოკალური საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ დახმარება უსამართლოდ ნაწილდება.
სტიქიური უბედურების ზონის გარეთ
გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ცენტრალური გზიდან ალაზნისკენ, “მღვრიე ხევის” კალაპოტს თუ გაუყვებით, ორიოდე კილომეტრის შემდეგ ვენახებს, უფრო ზუსტად კი ნავენახარ ნაკვეთებს მიადგებით. აგვისტოში, სტიქიის შედეგად მოვარდნილმა წყალმა როგორც სამანქანო, ისე საფეხმავლო გზა მოსპო, ამიტომ ვენახში მოსახვედრად ხევის ფონის გატოპვა მოგიწევთ. საკმაოდ ღრმა კალაპოტიდან ამოსვლას თუ მოახერხებთ, უცნაურ სურათს დაინახავთ: - ბოძებდალეწილ ვენახში, მიწაზე გართხმულ რქაწითელის მწკრივებს შორის, უზარმაზარი ლოდები ყრია. ნავენახარი ქვითა და ხევის მიერ სოფლიდან ჩამოტანილი ნაგვითაა სავსე.
აქაურობის მეპატრონე ორმოციოდე წლის გლეხი, ზაზა მჭედლიშვილია, მეგობრებთან ერთად ვენახს ასუფთავებს, ადგილის გაწმენდის შემდეგ თითოეულ ვაზთან იჩოქებს, ძირს უმოწმებს, თუ გადატეხილი არაა, ცდილობს ფეხზე წამოაყენოს და ხელახლა გაბმულ მავთულებზე დაამაგროს.
ზაზას ვენახს, გარდა იმისა, რომ დაისეტყვა, ადიდებულმა “მღვრიე ხევმაც” გადაუარა და ტონიან ქვებთან ერთად შლამითა და ნაგვით გაავსო. ზაზა ვარაუდობს, რომ ვენახის მესამედის აღდგენასღა მოახერხებს. - “როგორმე მაინც ვენახად უნდა ვაქციო” - ამბობს ის.
“მოსავალს ველოდებოდი, ყურძენს თვალი უკვე შესული ჰქონდა, ერთ დილას ჩამოვედი და ყველაფერი განადგურებული დამხვდა, მიწაზე დავჯექი, ტირილი მომინდა, კინაღამ ბავშვივით ავზლუქუნდი”.
მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ კარდენახი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადებული არ არის. ამის გამო კომპენსაციას ვერ იღებენ.
კარდენახელი მასწავლებლის, ნინო კორკოტაშვილის პრობლემა უფრო რთულია, რადგან მას ყურძნის მოსავლის მოსაყვანად საფინანსო ორგანიზაცია “ფინკადან” ოთხი ათასი ლარი სესხი აქვს აღებული. ამ მდგომარეობაში კიდევ ოთხმოცდაათი ოჯახია. სტიქიის შემდეგ ზარალის დამთვლელმა კომისიამ სიები შექმნა, ამ სიაში მოხვედრილმა გლეხებმა ვალების გადავადება და პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს დახმარება ითხოვეს. მათ ადგილობრივი გამგეობების მიერ გაცემული ცნობები აქვთ, რომელთა მიხედვითაც სტიქიის დროს სხვადასხვა სიმძიმის ზარალი ნახეს.
იანვარში მოვალეებმა ბანკებისგან შეტყობინება მიიღეს, რომ თუ ვალებს არ დაფარავენ, საქმე აღმასრულებელს გადაეცემა. მათ დიდ ნაწილს მიწებს წაართმევენ, ნაწილს კი სახლებიდან ნივთებს გაუყიდიან. გლეხების მიერ აღებული სესხი 4-5 ათასიდან 14-15 ათასამდე მერყეობს, ამ თანხას პროცენტი და ახლახან დარიცხული ჯარიმებიც ემატება.
