„გამოდის, რომ მე არ შემიძლია სიმღერა დავწერო რაღაცაზე, რაც მე მაწუხებს. საბჭოთა კავშირში, ან ჩრდილო კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ? ვართ ევროპულ ქვეყანაში, საქართველოში. ევროპაში, არტისტები იმაზე წერენ, რაზეც უნდათ" - პროექტ FlowFlow Magazine-ის წარმომადგენლები „ლიბერალთან" „ბირჟა მაფიის" წევრების დაკავების შესახებ საუბარობენ.
როგორც ისინი განმარტავენ, დღეს PVPBattle-ის ფინალი უნდა გამართულიყო, რომელშიც მონაწილეობა „ბირჟა მაფიასაც" უნდა მიეღო.
„კიდევ სხვა ახალი გადაცემაც უნდა ჩაგვეწერა. მიშკას ვერ დავუკავშირდით. შემდეგ გავიგეთ, რომ მიშა და გიორგი დაიჭირეს იმიტომ, რომ ეს კლიპი დაიდო. ეს კლიპი რომ გამომიგზავნეს, არ იყო დაბლარული. შემდეგ ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა, უკვე დაბლარეს. ჩარჩოში ხომ ჩასვეს ბიჭებმა, არ ჩანს არაფერი, გამოხმაურება არ მოჰყვება... შემდეგ ვიგებთ, რომ აიყვანეს. ეგეთი ტიპები არ არიან... რის ნარკოტიკი, მით უმეტეს MDMA…" - ამბობენ FlowFlow Magazine-ის წარმომადგენლები.
მათი თქმით, ვაკის პარკში დღეს გამართული კონცერტით ჯგუფის დაკავებულ წევრებს სოლიდარობას უცხადებენ.
„მუსიკა და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ირეოდეს. ეს შემოქმედებაა და არტისტები ვინც ვართ, არ გვინდა, რომ ეს ერთმანეთს შეერიოს. ხალხმა უნდა გაიგოს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ასე არ შეიძლება რა. გამოდის, რომ მე არ შემიძლია სიმღერა დავწერო რაღაცაზე, რაც მე მაწუხებს. საბჭოთა კავშირში, ან ჩრდილო კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ? ვართ ევროპულ ქვეყანაში, საქართველოში. ევროპაში, არტისტები იმაზე წერენ, რაზეც უნდათ" - ამბობენ ვიდეო-ჟურნალის წარმომადგენლები.
შსს-მ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს.
თავად ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათ დაპატიმრება ვიდეოკლიპს უკავშირდება, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.
დაკავებული რეპერი: მირტყამდნენ თავში, მაიძულებდნენ აღიარებას, რომ ნარკოტიკი ჩემი იყო
ორივე მათგანს დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ხვალ, 10 ივნისს, 19:00 საათზე „ბირჟა მაფიას" რეპერების მხარდასაჭერად მოქალაქეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა-აქციას მოაწყობენ.