წარმოიდგინეთ საქართველო, სადაც ყველა ადამიანს აქვს ერთი და იგივე ოდენობის მინიმალური შემოსავალი. ეს საქართველო რადიკალურად განსხვავებულია. აქ ყოველწლიურად აღარ შიმშილობს 77,000 ბავშვი, მოხუცებს ოცნებად აღარ აქვთ ცხელი სადილი და შეშა ზამთარში. ეს არის სოციალურად და ეკონომიკურად უფრო ჯანსაღი საქართველო, სადაც მეტი ფული იხარჯება, დეპრესიის რისკები საგრძნობლად მცირეა, მოქალაქეთა სტაბილურობა კი - მნიშვნელოვნად დიდი. ბევრი თქვენგანი უკვე იფიქრებდა, რომ საქმე რიგით სოციალისტურ უტოპიასთან აქვს. სინამდვილეში, თქვენ წინაშეა ოცდამეერთე საუკუნის იდეა, რომელსაც სოციალისტები ისევე უჭერენ მხარს, როგორც ლიბერტარიანელები. მეოცე საუკუნის იდეა თუ კეთილდღეობის სახელმწიფო იყო, ოცდამეერთე საუკუნის იდეა საყოველთაო საბაზისო შემოსავალი იქნება.
საყოველთაო საბაზისო შემოსავალის იდეა ახალი არ არის. პირველად მას ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ვხვდებით თომას მორის „უტოპიაში” (1516), შემდეგ კი იოჰანეს ლუდოვიკუს ვივესის ტექსტში „ღატაკთა შემწეობის თაობაზე” (1526). სასჯელაღსრულების სისტემის სახელგანთქმული კრიტიკისას, მორი ამბობს, რომ კრიმინალთა ულმობელი დასჯის ნაცვლად „უმჯობესი იქნებოდა ხელისუფლებებს ეზრუნათ მათთვის ცხოვრების გარკვეული სახსრების აღმოსაჩენად”, რათა არავინ იყოს განწირული ქურდობისა და დაღუპვისთვის. ვივესი კი აცხადებს, რომ „ყველას უნდა მიეცეს საკვები, რამეთუ არავინ არ უნდა მოკვდეს შიმშილით”. მისი „ოცნებაა სიღარიბე სრულად აღმოიფხვრას ჩვენს ქალაქში“. 1797 წელს გამოქვეყნებულ „აგრარულ სამართლიანობაში”, საფრანგეთისა და ამერიკის რევოლუციათა ერთ-ერთი მთავარი გონება, ტომას პეინი გამოდის წინადადებით, რომ 21 წლის ასაკის ზევით თითოეულ მოქალაქეს ყოველწლიურად თხუთმეტი ფუნტი სტერლინგი მიეცეს, ხოლო ყველა მოქალაქეს 50 წლის ასაკს ზევით - ათი ფუნტი სტერლინგი.
იდეას არც თანამედროვე ეპოქაში დაუკარგავს რელევანტურობა. მეოცე საუკუნეში მას მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც თანაბარი ენთუზიაზმით უჭერდნენ მხარს. თუ მემარჯვენეებს სახელმწიფოს ბიუროკრატიის შემცირების პერსპექტივა ხიბლავდა, მემარცხენეებს უთანასწორობის აღმოფხვრის ქმედითი შანსი ახალისებდა. სწორედ ამიტომ, სოციალისტი კომენტატორები და ლიბერტარიანელი მილტონ ფრიდმანი ხშირად ერთი და იმავე ენთუზიაზმით საუბრობდნენ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის იდეაზე.
