ინტერვიუ "საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელთან, მარინა მუსხელიშვილთან
არჩევნებიდან ორ დღეში "ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო სტრატეგიის შესახებ დაწერეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შედეგების აღიარების სანაცვლოდ ლეგიტიმური ოპოზიცის სტატუსის მოპოვებას გეგმავდა, შემდეგში კი საბოტირებას შეეცდებოდა. დღეს ისე ვითარდება მოვლენები, როგორც თქვენ ივარაუდეთ, რა პროცესებს ვაკვირდები?
1 ოქტომბრიდან დგას საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ლეგიტიმური ძალა, რომელსაც ისევე შეუძლია პოლიტიკაში მონაწილეობა, როგორც სხვა ძალებს. ამაზე საზოგადოებაში ერთი აზრი არ არსებობს. ნაციონალური მოძრაობის მთელი სტრატეგია დაფუძნებულია იმაზე, რომ არ აღიაროს საკუთარი დელეგიტიმაცია და დანაშაული. ახლა ნაციონალური მოძრაობა ფაქტობრივად საარჩევნო კამპანიას ატარებს და ცდილობს, რომ ისევ ისეთი პოლიტიკის დღის წესრიგი შექმნას, როგორიც აქამდე იყო - ერთ მხარეს ნაციონალური მოძრაობა და მეორე მხარეს “ქართული ოცნება”.
არ მიმაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა იყოს აღიარებული პოლიტიკური ორთაბრძოლის ლეგიტიმურ მხარედ, ხელისუფლების ოპოზიციად და არ ვეთანხმები ჟურნალისტებს, რომლებიც დებატებში ცალ მხარეს იწვევენ "ოცნებას" და მეორე მხარეს - ნაციონალურ მოძრაობას. ამ პროცესში საქართველოს მოსახლეობა და მისი ინტერესები დაჩრდილულ მხარედ რჩება, რომელსაც სინამდვილეში არ შეუძლია პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა.
ნაციონალური მოძრაობის ეს სტრატეგია აბრკოლებს კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესის წარმართვას. მოსახლეობა რეალობის ორ განსხვავებულ სურათში ცხოვრობს, რომელსაც ორი კონკურენტი პოლიტიკური ძალა ქმნის.
საზოგადოების გამთლიანებისთვის უნდა მოხერხდეს შეთანხმება იმაზე, თუ რა არის რეალობა, როგორ სინამდვილეში ვცხოვრობთ და რა ხდება ტელეეკრანებს მიღმა. ფაქტების შესახებ შეფასებები, მოსაზრებები, ღირებულებები და ა.შ. შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ფაქტების, როგორც ასეთის, აღიარების გარეშე უკიდურესი პოლარიზება გარდაუვალია. ეს საზოგადოებისა და მედიის გასაკეთებელი საქმეა და ამ პრობლემას არ მოაგვარებს მხოლოდ სამართლებრივი გამოძიებები რომლებიც, თავისთავად აუცილებელი და საჭიროა.
რატომ ვერ ახერხებს მედია მიმდინარე მოვლენების სწორად აქცენტირებას და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის რეფლექსიის სივრცის შექმნას?
ეს ზოგადად, თანამედროვე წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრობლემაცაა.
დემოკრატიულ ქვეყნებში მოსახლეობას მეტ-ნაკლები გავლენა აქვს პოლიტიკოსებზე, რომლებსაც ხმას აძლევენ, მაგრამ გაცილებით ნაკლები გავლენა აქვთ მედიაზე, რომელიც პოლიტიკის დღის წესრიგს ქმნის და განსაზღვრავს, ანუ იმაზე, რა იქნება მნიშვნელოვანი და რა - მეორეხარისხოვანი საკითხი.
საქართველოს შემთხვევაში, მოსახლეობას მედიაზე გავლენა პრაქტიკულად არ აქვს. პოლიტიკის დღის წესრიგის ფორმირებაზე პოლიტიკური ძალები მოქმედებენ, რომლებიც მანიპულირებით ახერხებენ დღის წესრიგში საკუთარი თავის დამკვიდრებას, როგორც მთავარი პოლიტიკური მოვლენის. ნაციონალურ მოძრაობას ამ შემთხვევაში აქვს უზარმაზარი რესურსი ტელევიზიების სახით, რომლის მეშვეობითაც წარმატებით ახერხებს საჯარო სივრცის საკუთარ ინტერესებზე მორგებას.
