გაზეთი “24 საათი” 2003 წლიდან გამოდის, ტირაჟი დაახლოებით 5 ათასი ეგზემპლარია, 3 ათასამდე მუდმივი ხელმომწერი ჰყავს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. “24 საათს” საზოგადოებისთვის ცნობილი გამომცემლები ჰყავს: მამუკა ფაჩუაშვილი და პაატა ვეშაპიძე. ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით, გაზეთმა და მისმა დამფუძნებლებმა სახელმწიფოს ხელშეწყობით 2005-2012 წლებში რამდენიმე მილიონი ლარის მოცულობის შეკვეთა მიიღეს. განათლების სამინისტროს დახმარებით კი “24 საათის” დამფუძნებლები სასკოლო სახელმძღვანელოების ბიზნესში მთავარი მოთამაშეები გახდნენ.
სასკოლო სახელმძღვანელოების ბიზნესი
2012 წლის 5 სექტემბერს განათლების სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ახალ სასწავლო წელს სასკოლო სახელმძღვანელოების რეალიზაციის ახალ წესებზე ისაუბრეს. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ახალ სასწავლო წელს სახელმძღვანელოებს - მხოლოდ “საქართველოს ფოსტა”, 400-მდე სკოლა და რამდენიმე მაღაზია გაუწევდა რეალიზებას.
განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა იმ სავაჭრო დაწესებულებების სია, სადაც სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა იყო შესაძლებელი. სიაში თბილისში მდებარე მხოლოდ 5 მაღაზია მოხვდა, არადა, წინა წლებში სასკოლო წიგნებს დედაქალაქში წიგნის მაღაზიების რამდენიმე ქსელი და ათეულობით ინდივიდუალური მოვაჭრე ყიდდა.
2012 სასწავლო წლის დასაწყისში სასკოლო სახელმძღვანელოების დისტრიბუტორები და გამომცემლები მომგებიან სეზონს ელოდნენ. განათლების სამინისტროს გრიფირებით მე-7 დან მე-12 კლასის ჩათვლით ახალი სახელმძღვანელოები დაიბეჭდა და წინა წლებში გამოცემული წიგნებით მოსწავლეები ვეღარ ისარგებლებდნენ, ამიტომაც წელს დიდი ოდენობით სახელმძღვანელოები უნდა გაყიდულიყო, თუმცა სინამდვილეში პირიქით მოხდა.
თბილისში მდებარე წიგნის მაღაზიების უმრავლესობა სასკოლო სახელმძღვანელოების გარეშე აღმოჩნდა. როგორც მაღაზიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით სავაჭრო წერტილების, სკოლების მომარაგების ექსკლუზიური უფლება შპს “24 საათი პრინტმა” და “საქართველოს ფოსტამ” მიიღო, ამდენად მხოლოდ ისინი წყვეტდნენ სად გაიყიდებოდა სახელმძღვანელოები და სად - არა. წიგნით მოვაჭრეებმა გვითხრეს, რომ წინა წლებში სასკოლო წიგნებს გამომცემლებისგან თავისუფლად ყიდულობნენ და შემდეგ რეალიზაციას უკეთებდნენ.
“საქართველოს ფოსტა” 100%-თ სახელმწიფო კომპანიაა და მას სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმწიფოს მიერ შეძენილი სახელმძღვანელოების გადაცემა დაევალა, სკოლებში და სავაჭრო ორგანიზაციებში კი სახელმძღვანელოების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლება “24 საათი პრინტმა” მოიპოვა.
შპს “24 საათი პრინტი” 2012 წლის თებერვალში შეიქმნა, მისი დამფუძნებლები გაზეთ “24 საათის” გამომცემლები პაატა ვეშაპიძე, მამუკა ფაჩუაშვილი და მათი კიდევ ერთი პარტნიორი, ირაკლი ლეჟავა არიან. ფირმამ დაფუძნებიდან რამდენიმე თვეში განათლების სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა, რითიც სასკოლო წიგნების დისტრიბუციის უფლება მიიღო.
