Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ აცდენენ ბავშვები სკოლას?

20 თებერვალი 2013

ბავშვები, რომლებიც სისტემატიურად აცდენენ სკოლას, სასწავლო პროგრამას ჩამორჩებიან და ხშირად, თანატოლების მსგავსად არ ფლობენ შესაბამის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. სკოლის გაცდენის მიზეზები სხვადასხვაა. თუმცა, არის შემთხვევები, როცა სკოლას მოსწავლე მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო აცდენს.

სხვადასხვა ქვეყნაში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დამატებითი პროგრამები იქმნება, სადაც მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები არასასკოლო საათებში ცოდნას და უნარ-ჩვევებს იძენენ.

საქართველოში სახელმწიფოს მიერ მსგავსი პროგრამის განხორციელების პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. სახელმწიფოს პასუხისმგებელობა ასეთი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების განათლებისადმი ჯერ-ჯერობით მხოლოდ სახელმძღვანელოების დარიგებით შემოიფარგლება. 

ზოგადი განათლების შესახებ კანონი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ჯგუფში იმ ბავშვებსაც მოიზარებს, რომლებიც სოციალური ფაქტორების გამო ვერ სძლევენ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

“განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა” 2011 წელს კავკასიაში განათლების ხელმისაწვდომობის მდგრადობა შეისწავლა, სადაც ნათქვამია, რომ საბაზო განათლებაზე ხელი მატერიალურად უზურნველყოფილ მოსახლეობას და სოციალურად დაუცველებს ერთნაირად მიუწვდებათ. გასხვავებები თავს იჩენს საშუალო საფეხურზე და უფრო შესამჩნევი ხდება უმაღლესი განათლების დონეზე. საშუალო საფეხურზე ქალაქად მცხოვრები ოჯახები განათლებაში წელიწადში საშუალოდ 226 ლარს ხარჯავენ, სოფლად ეს მაჩვენებელი 48 ლარს შეადგენს. ოჯახები, რომლებიც საკუთარ თავს ღარიბად ან უკიდურესად ღარიბად მიიჩნევენ, ოთხჯერ ნაკლებს ხარჯავენ განათლებაზე, ვიდრე შეადრებით შეძლებული ოჯახები. ხელმოკლე სტუდენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შანსი კიდევ უფრო მცირდება. სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს უფრო დაბალი ქულები აქვთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და შესაბამისად მათი უნივერსიტეტში მოხვედრის შანსიც უფრო ნაკლებია.

სამოქალაქო განვითარების ინსიტიტუტმა, რომელიც წლებია საგანამანთლებლო პროგრამებს ახორციელებს, სექტემბერში ევროკავშირის ფინანსური მხადაჭერით დაიწყო პროგრამა “ახალი შესაძლებლობები საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს”.  პროგრამის მიზანი სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები ბავშვების და ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ბავშვების სკოლასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაა.

პროგრამა ქვეყნის მასშტაბით სამ რეგიონში ხორციელდება. ცენტრები გახსნილია თბილისში, ამბროლაურში და მარნეულში. სულ გახსნილია 15 კლასი, ჯამში პროექტში 300-მდე მოსწავლეა ჩართული. ბავშვები ემზადებიან ქართულში, მათემატიკაში, სამოქალაქო განათლებაში, ინფორმაციულ-კომუნიკაციურ წიგნიერებასა და სასიცოცხლო უნარებში. პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა  მასწავლებლებისთვის  მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო „კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განმავითარებელი მეთოდები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში“ მოამზადა.

პროგრამაში ჩართული ბავშვების შერჩევა ზოგიერთ შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოხდა, როგორც პროგრამის ხელმძღვანელი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რეგიონებში პროგრამაში მოსწვლეების ჩართვის სურვილი თავად მშობლებმა გამოთქვეს.

პროგრამაში ჩართული მოსწავლეთა შედეგები ორგანიზაციას ჯერ არ შეუსწავლია. პროგრამა სექტემბრში დაიწყო, და როგორც თამარ მოსიაშვილი აცხადებს, აპრილში პროგრამის მონაწილე მოსწავლეებს გამოკითხვენ. ბავშვების აკადემიურ შედეგებს კი, პროგრამაში დასაქმებული პედაგოგები შეაფსებენ. შეფასებებთან ერთად, თამარ მოსიაშვილის განცხადებით,  წარმოადგენენ ხედვას -  როგორ ესახებათ აღნიშნული პროგრამის ინტეგრაცია საჯარო სკოლებში.

“პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც მარტში გავმართეთ, მოვიწვიეთ განათლების სამინისტროს წარმომადგენელები, თუმცა შეხვედრას მხოლოდ სამინისტროში მომუშავე ექსპერტები ესწრებოდნენ. გადაწყვეტილებების მიმღები პირები არ მოსულან.  ეს არის პირველი საპილოტე წელი და ჯერ უნდა გავმართოთ რეგიონალური შეხვედრები, საზოგადოებას უნდა გავაცნოთ პროგრამის მიზნები და შედეგები. ამის შემდეგ მაისში ვგეგმავთ დიდ პრეზენტაციას და ამ პროგრამას თავისი საგანამნათლებლო რესურსებით სამინისტროს წარვუდგენთ”, - განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.

