Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოსოვო 5 წლისაა

25 თებერვალი 2013

კოსოვოს დამოუკიდებლობა მსოფლიოს 90-ზე მეტმა სახელმწიფომ ცნო. ქვეყანა ომისშემდგომ იარებს ნელ-ნელა იშუშებს და ძირითადად, საერთაშორისო დახმარების ხარჯზე ცხოვრობს. 

17 თებერვალს კოსოვოში დამოუკიდებლობის დღე წელს უკვე მეხუთედ აღნიშნეს. მეც მეგობრებთან გასული შაბათ-კვირის გასატარებლად პრიშტინაში წასულმა სრულიად შემთხვევით და დაუგეგმავად თავი ეროვნულ დღესასწაულზე ამოვყავი.

კოსოვო საერთაშორისო სამართლისთვის საინტერესო და აქტუალური თემაა. როგორც იურისტს, რამდენჯერმე მომიწია ამ რეგიონის პრობლემებზე მუშაობა. მაგრამ ახალ ამბებში და სამართლის წიგნებში წაკითხულ-წარმოდგენილი და რეალურად ნანახი შეიძლება საკმაოდ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და საერთაშორისო სამართლის მაგისტრისთვის, კოსოვო სერბეთის ნაწილია. ყოველ შემთხვევაში, დიდი სურვილი მაქვს ასე იყოს. მინდოდა მქონოდა იმედი, რომ ოდესმე კოსოვო სერბეთს დაუბრუნდება. ეს იმედი ბოლოს, მაგრამ მაინც მოკვდა, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი რამდენიმე ათწლეულის პერსპექტივაში. 

პრიშტინაში წასლვამდე ვამბობდი, რომ მივდივარ სერბეთში, კონკრეტულად კი კოსოვოში. მაგრამ ჩემმა თანამშრომლებმა გამაფრთხილეს, რომ ეს კოსოვოში ხმამაღლა არსად უნდა მეთქვა. ასევე მირჩიეს, საზღვარზე ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩვენ კოსოვოს დამოუკიდებლობა არ გვიცნია (დამსახურებულად). ისე ოფიციალურად, კოსოვო იმ მცირეოდენ ქვეყანათა რიცხვში შედის, სადაც საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება, მაგრამ, რადგანაც ევროკავშირის მოქალაქესთან ერთად მიწევდა მგზავრობა, თავი გავიმხნევე და ვთქვი, რომ თუ გაგვიშვებენ, ორივეს გაგვიშვებენ-მეთქი. ასეც მოხდა.

მოკლედ, ნამდვილად არ ველოდი იმას, რომ კოსოვოში ნახევარი მოსახლეობა ლტოლვილთა ბანაკებში იცხოვრებდა. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არც ბევრად უკეთესს ველოდი. არ ველოდი, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იმუშავებდნენ, მაგრამ მუშაობენ (სხვა  საკითხია - როგორ). ბოლოს და ბოლოს, კოსოვოდან არეულობის და ომის გარდა ხომ ბევრი არაფერი გვსმენია.

პრიშტინაში შესვლისთანავე ყურადღებას იპყრობს ის, რომ მთელ ქალაქში უზომოდ ბევრი კოსოვოს და ამერიკის დროშაა გამოფენილი. ქვეყანაში (უფრო სწორად რეგიონში) ტაქსის მძღოლიდან დაწყებული რიგითი მოქალაქით დამთავრებული ყველა კარგად ლაპარაკობს ინგლისურად. ქალაქი ჭუჭყიანი და არქიტეტურულად ულამაზოა, მაგრამ შენდება უამრავი ახალი, გამჭვირვალე (!) შენობა. საცხოვრებელი სახლების 80% ბოლო 10 წლის განმავლობაშია აშენებული.

თუ არ ჩავთვილით მანქანების ქაოტურ მოძრაობას, ქალაქი ჩვეულებრივი, მშვიდი რიტმით ცხოვრობს. პრიშტინაში ფაქტიურად არ იგრძნობა კონფლიქტის კვალი. ერთადერთი რამაც არამარტო დამაფიქრა, არამედ შემზარა კიდეც, იყო რკინიგზა, რომელიც ადრე პრიშტინას ბელგრადთან აკავშირებდა. დღეს ამ რკინიგზაზე სიცოცხლის ნიშანწყალი არ იგრძნობა. არის მიტოვებული, მოწყენილი, ატალახებული, ბალახიანი და მარტოსული... რკინიგზა, რომელსაც არსად მიყავხარ, რკინიგზა, რომლის მოქმედება ომმა შეაჩერა სულ თუ არა, დიდი ხნით მაინც. 

პრიზრენში კი შემზარავი სანახაობა დამხვდა  პრიზრენი სამხრეთ კოსოვოში ალბანეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქია, რომელიც მასიურად ალბანელებითაა დასახლებული. ქალაქის ცენტრში (ძალიან მცირე რადიუსში) აღმართულია 30-ზე მეტი სხვადასხვა ზომის მეჩეთი. იმ დასახლებაში კი, სადაც ადრე სერბები ცხოვორებდნენ, ყველა საცხობრებელი სახლი გადამწვარია და შავად ლივლივებს.  გადამწვარია მართლმადიდებლური ეკლესიები. შემორჩენილია მარტო ეკლესიების და სახლების შემზარად შავი და ცივი ნანგრევები, რომელიც საფრთხობელასავით გადმოჰყურებს ქალაქს და რელიგიათა შორის დაუსრულებელ ომზე გვიყვება. ომზე, რომელიც ამ რეგიონში ქრისტიანობის მარცხით დამთავრდა. ქალაქში შემორჩენილია რამდენიმე მართლმადიდებლური ტაძარი, რომელსაც დაცვის სამსახური იცავს და მავთულხლართებითაა შემოსაზღვრული. ამ ეკლესიებმა, შეიძლება რამდენიმე წელიწადში აღარც კი იარსებონ. 

