Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს დემოგრაფიული გამოწვევები

25 თებერვალი 2013

რამდენიმე კვირის წინ, “დემოგრაფიული განვითარების პროექტის” ხელმძღვანელმა საზოგადოებას გარეოს კვლევის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვით, 2050 წლისთვის  საქართველოს მოსახლეობა 11 70 000-ით შემცირდება. დემოგრაფების შეფასებით, გრძელვანიან პროგნოზები მაინცდამაინც სანდო არ არის, თუმცა აღნიშნავენ, რომ შობადობის კლება და დეპოპულაცია თანამედროვე სამყაროსათვის კანონზომიერია, თუმცა ეს პროცესი განსაკუთრების საშიში მცირერიცხოვანი მოსახელობის მქონე ქვეყნებისთვის შეიძლება გახდეს. 

გაერთიანებული ერების ხალხთმოსახლეობის ფონდის პროგნოზის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 1 170 000-ით შემცირდება და 3 300 000 კაცი იქნება. კოალიცია „ქართული ოცნების“ დემოგრაფიული განვითარების პროექტის წევრის თამარ ჩიბურდანიძის თქმით, კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი ქართველების შემცირების გამო მკვეთრად დაირღვა,  აღნიშნული პროგნოზის გათვალისწინებით კი, 2050 წლისთვის კავკასიის დემოგრაფიული ბალანსი უფრო დაირღვევა.

„თუ 1926 წლის მონაცემებით კავკასიაში ყოველი მესამე ადამიანი ქართველი იყო, ამჟამად ქართველი ყოველი მეცხრამეტეა. გაეროს მონაცემებით 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 1 170 ათასი კაცით შემცირდება, სომხეთის მოსახლეობა მცირედით გაიზრდება და სომხეთშიც 3 300 ათასი კაცი იცხოვრებს, ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობა 9 მილიონიდან 11 მილიონამდე  გაიზრდება. ამრიგად, საქართველოსა და სომხეთის მოსახლეობის წილი სამხრეთ კავკასიის მთელ მოსახლეობაში 2050 წელს 18,7-18,7 პროცენტი გახდება, ხოლო აზერბაიჯანისა - 62,6 პროცენტი,“ - ამბობს ჩიბურდანიძე.

გაერო მოსახლეობების პროგნოზს ყოველ ორ წელიწადში აახლებს. როგორც წესი, ყოველი განახლებული პროგნოზი ზოგჯერ მცირეოდენ, თუმცა განსხვავებას მაინც იძლევა. 2008 წლის პროგნოზით საქართველოს მოსახლეობა 1 170 000-ით მცირდება, 2010 წელს განახლებული პროგნოზით ეს რიცხვი 1 166 000-ია.

გაერო მოსახლეობის რაოდენობის პროგნოზს ძირითადად სამ დემოგრაფიულ კატეგორიაზე დაფუძნებით აკეთებს, ესენია: შობადობა, მოკვდავობა და გარე მიგრაცია.

გაეროს მსგავსად მსგავს პროგნოზებს მსოფლიო ბანკი და ამერიკის შეერთებული შტატების აღწერის ბიუროც აკეთებს. მსოფლიო ბანკისა და გაეროს პროგნოზები 2050 წლისთვის დაახლოებით ერთი და იგივეა, შეერთებული შტატების აღწერის ბიუროს გაანგარიშებით კი 2050 წელს საქართველოში 600 000-ით მეტი მოსახლეობა იცხოვრებს, ვიდრე ეს გაეროს მონაცემებითაა ნავარაუდები.

დემოგრაფ გიორგი წულაძის თქმით, გრძელვადიანი პროგნოზები მაინცდამაინც სანდო არაა და რაც უფრო შორეულ პერსპეტივაზე მიგვითითებს მისი სარწმუნოობაც მცირდება.

მისივე თქმით, მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის შემცირება დემოგრაფიული განვითარების გენერალური ხაზია და არა დემოგრაფიული კატასტროფა.