გლეხებმა გურჯაანის რაიონის გამგებელს, გუბერნატორს, პრემიერ - მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი წერილით მიმართეს. ვალების გადავადებასა და ჯარიმის მოხსნაში სახელმწიფოსგან თანადგომას ითხოვენ. გამგებლმა განუცხადა, რომ კერძო საფინანსო ორგანიზაციის საქმიანობაში ვერ ჩაერეოდა, თუმცა, თავისი მოადგილე მაინც მიავლინა, რომელიც ჯერ დაზარალებულებს, შემდეგ კი ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა და ნინო კორკოტაშვილის თქმით “ურთიერთობა მოალბო”. გლეხები საბოლოო პასუხს 10-12 დღეში ელიან.
კარდენახი სტიქიური უბედურების ზონად რომ გამოცხადებულიყო, დაზარალებული გლეხები კომპენსაციასაც მიიღებდნენ და სესხების რესტრუქტურიზაციაშიც სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერეოდა. “ნახევარ ჰექტარზე მეტ ადგილზე ვენახი და მარწყვის ბაღი ჰქონდა გაშენებული. 19 ივლისს, თელავის სტიქიის დღეს, საღამოს, კარდენახსაც ისეთივე სეტყვა და ქარიშხალი დაატყდა, ვაზის მწკრივები მიწაზე დააწვინა, ყურძენი გაშავდა, დალპა, ვენახების ორი მესამედი პრაქტიკულად განადგურდა”, - ამბობს ნინო კორკოტაშვილი.
კარდენახი აგვისტოშიც დაისეტყვა და გლეხების დიდ ნაწილს დარჩენილი მოსავალიც მოუსპო.
“როცა საკრებულოს გაცემული ცნობა მაქვს, რომ ნაკვეთი 80%-ით დამესეტყვა, ეს სტიქია არ არის? როცა 4 000 ლარი ვალი ავიღე, 10-15 ტონა ყურძენს ველოდი, და ერთ ტონაც ვერ დავკრიფე, ამას სტიქიის გარდა რა შეიძლება ეწოდოს? - კითხულობს კორკოტაშვილი. მისივე თქმით, რამდენიმე სახლს ქარიშხალმა და სეტყვამ შიფერის სახურავები მოხადა და დაუმტვრია. ეს ოჯახები დღემდე დახმარებას ითხოვენ, “თუნდაც მხოლოდ საშენ მასალას”. თუმცა, მათ ყურადღებას არავინ აქცევს.
კომპენსაცია
“ისეთი უქონელი ვარ, ხეზე ავიდე - დაბლა არაფერი დამრჩება” - ცრემლნარევი ღიმილით მეუბნება სამოციოდე წლის ქალი, ჩუმლაყელი ჟუჟუნა გოჯაძე. ის გურჯაანის რაიონული მუნიციპალიტეტის შენობაში, გამგებლის კაბინეტის წინ თავის რიგს ელის.
რაიონის გამგებელს, აკაკი ოსიაშვილს მოქალაქეთა მიღების დღე აქვს. ჟუჟუნას გარდა მასთან შეხვედრა რამდენმე ათეულ ადამიანს სურს. გურჯაანელები კაბინეტში ჯგუფ-ჯგუფად შედიან, დაახლოებით ნახევარ საათს ჩერდებიან, და ასევე ჯგუფად გამოდიან, მათ სხვა მოქალაქეები ანაცვლებენ.
კახელები გასული წლის ივლისში თავს დამტყდარი სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. პრესბარათების, დიქტოფონის და ფოტოაპარატის დანახვაზე გარშემო გვეხვევიან. თავიანთ გასაჭირზე ლაპარაკი სურთ.
