საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის გადაწყვეტილებით, უცხოელ ფიზიკურ პირს საკუთრების შეძენის უფლება საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელი ყველა საშუალებით მიენიჭა. ამ ცვლილების შემდეგ, უცხოელ ინვესტორთა რაოდენობა ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა. დღეისთვის ქალაქ წნორში ინდოეთიდან ჩამოსულ არაერთ ფერმერს შეხვდებით, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო მიწა ადგილობრივი მოსახლეობისგან საკმაოდ იაფად შეიძინა და მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე არსებული ნაკვეთები თითქმის მთლიანად აითვისა.
წნორისაკენ მიმავალ გზაზე ხელით მოხატული ტაქსის ტრაფარეტით „გაფორმებული“ „ვაზ-24“ ჩერდება, მგზავრს ისვამს და გზას აგრძელებს. მძღოლი კლიენტების ნაკლებობას უჩივის და უფულობით შეწუხებული, სიჩქარის გადამრთველს აქეთ-იქით გამეტებით ექაჩება.
„ინდოელებზე წერ სტატიას?! ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ეგენი კარგად გრძნობენ აქ თავს. სავსეა მთელი წნორი ინდოელებით. ამბობენ, თებერვლის ბოლოს ჩვენს რაიონში კიდევ 600 კაცი ჩამოდისო. ყიდულობენ და ყიდულობენ მიწებს, ალაზნის პირი ჰქონიათ აღებული და ამასწინათ ბიჭები სათევზაოდ არ გადაატარეს. ერთი განახა, რა ტექნიკა აქვთ ჩამოტანილი, ტრაქტორი ისე დადის, ხმა არა აქვს“, - გვიყვება გაკვირვებული ტაქსის მძღოლი.
წნორის ცენტრში ხალხი ირევა, - „ინდოელებს ეძებთ? ეგე, ზემოთ აქვთ ბირჟა, ნოტარიუსის შენობასთან“, - გვიხსნიან ადგილობრივები.
ნოტარიუსის ოფისთან ხალხმრავლობაა, რამდენიმე ინდოელთან ერთად ფურცლებით ხელში ერთი ქართველი დგას - „ნაკვეთს ვყიდი, მაგრამ დოკუმენტების გაფორმება არ დაგვიმთავრებია, ახლა თქვენი თავი არ მაქვს, შვილო“, - მოგვმართავს, უცხოელების მანქანაში ჯდება და მიდის.
შენობიდან კიდევ ერთი ინდოელი გამოდის. მანინდარ ცინკ ჰირი, ან უბრალოდ - ”ჰეფი”, როგორც მას მეგობრები მიმართავენ. დაახლოებით 40 წლის მანინდარი საქართველოში 2012 წლის 30 ნოემბერს ჩამოვიდა, ბიზნესმენია, წნორში სასოფლო-სამეურნეო მიწებს ყიდულობს.
შალვა სიხაშვილის ქუჩაზე ”ჰეფის” ორსართულიანი სახლი აქვს ნაქირავები, თვეში 350 ლარს იხდის. ინდური ჩაით გვიმასპინძლდება, მერე ეზოში გადის და მორჩენილ ნახარშს ვაზს უსხამს, ამბობს, სასარგებლოაო.
მანინდარი ჰყვება, რომ საქართველოს შესახებ სამთავრობო საიტ - http://www.investingeorgia.org-ის მეშვეობით შეიტყო და წნორში ჩამოსვლის შემდეგ ადგილობრივებისგან 21 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა.
ჰეფი ამბობს, რომ საქართველოში მიწის ფასები სხვა ქვეყნების ადეკვატურია, რადგან თითო ჰექტარში 1000-დან 2000 აშშ დოლარამდე თანხა გადაიხადა - „საქართველოში უმეტესად კომპანიები აბანდებენ ფულს. თუმცა, არ მსმენია, რომ ინდური საინვესტიციო კომპანიები კლიენტებს საქართველოში მიწის შესყიდვას სთავაზობდნენ. ჩემმა ფირმამ ამ პროექტში მცირე თანხა ჩადო - ხორბლის, მზესუმზირის, ბოსტნეულის, სიმინდის მოყვანას ვაპირებთ, რასაც შემდგომ სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გავიტანთ; გადასახადების გადახდისა და ხარჯების დაფარვის შემდეგ მოგება თუ დაგვრჩება, ამ ბიზნესში უფრო მეტ თანხას დავაბანდებთ“.