პრიშტინას მთავარი სანახაობა  ცნობილი წარწერა-მონუმენტია Newborn – “ახლადდაბადებული”, რომელიც ქუჩაში გამვლელებს კოსოვოს ახლადდაბადებულ სახელმწიფოებრიობას აუწყებს. ხუთწლიანი დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მონუმენტზე გამოსახეს იმ ქვეყანათა დროშები, რომლებმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღაიარა.

საინტერესოა ისიც, რომ ევროკავშირის 22-მა და ევროსაბჭოს 34-მა წევრმა ქვეყნამ უკვე სცნო კოსოვოს სახელმწიფოებრიეობა. მთლიანობაში, 90-ზე მეტმა ქვეყანამ მსოფილიოში აღიარა კოსოვო. და თუ ჩემს მასპინძელს კოსოვოში და ევროსაბჭოს ექსპერტს დავუჯერებთ, ტენდენცია მზარდია. თუმცა, კოსოვოს ინტეგრაცია გაეროში, რა თქმა უნდა, ჯერ ისევ ძალიან შორეული (ალბათ, არარეალურიც) პერსპექტივაა.

აქ  ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, მე თუ მკითხავთ, ზედმედად ბევრიც. ასევე, ჩემი მასპინძლის ინფორმაციით, კოსოვოში კანონის უზენაესობის და სამართლიანი სასამართლოს საკითხებზე მომუშავე ერთი-ერთი საერთაშორისო მისიის ბიუჯეტი ყოველწლიურად მთელი ევროსაბჭოს ბიუჯეტს აჭარბებს. და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებას კოსოვოს სახელმწიფოებრიობის “შენახვა” ძალიან ძვირი უჯდება. 

უკვე რამდენიმე დღეა მშვიდობით დავბრუნდი პოდგორიცაში (მონტენეგრო), სადაც ამჯერად ვცხოვრობ და ვმუშაობ. პოდგორიცა ბევრად უფრო მოწესრიგებული, მშვიდი, სუფთა და ლამაზი მომეჩვენა კოსოვოს შემდეგ. ჩამოსვლის მერე სულ ვფიქრობ კოსოვოზე და ვცდილობ იქ ნანახი ჩვენს ქართულ კონფლიქტებს შევადარო. საინტერესოა ის, რომ კოსოვოში თითქმის არავინ ამბობს, რომ კოსოვოელია. მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ არის ალბანელი. იშვიათ და კარგ შემთხვევაში ამბობენ, რომ არიან კოსოველ-ალბანელები. ანუ კოსოვოელი ერი, როგორ ასეთი, არ არსებობს.

ასევე კოსოვოში მცხოვრებ მოქალაქეთა უმრავლესობას უნდა, რომ კოსოვო ალბანეთის ნაწილი გახდეს. ალბანეთს უნდა თუ არა კოსოვოს მიერთება - რთული საკითხია. თუ ალბანეთის ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ ხარჯებს გავითვალისწინებთ, რაც კოსოვოს “შენახვას” უნდა, ალბანეთს კოსოვოს მიერთება არ უნდა სურდეს.  კოსოვოში ეკონომიკა ფაქტობრივად არ არის განვითარებული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მდიდარ მაღაროს და წვრილ კერძო ბიზნესს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დღემდე ქვეყანა საერთაშორისო დახმარებიდან წამოსული თანხებით ცხოვრობს. 

უნდა ვაღიარო, რომ ამ კონფლიქტის კვალიფიკაციისას როგორც ქართული კონფლიქტების პატრონი, სუბიექტური ვარ და კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარს არ ვუჭერ. კოსოვო საუკუნეების განმავლობაში სერბეთის ნაწილი იყო. სერბული კულტურა ფაქტობრივად კოსოვოდან მოდის. სერბეთისთვის კოსოვოს წართმევა იგივე იყო, რაც საქართველოსთვის ქართლის წაართმევა იქნებოდა. ასევე საკამათოა ალბანელთა გენოციდის საკითხი, რომელიც  კოსოვოელთა თვითგამორკვევის უფლების და კოსოვოს ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა.

გვაწყობს და გვინდა თუ არა, ჩვენ, ქართველებს კოსოვოს დამოუკიდებლობა, ეს ცაკლე საკითხია. მაგრამ ფაქტი ჯიუტია. კოსოვო სახელმწიფოა, თავისი პრობლემებით, მაგრამ ასევე დროშით, გერბით, საჯარო სტრუქტურების მოქმედებით (თუ უმოქმედობით),”სუპერსახელმწიფოდან” წამოსული მასიური ფინანსური მხარდაჭერით, ამ მხარდაჭერით დაგებული ვრცელი ავტობანებით და ჯარით, რომელიც შემორჩენილ სერბიულ-მართლადიდებლურ ნანგრევებს და ნასახლარებს სრული განადგურებით ემუქრება.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^