საუბარს ჟუჟუნა გოჯაძე განაგრძობს: “სტიქიამ ადგილი გამინადგურა - ამბობს ის - განცხადება ადრეც დავწერე და ერთჯერადი დახმარება ვითხოვე, მაგრამ ამაოდ. სახლში სკამიც არ მაქვს, რომ დავჯდე. დასეტყვილი ნაკვეთის ფულსაც არ მაძლევენ. სიაში საერთოდ ვერ მოვხვდი, მარტოქალი ვწვალობ, სამი შვილი ობლად გავზარდე. გამგებელს ამას წინათაც შევხვდი, მოადგილესთან გამგზავნა, მოადგილემ სოფლის გამგებლთან - შუამდგომლობა მოიტანეო. წავედი, მოვიტანე, საშველი მაინც არ დამადგა… სტიქიის ფულზე აღარ ვლაპარაკობ, იქნებ ერთჯერადად მაინც დამეხმარონ. ორი ლარი მაქვს, რომ აქედან სახლში მივიდე, მაგრამ რაღაცნაირად უნდა მოვახერხო და ჩემს დღეში ჩავარდნილებთან ერთად თბილისში ჩამოვიდე. ბიძინას უნდა შევხვდეთ, ან სახალხო დამცველს, ან ვინმეს, გამგეობაში ტყუილად იმდენი ვიარე, მერჩია, იმ გზის ფულით პური მეყიდა.”
გოჯაძეს დახმარებაზე უარი რამდენჯერმე უთხრეს: “მიზეზი? მიზეზი სულ აქვთ - არ ელევათ. ჯერ ხელისუფლების გადმობარება ჰქონდათ, არ ეცალათ, ახლა იღირსეს როგორც იქნა, მაგრამ ჯერ თავისიანებს ისტუმრებენ. მეზობლების ვალები მაქვს, მცხვენია, მათთვის თვალებში ვეღარ შემიხედავს. სახლში ჩუმად შევდივარ, რომ არ დამინახონ.”
“ესეც შენი “ქართული ოცნება,” ვოცნებობ და ვარ ასე” - ჟუჟუნა გოჯაძის ამ რეპლიკას დახმარების სათხოვნელად გამგეობაში მისული კახელები სიცილით და მოწონების შეძახილებით ხვდებიან.
შემდეგ ნაკადთან ერთად გამგებლის კაბინეტში ჩვენც შევდივართ. საშუალო ზომის ოთახში, გამგებლის მაგიდის მოპირდაპირე მხარეს, კედელთან, ილია ჭავჭავაძის დიდი პორტრეტის ქვეშ, ხის სკამებზე ათამდე მოქალაქე ზის. ისინი მაგიდასთან სათითაოდ მიდიან და აკაკი ოსიაშვილს ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით ესაუბრებიან.
“გთხოვთ სახლის გადახურვაში დამეხმაროთ”, - ამბობს ჭაღარათმიანი, მოხუცი ქალბატონი, შავი, ნაქსოვი ქუდით და ნაცრისფერი პალტოთი. მარტოხელა მოხუცს სეტყვამ შიფერის სახურავი დაუზიანა. შეაკეთეს, თუმცა ცუდად, ამიტომ ყოველ წვიმას შიშით ელოდება: “როგორც გარეთ წვიმს, ისევე - შიგნით, მთელი სახლი წყლით ივსება, ტაშტები მაქვს შედგმული.”
აკაკი ოსიაშვილი მოქალაქეს განუმარტავს, რომ სახურავების საკითხს “ქართუ ჯგუფი” სწავლობს. “განცხადება შემოიტანეთ, კომისია მოვა, შეამოწმებს და თუ საჭიროდ მიიჩნევს ან გადახურვაში დაგეხმარებიან ან ფულად კომპენსაციას მოგცემენ” - ამბობს ის.
ინტერვიუს დახმარების მომლოდინე ხალხის თანდასწრებით გვაძლევს: _ რამდენ სოფელზე გაიცა დახმარება?
- ჯერ სრულად მხოლოდ ერთი სოფელი, კალაური დაკმაყოფილდა.
- ხალხის უკმაყოფილებას რა იწვევს?
– არიან ისეთებიც, რომლებსაც ორი ნაკვეთი აქვთ, ერთი დაესეტყვათ, მეორე - არა, მიმტკიცებენ, რომ იქაც იყო სეტყვა. არადა, ვიცი - არ ყოფილა, მთელი რაიონი მაქვს შემოვლილი.
- სტიქიური უბედურების ზონები რის მიხედვით განისაზღვრა?
- ახლად მომხდარ სტიქიაზე ამოწმებდა კომისია.
_ კომისიებში ვინ შედიოდა?
_ სამინისტროდან ჩამოსული სპეციალისტები, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები.
