ეზიდი როგორც კი კარგავს რელიგიას, აღარ ითვლება ეზიდურ ეთნოსთან (ან ეთნოკონფესიურ ჯგუფთან) მიკუთვნებულ პირად.
ისტორიულად იეზიდები ჩამოყალიბდნენ, როგორც ეთნოკონფესიური ჯგუფი. უმრავლესობა ლაპარაკობს ქურთული ენის კურმანჯის დიალექტზე, თუმცა ერაყის ორ დასახლებაში ქალაქ მოსულთან ახლოს არაბულენოვანი ეზიდებიც ცხოვრობენ. იეზიდების იდენტობის მთავარი მარკერი არის რელიგია და არა ენა. ამასთან უნდა ითქვას, რომ იეზიდები, ფაქტობრივად, რელიგიას და ეთნოსს აიგივებენ, ანუ მათი თვითშეგნება რელიგიას ეყრდნობა. ეზიდი როგორც კი კარგავს რელიგიას, ის აღარ ითვლება იეზიდურ ეთნოსთან (ან ეთნოკონფესიურ ჯგუფთან) მიკუთვნებულ პირად. ქურთების უმრავლესობა ისლამის მიმდევარია და ის თავის ნაციონალურ რელიგიად მიაჩნიათ. თუმცა, მე-20 საუკუნეში სეკულარიზაციისა და ათეიზმის მომძლავრების კვალდაკვალ (მაგ., საბჭოთა კავშირში) იეზიდთა ნაწილმა, უფრო ინტელიგენციამ, ენობრივი ნიშნით დაიწყო საკუთარი თავის იდენტიფიცირება, რადგან თავად ცდილობდა რელიგიისგან შორს დაეჭირა თავი.
ეზიდებს ზოგი სუბეთნოსად, ზოგიც სუბ-ეთნოკონფესიურ ჯგუფად მოიაზრებს, ზოგიც სრულიად დამოუკიდებელ ეთნოსად აღიქვამს. ამაზე დღემდე კამათობენ მეცნიერებიც. თავად იეზიდების უმრავლესობა საკუთარ თავს ცალკე ეთნოსად მიიჩნევს, ხოლო ქურთებს როგოც მუსლიმებს, ისე აღიქვამენ.
ცნობილია, რომ ქურთებს სახელმწიფო არ აქვთ, როგორც ასეთი, მაგრამ არსებობს ეთნო-გეოგრაფიული სივრცე - ქურთისტანი, სადაც შუა საუკუნეებში დამოუკიდებელი ქურთული სამთავროები არსებობდა. დღეს ის 4 ნაწილადაა გაყოფილი, რადგან მათ ტერიტორიაზე თურქეთის, სირიის, ერაყისა და ირანის საზღვრები გადის. ქურთული ტომები ცდილობდნენ თავისი ძველი რელიგიის შენარჩუნებას და ამის ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება არაბ დამპყრობლებთან.
ქურთების ძირითადი ნაწილი დღეს მუსლიმია და მათ უმრავლესობას (ინტელიგენცია გამონაკლის წაროადგენს) არ მიაჩნია, რომ იეზიდიზმი მათი კულტურის ნაწილია. ოსმალეთის იმპერიაში ქურთებს იყენებდნენ იეზიდების და ქრისტიანების წინააღმდეგ, საქმე დევნამდეც კი მიდიოდა, რომლის შედეგადაც ეზიდები სამხრეთ კავკასიაში გადმოსახლდნენ.
იეზიდეზმა განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა და როგორც ჩამოყალიბებული რელიგია ჩანს უკვე მე-12 საუკუნეში.
