Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაგავსაყრელების მომავალი საქართველოში

14 თებერვალი 2013

საქართველოს მთავრობა უცხოელი დონორების დახმარებით ნაგავსაყრელების სახელმწიფო გენერალურ გეგმას ამუშავებს. ნაგავსაყრელების პრობლემების მოგვარებასა და სამომავლო სისტემების გამართვაზე რამდენიმე სამთავრობო უწყება მუშაობს. ევროკავშირის დაფინანსებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ამ სფეროში ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრაზე  მუშაობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი შემუშავებული პოლიტიკის განხორციელებასა და ნაგავსაყრელების მართვაზე იქნება პასუხისმგებელი. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გერმანიის განვითარების ბანკისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით უკვე შეისწავლა ნარჩენების შეგროვების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და  ნაგავსაყრელების მშენებლობის გეგმაც მოამზადა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყრელები საქართველოში 2014 წლიდან იფუნქციონირებს და ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება.  გეგმა 20 წელზეა გათვლილი.

ზოგ შემთხვევაში სანიტარული ნაგავსაყრელი რამდენიმე რეგიონს საერთო ექნება, რაკი ზოგი რეგიონი მეჩხერად დასახლებულია და იქ შეგროვილი ნარჩენების ცალკე დამუშავება არაეფექტური იქნებოდა. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს იგივე ნაგავსაყრელი მოემსახურება, რაც იმერეთს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ნაგავსაყრელების პატრონობა და ნარჩენების მართვა მით უფრო იაფი ჯდება, რაც მეტი მოცულობის ნარჩენი შედის ნაგავსაყრელზე ყოველდღიურად.

დღეისთვის, საქართველოში მხოლოდ ორი _ თბილისის და რუსთავის სანიტარული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს. ამ ნაგავსაყრელებზე ნარჩენების მხოლოდ 40%-ის შეგროვება და დაარისხება ხდება, დანარჩენი 60% კი, არალეგალურ სანაგვეებზე უკონტროლოდ გროვდება, ბუნებაში ხვდება და გარემოს აბინძურებს.

სახელმწიფო, გენერალური გეგმის მიხედვით, სანიტარული ნაგავსაყრელები ყველა რეგიონისთვის ხელმისაწვდომი გახდება და ნარჩენების შეგროვება მაღალმთიან რეგიონებსა და მეჩხრად დასახლებულ სოფლებშიც მოხდება.

ნარჩენების პირდაპირ საარსებო გარემოში მოხვედრა რამდენიმე სერიოზულ პრობლემას ქმნის. ასეთ ნარჩენებზე წვიმების შემდეგ ნაჟური წყალი გრუნტის წყლებში ხვდება და აბინძურებს მას. გარდა ამისა, ნარჩენების გახრწნის პროცესში წარმოშობილი მეთანი კლიმატზე ზემოქმედებს და ხანძრის საფრთხეს აჩენს.  სანიტარული ნაგავსაყრელები კი ნარჩენების უსაფრთხოდ მართვას უზრუნველყოფს.

სანიტარული ნაგავსაყრელების შემთხვევაში, ნარჩენების დასაგროვებელი ადგილის ,,ფსკერის” იზოლირება ხდება, რომ ნარჩენების გავლით დაბინძურებულმა წყალმა მიწაში არ გაჟონოს და გარემო არ დააბინძუროს. საგულისხმოა, რომ სპეციალისტების შეფასებით, ნარჩენების ნაჟური წყალი ბევრად უფრო დაბინძურებულია, ვიდრე საკანალიზაციო წყლები.  დრენაჟის სპეციალური სისტემის მეშვეობით, ასეთ ნაჟურ წყალს ერთად აგროვებენ, ამუშავებენ და მხოლოდ მისი გაწმენდის შემდეგ აბრუნებენ გარემოში. 

სანიტარულ ნაგავსაყრელებზე მოქმედებს ნარჩენების მიერ გამოყოფილი გაზის შეგროვების სისტემაც. გარემოს დაბინძურების პრევენციის გარდა, ამგვარად შეგროვილი მეთანის გამოყენება შემდგომ ენერგეტიკული დანიშნულებითაა შესაძლებელი.

სანიტარული ნაგავსაყრელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ნარჩენების სეპარირება და მათი გადამუშავებაა _ საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების შემდეგ შესაძლებელი ხდება მათი ნაწილის ხელახლა წარმოებაში გაშვება. გადამუშავების დადებითი შედეგი ეკონომიკური მოგების გარდა ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენებაცაა, რაც ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, ნარჩენების წარმოების ციკლში ხელახალ მოხვედრას  განვითარებული ქვეყნები  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.  ევროკავშირის სტანდარტით, გადამუშავებადი ნარჩენების 50% მაინც ხელახლა უნდა გაიშვას წარმოებაში.