_ გამორიცხავთ, რომ ეს ზონები შესაძლოა არასწორად განსაზღვრულიყო?
_ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი თვეა გასული, ზედ ახლაც ეტყობა, ვინ რა დოზით დაზარალდა.
_ კარდენახი უბედურების ზონად არაა გამოცხადებული, მაგრამ მე ვნახე ნარგავები, რომელიც აბსოლუტურად განადგურებულია.
_ კარდენახში მაისში იყო სეტყვა.
_ რა მნიშვნელობა აქვს?
_ ის, რომ ჩვენ ივლისსა და აგვისტოში დასეტყვილ გლეხებს ვეხმარებით.
_ თქვენი აზრით, ეს სამართლიანია?
_ კიდევ გეუბნებით, კარდენახი სტიქიის ზონა არ არის, იქ ვერ მაჩვენებთ განადგურებულ ნაკვეთებს.
_ როგორ ვერ გაჩვენებთ, რამდენიმე საათის წინ ვნახე…
_ მე კიდევ გაჩვენებთ იმას, რასაც სტიქიური უბედურების ზონას ვეძახით.
_ ისეთ ადამიანებს, რომელთაც სახლის შეკეთება სჭირდებათ, როგორ ეხმარებით?
– გამგეობას სახლების შეკეთების საშუალება არ გააჩნია. იმ ფირმებს ვუკავშირდებით, რომლებმაც ეს სახლები თავის დროზე გაარემონტეს, მათ ვალდებულება ჰქონდათ, რომ წესიერად გაეკეთებინათ. ყველანაირად ვცდილობთ, გლეხებს დავეხმაროთ - ასე ბრძანა ბატონმა ბიძინამ”, - გამგებელი ბოლო ფრაზას ხაზგასმით წარმოთქვამს.
გამგებლის თანასოფლელ, ჩუმლაყელ ნინო ყოჩაშვილის სახლს ივლისში, სტიქიის დროს, ქარიშხალმა სახურავი მოხადა და მეორე სართულზე ფანჯრები ჩაამსხვრია. “მოვიდნენ, ვითომ გააკეთეს, 2600 ლარი ჩაწერეს და წავიდნენ, იქიდან მოყოლებული წვიმის დროს მეორე სართულის ოთახებში წყალი ჩამოდის.”
ნესტიან ოთახებში შმორისა და ობის სუნი დგას, შპალერი წყლისგან დაზიანებულია და კედლებზე ძლივს მაგრდება. ნინოს სახლის გარდა ნაკვეთიც დაესეტყვა, თუმცა დაზარალებულთა სიაში მაინც არ არის. ყოჩაშვილი ფიქრობს, რომ ზარალის დამთვლელმა კომისიებმა სიები კორუფციული გარიგებების ფონზე შეადგინეს.
სახლი დაუზიანდათ, თუმცა დახმარება არც ნინოს 80 წლის მშობლებს მიუღიათ. ისინი სოფლის ბოლოს, ნახევრად დანგრეულ, ერთსართულიან სახლში ცხოვრობენ. ნინოს დედა, ნანი ყოჩაშვილი მეუღლეს, გიორგი ყოჩაშვილს ასე გვაცნობს: “ბრუციანია და ყრუი, მაგრამ ხელის ცეცებით ცდილობს ჩამონგრეული ადგილები თვითონ შეაკეთოს, ჩვენთვის არავის არავითარი კომპენსაცია არ მოუცია.”
“თბილისში ამბავი ჩაიტანეთ, რა დღეში ვართ, იქნება გვეშველოს,” - მეუბნება გიორგი პაპა. სიარულისას ჯოხს ეყრდნობა და გადაადგილება უჭირს, თუმცა მავთულით შემოღობილი ეზოს კარამდე მაინც გვაცილებს.