საინტერესოა, რომ როდესაც ეზიდები მუსლიმთა მიერ იდევნებოდნენ, ისინი სუფიებში ხედავდნენ მოკავშირეს რადიკალური მუსლიმების წინააღმდეგ. საქმე ის გახლავთ, რომ სუფიები დერვიშები ანუ ასკეტური წესით მცხოვრები მისტიკოსები იყვნენ. ეზიდებიც დერვიშები გახლდნენ. გარდა ცხოვრების წესისა, მათ შორის არსებობს ასევე მსოფლმხედველობრივი მსგავსებებიც. მაგ., მე-10 საუკუნეში, როცა ცნობილმა სუფიმ, ჰალაჯ მანსურიმ განაცხადა - „მე ვარ ჭეშმარიტება“, ბაღდადის ხალიფმა მას თავი მოჰკვეთა, რადგან ისლამისთვის მკრეხელობაა ასეთი შეხედულება. იეზიდებიც იმავეს აღიარებენ: მათი რწმენის მიხედვით, ღმერთს და ანგელოზებს შეუძლიათ ადამიანის სხეულით მოევლინონ ამქვეყნად. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ განკაცების შესაძლებლობა აღიარებულია იეზიდიზმში, ქრისტიანული რელიგიის მიერ განკაცებულ ღმერთად მიჩნეულ იესო ქრისტეს ჩვეულებრივ უფლის რჩეულ ადამიანად თვლიან. ამ საკითხის შესახებ საქართველოში მოღვაწე იეზიდი სასულიერო პირი, აღმოსავლეთმცოდნე და საქართველოს იეზიდთა სახლის წევრი, დიმიტრი ფირბარი ჩემთან საუბარში აღნიშნავს: „ჩვენ პატივისცემით ვართ განწყობილი ყველა რელიგიების მოციქულების მიმართ და ქრისტესაც ერთ-ერთ მოციქულად მივიჩნევთ. ხოლო განკაცებულ ღმერთად ჩვენთან ითვლება შეიხი ადი (მე-12 ს.), რომელიც იეზიდური წმინდა ტექსტების თანახმად მოევლინა ქვეყანას, რათა იეზიდებში განამტკიცოს რწმენა. იეზიდური წმინდა ტექსტების თანახმად ის სამყაროს შექმნამდეც არსებობდა... აქვე უნდა ითქვას, რომ იეზიდური მსოფლმხედველობა ეწინააღმდეგება მაზდეიზმის შეხედულებებს ორი საწყისის - კეთილი და ბოროტი ღმერთის არსებობის შესახებ. დუალიზმი ჩვენთანაც არის, მაგრამ სხვა გაგებით. მათთან ეს ორი საწყისი თანაბარი ძალისაა. იეზიდიზმის მიხედვით კი ღმერთი ერთია და მისი ნების გარეშე არ არსებობს კეთილიც და ბოროტიც, როგორც დღე და ღამე. ღმერთმა რაც კი შექმნა, შექმნა იმის საწინააღმდეგო მოვლენებიც, რომ ადამიანებმა შეძლონ მათი ერთმანეთისგან გარჩევა. ზოროასტრიზმში, მაგ., ის რაც ბნელია და ბოროტია, უარყოფითად აღიქმება, ჩვენ კი ამ ბნელსაც ღვთისგან მომდინარედ ვთვლით. ადამიანები ვუწოდებთ რაღაცას ბოროტებას ან სიკეთეს, მაგრამ მათი ნამდვილი არსი მხოლოდ ღმერთმა იცის. იეზიდიზმს სხვა რელიგიებისგან ის განსახვავებს, რომ ჩვენთან ბოროტება არ არის პერსონიფიცირებული, ანუ ჩვენ არ ვაღიარებთ ბოროტი სულების - დემონების არსებობას. ანგელოზების არსებობას კი ვაღიარებთ“.
იეზიდებისთვის წმინდა ტექსტებად მიიჩნევა ყავლები („ყავლი“ ნიშნავს „სიტყვას“). ეს არის წმინდა ჰიმნები, რომლებიც ზეპირად გადაეცემოდა თაობებს მე-14 საუკუნიდან, რადგან იეზიდური წიგნები დარბევების შედეგად განადგურდა, რის შემდეგაც შემოიღეს წესი, რომლის მიხედვითაც ასეთი წმინდა წერილები ზეპირად უნდა გადასცემოდა მომავალ თაობებს. ეს წმინდა ტექსტები დღეს გამოცემულია. საქართველოს იეზიდებიც მუშაობენ მათ თარგმანებზე ქურთულიდან ქართულ და რუსულ ენებზე, რომელიც უახლოეს მომავალში გამოიცემა.
იეზიდური ღვთისმსახურება ტაძრებში აღესრულება, რაც, ძირითადად, გულისხმობს ჰიმნების გალობას, რომელსაც წინ უძღვის ქადაგება. იეზიდებს საქართველოში ტაძარი არ აქვთ, ამიტომ მას ოჯახებში აღასრულებენ. ახლახან იეზიდურ თემს ნებართვა მისცეს და იეზიდური კულტურის ცენტრის აშენებას ვარკეთილში გეგმავენ, სადაც სამლოცველოც იქნება.
საქართველოში მცხოვრებ იეზიდთა რაოდენობასთან დაკავშირებით ბ-ნი დიმიტრი შემდეგს აცხადებს: „ბოლო სტატისტიკური მონაცემებით 22,000-მდე იეზიდია, თუმცა ყველა მათგანი რელიგიურად არ ცხოვრობს ანუ არიან ნომინალური იეზიდები. საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველოში 35,000-მდე იეზიდი სახლობდა (ოფიციალური მონაცემებით). მსოფლიოში კი მხოლოდ ერთ მილიონამდე იეზიდია. რეგიონებში ასეთი ვითარებაა: თელავში არის ასამდე კომლი, ოზურგეთში - 10 კომლი და ბათუმში 50 კომლამდე. ჩვენთან ყველა ტომს ანუ გვარს თავისი სასულიერო პირი უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ, თუ ადგილზე არ ჰყავთ ისინი, მაშინ თბილისიდან ჩადიან შეიხები და ფირები (სასულიერო პირები)“.
