Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩახალიანის საქმე

14 თებერვალი 2013

ვააგ ჩახალიანმა ციხეში ყოფნის დროს ქართული ისწავლა და დარწმუნდა, რომ შეუძლია მშობლიური რეგიონის ღირსეული ცხოვრებისთვის იბრძოლოს.

თურმე, “თანამედროვე არძინბას” ვიცნობ. ეს იანვრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტისგან გავიგე, როცა მან ვააგ ჩახალიანის შესახებ ისაუბრა.

ვააგი 2005 წელს გავიცანი, მაშინ, როცა ჯავახეთში დიდი ვნებები ბობოქრობდა. რეგიონში გაიგეს, რომ რუსული ბაზების გაყვანა მალე იგეგმებოდა. მაშინ ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, სიტუაციით ესარგებლათ და ქვეყნის მმართველებისთვის შეეხსენებინათ, რომ დადგა დრო "ვარდების რევოლუცია"მშობლიურ რეგიონშიც ეგრძნოთ.

ახალქალაქის ცენტრში ორი მიტინგი გაიმართა. იმ დროისთვის იქაურობისთვის არნახული რაოდენობის - ხუთი ათასზე მეტი - ადამიანი შეიკრიბა. ძირითადად ის ახალგაზრდები გამოვიდნენ, რომლებიც სეზონური სამუშაოების შემდეგ რუსეთიდან უკან დაბრუნდნენ.

მაშინ საზაფხულოდ რუსეთში წასვლა ადგილობრივი მამაკაცებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. ჯავახურ ჟარგონზე ამას "ხოპანს"ეძახდნენ, იმათ, კი ვინც რუსეთში დადიოდა - "ხოპანშჩიკებს»

არავის საიმოვნებდა რუსეთის ცივ ქალაქებში სიარული, საერთო საცხოვრებლებსა და სარდაფებში ცხოვრება იმისთვის, რომ ჯავახეთში დარჩენილი ოჯახისთვის რაღაც მაინც ეშოვათ. მაგრამ სხვა სამუშაო რეგიონში, უბრალოდ, არ არსებობდა. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ძალიან მალე მოაგროვეს ათასობით ადამიანი იმისთვის, რომ რეგიონის მძიმე ყოფა გაეპროტესტებინათ.

ახალქალაქში 30 წლამდე ბიჭების საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, "ერთიანი ჯავახი"დაირქვეს. მათ შორის იყო მაღაზიის მფლობელი, ევროპიდან ახალდაბრუნებული ჯავახეთის მკვიდრი, ოპოზციურად განწყობილი ქალაქის მერი, ახალგაზრდა სპორტსმენი ვააგ ჩახალაინი და სხვები.

მიტინგებზე მოითხოვდნენ, რომ ცენტრალურ ხელისულფლებას გზა გაერემონტებინა, სოციალური პრობლემები მოეგვარებინა, კორუფციისთვის და ადგილობრივი "კლანებისთვის"მიეხედა. ასევე დაინტერესებულიყო იმით, თუ რატომ ეთომობოდა სომხურ ენასა და ისტორიის შესწავლას სკოლებში ნაკლები ყურადღება.

მიტინგების ყველა ორგანიზოტორი აღნიშნავდა, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ ითხოვდნენ ჯავახეთის გამოყოფას ან ავტონომიას - ეს ლოზუნგები წარსულში დარჩა. ყველანი თანხმდებოდნენ, რომ ადგილობრივი პრობლემები მხოლოდ ქართულ, და არავითარ შემთხვევაში - სომხურ, ან მით უმეტეს, რუსულ ხელისუფლებას გადაეწყვიტა.

თბილისში სიტუაცია მალევე შეაფასეს. შსს-ს ხელმძღვანელობამ რეგიონში სასწრაფოდ გაგზავნა საკუთარი წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად და “ემოციური ახალგაზრდების” რისხვის ჩასახშობად. ვიღაცებს ხელისუფლებაში ადგილი შესთავაზეს, ვიღაცებს დაპირდნენ, ბიზნესში დაგეხმარებითო. საინიციატივო ჯგუფიდან ერთადერთი ვააგ ჩახალაინი არ გაჩუმდა. ის აგრძელებდა საქართველოს და სომხეთის ხელისუფლების დადანაშაულებას მცდელობაში, რომ “მოესყიდათ” რეგიონი.

ჯერ კიდევ მაშინ, ექვსი წლის წინ ჩახალიანი სეპარატისტობასა და ქართველოფობიაში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ. ის ყოველთვის ბრაზობდა, როცა მეც იმავეს ვეკითხებოდი და ორი არგუმენტი მოჰყავდა: "ქართველი ცოლი მყავს"და "თუკი სააკაშვილი არ მომწონს, რატომ უნდა დავხვედროდი გამგეობაში ვარდების თაიგულით?»