არსებობს მრავალი მეთოდი, რომელიც შეიძლება არაპოპულარულმა პოლიტიკურმა ძალამ გამოიყენოს, რათა საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს. ასე მაგალითად, დიდი ტყუილის გავრცელება და ბევრჯერ გამეორება ამ ტყუილს საზოგადოების ყურადღების ცენტრში აქცევს. ეს პიარის სტრატეგიაა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა იყენებს.
ნაციონალები მუდმივად პროვოცირებენ. პროვოცირება, როგორც პოლიტიკური სტრატეგია მუშაობს. განცხადებები, რომლებიც გამაღიზიანებელია საზოგადოებისთვის, მედიის ყურადღებას იპყრობს და იმ ადამიანების ტირაჟირებას ახდენს, რომლებიც საზოგადოებას აღიზიანებს, მაგრამ მათდამი ყურადღებას უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში, ცუდი პიარიც პიარია.
მედიას გააზრებული არ აქვს, რომ ჟურნალისტიკა რომელიც საქართელოში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში დაამკვიდრა "რუსთავი2"-მა და რაც ფართოდ გავრცელდა, ჟურნალისტიკის კარგი კონცეფცია არაა. ეს იდეოლოგიური ჟურნალისტიკაა, რომელიც ხელმძღვანელობს არა ქვეყანაში არსებული რეალობითა და საზოგადოების დღის წესრიგით, არამედ - იდეოლოგიით, საკუთარი პოლიტიკური ხედვით და ორიენტირებულია ამ ხედვების საზოგადოებისთვის მიწოდებაზე.
თუმცა მედია ცდილობს დააბალანსოს მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალების ხედვები და სივრცეს უქმნის ორივე მათგანის წარმომადგენელს. როგორ მუშაობს საპირისპირო აზრის დაბალანსების ასეთი კონცეფცია?
ეს კონცეფცია გულისხმობს, რომ არსებობს ორი მხარე, რომელსაც ჟურნალისტი უბრალოდ ასახავს. სინამდვილეში ეს მანიპულაციური კონცეფციაა - ჟურნალისტებს ცალმხრივად ესმით მხარეების წარმოჩენისა და ნეიტრალობის საკითხი. მათ ჰგონიათ, რომ არსებულ მხარეებს ასახავენ, სინამდვილეში კი, თვითონ განსაზღვრავენ მხარეებს. დღეს მედიაში წარმოჩენილი მხარეები "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნებაა". თუ "ნაციონალური მოძრაობა" მხარეა, ე.ი. ის ლეგტიმური პოლიტიკური ძალაა და ამგვარად, ჟურნალისტები ხელს უწყობენ "ნაციონალური მოძრაობის" მისწრაფებას, დამკვიდრდეს და იმოღვაწეოს, როგორც ლეგიტიმურმა პოლიტიკურმა ძალამ.
ამ თამაშის წესს აგრძელებს არამარტო "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშ მყოფი ტელევიზიები, არამედ, გარკვეულწილად, დამოუკიდებელი არხებიც. ასე მაგალითად, მაესტროც, რომელიც ერთ მხარედ წარმოაჩენს კობა დავითაშვილს და საპირისპირო მხარედ - სერგო რატიანს, "რუსთავი2"-ის დღის წესრიგის გავლენის ქვეშ ექცევა. სწორედ ამიტომ ხდება, რომ მოსახლეობა, რომელიც ელოდა, რომ არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა მეორე პლანზე გადავიდოდა და პოლიტიკის დღის წესრიგს ახალი ხელისუფლება წაიყვანდა, ხედავს რომ ასე არ ხდება. ტელევიზორის ჩართვისას ნაციონალური მოძრაობა ისევ იქ არის, თავისი მანიპულაციით, სიცრუით, აგრესიით და ამას არაფერი ეშველება.