2012 წლამდე გამომცემელი იზიდავდა ავტორებს, ქმნიდა სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსიას და დასაბეჭდად გადასცემდა საკუთარ, ან დაქირავებულ სტამბას, დაბეჭდილ სახელმძღვანელოს ადებდა ფასს და მსხვილ და წვრილ წიგნით მოვაჭრეებზე ჰყიდდა.
განათლების მინისტრად დიმიტრი შაშკინის დანიშნვის შემდეგ, მდგომარეობა შეიცვალა, განათლების სამინისტრომ გამომცემლებს სასკოლო სახელმძღვანელოების ფასის ზედა ზღვარი - 10 ლარი დაუდგინა. ამის შემდეგ სახელმძღვანელოების უმრავლესობა მაღაზიებში 10 ლარად იყიდებოდა, ამ წიგნებს გამომცემლები წიგნით მოვაჭრეებს 10%-დან 20 %-მდე ფასდაკლებით, ანუ 8-9 ლარად აძლევდა. აქედან გამომდინარე, მოვაჭრეებს წიგნზე საშუალოდ 1 დან 2 ლარამდე რჩებოდათ.
2012 წელს გამომცემელსა და მოვაჭრეებს შორის “24 საათი პრინტის” სახით გაჩნდა დამატებითი რგოლი, რომელმაც გასაყიდი წიგნების მთელი ტირაჟი შეისყიდა და მოვაჭრეებს თავად მიჰყიდა.
“24 საათი პრინტს” 1 ცალი 10 ლარიანი სახელმძღვანელოდან დაახლოებით 1.50 ლარი დარჩა. წიგნით მოვაჭრეებს კი - დაახლოებით 50 თეთრიდან 1 ლარამდე. დისტრიბუტორების ნაწილმა მოგების მიზერულ მარჟაზე მუშაობას უარი თქვა, ნაწილმა კი “24 საათი პრინტთან” მაინც ითანამშრომლა. ერთ-ერთი იყო წიგნის მაღაზიათა ქსელი “ლიბრას” წარმომადგენლები, რომელსაც ქსელში არსებული ოთხი მაღაზიიდან წიგნების შეტანის უფლება მხოლოდ ერთ მაღაზიაში მისცეს, “ლიბრას” წარმომადგენლებმა სახელმძღვანელოები რამდენიმე სკოლაშიც შეიტანეს.
“24 საათი პრინტი” წყვეტდა, რომელ მაღაზიებში უნდა გაყიდულიყო სახლმძღვანელო და მოგების რამდენ პროცენტიანი მარჟა შეიძლებოდა დარჩენოდა მაღაზიას. წიგნების მაღაზიის ზოგიერთ ქსელშიც წელს სასკოლო სახელმძღვანელოები საერთოდ არ გაყიდულა, მათ შორის იყო “ბიბლუსი”, რომელიც 38 მაღაზიას აერთიანებს და 2010 წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოების რეალიზაციასაც ეწევა. “ბიბლუსის” წარმომდაგენელთა თქმით, 2012 წლის სასაწავლო წლისათვის საკუთარ ქსელში სახელმძღვანელოების შეტანას ამაოდ ცდილობდნენ. “ბიბლუსის” პიარ მენეჯერი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სასკოლო წიგნების ქსელში შეტანას ეცადნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს.
გამომცემლების ნაწილი ამბობს, რომ “24 საათი პრინტის” მოთხოვნით 15 ოქტომბრამდე სახელმძღვანელოების სხვა სუბიექტებისთვის გადაცემის უფლება არ ჰქონდათ, ამასვე ადასტურებენ ჩვენ მიერ 2012 წლის ნოემბერში გამოკითხული წიგნის მაღაზიების წარმომადგენლები. ჩვენ რამდენიმე მაღაზიის წარმომადგენელი ფარულად ჩავწერეთ. ყველა ჯერზე ჩვენი რესპონდენტები ერთსა და იმავეს ადასტურებდნენ.