ეს სიტყვები ადგილობრივ გამგეობასთან აქციის წინ მითხრა. დიდი ხნის განმავლობაში თბილისი ჯავახეთს ერთი ოჯახის, რაისიანოვების ხელით მართავდა (სწორედ მათ დაეყრდნო "ქართული ოცნება"წინასაარჩევნოდ). მათი მექრთამეობის შესახებ მაშინ უკლებლივ ყველა დაპარაკობდა. თბილისიდან აჭიანურებდნენ რაისიანოვების ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, ჯავახეთში კი ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ხელსუფლებას არაფრის შეცვლა არ სურდა. 

საბოლოოდ ცვლილებებმა ჯავახეთამდეც მიაღწია, ოღონდ, რამდენიმე წლის შემდეგ. აქ არც ერთი პრეზიდენტი არ ყვარებიათ, და ალბათ, არც შეიყვარებენ ისე, როგორც სააკაშვილი უყვართ. ის პირველი ქართველი ლიდერი იყო, რომელსაც არ ეშინოდა ჯავახეში ჩასვლის და მეტიც - ყოველთვე დადიოდა იქ. პრეზიდენტი სოფლებში მეუღლესთან ერთად ჩადიოდა, ხვდებოდა უბრალო ადამიანებს, და მათთან თავი ისე ეჭირა, როგორც თანასწორებთან. არაფერ მსგავსზე ადგილობრივ მცხოვრებლებს მანამდე არასდროს უოცნებიათ.

სააკაშვილის გუნდმა ჯავახეთში არანახული მშენებლობები დაიწყო. გაარემონტა ცენტრალური გზა და დედაქალაქამდე კიდევ ერთი ახალი გზა გაიყვანა. რეგიონში, სადაც ნახევარი წელიწადი მძიმე ზამთარია, იაფი გაზი გაიყვანეს, აღარაფერს ვამბობ დროულად გაცემულ პენსიებსა და ხელფასებზე.

იმდროინდელი ოპოზიცია ხშირად სპეკულირებდა იმით, რომ სააკაშვილის პარტია ჯავახეთში 90 პროცენტზე მეტს იღებდა. მაგრამ ცოტა აცნობიერებდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი იყო პრეზიდენტი ადგილობრივი გლეხებისთვის, რადგან  მათ დიდი ხნის განმავლობაში უმეორებდნენ, რომ "მეორეხარისხოვანი მოქალაქეები" იყვნენ და მათთვის არ ეცალათ.

სააკაშვილის პოლიტიკის ერთ-ერთი დიდი წარმატებული ნაბიჯი იყო საგანმანათლებლო პროექტი ჯავახეთის აბიტურიენტებისთვის. მათ საშუალება მისცეს შეღავათიანი პირობებით ესწავლათ ქართულ და არა სომხურ ან რუსულ უნივერსიტეტებში. სპეციალისტები ამ ახალგაზრდებს ჯავახეთის ინტეგრაციის "პირველ მერცხლებს" უწოდებდნენ.

გასული თვის ბოლოს მათ ქართული ენის ცოდნა გამოადგათ. სააკაშვილის ფრაზას ჩახალიანის შესახებ, სტუდენტები მეორე დღესვე უზიარებდნენ ერთმანეთს. ბევრი მათგანისთვის პრეზიდენტის ერთმა ათწუთიანმა გამოსვლამ ხაზი გადაუსვა იმ იმედებს და იდეებს, რომლისაც ირწმუნეს. მათ კვლავ შეახსენეს: ჯავახეთის ნებისმიერი მცხოვრები, თუკი პოლიტიკა ამას მოითხოვს, ხელსაყრელ დროს შეიძლება სეპარატისტად გამოაცხადო.

ჯავახეთში ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რომ ჩახალიანი დამნაშავეა. ის 2008 წელს დაიჭირეს, აგვისტოს ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მასობრივ არეულობებში მონაწილეობის, ხულიგნობის და იარაღის შენახვის გამო. საღამოს, როცა ვააგი მშობლიურ რეგიონში დაბრუნდა, ახალქალაქის ცენტრში შეკრებილი ასობით უბრალო მცხოვრები დახვდა. ძალიან ცოტამ იცოდა, თუ რატომ დაიჭირეს ჩახალიანი, და მით უმეტეს, პოლიტიკური პროტესტის გამოხატვა არც უცდიათ. ისინი, უბრალოდ, თანამოქალაქის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

ის, რომ ჩახალიანის სახელი ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკს შორის განტევების ვაცად იქცეოდა, მაშინვე ცხადი გახდა, როცა პარლამენტში წინადადება შევიდა, რომ ის პოლიტიკური პატიმრების სიაში შეეყვანათ. ამ ინიციატივით ომბუდსმენი, უჩა ნანუაშვილი გამოვიდა. ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის"ადვოკატები რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები დაერწმუნებინათ, რომ ჩახალიანის საქმე შეკერეს და ის ციხეში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ "ახალგაზრდა ჯავახის"სხვა წევრებისგან განსხვავებით, კატეგორული უარი განაცხადა ეთანამშრომლა "ნაციონალებთან».