იდეა საცდელ რეჟიმშიც არაერთხელ გატარდა. განსაკუთრებით წარმატებული კანადელ პრემიერ პიერ ტრუდოს მიერ დოფინის ოლქში გატარებული ექსპერიმენტი იყო. სქემის განხორციელების შედეგად, კანადურ საპილოტე ოლქში ემოციური სტრესისა და ავადმყოფობების რიცხვმა იკლო. ამასთანავე, შემცირდა დახმარების მიმღებ ოჯახთა შვილების მიერ საშუალო განათლების დატოვების ალბათობა. საყურადღებოა, რომ გარკვეულ პოზიტიურ საზოგადოებრივ ეფექტზე მიუთითებს იდეის ფაქტობრივად ყველა სხვა საპილოტე პროექტიც. სხვათა შორის, იდეის პრაქტიკაში დანერგვა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონსაც სურდა, თუმცა საბოლოოდ კანონი პარლამენტმა არ დაამტკიცა. თუმცა, იდეა არასდროს ყოფილა ისე პოპულარული, როგორც დღეს, სპეციფიკური თანამედროვე გამოწვევების მქონე სამყაროში.
გასაკვირი სავსებით არ არის, რომ მსოფლოს თავისი ისტორიის არცერთ მომენტში არ ახსოვს ერთდროულად მიმდინარე ამდენი საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ექსპერიმენტი. ამჟამად ექსპერიმენტები მიმდინარეობს მთელ რიგ სახელმწიფოებში, მათ შორის ფინეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, კენიაში, ესპანეთსა და აშშ-ში. გასულ ორ კვირაში იდეა ხელახლა მოექცა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში, როდესაც ინდოეთმა მის დასანერგად ზოგადი მზადყოფნა გამოთქვა. ფინური ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის იანვარში დაიწყო, 2000 უმუშევარ ფინელს €560 ოდენობის შემწეობა დაენიშნა. ექსპერიმენტში ჩართულია აგრეთვე იტალიის ქალაქი ლივორნო, რომელმაც 2016 წლის ივნისში 100 ყველაზე ღარიბ ოჯახს €500 ევროს ოდენობის შემწეობა დაუნიშნა. 2017 წელს, სქემას შეუერთდება რაგუზა და ნეაპოლი იტალიაში და ონტარიო კანადაში, სადაც სოციალურ დახმარებაზე მყოფი ან/და მცირე შემოსავლის მქონე 4,000 მოქალაქე მიიღებს დახმარებას საბაზისო შემოსავლის სქემის ფარგლებში. საპილოტე პროექტის გატარება ასევე იგეგმება გაერთიანებული სამეფოს ფაიფისა და გლაზგოს ოლქებშიც. რასაკვირველია, თითოეული ექსპერიმენტის შედეგს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარე ცხარე საერთაშორისო დისკუსიაზე. შედეგები შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს, თუმცა ენთუზიაზმი, რითაც მსოფლიო საყოველთაო საბაზისო შემოსავლის იდეას უბრუნდება, სრულიად უპრეცედენტოა.
საყოველთაო საბაზისო შემოსავლის იდეა საკმაოდ მარტივი, თუმცა პოტენციურად რევოლუციურიცაა. მას რამდენიმე მთავარი მახასიათებელი გამოარჩევს. პირველ რიგში, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი უპირობოა. არც მის მისაღებად და არც მის დასახარჯად, არ არის აუცილებელი, მოქალაქე აკმაყოფილებდეს რაიმე წინაპირობას. მაგალითად, საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მისაღებად სავსებით არ არის აუცილებელი, მოქალაქე იყოს ღარიბი ან უმუშევარი. ხოლო მიღების შემთხვევაში, სავსებით არ არის აუცილებელი მან თანხა ისე დახარჯოს, როგორც სახელმწიფოს სურს. სახელმწიფო ინვესტიციების სხვა ფორმებისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად კონკრეტული საქმისთვის გაიცემა (მაგალითად, სუბსიდია ყურძნის კონკრეტული ჯიშის მოსაყვანად), საყოველთაო საბაზისო შემოსავალი გაიცემა უბრალოდ და უპირობოდ.