მასპინძელი გვიხსნის, რომ საქართველოს მსგავსად, სხვადასხვა დროს ინდოელები ამერიკაში და ინგლისშიც წავიდნენ, სადაც ისინი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავდნენ და იმ ქვეყნებისთვისაც მოგება მოაქვთ.
„როგორც ვიცი, საქართველოში ინდოელების პირველი ნაკადი წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა. დღეისათვის აქ დაახლოებით 200 ინდოელია, მათ ნაწილს მიწა იჯარით აქვს აღებული, ნაწილმა იყიდა, ზოგიც ჯერ კიდევ ეძებს. სამშობლოში მალე ვბრუნდები, მარტში ან აპრილში უკან ჩამოვალ. სამუშაოების დაწყებამდე ადგილობრივი მუშახელი უნდა დავიქირავო. რამდენიმე ქალს ვესაუბრე და მათი კონტაქტები ჩავიწერე. დღეში 20 ლარი მთხოვეს, ეს ძვირია, ინდოეთში მსგავს სამუშაოში დღეში დაახლოებით 10 ლარს ვიხდი, თუმცა, მგონი შევთანხმდებით. ხალხი დასაქმდება, ეს მათთვისაც მომგებიანი იქნება და ჩემთვისაც“, - ამბობს „ჰეფი“.
მანინდარ ცინკ ჰირი ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობს. როგორც ის ამბობს, ნაკვეთებამდე მისასვლელი გზები მოუწესრიგებელია, თუკი შეაკეთებენ, ქართველი და ინდოელი ფერმერები ისარგებლებენ, გადასახადების სახით კი სახელმწიფოც მოგებას ნახავს.
„აქ ისეთი ადამიანებიც მხვდებიან, რომლებსაც არ მოვწონვართ, არ გველაპარაკებიან, ზოგიერთი კი პირიქით, ჩვენ მიმართ მეგობრულად არის განწყობილი - მიწის მოძებნაში, დოკუმენტების გაფორმებასა და ასეთ საკითხებში გვეხმარებიან. ჩვენს და თქვენს კულტურას შორის ბევრი მსგავსებაა. ჩვენც თქვენსავით სტუმართმოყვარეები ვართ და ეს ძალიან კარგია. ქართველებმა ინდური ფილმები და სიმღერები იციან, ხშირად მღერიან, როცა მხედავენ. საკვებიც ძალიან მომწონს, ჯანმრთელი პროდუქტი გაქვთ, განსაკუთრებით ხაჭაპური მიყვარს. ღვინოც მომწონს, მაგრამ ცოტა, ბევრს არ ვსვამ. თითებზე ვერ დაითვლი აქ ღვინის იმდენი სახეობაა. ქართველი მეგობრები ხშირად მიმეორებენ, ცოლ-შვილიც ჩამოიყვანეო, მაგრამ არც წნორში და არც თბილისში კარგი სკოლები არ არის. ვნახოთ როგორ წავა ბიზნესის საქმე, შეიძლება მომდევნო წელს ოჯახიც ჩამოვიყვანო“, - გვემშვიდობება „ჰეფი“.
მასპინძლის ეზოდან გამოსულებს მოპირდაპირე სახლის კედელს მოფარებული სკოლის მოსწავლე გვხვდება, ხელში თონის პური უჭირავს და მეზობლის კიბეებისკენ აპარებს თვალს - „სამი ბიჭი ცხოვრობს აქ, სამივე ინდოელები, სურათები უნდა გადაუღოთ?“ - გვეკითხება და გზას ისე აგრძელებს, ცდილობს უცხოელების არცერთი „ნაბიჯი“ არ გამოეპაროს.
წნორის ცენტრში დაბრუნებულებს ნოტარიუსის ოფისთან კიდევ ორი ინდოელი გვხვდება. საქართველოში 2012 წლის ივლისში ჩამოვიდნენ, იაფი ნაკვეთების შესახებ ინტერნეტით გაიგეს და კახეთში 72 ჰექტარი მიწა შეიძინეს. ამ ტერიტორიაზე მათი კომპანია სიმინდის დათესვას გეგმავს, მოწეული პროდუქტი კი საქართველოში გაიყიდება - „მექანიზაციის ცენტრებიდან ტრაქტორები და საჭირო ტექნიკა შევიძინეთ, მიწებზე ქართველებს დავასაქმებთ, მათ დაქირავებას მომდევნო კვირაში ვგეგმავთ“, - ამბობენ ინდოელი ფერმერები.
