უკვე ერთი წელია თბილისის მერიის ინიციატივით, მუნიციპალური თავშესაფარი აშენდა. იქამდე ცხოველების პოპულაციის მართვას შპს “დებიუტი” ახორციელებდა. ცხოველთა დამცველი არასამათავრობო ორგანიზაციების თქმით, მუნიციპალური თავშესაფარი ვალდებულია, აკონტროლოს ცხოველების პოპულაცია და ამის ხარჯზე დახოცილი ძაღლების რიცხვი შემცირდეს.
დაახლოებით ერთი თვის წინ, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ეზოს მიკედლებული ხუთი ძაღლი გაქრა. სოფო ჯიბუტმა, რომელიც რამდენიმე მეზობელთან ერთად ამ ძაღლებს პატრონობდა, თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს მეორე დღესვე მიაკითხა, თუმცა, იქ არც ერთი მათგანი არ დახვდა.
თავშესაფარში კატეგორიულად უარყვეს, რომ ძაღლები მათ აიყვანეს, თუმცა, მეზობლები საპირისპიროს ამტკიცებენ. ისინი ჰყვებიან, რომ ცხოველები ღამით სწორედ თავშესაფრის მანქანაში ჩასვეს.
“ეს თბილისში ძაღლების გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარების პირველი შემთხვევა არ არის. ამასთან, სოციალურ ქსელებში რამდენჯერმე გავრცელდა იმის ამსახველი ფოტოები, თუ როგორ უსწორდებოდნენ მაწანწალა ძაღლებს თავშესაფარში. ამიტომ, ეჭვი მაქვს, რომ ჩვენს ეზოში მცხოვრები ძაღლები მაშინვე დახოცეს,“ - ამბობს ჯიბუტი.
ბარბარე გოცაძემ დაკარგულ ბოქსიორს მეოთხე დღეს მუნიციპალურ თავშესაფარში მიაგნო, თუმცა, ძაღლი იქიდან წამოყვანის დღესვე გარდაიცვალა. „თავშესაფრის ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ჩემს ბოქსიორს ქუჩაში მანქანა დაეჯახა და ფეხი ჰქონდა ნატკენი. არადა, მანქანის დარტყმულს არ ჰგავდა, სხეულზე პატარ-პატარა შესიებული ადგილები ჰქონდა და აშკარად ნაცემი იყო. ჩაკეტილ სივრცეს ვერ იტანდა, ვფიქრობ, ვოლიერში ვერ ჩერდებოდა და მაგრად სცემეს. გარდა ამისა, არც წყალი და არც საჭმელი არ ედგა, ძაღლი სველ ვოლიერში გაშეშებული იწვა და პირიდან დუჟი სდიოდა,“ - ამბობს გოცაძე და ასევე აღნიშნავს, რომ მის ბოქსიორს თავშესაფარში მოთავსებისას, არანაირი გამოკვლევა არ ჩაუტარდა, სხვადასხვა პროცედურული დარღვევის გამო კი, ძაღლი დაიღუპა.
ამ ისტორიას ვეტერინარი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძეც იხსენებს და ამბობს, რომ ბარბარემ ბოქსიორი გასასინჯად თავშესაფრიდან სწორედ მას მიუყვანა: “პირველადი დახმარება აღმოვუჩინე და ორგანოების გამოსაკვლევად ზოოპარკში ექოსკოპიაზე გავუშვი. აღმოჩნდა, რომ ძაღლს ელენთის ტრავმა ჰქონდა და სხეულზე აშკარა ცემის კვალი ეტყობოდა“.
დაახლოებით ერთი წელია, რაც მერიის ინიციატივით, ძაღლების მუნიციპალური თავშესაფარი გაიხსნა. 2012 წლამდე ცხოველების დაჭერის და ზედამხედველობის მოვალეობა შპს „დებიუტს“, ანუ საქართველოს პირველ ვეტერინარულ კლინიკას ეკისრებოდა, თუმცა, ვახტანგ მამალაძის თქმით, „დებიუტის“ თანამშრომლები ძაღლებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ და ხოცავდნენ. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე თბილისში დაახლოებით 100 000 ძაღლი გაანადგურეს.
„2012 წლამდე თბილისში განსაკუთრებით საშინელი მდგომარეობა იყო, ცხოველებს თოფით, რკინებით და ქვებით, არაადამიანური მეთოდებით კლავდნენ. გარდა ამისა, „ბეიკერის“ ორმოში ყრიდნენ და მარილმჟავათი წვავდნენ,“ - ამბობს მამალაძე.
ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ თბილისში მერიამ მუნიციპალური თავშესაფრის აშენებით კარგი ნაბიჯი გადადგა. დღეს ცხოველებს ქუჩაში მაშებით აღარ იჭერენ, თუმცა, ვახტანგ მამალაძესა და „ცხოველთა უფლებების კომიტეტის“ თავმჯდომარის, თინა ჭავჭანიძის განცხადებით, პრობლემა თვითონ თავშესაფარს ზღურბლს მიღმა იმალება.
„ძაღლი დახურულ სივრცეს ვერ იტანს, შესაბამისად, რაც მე თავშესაფარში ვნახე, ცხოველების მიმართ ჰუმანურ მოპყრობას არ ჰგავდა. ერთ ვოლიერში რამდენიმე ცხოველი, საკუთარ ფეკალიებში იჯდა. თავშესაფრის ხელმძღვანელობის მიმართ ჩემი მთავარი პრეტენზია ისაა, რომ გაწერილი პროცედურები, ზერელედ ან საერთოდ არ სრულდება. ძაღლების ნაწილს საკარანტინე პერიოდის ნაცვლად, შეყვანისთანავე ვოლიერებში ათავსებენ, უმეტესობას კი კლავენ“ - ამბობს თინა ჭავჭანიძე.
მისი თქმით, როდესაც თავშესაფრის აშენების იდეა გაჩნდა, არასამთავრობოების დახმარებით, მუშაობის სპეციალური გეგმა შემუშავდა. პროექტში ის პროცედურული სამუშაოები იყო გაწერილი, რომლითაც თავშესაფარმა უნდა იხელმძღვანელოს. პროცედურა ცხოველთა (ძაღლი, კატა) პერმანენტულ ზედამხედველობას, სამაშველო ოპერაციების (ცხოველთა აყვანა - ტრანსპორტირება) შესრულებას, მუნიციპალურ თავშესაფარში მათ დროებით დაბინავებას, ვეტერინარულ მომსახურებას - ვაქცინაციას, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, და სტერილიზაცია-კასტრაციას ითვალისწინებს.
ძაღლის თავშესაფარში მიყვანისთანავე მისი ვოლიერში მოთავსება აკრძალულია. ვეტერინარი ცხოველს 10 დღის განმავლობაში უნდა დააკვირდეს, ვაქცინაცია-სტერილიზაცია ჩაუტაროს და ვოლიერში მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვანოს.
10 დღის შემდეგ, თუ აღმოჩნდა, რომ ძაღლი მძიმედაა დაავადებული, მხოლოდ და მხოლოდ ვეტერინარის ნებართვით, უმტკივნეულო მეთოდებით ანუ, ევთანაზიის გამოყენებით უნდა დააძინონ.
ხოლო, თუ ცხოველი ჯანმრთელია, ის ან გაჩუქდება ან მიკედლებულ ადგილს უბრუნდება.
გარდა ამისა, მუნიციპალური თავშესაფარი კერძო თავშესაფრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ცხოველების ნაწილი იქ გადაჰყავთ.
თამაზ ელიზბარაშვილი ერთ-ერთი ასეთი თავშესაფრის მფლობელია. ის ამბობს, რომ მასთან მუნიციპალური თავშესაფრიდან ძაღლები ძალიან ხშირად შეჰყავთ. ელიზბარაშვილის ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების სამსახური დაახლოებით 40-მდე ძაღლს იჭერს, მუნიციპალურ თავშესაფარში კი, მხოლოდ 200-მდე ძაღლის ადგილია. შესაბამისად, თავშესაფარს ყველა უზედამხედველო ცხოველის შეფარების საშულება არ აქვს.
„თავშესაფრის ხელმძღვანელობასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. პირველ რიგში, თბილისის მერიამ მისი ბიუჯეტი სწორედ უნდა განსაზღვროს. ამასთან, არაცივილური მეთოდებით ძაღლები აღარ უნდა დახოცონ” - ამბობს ელიზბარაშვილი.
თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლის ძაღლების მუნიციპალური თავშესაფრისთვის 400 000 ლარია გამოყოფილი, - ერთი ცხოველის ევთანაზია 3-5 ლარი ჯდება.
2012 წლის 31 დეკემბრამდე თბილისის მასშტაბით მუნიციპალურ თავშესაფარში სულ 4776 ცხოველი შეიყვანეს, აქედან მიკედლების ადგილს დაბრუნებულია - 504, გაჩუქდა - 259, თავშესაფარს დაექვემდებარა 938, დარჩა 184, ხოლო ევთანაზია ჩაუტარდა 3838 ცხოველს.