იდეის არსი ის გახლავთ, რომ ყველა ზრდასრული მოქალაქე, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეა და თან ცოცხალი, სახელმწიფოსაგან იღებს კონკრეტული ოდენობით თანხას გარკვეული პერიოდულობით - ვთქვათ, 400 ლარს ყოველთვიურად. სოციალური დახმარების სხვა მოდელებისგან განსხვავებით, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი არ საჭიროებს მოქალაქის არსებული შესაძლებლობების შეფასებას, რადგან სახელმწიფოსთვის მოქალაქის სოციალურ სტატუსს აზრი არ აქვს. სქემის მიხედვით, ყველაზე ღარიბი, რომელიც, ვთქვათ, თვეში 300 ლარს გამოიმუშავებს, ყოველთვიურ 400 ლარს ისევე იღებს, როგორც საშუალო ფენის სტაბილური წარმომადგენელი, რომელიც თვეში 2000 ლარს გამოიმუშავებს. შესაბამისად, სოციალური დახმარების სხვა სქემებისგან განსხვავებით, ეს სქემა მნიშვნელოვნად ამცირებს ბიუროკრატიის როლს და სახელმწიფოს ხარჯებსაც. დაზოგილი ხარჯები კი პროდუქტიულად შეიძლება მოხმარდეს იმავე პროექტის წარმატებულად შესრულებას.
ვის შეეხება პროგრამა? პრაქტიკაში სქემამ შესაძლოა განსხვავებული ეროვნული ფორმები მიიღოს. თუმცა, ზოგადი არსი არის პროგრამა, რომელიც ეხება სახელმწიფოს ყველა ზრდასრულ მოქალაქეს 18 წლის ზევით და საპენსიო ასაკს ქვევით. სქემის ფარგლებში, ასევე მნიშნველოვანია დაწესდეს ზღვარი, რომლის ზევით მყოფ მოქალაქეს აღარ აქვს უფლება, იყოს საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მიმღები. მაგალითად, თუ მოქალაქის ყოველწლიური შემოსავალი 50,000 ლარს აჭარბებს, მას სქემა აღარ შეეხება.
საყოველთაო საბაზისო შემოსავლის იდეა მრავალმხრივ უფრო მიმზიდველია, ვიდრე მეოცე საუკუნის „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ტრადიციული მოდელები. საქმე ისაა, რომ „კეთილდღეობის სახელმწიფო“ ძველი დროის პირმშოა, კერძოდ კი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეფორმიზმისა, რომელიც ომით განადგურებული ევროპის რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად. თავისი დროის საპირწონედ, „კეთილდღეობის სახელმწიფო“ საკმაოდ წარმატებულიც იყო, თუმცა ჩვენი დროის გამოწვევებს ის ადეკვატურად ვეღარ პასუხობს.
დღეს მსოფლიო არსებითად განსხვავებულ დროებში შედის. პოსტინდუსტრიალური ეკონომიკა, რომელსაც სხვადასხვაგვარად კოგნიტურ კაპიტალიზმად, ინფო-ტექნოლოგიურ კაპიტალიზმად თუ ცოდნის ეკონომიკადაც მოიხსენიებენ, მზარდი ფრაგმენტულობით გამოირჩევა. გლობალიზაციის და გაციფრულების პარალელურად, თანამედროვე მსოფლიო მეტად და მეტად წარმოადგენს, ე. წ. „გიგეკონომიკას“, რომელიც უპირველეს ყოვლისა შრომის დროისა და შრომის შინაარსის ფრაგმენტაცით ხასიათდება. „გიგეკონომიკა“ გულისხმობს „შრომის ბაზარს, რომელსაც ახასიათებს მოკლევადიანი კონტრაქტები, ან შტატგარეშე სამუშაოს სიჭარბე, მუდმივი დასაქმების სანაცვლოდ“.
პრაქტიკაში ეს მეტ პიროვნულ თავისუფლებას გულისხმობს, რასაც ამ ტიპის ეკონომიკის ადვოკატები ხშირად გვახსენებენ. თუმცა, იმავე დროს „გიგეკონომიკა“ ნაკლებ გარანტირებულ სამუშაო საათებს, ნაკლებად სტაბილურ შემოსავალს და შრომის ნაკლებ დაცულობსაც გულისხმობს. მართალია, „გიგეკონომიკას“ შესაძლოა ზოგისთვის დადებითი მხარეებიც უხვად ჰქონდეს, მაგრამ ის ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად გულისხმობს ნაკლები გათვლადობისა და სტაბილურობის ნაკლებობას. „გიგეკონომიკის“ მოქალაქე უფრო ნაკლებად და ნაკლებად არის საკუთარი მომავლისა და თავისი დემოკრატიის ბატონ-პატრონი.