2011 წელს დაფუძნდა ეზიდთა სასულიერო კრება საქართველოში (საჯარო სამართლის იურიდიული პირი), რომელიც არის ერაყში არსებული უმაღლესი სასულიერო ორგანოს წარმომადგენლობა საქართველოში. ამავე წელს, საქართველოში რეგისტრაციის მიღების შემდეგ ამ სასულიერო საბჭომ რებარად ანუ წინამძღოლად აირჩია შეიხი ნადრი.
ყველა იეზიდისთვის სავალდებულოა სამდღიანი მარხვა, რომელიც დეკემბრის თვეშია. ეს მარხვა უკავშირდება სამყაროს შექმნას. არსებობს ორმოცდღიანი მარხვებიც წელიწადში ორჯერ, რომელიც ნებაყოფლობითია. მას, ძირითადად, ბერები იცავენ. იეზიდებთან არსებობს ასევე წმინდანებთან დაკავშირებული დღესასწაულები.
იუდაისტური წესის მსგავსად, იეზიდის შვილიც ითვლება იეზიდად, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ შვილს არ მოუნდება იყოს ეზიდური რელიგიის მიმდევარი და სხვა რელიგიაში გადასვლას მოისურვებს ან საერთოდ ათეიზმს მიანიჭებს უპირატესობას? ამ შეკითხვაზე ბ-ნი დიმიტრი ასე მპასუხობს: „იეზიდიზმი არის ოჯახური რელიგია, მაგრამ თუ ვინმეს სურს სხვა რელიგიაში გადასვლა, ჩვენ მას ვერ ავუკრძალავთ, თუმცა იეზიდები ამას მტკივნეულად აღიქვამენ. ადრე ხდებოდა, რომ ის, ვინც გადადიოდა სხვა რელიგიაში ის ავტომატურად გარიყული იყო. დღეს, ვინც სხვა რელიგიაში გადადის იეზიდების მხრივ არ არის აღიარებული თემის წევრად. ყოველ ადამიანს აქვს არჩევანის უფლება და ვერავინ ვერ შეზღუდავს მას. ხოლო ის, ვინც ტოვებს იეზიდურ რელიგიას, ალბათ მზად არის იმისთვის, რომ იეზიდური თემის წევრი ვეღარ იქნება“.
თუმცა, მათი დამოკიდებულება სხვა რელიგიების მიმდევრებისადმი საკმაოდ ტოლერანტულია. დიმიტრი ფირბარი: „ეზიდური სწავლებით, ღმერთმა სამყარო შექმნა მრავალფეროვანი და თითოეული რელიგია არის ცალკეული ყვავილი დიდ ბაღში, სადაც ეზიდიზმიც მხოლოდ ერთ-ერთ ყვავილს წარმოადგენს. ამ ყვავილებს შორის კი ჰარმონია უნდა სუფევდეს. ჩვენ არ გვახასიათებს პროზელიტიზმი და მისიონერობა და არ ვართმევთ სხვა რელიგიებს მორწმუნე ადამიანებს. მაგრამ როცა ჩვენგან მიჰყავთ ისინი, ამას მწვავედ განვიცდით. ჩვენი სწავლებით, ყველა რელიგიის მორწმუნე გადარჩება სულიერად, მაგრამ ღმერთმა რაც მოგანიჭა, ანუ რომელ რელიგიაშიც დაიბადე იმაზე უარის თქმა ეზიდებისთვის მშობლებზე უარის თქმის ტოლფასია... პროზელიტიზმსა და მისიონერობაში იეზიდები ხალხთა და რელიგიათაშორის კონფლიქტების მიზეზს ხედავენ. ჩვენ არ ვეწევით მისიონერობას და არც არაიეზიდ ადამიანებს ვიღებთ საკუთარ რელიგიაში. მაგ., ვინმე ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი ან სულაც ათეისტი რომ მოვიდეს ჩვენთან და განგვიცხადოს, რომ ძალიან მოსწონს ეზიდიზმი და სურს ამ რელიგიის მიმდევარი გახდეს, ჩვენ არ შეგვიძლია მისი მიღება, რადგან იეზიდიზმი არ არის მხოლოდ რელიგია - ის ეთნიზირებულია. სამწუხაროდ, ასეთია ვითარება, როდესაც რელიგიის ეთნიზირება ხდება... ყველაფერი ცვალებადია და მრავალი იეზიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე დღეს მსჯელობს საკითხზე თუ როგორ შეინარჩუნონ ეზიდებმა თავიანთი თვითმყოფადობა“.