გადამუშავებადი ნარჩენების მაგალითებად ლითონის, მინის, ქაღალდისა და პლასტიკატების გამოყენება შესაძლებელია. გერმანული კომპანიების ,,INFRASTRUKTUR and UMWELT Professor Bohm und Partner, ERM GmbH და ქართული საკონსულტაციო ჯგუფის, ,,გამას” დათვლებით, საქართველოზე მთელი გადამუშავებადი ნარჩენების დაახოლოებით 25 -29%-ი მოდის (დაახლოებით 10% ქაღალდი, 14 % პლასტიკატი, 3% ლითონი და 2% მინა).  წინასწარი ანალიზით, 2034 წლისთვის მთელი ნარჩენების 9-ის(ანუ, თავად რესიკლირებადი ნარჩენების 36%-ის) გადამუშავება იქნება შესაძლებელი.

თუმცა, ეს პროცენტი დათვლილია დღევანდელი შესაძლებლობების გათვალისწინებით. გადამუშავების შემთხვევაში გერმანელი ექსპერტი, გერნოლდ დილევსკი მთავარ პრობლემად დახარისხებული ნარჩენების გასაღების ბაზარს ასახელებს.  მაგალითად, ლითონების შემთხვევაში ასეთი გასაღების ბაზრის პოვნა მარტივია და ის მოთხოვნადი რესურსია. იმ პირობებში კი, როცა საქართველოში ლითონის ნარჩენების გადამუშავების კერები ცოტაა და ეს რესურსი მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი, თურქეთში დიდი რაოდენობით გადის და ქვეყნის ეკონომიკა ზიანდება. თუმცა, განსხვავებული სიტუაციაა ცელოფნის პარკების მსგავსი ნარჩენების შემთხვევაში _ ასეთი ნარჩენების გადამუშავების კერები ქვეყანაში არ არსებობს, და ამ შემთხვევაში, მხოლოდ ნარჩენების გარკვეული დროით დაკონსერვებით იქნება  შესაძლებელი. თუმცა, სახელმწიფო რეგულირების პირობებში გადამუშავებელი მასალის მოცულობის გაზრდა სავსებით შესაძლებელია.

,,სახელმწიფომ ნაგვის გადამუშავებას ხელი უნდა შეუწყოს იმით, რომ წაახალისოს კომპანიები, რომლებიც მეორადი რესურსებით ახალი პროდუქტის წარმოებას დაიწყებენ და საქართველოში ინვესტირებით იქნებიან დაინტერესებული. მათთვის საინტერესო გარემოს შექმნა რეგულაციებით, საგადასახადო შეღავათებითა და სხვა ღონისძიებებითაა შესაძლებელი,” _ ამბობს გერმანიის განვითარების ბანკის მთავარი ინჟინერი, ბერნარდ შენკი ,,ლიბერალთან” საუბრისას.

სანიტარული ნაგავსაყრელებისა და ნარჩენების დახარიხების კიდევ ერთი პლიუსი ნარჩენების კომპოსტირების შესაძლებლობაა.  საყოფაცხოვებო ნარჩენების თითქმის ნახევარს, როგორც წესი ორგანული ნივთიერებები წარმოადგენს (საქართველოში ორგანული ნარჩენების 47%-ია). ამ ნარჩენების სპეციალური დამუშავების შემდეგ ორგანული სასუქი მიიღება, რომელის გამოყენებაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში შეიძლება. თუმცა, ორგანულ სასუქად მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა კომპოსტის გამოყენება შეიძლება. ამისთვის კი საჭიროა ორგანული ნარჩენები თავიდანვე ერთად იყოს დახარისხებული და სხვა სახის ნაგავს არ შეერიოს. ნაგავსაყრელზე გამოცალკევებული ორგანული ნარჩენები უკვე დაბინძურებულია და კოპოსტირებისთვის არ გამოდგება. 