„წარმოიდგინეთ, კაცობრიობის დასაწყისში ძალიან მაღალი შობადობა და ძალიან მაღალი მოკვდავობა იყო. პირველყოფილი თემური წყობილებიდან სადღაც მეთვრამეტე საუკუნემდე მსოფლიოს მოსახლეობა მცირედით იზრდება. დემოგრაფების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალიან მაღალი შობადობა ძალიან მაღალ მოკვდავობაზე რეაქციაა. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად იკლებს მოკვდავობაც და შობადობაც. მაღალი მოკვდავობასა და შობადობიდან დაბალ შობადობასა და მოკვდავობის მიმართულებით ტრანსფორმაცია დემოგრაფიული განვითარების ძირითადი ხაზია.“ - ამბობს გიორგი წულაძე.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი, სოციალური თუ ტექნოკრატიული მიღწევების პარალელურად რაღაცებს ვკარგავთ, ეს დემოგრაფიაშიც თვალშისაცემია. „იმის კვალობაზე რომ მოსახლეობის კლებისკენ მივდივართ, დადებითი ისაა, რომ იზრდება სიცოცხლის ხანგძლივობა და მცირდება ჩვილთა სიკვდილიანობა.“

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ავთანდილ სულაბერიძის თქმით, იქ სადაც შობადობის მაჩვენებელი იზრდებოდა, ახლა იკლებს და ეს ეხება, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებს.

„დემოკრატიული პროცესებისა და ინდივიდუალიზმის განვითარებასთან ერთად იწყება ოჯახის ტრანსფორმაცია. 1970-იანი  წლების მეორე ნახევარს მეორე დემოგრაფიული გადასვლა უწოდეს, როცა ოჯახში შევიდა დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებები და მამიდან, როგორც მთავარი ავტორიტეტიდან, ყურადღება ბავშვზე გადავიდა. მნიშვნელოვანი ბავშვისათვის განათლების მიცემა გახდა. ოჯახის შემოსავლების დიდი ნაწილი ბავშვისკენ მიიმართა.  თავისთავად, ამან შობადობის შემცირება გამოიწვია.“ -ამბობს ავთანდილ სულაბერიძე.

დემოგრაფები დემოგრაფიული აღწარმოების (თაობათა განახლების) რამდენიმე ტიპს გამოყოფენ. ეს ტიპები შობადობისა და მოკვდავობის ურთიერთქმედების შედეგია. აღწარმეობის (თაობათა განახლების) უახლესი, მეორენაირად ცივილიზებული ტიპისთვის, მოსახლეობის შობადობის კლებაა დამახასიათებელი. საქართველო საკუთარი დემოგრაფიული განვითარებით თანამედროვე ტიპიდან უახლეს ტიპზე გადადის, მოსახლეობის კლება ამ პროცესის ნაწილია. სხვადასხვა ქვეყნა საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაბამისად დემოგრაფიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა, მაგალითად შუა აზიის ქვეყნები დემოგრაფიული განვითარების თანამედროვე  ეტაპზეა.

შობადობის კლების პარალელურად, დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება, მსოფლიოს დღის წესრიგში მთავარი თემაა. მემარჯვენე ორიენტაციის დემოგრაფიული პოლიტიკა დემოგრაფიულ პროცესებში ჩაურევლობას გულისხმობს. მემარცხენე ორიენტაციის მთავრობები,როგორც წესი, დემოგრაფიულ პროცესებში ჩარევას ამჯობინებენ.

საქართველოში 28 თებერვალს დემოგრაფიული განვითარების ფონდის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, ფონდი კერძო იქნება, თუმცა სახელმწიფოს სტრუქტურებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

„პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ ჩვენი დემოგრაფიული მონაცემები ბიძინა ივანიშვილს გააცნო. პრემირ-მინისტრმა, როგორც კი ეს ეს საკითხი მოისმინა, თქვა, რომ სასწრაფოდ დაგვეწყო დემოგრაფიული პოლიტიკისა და კონცეფციის შემუშავება. დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებაში თითქმის ყველა სამინისტრო იქნება ჩართული,“ - ამბობს ჩიბურდანიძე.