გამომცემლობა “პედაგოგიკას” ხელმძღვანელი ერთ-ერთია, ვინც ინტერვიუზე უარი არ გვითხრა. ირინა რუხაძე, რომელიც 10 წელზე მეტია საგამომცემლო ბიზნესში საქმიანობს, ამბობს, რომ სახელმძღვანელოების სარეალიზაციოდ “24 საათი პრინტისთვის” გადაცემა განათლების სამინისტროს ჩარევით მოხდა. ”2012 წელს ჩვენ მიგვიწვიეს სამინისტროში, რეკომენდაცია იყო სამინისტროს მესვეურებისგან გადაეცათ სახელმძღვანელოები რეალიზაციისთვის მხოლოდ “24 საათი პრინტისთვის”. მითითება იყო ასეთი, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება სხვა ორგანიზაციას გადასცეთ წიგნები, ან თავად გაყიდოთ 2012 წლის ოქტომბრის ბოლომდე. ამის შემდეგ “24 საათი პრინტთან” ხელშეკრულებაც დავდეთ, თუმცა ხელშეკრულებაშიც შეზღუდული ვიყავით. სამწუხაროდ, სხვა სამინისტრომ ალტერნატივა არ დაგვიტოვა. ძლიერი ზეწოლა იყო, პირდაპირ გამოგვიცხადეს სამინისტროში 20%-იანი ფასდაკლებით უნდა გადასცეთ ამ ორგანიზაციას წიგნებიო”, - იხსენებს ირინა რუხაძე.
რას წარმოადგენს საქართველოში სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარი, რომლის ხელოვნური მმართველი” 24 საათი პრინტი” გახდა? ამაზე დაახლოებით წარმოდგენას განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული სტატისტიკური ინფორმაცია იძლევა. სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოს სკოლებში სულ ნახევარ მილიონზე მეტი მოსწავლეა, აქედან 128 ათასი სოციალურად დაუცველია, ისინი წიგნებით სახელმწიფომ უზრუნველყო.
დარჩენილ 430 ათას მოსწავლეს წელს წიგნი ”24 საათი პრინტის” გავლით უნდა შეეძინა. განათლების სამინისტროსვე ინფორმაციით, ერთ მოსწავლეს საშუალოდ 80 ლარის სახელმძღვანელო სჭირდება. თუ ჩავთვლით, რომ მოსწავლეების მინიმუმ ნახევარმა შეძლო წიგნების შეძენა, ანუ 10 მოსწავლიდან 5-ს აქვს წიგნი, მივიღებთ, რომ “24 საათი პრინტის” გავლით 2012 წელს 215 ათასმა მოსწავლემ საშუალოდ 80 ლარის წიგნი შეიძინა, რაც ჯამში 17 მილიონ 200 ათასი ლარი გამოდის, მინიმალური 10%-იანი მარჟის შემთხვევაშიც, შპს “24 საათი პრინტს” წიგნების რეალიზაციით, სულ მცირე, 1 მილიონ 700 ათასი ლარის მოცულობის მოგება უნდა ენახა.
ხელოვნური მონოპოლისტის შექმნამ დისტრიბუტორები და მომხმარებელი დააზარალა, დისტრიბუტორებმა დაგეგმილი შემოსავალი ვერ მიიღეს და სეზონურად სასკოლო სახელმძღვანელოების რეალიზაციაში დასაქმებული ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. დამატებითი დისკომფორტი შეექმნათ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რადგან მაღაზიებში სახელმძღვანელოებს ვერ ყიდულობდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული 2000-ზე მეტი საჯარო სკოლიდან სახელმძღვაენელოები მხოლოდ 400 სკოლაში გახსნილ წერტილებში გაიყიდა, აქ, როგორც წესი, რიგები იდგა.
როგორ იქნა მოპოვებული სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება
გამომცემლების და პოლიგრაფიული საწარმოების წარმომადგენლების მონათხრობის მიხედვით, 2011 წელს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასკოლო წიგნების სოლიდური ნაწილის დაბეჭდვა “24 საათის” გამომცემლებს დაუკვეთეს. გამომცემლობა “დიოგენეს” ხელმძღვანელი “24 საათის” გამომცემლებთან იძულებით თანამშრომლობაზე საუბრობს. თამარ ლებანიძე 15 წელზე მეტია, საგამომცემლო საქმეშია და ამბობს, რომ მანამდე სახელმძღვანელოების ბეჭდვა თავისუფლად ხდებოდა.