არასამთავრობოების რეკომენდაციით, ცხოველთა პოპულაციის მართვა საერთაშორისო ჰუმანური ნორმებითა და მეთოდებით უნდა ხორციელდებოდეს. “ქუჩაში უზედამხედველო ძაღლების მომრავლების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციას თავშესაფარი ვერ უზრუნველყოფს. ამის გარეშე პოპულაციის მართვა ვერ მოხერხდება, გარდა ამისა, მიკედლებულ ადგილზე გაშვებული ძაღლები იდენტიფიცირებულები უნდა იყვნენ და საზოგადოებამ იცოდეს, რომ სპეციალური ნიშნის მქონე ძაღლები, მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ,” - ამბობს ჭავჭანიძე.
აღსანიშნავია, რომ ცხოველთა უფლებები არცერთ იურიდიულ დოკუმენტში მოხსენიებული არ არის, თუმცა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით ისჯება. კერძოდ, "ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე”.
2012 წლის 12 აგვისტოს თბილისის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით, ძაღლების შერკინება აიკრძალა. თუმცა, მიუხედავად ამისა ძაღლების ჩხუბი არალეგალურად მაინც იმართება. ამავე დებულებით, ძაღლებისა და კატების პატრონები ვალდებულნი არიან, მოუარონ საკუთარ ცხოველებს, მათი ჯიშისა და ბიოლოგიური განსაკუთრებულობის გათვალისწინებით, უნდა გაუკეთონ საიდენტიფიკაციო მიკროჩიპი ან სპეციალური საყელური, გარდა ამისა, ქუჩაში სასეირნოდ გასაყვან ძაღლს სპეციალური ნებართვის ბარათი უნდა ჰქონდეს. ცხოველის გარდაცვლის შემთხვევაში აუცილებელი მოთხოვნაა, ამის შესახებ ვეტერინარულ სამსახურებს – ვეტერინარულ კლინიკას და მერიის შესაბამის უწყებას ეცნობოს. მათ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დამარხავენ.
დადგენილების მიხედვით, უზედამხედველო ქუჩის ცხოველებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დახოცავენ. ანუ, მაშინ, როცა ცხოველი ტრავმირებულია, წვალობს ან საშიშია საზოგადოებისათვის. ასევე, გათვალისწინებულია მაწანწალა ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია.
სოფო ჯიბუტი, რომელსაც სახლში ორი ძაღლი ჰყავს, ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ამ დადგენილებაში მოსწონს, პატრონისთვის დაკისრებული მოვალეობაა, რომელიც ცხოველის მიერ დასვრილი ადგილის გასუფთავებას ითვალისწინებს. დანარჩენი მუხლები კი, სოფოსთვის ძალიან ბუნდოვანია და მისი აზრით, ისევ ცხოველების საწინააღმდეგოდაა მიმართული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელი ცხოველთა დაცვის არცერთ საერთაშორისო კონვენციაზე არა აქვს მოწერილი.
„პირველ რიგში, საჭიროა, მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა და მოხდეს საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება. ჩვენ მოვითხოვდით რომ საქართველო “ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციას“ მიერთდებოდა. ამ დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი რეგულაციები, რაც ცხოველთა დამცველებს მუშაობას გაგვიადვილებს. ჩვენ გვინდა, რომ ცხოველთა, კერძოდ კი ძაღლების უსაფრთხოება სახელმწიფო ორგანიზაციების დონეზეც იყოს გარანტირებული “- ამბობს „ცხოველთა დაცვის კომიტეტის“ თავმჯდომარე.
„ლიბერალი“ მინიციპალიტეტის თავშესაფრის დირექტორს დავით სადათერაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსთან თემურ გიორგაძესთან გადაგვამისამართა.
გიორგაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სტერილიზაციის მეთოდით, ძაღლების პოპულაციის მართვა კონტროლდება, დღესდღეობით თბილისის მასშტაბით, ათასობით უზედამხედველო ცხოველია. მათი უმეტესი ნაწილი კი მძიმე დაავადების მქონეა: “დღის განმავლობაში უამრავი გამოძახება გვაქვს, ზოგჯერ მაწანწალა ძაღლები მოსახლეობას სახლებში უვარდებიან, გარეთ ბავშვების გამოყვანის ეშიანიათ. ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ იმ ძაღლების დაახლოებით 80%, რომლებიც თავშესაფარში შემოჰყავთ, დასაძინებელია. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი უსაფრთხოებაა,“ - აღნიშნა გიორგაძემ.
“ლიბერალმა” მუნიციპალურ თავშესაფარში შესვლა სცადა, თუმცა სტატიაზე მუშაობის პერიოდში ეს ვერ მოვახერხეთ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა დაავადებების გავრცელების საშიშროება მოიმიზეზა. მისი განმარტებით, სტრუქტურა საჯაროა, თუმცა დაავადებების გამო, წინასწარ მომზადება და გარედან შესული პირებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა საჭირო.