ჩიბურდანიძის აზრით, დემოგრაფიული პოლიტიკის მთავარი მიზანი, მესამე შვილის გაჩენის წახალისება უნდა იყოს. ფონდს ჯერჯერობით ზუსტად არ აქვს განსაზღვრული რა სერვისებს შესთავაზებს ოჯახებს მესამე ან შემდეგი შვილის გაჩენის შემთხვევაში.

„ეს შეიძლება იყოს შეღავათები ან ფინანსური დახმარება თვეებისა და შესაძლებელია, წლების განმავლობაშიც. ვფიქრობთ, რომ მეორე ბავშვის გაჩენის შემთხვევაშიც გვექნება ერთჯერადი დახმარება.“ - ამბობს თამარ ჩიბურდანიძე.

დემოგრაფიული ფონდი პირველ რიგში იმ რეგიონებში იმუშავებს, სადაც შობადობა ნაკლებია და მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად იკლებს.

„ფონდი კერძო შემოწირულობებით დაფინანსდება, თუმცა რამდენადაც სახელმწიფოს ნება იყო მისი შექმნა, მისგანაც ველოდებით დონორობას.“ - ამბობს ჩიბურდანიძე.

დემოგრაფ გიორგი წულაძის აზრით, სოციალური პოლიტიკა დემოგორაფიული პოლიტიკის ნაწილია, თუმცა მიაჩნიათ, რომ დემოგრაფიული პოლიტიკა ისეთ დემოგრაფიულ კატეგორიებზეა მიმართული როგორიცაა, შობადბობის წახალისება, მიგრაციის კონტროლი, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა და ქორწინება.

„ადამიანს რომ ეხმარები, ამას დემოგრაფიული პოლიტიკა არ ჰქვია, ეგ სოციალური დახმარებაა. დემოგრაფიული პოლიტიკა ისეთ დემოგრაფიულ კატეგორიებზეა მიმართული, როგორიცაა შობადობის ოპტიმიზაცია, მიგრაციის კონტროლი, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგძლივობის გაზრდა და ქორწინება. საქართველოში მოსახლეობის ერთ მეოთხედს ჰყავს იმაზე ნაკლები ბავშვი, ვიდრე უნდა. ამ კატეგორიას ბავშვის ყოლისთვის საჭირო პირობები უნდა შევუქმნათ. “ - ამბობს წულაძე.

ავთანდილ სულაბერიძე მიიჩნევს, რომ დემოგრაფიული პოლიტიკა სოციალური პოლიტიკის გარეშე არაეფექტური იქნება.

„მესამე შვილი, როგორ უნდა გააჩინონ, როდესაც საბინაო პრობლემაა. მოსაფიქრებელია საბინაო ფონდის გაკეთებაც ახალი ოჯახების ფორმირებისთვის. თუ სახლი არ აქვს ადამიანს ,სად შექმნას ოჯახი? მაგალითად, შეიძლება, ორ შვილიან ოჯახს მივცეთ კრედიტი ბინის ასაშენებლად და თუ მესამე შვილსაც გააჩენს, მაშინ კრედიტის 50 პროცენტი გადავუხადოთ.“ - ამბობს სულაბერიძე.

მისი აზრით, მესამე ბავშვის გაჩენის პოპულარიზებაც მნიშვნელოვანია. საქართველოს პატრიარქის რამდენიმე წლის წინანდელი  მოწოდებით 2011 წელს დაბადებულ ბავშვებში მესამე და შემდეგი ბავშვის ხვედრითი წილი 15 პროცენტამდე გაიზარდა, თუმცა ეს მოსახლეობის დემოგრაფიული ტენდენციების შეცვლისთვის არასაკმარისია.

„ბავშვის ყოლის სურვილი სკოლის ასაკში იწყებს ფორმირებას. თუ განათლების სისტემა რაც შეიძლება მეტი ბავშვის გაჩენის სურვილს წაახალისებს, მოსახლეობის რაოდენობაზე ეს შესაბამისად აისახება.“ - ამბობს სულაბერიძე.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^