როგორც წნორელები გვეუბნებიან, კახეთში ინდოელების მასიური შემოდინება 2012 წლის ივნისიდან დაიწყო, მთავარი მიზეზი კი ალაზნის ველის მარჯვენა სანაპიროზე მიწის იაფად ყიდვის შესაძლებლობაა - „აქ ნაკვეთები ბევრად უფრო იაფია, ალაზნის მარცხენა სანაპიროზე თითქმის ორჯერ ძვირი ღირს, იქ სიმინდი უფრო კარგად მოდის. აქაურობას რომ მორჩებიან, გაღმა მხარესაც აითვისებენ, როცა მიწის ფასს გავიგებთ, ქართველ კაცს მიწა აღარ ექნება“, - სინანულით ამბობენ ადგილობრივები.
ქალაქის მკვიდრი, გივი მატინოვი იხსენებს, რომ შარშან ამ დროს წნორში სულ 4 ინდოელი ცხოვრობდა, ახლა კი მათი რიცხვი დაახლოებით 400-ს აღწევს, ადგილობრივების მიერ მიწების იაფად გაყიდვის მიზეზად კი გაჭირვებასა და ბანკის ვალებს ასახელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლამდე ლიტრი საწვავი 50 თეთრი ღირდა, შემდეგ კი გაძვირდა და გაძვირდა, სასუქზეც მოიმატა ფასმა. გლეხი რის გლეხია? გააგრძელა თესვა, ზოგმა ქონება გაყიდა, ზოგმა ოქროულობა, ნაწილმა ბანკის ვალი აიღო. იმედი ჰქონდათ, რომ გაზაფხულზე მოსავალს აიღებდნენ, მაგრამ ამ ხალხს არ გაუმართლა და ნავარაუდებ მოსავალზე ნაკლები აიღო. გაიჭედნენ, ვალებში გადავარდნენ. ზოგი იმასაც ამბობს, ღმერთმა გაახაროს ინდოელები, რომ შემოვიდნენ, ეგენი რომ არა, ბანკები სახლებიდან გამოგვყრიდნენო. იძულებული გახდნენ ნაკვეთები გაეყიდათ. მიწებზე ასეთი ფასი მსოფლიოში არსად არ არის. გლეხი 1000 დოლარად რომ გაყიდის ნაკვეთს, მერე იმ ფულს ბანკში გადაიხდის და თავს დაიძვრენს, თუ ერთი-ორი კაპიკი დარჩა, იმით რა უნდა ქნას? როგორ უნდა იარსებოს? ადგება და იმ ინდოელთან თავის ყოფილ მიწაზე იმუშავებს. გაზაფხული მოდის და საუბარია, რომ ინდოელთა დინება კიდე წამოვა აქეთ“, - ამბობს გივი მატინოვი.
საქართველოში არსებული იაფი მიწების შესახებ 2013 წლის 6 იანვარს, გამოცემა http://www.thehindu.com- მა სტატია - „ტარან ტარანიდან თბილისში, მიწათმოქმედების სამოთხის ძიებაში“ - გამოაქვეყნა.
სტატიის ავტორის ერთ-ერთი რესპოდენტი, სათვინდერ სინგჰი ამბობს, რომ მან და მეზობელი სოფლებიდან ჩამოსულმა ფერმერებმა კახეთში 200 აკრი მიწის ნაკვეთი შეიძინეს, რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად კი ფული ერთობლივად დააბანდეს - „ამ ეტაპზე საქართველოში მიწა იაფია და სამშობლოში რამდენიმე აკრის გაყიდვით, აქ ფერმერებს ჰექტრობით მიწის შეძენა შეუძლიათ.“
პუბლიკაციის ავტორს განცხადებით, ინდოელმა ფერმერებმა საქართველოში წელს პირველად დათესეს მარცვლეული, უმეტესად სიმინდი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი რიცხვი საქართველოში 2000-ს აღწევს. მიწათმოქმედების გარდა, ნაკვეთებით სარგებლობენ ინვესტორები, რომლებიც თანხას იაფი მიწის ძვირად გადაყიდვით შოულობენ.
ამ სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 7 იანვარს, საქართველოში დაწყებულ ინდურ მიგრაციას პუბლიკაცია ბრიტანულმა გამოცემა “გარდიანმაც” მიუძღვნა.