,,გერმანიაში შეაჩერეს ურბანული ტერიტორიებიდან შემოსული ნარჩენების კომპოსტირება. ზოგადად, ევროპაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების კომპოსტად გამოყენება აკრძალულია თუ ისინი თავიდანვე ცალცალკე არაა შეგროვებული: ქუჩაში უდა იდგას განსხვავებული სანაგვე ყუთები სხვადასხვა სახეობის ნარჩენებისთვის და მოსახლეობა თავად უნდა ახარისხებდეს ნარჩენებს” _ ამბობს გერნალდ დელევსკი  ,,ლიბერალთან” საუბრისას.  მისი განხცადებით, საქართველოში ასეთი განცალკევებული სანაგვე ყუთების დამზადება და განთავსება და შემდეგ ნარჩენების გადამუშავება დამატებით ფინანსურ პრობლემებს შექმნიდა. ამიტომ, ამ ეტაპზე  აქ კომპოსტირება შეუძლებელია. ,,თუ კოპოსტირებას მაინც გადავწტვეტთ, მაშინ თავიდან მცირე მოცულობით უნდა დავიწყოთ და თანდათან გავზარდოთ. ზოგადად კი, ნარჩენების 60%-ის კომპოსტირებაა შესაძლებელი” _ ამბობს დილევსკი.

სანიტარული ნაგავსაყრელების სახელმწიფო გენერალური გეგმის საბოლოო დამტკიცების შემდეგ ნაგავსაყრელების მშენებლობას წინასწარი გათვლებით საშუალოდ 1 წელი დასჭირდება. 2014 წლის ბოლოსთვის კი ნაგავსაყრელები ფუნქციონირებას დაიწყებს.

საგულისხმოა, რომ ნაგავსაყრელები მუნიციპალურ ნარჩენებს დაამუშავებს, ტექნიკური და სამრეწველო ნარჩენების დამუშავებაზე კი თავად კერძო საწარმოებამ უნდა იზრუნონ და ამ სფეროში სახელმწიფოს ცალკე პროგრამა აქვს შესამუშავებელი.

სანიტარული ნაგავსაყრელები, დონორების სუბსიდირებით აშენდება. მის მართვაზე პასუხისმგებელი რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმწიფო კომპანია ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” იქნება. სხვადასხვა დასახლებული პუნქტებიდან ნარჩენების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა კი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაევალებათ. 

ახალი სტანდარტები, უცხოური სუბსიდიების მიუხედავად, გარკვეულწილად გააძვირებს დასუფთავების გადასახადს, რომელიც დღეისათვის სულ მოსახლეზე 50 თეთრით განისაზღვრება, თუმცა ტარიფის დარეგულირებისას მხედველობაში მოსახლეობის გადამხდელუნარიანობასაც მიიღებენ.

სანიტარული ნაგავსაყრელების მშენებლობისთვის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა ივარაუდება.  ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან უკვე წინააღმდეგობა შეხვდა საპილოტედ შერჩეულ ქუთაისის ნაგავსაყრელის მშენებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ნაგავსაყრელისთვის შერჩეული ტერიტორია დასახლებიდან  500 მეტრიანი დისტაცნიითაა დაშორებული (რაც მსგავსი ობიექტების დასახლებული ტერიტორიიდან დაშორების საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება), მოსახლეობა მათი საცხოვრებლის ახლოს სანიტარული ნაგავსაყრელის აშენების წინააღმდეგია.

ექსპერტების შეფასებით, სანიტარულ ნაგავსაყრელზე ნარჩენების მართვა და გაუვნებელყოფა იმგვარად ხდება, რომ მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.  პოტენციური საფრთხეა ქარის მიერ პოლიეთილენის პარკების გაფანტვა დასახლებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ამის პრევენციისთვის ნაგავსაყრელს სპეციალური დამჭერი ბადეები დაუმონტაჟდება. უსიამოვნო სუნის ქარის მიერ გავრცელების თავიდან არიდებას კი დასახლებისგან 500 მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს მეტრიანი დაშორება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ მოსახლეობის განწყობა მათი სწორად ინფორმირების შემთხვევაში შეიცვლება. ,,მათ, ალბათ, ქუთაისის ახალი ნაგავსაყრელი ამჟამად მოქმედი ნაგავსაყრელის მსგავსი ჰგონიათ _ არაჰერმეტული და დაბინძურებული, - ჩვენ  მოსახლეობას რუსთავის ნაგავსაყრელის მაგალითით და დავარწმუნებთ, რომ სახიფათო არაფერია. გარდა ამისა, ამ ნაგავსაყრელზე დაახლოებით 50-მდე ადამიანი დასაქმედება და ეს სამუშაო ადგილებიც საინტერესო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის” _ ამბობს ნარმანია.

რაც შეეხება ბუნების დამცველებს, ისინი სანიტარული ნაგვსაყრელების მთელი ქვეყნის მასშტაბით მშენებლობას ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებენ და იმედოვნებენ, რომ ნარჩენების გარემოში მოხვედრის გამო ბუნებისთვის 30 წლის მანზილზე ზიანის მიყენება შეწყდება და ქვეყანა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ აღმოჩნდება.

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^