ამის პარალელურად, კაპიტალისტური ცხოვრების მომავალს ეჭვქვეშ აყენებს ავტომაციისა და რობოტიზაციის შეუქცევადი პროცესები, რომლებმაც უკვე ათასობით ადამიანი დატოვა სამსახურის გარეშე, მომავალ ორ ათწლეულში კი მსოფლიოს არსებული სამუშაო ადგილების მესამედის გაქრობით ემუქრება. უკვე ფრაგმენტირებული შრომის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვნად გამოიყურება გარდაუვალი დამატებითი ავტომაციის პირობებში. ამ კონტექსტების ფონზე, ევროპული „კეთილდეობის სახელმწიფო“ უკვე აშკარად დრომოჭმულია. თუ მისი შექმნისას დასავლეთის საზოგადოებები და სოციო-ეკონომიკური პროცესები გარკვეული ერთგვარობით ხასიათდებოდა, დღევანდელი გლობალიზებული სამყარო ბევრად უფრო სპონტანური და ამოუცნობია. ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოს მეტად და მეტად უჭირს ფეხი აუწყოს ჩვენი დროის ტემპს და აღმოფხვრას მის მიერ წარმოშქმნილი ახალი ტიპის უთანასწორობები.
ევროპის ტრადიციული კეთილდღეობის სახელმწიფოებში, სოციალური დახმარება დღემდე ხშირად პირობითია. სხვანაირად თუ ვიტყვით, იგი გადაჯაჭვულია სხვა წინაპირობებთან, რომელთა შეუსრულებლობა დახმარების შეწყვეტას გამოიწვევს. არაერთ სახელმწიფოში, ერთი ასეთი პირობა „სამუშაოს ძიება”, ან ვერპოვნის შემთხვევაში მინიმუმ „სამუშაოს მაძიებლის“ პროგრამაში დარეგისტრირებაა. მაგრამ, დასაქმების შემთხვევაში დახმარება ან სრულად წყდება, ან, სულ მცირე, მნიშვნელოვნად მცირდება. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკური რყევებით დასუსტებულ სახელმწიფოებში სტაბილური დასაქმება რთულად მოსაპოვებელია, დაუსაქმებლობის პერსპექტივა კი ავტომაციისა და რობოტიზაციის წყალობით - კიდევ უფრო მაღალი, ამ ვითარებაში, ბუნებრივია, მოქალაქეს არ გააჩნია სურვილი არსებული შემწეობა, არასტაბილურ პოტენციურ დასაქმებას შესწიროს.
ეს კი ხშირად ხელს უწყობს მოქალაქის „სიღარიბის მახეში“ გაბმას, ანუ იმგვარ წრიულ ყოფაში ჩარჩენას, რომელიც გულისხმობს, რომ რადგან ადამიანი ერთხელ გაღარიბდა, ისტორიული და სოციალური კონტექსტების, თუ პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობის გამოისობით, იგი მუდმივად ამ მდგომარეობაში უნდა დარჩეს. ასეთი ვითარება არამარტო უსამართლოა, არამედ ეკონომიკური ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისათვის კატასტროფულიც არის.
ამისგან განსხვავებით, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი, რომელიც, როგორც ვიცით, უპირობოა და ამიტომ არც დასაქმებას და არც დასაქმების ძიებას არ ასახელებს წინაპირობად, მნიშვნელოვნად უფრო ეფექტურია. რადგან საბაზისო შემოსავლის მიწოდება არ წყდება დასაქმების მოპოვების შემთხვევაში, საყოველთაო საბაზისო შემოსავლის სქემა სრულებით არ აფერხებს მოქალაქეს სამსახურის ძიების პროცესში. მოქალაქე, რომელმაც იცის, რომ დასაქმების შემთხვევაში თავის სტაბილურ, თუგინდ მცირე, საბაზისო შემოსავალს არასტაბილურ ხელფასს არ შესწირავს, გაცილებით უფრო ნაკლებად შეფერხდება სამუშაოს ძიების პროცესში და უფრო მარტივად იპოვის სამუშაოს, რომელზეც დათანხმებასაც შეძლებს, გინდ ეს არასტაბილური დასაქმება იყოს, როგორიცა თანამედროვე, ფრაგმენტირებული შრომის ეკონომიკაში მეტად და მეტად გვხვდება.