სტატიის ავტორი ჯეისონ ბურკი აღნიშნავს, რომ პუბლიკაციის ერთ-ერთი გმირისა და მისი კოლეგების გარდა, საქართველოში სხვა ინდოელი ფერმერებიც ჩადიან, მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება, ინდოეთის მთავარ ქალაქებში კი აგენტები მიწებისა და საქართველოში ბიზნესის წარმოების რეკლამირებას ეწევიან.
საქართველოში არსებულ სასოფლო-სამეურნო მიწებს კომპანიები და ცალკეული პირები კლიენტებს სხვადასხვა ფასად ვებ-გვერდების (http://chandigarh.indialist.com, http://real-estate.vivastreet.co.in , http://www.clickindia.com, http://www.alibaba.com ... ) მეშვეობითაც სთავაზობენ.
ერთ-ერთ განცხადებაში, ინდოელი აგენტი ფერმერებს საქართველოში ათასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთს სთავაზობს, თითო ჰექტარს კი, მათი მდებარეობის მიხედვით, 2500-დან 3000; სოფლებთან ახლომდებარე მიწებს კი 3500-დან 4500-მდე აშშ დოლარს აფასებს.
ამავე განცხადების მიხედვით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ კომპანია კლიენტებს კონსულტაციას, ვიზითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც სთავაზობს. აქვე კომპანიებისა თუ მათი წარმომადგენლების საკონტაქტო ინფორმაციაა მითითებული - როგორც ინდოეთში, ასევე - საქართველოში.
მსგავსი შინაარსის არაერთი განცხადება ვიდეო-პორტალ იუთუბზეც შეგხვდებათ, სადაც აგენტები პოტენციურ კლიენტებს იაფ მიწებს სთავაზობენ და ბიზნესის დასაწყებად საქართველოში ჩამოსვლას ურჩევენ.
„შეიძინეთ მიწა, ერთი აკრი - 800 დოლარი, დარეკეთ + 995 ... Georgia; India+91 97...“.
ეს 9-წუთიანი ვიდეომიმართვა 20 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. კომენტარების ავტორთა უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენითაა დაინტერესებული, ნაწილი ვიდეოს ავტორს ტელეფონის ნომერს სთხოვს, ზოგიერთს კი ნაკვეთების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია აინტერესებს.
ერთ-ერთი კომენტარის ავტორი, ამარინდერ სინგჰი ჰყვება, რომ კახეთის რეგიონში 7 ჰექტარი მიწა შეიძინა, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეებმა ნაკვეთის გამოყენების უფლება არ მისცეს - „მითხრეს, რომ ეს მათი მიწაა და აქ უცხოელებს არ შემოუშვებენ. ადგილობრივები დავიქირავე და ჩემი ნაკვეთი შემოვღობე, თუმცა მეორე დღეს ღობე მონგრეული დამხვდა. მოსახლეობის ნაწილი ჩემი ცემითაც კი დაიღალა. პოლიციას მივმართე, მათ კი მითხრეს, რომ მომხდარის პროვოცირება ჩემი ბრალი იყო. მეორე დღეს ადვოკატი დავიქირავე, რის შემდეგაც პოლიცია მომხდარით დაინტერესდა, თუმცა დასკვნაში ჩაწერეს, რომ ღობე ადამიანთა იმ გაურკვეველმა ჯგუფმა მოშალა, რომლებიც საქართველოს დატოვებას მაიძულებდნენ“, - წერს იუთუბზე სინგჰი.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში ფლობის საკითხებს საქართველოს კანონი განსაზღვრავს. კანონის წინა რედაქციისაგან გასნხვავებით, ახალ რედაქციაში წერია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება N3/1/512. 26.06.2012) უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებსაც აქვთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, ქეთი კრაწაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მეოთხე მუხლის პირველი ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512-ის გადაწყვეტილებასთან ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ.
„აღნიშნულ მუხლში შეიცვალა და დადგინდა შემდეგი პრინციპი: უცხოელ ფიზიკურ პირს მიენიჭა უფლება საკუთრება საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელი ყველა საშუალებით შეიძინოს, მაგ: ნასყიდობით, ჩუქებით, გაცვლით და ასე შემდეგ. კანონის მანამდე მოქმედ რედაქციაში, უცხოელს შეეძლო საკუთრება შეეძინა მხოლოდ მემკვიდრეობის მიღების გზით, ასევე, იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ის მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე“, - განმარტავს „საიას“ იურისტი.