ნანუაშვილის მიერ მოყვანილი არგუმენტები საკმარისი გახლდათ იმისთვის, რომ ჩახალიანი პოლიტპატიმართა თავდაპირველ სიაში შეეყვანათ, თუმცა ცოტა ხნით. ის მაშინვე ამოიღეს სიიდან მას შემდეგ, რაც პარლამენტის უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ "რუსთავი2»-ის ეთერით განაცხადა, რომ ჩახალიანი ახალქალაქში მართლმადიდებლურ ეკლესიას დაესხა თავს.  

ასეთი ინციდენტი მართლაც მოხდა. სამღვდელო პირების შევიწროებასა და უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში შეჭრაში რამდენიმე ათეული ადგილობრივი ახალგაზრდა მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დანაშაულის შესახებ მთელმა ქვეყანამ გაიგო, ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაუსამართლებიათ და არ დაუსჯიათ.

დღეს, როცა ჩახალიანის შესახებ მკაცრ განცხადებებს აკეთებენ, ოპოზიცია იმ ადამიანებს ივიწყებს, რომლებიც 2005 წელს ბარიკადებზე "სეპარატისტების"გვერდით იდგნენ. მაგალითად, ნაირ ირიციანს, რომელიც ახალქალაქის გამგეობას "ნაციონალური მოძრაობის" პარტბილეთით ხელმძღვანელობდა. მხოლოდ წინა კვირაში დაჰყვა ირიციანი დღევანდელ პოლიტიკურ მოდას, პოლიტიკური ხედვა შეიცვალა და კოალიცია "ქართულ ოცნებაში"გადავიდა.

ასე, შორს წასვლაც არ არის საჭირო. ე.წ. სეპარატიზმის შესახებ ოპოზიციონერებს შეუძლიათ ყოველდღე გაიხსენონ, როცა პარლამენტში მივლენ. ნაციონალების დეპუტატის მანდატი ახალქალაქიდან სამველ პეტროსიანს, "ჯავახკის"90-იანი წლების ლიდერს აქვს. ოდესღაც სწორედ მან მოუწყო შეიარაღებული წინააღმდეგობა ზვიად გამსახურდიას წარგზავნილებს.

ის, რომ ამ ადამიანებთან და სხვა აქტივისტებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობა შეძლეს, მისასალმებელია. ჩახალიანი - ანგელოზი ნამდვილად არ არის. მაგრამ თუკი ის ჯაშუში იყო და ბრალი სხვა მძიმე დანაშაულებებშიც ედება, რაშიც პრეზიდენტი ადანაშაულებდა, მაშინ, ალბათ, სჯობდა, შესაბამისი მუხლებით გაესამართლებინათ და არა - ხულიგნობისა და იარაღის შენახვის ბრალდებით. ამის გაკეთებას "ნაციონალებს"არავინ უშლიდა იმ ოთხი წლის განმავლობაში, სანამ ჩახალიანი ციხეში იყო.

მჯერა, რომ 32 წლის ჩახალიანი არ დაწყნარდება. ციხეში მან ქართული ენა ისწავლა და დარწმუნდა, რომ ბრძოლა მშობლიური რეგიონის ღირსეული ცხოვრებისთვის - სწორი გზაა.

ძნელად წარმომიდგენია, რომ ჩახალიანმა დღევანდელ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა შეძლოს, არაფერს ვიტყვი ოპოზიციაზე, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად ბრალს სდებს იმის გამო, რომ მან იგი ციხეში გამოკეტა. შესაძლოა, მან ან რეგიონის ხელისუფლებაში მოსვლა მოინდომოს, ან - სულაც პარლამენტის მაჟორიტარობა.

არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ძალადობაში გადაიზარდოს. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრის დაპირების იმედად ვრჩებით, რომელიც ამბობს, რომ დანაშაულისთვის მკაცრად დაისაჯოს ყველა, ვისაც ამნისტია შეეხო.

 

ფოტო: გაერთიანება "ჰაიარტუნი"

https://www.facebook.com/OfficialHAYARTUN

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^