ბუნებრივია, საყოველთაო საბაზისო შემოსავლის იდეა კრიტიკის საგანიც გამხდარა სწორედ იმ აზრით, რომ თუ სამუშაოს ძიება აუცილებელი წინაპირობა არ იქნება, სქემა „უსაქმურობის კულტურას” შეუწყობს ხელს. თუმცა, ეს მცდარი მოსაზრებაა. პირველ რიგში, სქემის ფარგლებში საუბარია მინიმალურ შემოსავალზე, რაც სავსებით არ ნიშნავს ან საკმარის, ან მით უმეტეს, კარგ შემოსავალს. მეორე რიგში, საპილოტე პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სინამდვილეში სქემას საპირისპირო შედეგი უფრო აქვს. მინიმალურით უზრუნველყოფილმა მოქალაქემ ტიპიურად მეტი დრო გამონახა სამსახურის ძებნისათვის და არათუ მინიმალურით არ დაკმაყოფილდა, არამედ მინიმალურ შემოსავალს დამატებითი შემოსავალიც დაურთო.
საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ასპექტი მისი ემანსიპატორული ეფექტია. იგი მოქალაქეს ანიჭებს პოზიტიურ თავისუფლებას, იყოს თავისი თავის დროისა და მომავლის ბატონ-პატრონი. მინიმალური შემოსავალი მას აძლევს საშუალებას, ნაკლებად იღელვოს და მეტი დრო დაუთმოს პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწას და ამ პროცესში მეტი სიმშვიდის ფუფუნებაც ჰქონდეს. მეორე რიგში, სქემა ხელს უწყობს ჯანმრთელობის ხარისხის ზრდას, უკეთეს კვებას, პროდუქტიულობის ზრდას და დეპრესიის შემცირებას. მესამე რიგში, სქემა აუცილებლად და ბუნებრივად გაზრდის ხარჯვის კოეფიციენტს. როდესაც მეტ ადამიანს მეტი ფული ექნება, ბუნებრივია, ხარჯვითაც უფრო მეტი დაიხარჯება, რაც აუცილებელია როგორც ეკონომიკის ჯანმრთელობისთვის, ასევე მცირე ბიზნესების განვითარებისათვის. მესამე რიგში სქემა აუქმებს სერიოზულ ბიუროკრატიულ ხარჯებს, რაც სამიზნე ჯგუფის გამოსავლენად ყოველთვის აუცილებელია.
ათასობით დაუსაქმებელი ადამიანისთვის, ისევე როგორც დროებით უმუშევართა და არასტაბილური სამუშაოს მქონეთათვის, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი შესაძლოა არამარტო გათავისუფლებისა და განვითარების, არამედ ფიზიკურად გადარჩენის მექანიზმიც კი იყოს. მსოფლიოს მასშტაბით კვლავ მიმდინარეობს აქტიური დებატები საყოველთაო საბაზისო შემოსავლის კონკრეტულ ეკონომიკასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ წინ გველის საპილოტე პროექტების შედეგებზე დაკვირვება. ცხადია, რომ პრაქტიკაში იდეა განსხვავებულ ეროვნულ ფორმებს მიიღებს და ისიც ცხადია, რომ ეს არ არის უნიკალური გამოსავალი. თუმცა, ცხადია ისიც, რომ მეტი და მეტი ბუნდოვანებითა და ფრაგმენტაციით გამორჩეულ დროებში, რომელსაც ახასიათებს უდიდესი და მზარდი უთანასწორობა და პოლიტიკური რყევები, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი სწორედ რომ მომავლის იდეაა.