წნორის საჯარო რეესტრის შენობაში კიდევ ორ ინდოელს ვხვდებით. გურპიარ სინ ოლოკი, მეორე წელია, საქართველოში ცხოვრობს. ამ დროის განმავლობაში სამშობლოში არ დაბრუნებულა, თუმცა იცის, რომ ინდოეთში კომპანიები ფერმერებს საქართველოში წასვლას და მიწების იაფად ყიდვას სთავაზობენ.
გურპიარს თბილისში საკუთარი ბიზნესი აქვს, თუმცა სასოფლო-სამეურნეო მიწებს არ ფლობს -„წინა წელს ბევრმა ინდოელმა იყიდა აქ მიწა, მათ ნათესავებსა და ნაცნობებს გააგებინეს, რომ საქართველოში კარგი ნაკვეთები იაფად იყიდებოდა, ამიტომაც ინდოელები თქვენი ქვეყნით დაინტერესდნენ. ჩემმა ნათესავებმა წნორში ნაკვეთები შეიძინეს. ზოგმა - 50 ჰექტარი, ზოგმაც - 67. სიმინდი მოჰყავთ და მე დოკუმენტების გაფორმებაში ვეხმარები. საკუთარი პასპორტით მიწის ყიდვა არ შემიძლია, თუმცა შ.პ.ს. -ს გახსნის შემდეგ ქონების საკუთრებაში ფლობის უფლება მაქვს“, - ამბობს გურპიარ სინ ოლოკი.
ინდოელი მამაკაცების სიმრავლის მიუხედავად, წნორში ინდოელ ქალს იშვიათად შეხვდებით. მაგრამ არის გამონაკლისებიც. წნორში, ნანა ნარინდოშვილის მეზობლად უცხოელები სექტემბერში დასახლდნენ.
„ამ სახლში დედ-მამა, მათი ოთხი შვილი, ორი რძალი და ერთი შვილიშვილი ცხოვრობენ. ურთიერთობა თითქმის არ გვაქვს, ქართულად ვერ ლაპარაკობენ, არც რუსული იციან და არც ინგლისური, ამათი მეზობლობა ის არის, რომ დილაობით ხელს გვიწევენ, ერთი გამარჯობა ისწავლეს და სულ ესაა. ეს სახლი ნაყიდი აქვთ, თუმცა შეიძინეს თუ არა ნაკვეთები, ეგ არ ვიცი. ამბობენ, მთელი ალაზნის ველი - რაც აქეთ არის და შირაქი, სულ ნაყიდი აქვთო. ინდოელებისგან ვიცით, რომ მიწა აქ უფრო იაფია, ვიდრე მათ ქვეყანაში. ხალხი უფულობის გამო მიწას ვერ ამუშავებს, ადგნენ და ჰექტრობით ნაკვეთები დაჰყიდეს, ბოლოს რა მოგველის არავინ იცის“, - წუხს ნანა ნარინდოშვილი.
მიწის ფლობის, მისი განკარგვის და საკუთრების საკითხებს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე სხვადასხვა ეპოქაში ქვეყნის პოლიტ-ეკონომიკური კურსის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნევს, რადგან ამ საკითხს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, დემოგრაფიული პროცესები და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება უკავშირდება - „საუბარი იმაზე, რომ მიწას თან არავინ წაიღებს, ერთგვარი გულუბრყვილობაა. მიწაზე მესაკუთრის შეცვლამ არსებითად შეიძლება შეცვალოს დემოგრაფიული სურათი, ჩვენ გვახსოვს თუ როგორ განვითარდა ეს პროცესი მესხეთში. ასეთ პირობებში, სახელმწიფომ უფრო მეტი პროტექციონისტული პოლიტიკა უნდა გაატაროს. გვჭირდება ისეთი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, რომელიც მეტად შეუწყობს ხელს მკვიდრი მოსახლეობის ახწარმოების გაუმჯობესებას, ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ყველაზე მეტად კომფორტული ავტოქტონური მოსახლეობისათვის იქნება. დღეს უცხოელებზე უფლებები იოლად გაიცემა, ხოლო მოვალეობები, რაც მათ ქართული სახელმწიფოს წინაშე უნდა გააჩნდეთ, პრაქტიკულად ნიველირებულია“.
სოსო არჩვაძის განცხადებით, 1999 წლიდან საქართველოში უძრავი ქონების ელემენტების კაპიტალიზაცია დაახლოებით 5-6 ჯერ გაიზარდა, თუმცა დღეისთვის საქართველოში უძრავი ქონების ელემენტებზე უფრო დაბალი ფასებია, ვიდრე მსოფლიო ბაზარზე.