“მინისტრის ერთ-ერთ მოადგილესთან შეხვედრის დროს გაგვჩხრიკეს, დაგვატოვებინეს ყველაფერი სათვალის ჩათვლით, ამით, როგორც ჩანს, გამორიცხეს დოკუმენტურად რამის დაფიქსირების შესაძლებლობა. ამ შეხვედრაზე ახსენეს “24 საათი”. ეს იყო ძალიან მძიმე პროცედურა ჩვენთვის, სიმართლე გითხრათ, იყო შიშის ფაქტორი, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა არამარტო “დიოგენეს” შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, სხვა გამომცემლების შემთხვევაშიც. შიში იმისა, რომ შემოგწყრება განათლების სამინისტრო, რომ მას აქვს ბერკეტები სამომავლოდ შენი წიგნების დაბლოკვის, რომ ეს გაართულებს სკოლებთან ავტორებთან ურთიერთობას. ბევრი ფაქტორია, რაც გამომცემლობას აიძულებს ითანამშრომლოს არასასურველ პარტნიორთან”, - გვითრხა თამარ ლებანიძემ.
სახელმძღვანელოების დაბეჭდვა გამომცემლებმა შპს “მვპ”-ს დაუკვეთეს, “მვპ” 2004 წელს მამუკა ფაჩუაშვილმა, ვიქტორ გათიკაშვილმა და პაატა ვეშაპიძემ დააფუძნეს, ფირმის სახელწოდებაც მათი სახელების პირველი ასოების ნაკრებია. შპს “მვპ” გაზეთ 24 საათს გამოსცემს, სახელმძღვანელოების ბეჭდვის ბიზნესში კი ეს ფირმა 2 წლის წინ გამოჩნდა.
“მვპს”-თან იძულებით თანამშრომლობაზე საუბრობს გამომცემლობა პედაგოგიკას ხელმძღვანელიც. “2012 და წინა წელს ჩვენ შეზღუდული ვიყავით, არ გვქონდა უფლება, რომ დაგვებეჭდა სხვა პოლიგრაფიულ საწარმოში, აუცილებლად უნდა დაგვებეჭდა “24 საათის” სტამბაში”, - ამბობს ირინა რუხაძე.
ბაზარზე “მვპ”-ს გამოჩენამდე გამომცემლების ნაწილი სახელმძღვანელოებს თურქეთში ბეჭდავდა, ნაწილი კი - საქართველოში არსებულ სტამბებში. ზოგიერთ გამომცემელს საკუთარი სტამბა ჰქონდა და წიგნების ნაწილს თავისსავე სტამბაში ბეჭდავდა. 2011 სასწავლო წელს გამომცემლების უმრავლესობა იძულებული გახდა ”24 საათი პრინტთან” ეთანამშრომლა.
გამომცემლების ნაწილმა ინტერვიუზე უარი გვითხრა, მათ შორის იყვნენ “ინტელექტისა” და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ხელმძღვანელები. ეს ორი კომპანია სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრის სოლიდურ წილს ფლობს. უფრო გულახდილები არიან პოლიგრაფიული საწარმოების წარმომადგენლები, რომლებსაც “24 საათი პრინტის” გამოჩენამ სერიოზული ფინანსური ზიანი მიაყენა.
პოლიგრაფიული საწარმო “ფავორიტი” 2009 წელს დაფუძნდა, საწარმოში სოლიდური ინვესტიცია ჩადეს და 170 ადამიანი დაასაქმეს. “ფავორიტში” ამბობენ, რომ 20-მდე გამომცემელი მათი მუდმივი კლიენტი გახდა და სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა დაიწყეს, 2011 წელსაც გამომცემლებთან შეთანხმებას მიაღწიეს და 5 მილიონი ლარის ღირებულების წიგნების ბეჭდვისთვის თადარიგი დაიჭირეს.