სეტყვა და ქარიშხალი კახეთში
2012 წლის 19 ივლისს, ნაშუაღამევს, თელაველი ირაკლი ტულაშვილი გრიალის ხმამ გააღვიძა. “აი, ისეთი ამბავი შეიქნა, რომ კარები შემოანგრია. ვეღარაფერს ვეღარ ვხედავდით - წნევა იყო ალბათ, როგორც ბურთი, ისე გასკდა და გამოგლიჯა კედელი" - ამბობდა ირაკლი სტიქიის მეორე დღეს “ლიბერალთან” საუბარში. მისი ოჯახი მრავალსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე ცხოვრობს, სახლს აგურით მიშენებული კედელი ჩამოენგრა. თუმცა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში სოფლელები აღმოჩნდნენ. აქ გლეხებს სახლებიც დაუზიანდათ და მოსავალიც გაუნადგურდათ.
სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად თელავის რაიონი დაზარალდა, ქარიშხალმა 770 შენობას და სახლს სახურავები გადახადა, სეტყვამ კი 6 800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მიწასთან გაასწორა. 5 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სეტყვამ გურჯაანში, ყვარელსა და ლაგოდეხშიც გაანადგურა.
12-ზე მეტ ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ზოგიერთი მათგანი მას შემდეგ დაშავდა, რაც თელავში რამდენიმე შენობაში დაზიანებული კედლები ჩამოინგრა, თუმცა, მსხვერპლი არ ყოფილა.
ცუდმა ამინდმა კომუნიკაციები, გზები, წყლის და ენერგომომარაგების ინფრასტრუქტურაც დააზიანა.
თავდაცვის სამინისტრომ სტიქიური უბედურების ზონაში 1 300 რეზერვისტი და ერთი საინჟინრო ბატალიონი გაგზავნა. კახელებს დახმარება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თბილისის წარმომადგენლობამაც აღმოუჩინა. მათ წყლის ბიდონები, დასაკეცი საწოლები, მატრასები, საბნები, ბალიშები, თეთრეული და კარვები დაახლოებით 300 ადამიანს დაურიგეს.
ორმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ CARE International––მა და World Vision-მა, რომელთაც 20 ივლისს ახმეტის, თელავის და გურჯაანის რაიონების თერთმეტამდე დასახლება ერთობლივად შეაფასეს, განაცხადეს, რომ „ეს იყო უმსხვილესი კატასტროფა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ“.
სტიქია და პოლიტიკა
სტიქიის შემდგომი რეაბილიტაციის საკითხი 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე, პოლიტიკური პარტიებისთვის კამპანიის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ დარიცხული მრავალმილიონიანი ჯარიმა გადაიხადა და განაცხადა, რომ ეს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გააკეთა.
ეს ნაბიჯი “პოლიტიკური პარტიების შესახებ” კანონის მოქმედების პირობებში ივანიშვილისთვის ფულის შეწირვის ერთადერთი გზა იყო.
მაშინდელმა ხელისუფლებამ ივანიშვილის ნაბიჯი ქველმოქმედებად არ მიიღო. როგორც მათი წარმომადგენლები აცხადებდნენ, “ჯარიმის გადახდის რეალური მოტივი გადახდაზე თავდაპირველი უარის თქმის შედეგად ხელისუფლების მიერ ჩამორთმეულ საბანკო აქტივებზე კონტროლის დაბრუნება იყო”.
პრეზიდენტმა საკაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა „ფეხქვეშ ნუ გაგვებლანდებიან და ხელს ნუ შეგვიშლიან იმ დიდ გეგმებში, რომელიც ჩვენ ამ რეგიონში გვაქვს.“
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხშირად ნახავდით ცნობილ პოლიტიკოსებს, რომლებიც ტელეკამერების თანხლებით საველე სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდნენ. არჩევნების შემდეგ დაზარალებულ რეგიონში მათი აქტივობა აღარ შეინიშნება.
კარდენახელი გლეხი ზაზა მჭედლიშვილი, სავარაუდოდ, კომპენსაციას ვერ მიიღებს. თუმცა, თავს დამტყდარი უბედურების მიუხედავად, იმედს არ კარგავს: - “ისევ ჩვენი ძალებით მოვახერხებთ რამეს, ერთმანეთს დავეხმარებით, მხარში ამოვუდგებით და ერთხელაც იქნება, ხელახლა ვნახავ ჩემი ვაზის ყვავილობას!”