„სტატისტიკის სამსახური დაწვრილებით არ აქვეყნებს ინფორმაციას, მაგრამ იქაც ჩანს, რომ ბოლო მონაცემებით უძრავი ქონების ელემენტებში უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციები. მიწას ყიდულობენ როგორც საკუთრების და არა როგორც მეურნეობის ობიექტს. საქართველოში სოფლად შრომის მწარმოებლობა დაბალია, ეს უკავშირდება ძირითადი კაპიტალის ელემენტების, მათ შორის მიწის დაბალ ფასს, რაც იმ პირებს, რომელთა უკანაც მსხვილი კაპიტალი დგას, საშუალებას აძლევს სწარაფად გაზარდონ შრომის მწარმოებლობა და გაცილებით მეტი მოსავალი და შედეგი მიიღონ. სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს მოსახლეობას, ერთი მხრივ, მილიარდიანი ფონდით, სოფლად კოოპერატივების ჩამოყალიბებით - ეს შრომის ორგანიზაციის მიღებული ფორმაა, როდესაც ერთობლივი ძალისხმევით გაცილებით მეტი ეფექტი მიიღება, ვიდრე ცალ-ცალკე საქმიანობით. მესამე გზა კი - სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისათვის ცოდნის მიცემა, გამოცდილების გაზიარება, ტექნიკის და ტექნოლოგიების მართვის უნარების გამომუშავება და ახალი ტექნიკის მიწოდებაა. ეს ადგილობრივებს დაეხმარებათ, რომ კონკურენცია გაუწიონ უცხოელ ინვესტორებს“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.
ქალაქ წნორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, თამაზ მათეშვილის განცხადებით, ტერიტორიულ ორგანოს მიწების ყიდვა-გაყიდვასთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა, მათ აღნიშნული ცნობები სჭირდებათ, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტერიტორიული ორგანოსაგან დათესილი მარცვლეულის, ბოსტნეულისა თუ სხვა პროდუქტების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ითხოვს.
„ყიდი - გაყიდე, მყიდველი ხარ - იყიდე, მაგრამ, მე ხომ უნდა ვიცოდე ვინ არიან მყიდველები, ვის დავუკავშირდე, ვის მოვთხოვო ოფიციალური მონაცემები?! თავად ხომ არ მოვივლი მინდვრებს? ეს ფიზიკურად შეუძლებელია. რა მოხდება, რომ მიწის მფლობელთა შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრმა მომაწოდოს? 2012 წლის 7 მაისს დავინიშნე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად. მას შემდეგ ეს პრობლემა დგას, შიდა მოძიება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რეალურ სურათს არ გვაძლევს. მიწის ფლობასთან დაკავშირებით კანონში შესული შესწორების შესახებ ტერიტორიულმა ორგანოებმა არაფერი ვიცოდით. ქართველმა კაცმა პრივატიზებული მიწები გაყიდა. არადა ვამუშავებდით თავის დროზე, თუმცა მერე ყველაფერი გაძვირდა, მიწის დამუშავება უკვე არარენტაბელური გახდა, გაჭირვებული კაცი კი რას იზამს - პირველ რიგში მიწას გაყიდის“, - ამბობს თამაზ მათეშვილი.
თბილისში დაბრუნებამდე, წნორის ცენტრში შეკრებილი ტაქსისტებიდან ერთ-ერთს ვუთანხმდებით, ის ტერიტორიები გვაჩვენოს, რომელიც ადგილობრივებმა უცხოელ ინვესტორებს ბოლო პერიოდში მიჰყიდეს. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ნაკვეთებს მივუყვებით - „ინდოელები პატარა მიწებს არ ყიდულობენ, 30-40 ჰექტრობით იღებენ ნაკვეთებს. აი, ამ ბოძებს ხომ ხედავთ? - გვანიშნებს საავტომობილო გზის გასძვრივ აღმართულ ელექტროენერგიის რამდენიმე ბოძზე - ამბობენ მანდ ერთ-ერთი ინდოელი სასტუმროს გახსნას აპირებსო, შუქიც ამიტომ გაუყვანიათ. ახლა ზამთარია და ეტყობა, წასულები არიან, თორემ შემოდგომაზე მრავლადაც იყვნენ და მიწებზეც გამოდიოდნენ, აგე გახედეთ“ - ხელით ალაზნის მარჯვენა მხარეს გვიჩენებს - „თითო-ოროლა მიწა თუ იქნება ახლა აქ ქართველისა“, გვიხსნის მძღოლი.