მეორე ასპექტი, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება არის ის, თუ რა თემაა განხილვის საგანი. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. რას უნდა აკეთებდნენ დამოუკიდებელი ჟურნალისტები - უნდა რეაგირებდნენ და ოპონირებდნენ "რუსთავი2"-ის მიერ წამოწეულ თემებზე, თუ უნდა ქმნიდნენ განსხვავებულ საინფორმაციო სივრცეს, რომელიც მოსახლეობითვის ბევრად უფრო ღირებული იქნება. როგორც მმართველ კოალიციაში, ასევე მის მიღმა არსებობს აზრთა სხვაობა ბევრ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, იქნება ეს ეკონომიკა, სოციალური სფერო თუ საგარეო ურთიერთობები. სწორედ ეს სხვაობებია ღირებული რესურსი პოლიტიკური პლურალიზმისა, რომელიც პოლიტიკური პროცესის ჩრდილში კი არ უნდა რჩებოდეს, არამედ საჯარო სივრცეში უნდა იყოს წარმოჩენილი.
რისი გაკეთება შეუძლია საზოგადოებას ამ პირობებში საკუთარი ინტერესების დასაცავად?
ჩვენ არ შეგვიძლია "რუსთავი2"-ზე ზემოქმედება, მაგრამ გაცილებით რადიკალურები უნდა ვიყოთ პირველი არხისადმი. ის, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხდება, პროფესიული ჟურნალისტიკის ნებისმიერ სტანდარტს სცილდება. ამიტომ, საზოგადოებას სრული უფლება და შესაძლებლობა გვაქვს, ამის შეცვლა მოითხოვოს. უნდა მომზადდეს შინაარსობრივი კონტეტნტანალიზი იმისა, რაც, მაგალითად, კვესიტაძისა და პაიჭაძის გადაცემებში ხდება და დასაბუთებულად განვაცხადოთ, თუ რატომ არ ვარგა მსგავსი ჟურნალისტიკა.
საზოგადოება ვერ ჩაერევა "რუსთავი2"-ის სამაუწყებლო პოლიტიკაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამაუწყებლო სიხშირეები, რომლებითაც ტელევიზიები სარგებლობენ, არის საზოგადოების საკუთრება, და ამასთან ეს სიხშირეები შეზღუდული რესურსია. არსებობს სულ რამდენიმე სიხშირე, რომლითაც შესაძლებელია საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორიის დაფარვა ისე, რომ მაყურებელს არ დასჭირდეს თეფში ან საკაბელო ტელევიზია. ასეთი მაყურებლები კი ჯერჯერობით მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენენ. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ არჩევანი. ამ არჩევნის უზრუნველყოფა შესაძლოა ორი გზით. პირველი გულისხმობს სწრაფვას იმისკენ, რომ ყველა ტელევიზია, რომელიც ამ შეზღუდულ სიხშირეებს იყენებს, იყოს დაბალანსებული და მიუკერძოებელი. ეს სცენარი ნაკლებად რეალისტური მგონია. მეორე გზა არის ის, რომ მაყურებელს შეექმნას არჩევანი რამდენიმე ზომიერად მიკერძოებულ არხს შორის, თუკი "ოპოზიციური" რუსთავი2 ფლობს ლიცენზიას ამგვარ სიხშირეზე, საჭიროა, რომ არსებობდეს ანალოგიური სიხშირული ლიცენზიის მქონე სხვა, "პროსახელისუფლებო" არხი.
თუ მედიასივრცე არ შეიცვლება, ეს რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ცხოვრებაზე?
თუ მედია ამ პოზიციებზე დარჩა, რაზეც დღესაა, საზოგადოება განწირულია მუდმივი პოლარიზებისთვის, პოლიტიკაში პროვოკატორების წარმოჩენისა და არაკონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისათვის. სულ ერთია, სააკაშვილის მიერ იქნება ეს ინსპირირებული თუ სხვა ახალი სახეები წარმოიქმნება - ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი ამ გაუთავებელი მიუღებელი პოლიტიკური დისკურსით დაიჩრდილება.
ამ წუთას არ ვსაუბრობ იმაზე, თუ მომავალ რამდენიმე თვეში როგორ განვითარდება პროცესები. ეს დამოკიდებულია უშუალოდ სააკაშვილზე - თუ რამდენად წავა ის სიტუაციის გამწვავებაზე და რა დოზით გამოიყენებს ამ პროვოკაციულ პოლიტიკას საკუთარი თავის გადასარჩენად, ან რა დოზით დარჩება პოლიტიკაში. მთავარი საკითხი ისაა, როგორ ვიცხოვრებთ მაშინ, როდესაც სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი.