პედაგოგი ნელი ნასყიდაშვილი მათემატიკის გაკვეთილს პროგრამაში ჩართული ბავშვებისთვის კვირაში ერთხელ ატარებს.  როგორც ის ამბობს, თავიდან გაკვეთილებს არასამთავრობო ორგანიზაციის შენობაში ატარებენდნენ, ახლა კი ერთ-ერთი საჯარო სკოლის ტერიოტორიაზე ტარდება.

“ჯგუფში სულ ოცი ბავშვია. ერთი და იგივე სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. ერთი მოსწავლის მშობელი ახლა გაათავისუფლეს ციხიდან, 5 შვილი ჰყავთ. მეორეს - ორი წელი გაცდენილი ჰქონდა, რადგან საბუთების დაკარგვის გამო არ იღებდნენ სკოლაში. მე ინდივიდუალურად ვმუშაობ მათ საჭიროებებზე. ჩვენი მთავარი მიზანია ბავშვი დავარწმუნოთ საკუთარ შესაძლებლობებში. “-  ამბობს ნელი ნასყიდაშვილი.

116-ე საჯარო სკოლის დირექტორის დიმიტრი მეჭურჭლიშვილის განცხადებით, ბავშვის სოციალურ სტატუსს მის აკადემიური მოსწრებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა, გავლენას ახდენს.

“თუ ოჯახი დაშლილია, ან იყრებიან განსაკუთრებით მაშინ ხდება ბავშვების ჩაკეტვა, დაკომპლექსება და იკლებს სწავლის ხარისხი.” - ამბობს დიმიტრი მეჭურჭლიშვილი. როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, მისი სკოლის პედაგოგები ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს ადგენენ, არის შემთხვევები, როცა პედაგოგი ბავშვთან სახლში მიდის.

“ძალიან გაჭირვებული მოსწავლე გვყავდა,  დამრიგებელმა მითხრა, მშიერი დადისო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სკოლის სოციალური სოლიდარობის ფონდიდან ამ ბავშვისთვის გამოგვეყო ერთჯერადი კვება. შემდეგ ეს ბავშვი საქართველოს საუკეთესო მოსწავლე გახდა და ორჯერ გაიმარჯვა სხვადასხვა სახეობის ოლიმპიადაში”, - ამბობს დიმიტრი მეჭურჭლიშვილი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ინკლუზიური განათლების კოორდინატორის თათია პაჭკორიას თქმით, ნებისმიერი ბავშვი, ვინც გარიყულია სასკოლო პროცესიდან,  სპეციალური საგანმანათლებლო სისტემას საჭიროებს.  მათ შორის სოციალური დარღვევის მქონე ბავშვები. თათია პაჭკორიას თქმით, როცა ბავშვი სწავლას მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ჩამორჩება, პედაგოგმა ინდვიდუალური სასწავლო გეგმა უნდა შეიმუშავოს.

“პედაგოგი, კანონის და სასწავლო გეგმის მიხედვით,  ვალდებულია შეადგინოს ინდივიდუალური სამუშაო გეგმა. მაგრამ, სამწუხაროდ, პედაგოგებს ამ საკითხებში საკმარისი ცოდნა ჯერ არ აქვთ. ტრენინგები მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ მთელი საქართველო ჯერ ვერ მოიცვა“, - ამბობს თათია პაჭკორია. მისივე განცხადებით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი სპეციალური პედაგოგის აყვანაა, თუმცა სკოლას ხშირად ამის რესურსი არ აქვს.

“ამ ბავშვების შეფასება სკოლას არ შეუძლია. აქ საჭიროა ბავშვის ფსიქიკური და კოგნიტური უნარების შეფასება. სკოლებს რეკომენდაციებს აძლევს სამინისტროსთან არსებული მულტიდისციპლინარული ჯგუფი, თუმცა წევრების სამკმაო რაოდენობა არ გვყავს.” - ამბობს თათია პაჭკორია.

“განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის 2011 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განახორციელა სავალდებულო და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზურნველყოფაში, თუმცა კვლევამ გამოავლინა, რომ რჩება სუსტი მხარეები და ის საკითხები, რომლებიც შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს.

 “განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების სუბსიდირება და განახორციელა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხდება მასწავლებლების გაგზავნა მაღალმთიან რაიონებში. მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ გამოცდილების საფუძველზე განავრცოს პრაქტიკა საგანამანთლებლო რესურსების მხრივ არსებული სხვა საჭიროებების შესასრულებად, ხელი შეუწყოს იმ სკოლებსა და მასწავლებლებს, რომლებიც ემსახურებიან სოციალურად დაუცველ ჯგუფებს” - ვკითხულობთ კვლევის სარეკომენდაციო ნაწილში.

 

 

 

პროექტი ,,ახალი შესაძლებლობები საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ და ხორციელდება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, ასოციაცია "ზეკარისა" და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის მიერ.

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მოსაზრებებს.

 Project “New Opportunities for Educationally Deprived Children” was made possible by the support of European Union and Open Society Institute. Project is implementing by the Civic development Institute, Association “Zekari” and Marneuli Youth Center.

The contents of this publication do not necessarily reflect the views of European Union and Open Society Institute

მათემატიკური წიგნიერება ISBN 978-9941-0-4926-2

წიგნიერება ISBN 978-9941-0-4927-9

  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^