საქართველოში ათწლეულებია პროვოკაციებზე აგებული პოლიტიკა დომინირებს. ცხადია, ის უფრო ყურებადია ვიდრე კონსტრუქციული და საქმიანი პოლიტიკა. თუკი ჟურნალისტი მიმართულია სკანდალის აყოლასა და პროვოკაციების ირგვლივ ჭორაობაზე, მაშინ საზოგადოება განწირულია, რომ არასდროს ეყოლება მედია, რომელიც მის საჭიროებებს გააშუქებს და მის ინტერესებს მოემსახურება. ნებისმიერ საზოგადოებაში კონსტრქუციული პოლიტიკა მეტ-ნაკლებად მოსაწყენი და არაემოციურია. ის ოპერირებს ციფრებით, ფაქტებთ, არგუმენტაციით, არ იწვევს აგრესიას, მაყურებელს ფიქრისთვის განაწყობს და არა გაღიზიანებისთვის. მედია საშუალებებმა უნდა გადაწყვიტონ, რას აკეთებენ: წარმოაჩენენ პოლიტიკას როგორც სპექტაკლს, როგორც დრამას, როგორც გართობას თუ ხელს უწყობენ საზოგადოებას, რომ მან ინფორმირებული და გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოს და, საკუთარი ინტერესებიდან გამომინარე, ზემოქმედება მოახდინოს ხელისუფლებაზე. მედიის მიერ პოლიტიკის "სკანდალური ვერსიის" წარმოჩენის პრობლემა, სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოს არ აწუხებს, ის განვითარებული დემოკრატიებისთვისაცაა დამახასიათებელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის ყველგან დემოკრატიისთვის ზიანისმომტან მოვლენად განიხილება.
საზოგადოებრივ ინტერესებსა და ჟურნალისტიკის მიზნებს შორის რა კავშირი ნარჩუნდება თანამედროვე საზოგადოების სტრუქტურიდან გამომდინარე?
დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების ოპტიმისტების აზრით, რაც უფრო კარგი და სწორი აზრები გაჟღერდება მედიაში პოლიტიკოსების მიერ, მით უფრო მაღალია გადაცემის რეიტინგი და მით პოპულარულია პოლიტიკოსი. პრაქტიკაში კი ცხადი ხდება, რომ ტყუილი შესაძლოა ბევრად უფრო რეიტინგული იყოს, ვიდრე სიმართლე. ტყუილიც და პროვოკაციით მაყურებლის გაღიზიანებაც, რეიტინგის ზრდის სიტიმულია. ამიტომ, მედია დაინტერესებულია არა მხოლოდ ობიექტური და სასარგებლო ინფორმაციის გავრცელებით, არამედ ტყუილების გვრცელებითაც. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისა და მედიის ინტერესები, შესაძლოა, ერთმანეთს აცდეს.
როგორ მუშაობს სიტყვის თავისუფლების კონცეფცია თანამედროვეობაში, თავისთავად უზრუნველყოფს თუ არა დადებითი შედეგების მიღწევას?
არც თანამედროვე პირობებში და არც სხვა დროს, სიტყვის თავისუფლება თავისთავად არ მუშაობს - მას სჭირდება ლეგიტიმაცია, რომელიც მომდინარეობს მიზნიდან , თუ რისთვის გამოიყენება სიტყვის თავისუფლება. არავის არასდროს უთქვამს, რომ ტყუილი, შეურაცხყოფა, დემაგოგია და უზრდელობა მისაღები უნდა იყოს საზოგადოებაში სისტემური გავრცელებისთვის, უბრალოდ, იმის გამო, რომ სიტყვის თავისუფლება არსებობს.
საზოგადოებაში ყოველთვის ორი საპირისპირო ტენდენცია მოქმედებს - ერთი, მოთხოვნილება, რომ სიახლე და განსხვავებული აზრი ითქვას და რეალიზდეს სიტყვის თავისუფლება, მეორე, რომ ეს გამოხატვა და თავისუფლება შეზღუდული იყოს სხვა ადამიანების წინაშე გარკვეული ვალდებულებებით. ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვსაუბრობთ სიცარიელეში, არამედ სხვა ადამიანებს ვესაუბრებით და ვითვალისწინებთ მათ რეაქციას. ზუსტად იგივე უნდა ხდებოდეს პოლიტიკასა და მედიაშიც - სიტყვის თავისუფლების საზომი უნდა იყოს პასუხისმგებლობა იმ საზოგადოების წინაშე, რომელსაც მიმართავ. თუ საზოგადოგადოებას მუდმივად ტყუილით, დამცირებითა და შეურაცხყოფით მიმართავ, ბუნებრივია, ის შენი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას საკუთარ ხელში არსებული იმ ინსტრუმენებით შეეცდება.
ეს ბალანსი სიტყვის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის კანონმდებლობის გარდა დაუწერელი საზოგადოებრივი ნორმებითა და ეთიკის სტანდარტებით რეგულირდება. თავის დროზე კანონი, რომელიც საქართველომ სიტყვის თავისუფლების შესახებ მიიღო, უაღრესად ლიბერალური იყო, რამაც ჩვენ პოლიტიკოსებს ყველაფრის თქმის საშუალება მისცა ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. რაკი პოლიტიკოსების ამ თავნებობას არ ზღუდავს კანონი და მისი შეზღუდვის შესაძლებლობა არ არის გათვალისწინებული არც ხელისუფლების, არც მედიის მიერ, ეს მოთხოვნილება შესაძლოა გადაიზარდოს ძალადობაში, რაც სამწუხარო, მაგრამ გარდაუვალი რეალობაა.
რა დასკვნების გამოტანა შეიძლება საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტიდან - ნაციონალური მოძრაობის წევრებისადმი ძალადობა არსებული რეალობის შედეგი იყო?
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მოწმე გახდა, თუ რა აგრესიას იწვევს მათი რიტორიკა საზოგადოებაში. პოლიცია მათ დაცვას დღეს მოახერხებს, მაგრამ ყოველთვის ვერ დაიცავს საზოგადოების აგრესიისგან. რაც არ უნდა ეგონოთ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ეს არ იყო ახალი ხელისუფლების მიერ მოწყობილი აქცია - საზოგადოების აბსოლუტურად სპონტანური რეაქცია იყო და, სამწუხაროდ, ალბათ არა უკანასკნელი. ძალადობას გამართლება არა აქვს, მაგრამ ფაქტია, თუ ისინი მომხდარისგან დასკვნებს არ გამოიტანენ და საკუთარ რიტორიკას არ შეცვლიან, ხელისუფლება კი უფრო მკაცრ კურსს არ გაატარებს ნაციონალური მოძრაობის მიმართ, საზოგადოების გაღიზიანება მხოლოდ გაიზრდება, და შესაძლებელია, ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევები მომავალშიც განმეორდეს.
ასეთი ძალადობის თავიდან აცილება მხოლოდ იმითაა შესაძლებელი, რომ საჯარო სივრცე გახდეს უფრო ადეკვატური. თუ დავუბრუნდებით იმას, რითაც დაიწყო ეს ინტერვიუ, იმავე წერილში მე მოვუწოდე ხელისუფლებას შექმნილიყო ფართო საზოგადოებრივი კომისია, რომელიც გამოიძიებდა წინა რეჟიმის მიმართ არსებულ ბრალდებებს და ნაწილობრივ მაინც წერტილს დასვამდა იმ ისტორიული პერიოდის შეფასებაში, რასაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი ჰქვია. ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღონ უცხოელებმაც, რათა გამოირიცხოს ფაქტების დადგენის ჩანაცვლება შურისძიების მცდელობით, კომისიამ არ უნდა ჩაანაცვლოს სამართლებრივი პროცესი, და მისი მიზანი არ უნდა იყოს დამნაშავეთა დასჯა. მიმაჩნია, რომ ამგვარი კომისიის შექმნა აქტუალურ საკითხად რჩება, მათ შორის იმისთვისაც, რომ დავიცვათ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ცხვირები და თავები აგრესიული თავდამსხმელების შურისძიებისგან.