ფავორიტის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2011 ზაფხულის დასაწყისში გამომცემლებმა “ფავორიტს” სახელმძღვანელოების შეკვეთაზე უარი განუცხადეს და მთლიანი ტირაჟი “24 საათი პრინტის” დამფუძნებლებს გადასცეს.
“11 ივლისს გამოცხადდნენ ჩვენთან ჩვენი პარტნიორი გამომცემლები, გვითხრეს, რომ მათ აქვთ მითითება განათლების სამინისტროსგან, განათლების მინისტრისგან, რომ ეს წიგნები, რაც მათ გრიფით აქვთ მინიჭებული, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაბეჭდილიყო სხვა სტამბებში, მითითება მისცეს, რომ ეს წიგნები აუცილებლად უნდა დაბეჭდონ “24 საათის” სტამბაში”, იხსენებს ფავორიტის წარმომადგენელი
გამომცემლობა “ტორის” დირექტორი ირაკლი დოლიძე ამბობს, რომ გამომცემლებმა სახელმძღვანელოები “24 საათ პრინტში” დასაბეჭდად სახელმწიფოს ზეწოლით წაიღეს. “პირდაპირ მეუბნებოდნენ, ეს არის განათლების სამინისტროს პირდაპირ მოთხოვნა, რომ უნდა დაიბეჭდოს “24 საათში”. რატომ უნდა დაიბეჭდოს “24 საათში”, ეს სხვა თემაა. ბევრ გამომცემელს თვითონ თავისი სტამბა აქვს, და როცა მინისტრმა დაიბარა და უთხრა წაიღებ “24 საათში”, კაცმა უთხრა, მე ჩემი სტამბა მაქვს, სადაც გაცილებით იაფი მიჯდება წიგნის დაბეჭდვა, ეს სახელმწიფო მოთხოვნააო”, - იხსენებს “ტორის” ხელმძღვანელი.
სტამბების წარმომადგენლების ინფორმაციით, საბოლოოდ გასულ და მიმდინარე სასწავლო წელს სახელმძღვანელოების უმრავლესობა “24 საათის” გამომცემლების გავლით დაიბეჭდა. განათლების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინფორმაციით, სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარი საქართველოში 60 მილიონ ლარს შეადგენდა, სტამბებში ამბობენ, რომ წიგნის ბეჭდვისას მოგება 15 დან 20%-მდე მერყეობს. გამოდის, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით სახელმძღვანელოების ბეჭდვით “24 საათის” გამომცემლებმა ბოლო 2 წელში რამდენიმე მილიონი ლარი იშოვეს.
სახელმწიფოსგან იაფად გადაცემული ქონება
“24 საათის” გამომცემლების მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერა სახელმძღვანელოების ბიზნესში პრივილეგიების მიღებით არ შემოფარგლულა. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით, 2009 წლის მარტში პრეზიდენტის განკარგულებით და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს “მვპ”-ს საკუთრებაში გადაეცა თბილისში ჯიქიას 5-ში მდებარე მიწა, სადაც დღეს მათი კუთვნილი სტამბაა განთავსებული.
“24 საათის” გამომცემლებს 3300 კვ.მ. მოცულობის ნაკვეთი 6 თვიანი განვადებით, 20 ათას ლარად მიჰყიდეს, ანუ 1 კვადრატულის ღირებულება დაახლოებით 6 ლარი გამოდის. ნიშანდობლივია ის, რომ თბილისის საკრებულოს მიერ 2009 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის იმ ზონაში, სადაც ჯიქიას ქუჩაც შედის, კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული, ანუ სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ფასი 96 ლარი იყო. “24 საათის” დამფუძნებლებს კი, თბილისის მერიამ 1 კვ.მ ნორმატიულ ფასზე 15-ჯერ იაფად, თანაც განვადებით მიჰყიდა. “მვპ”-მ აღნიშნული ნაკვეთი “თიბისი ლიზინგის” სასარგებლოდ 101 000 ლარად იპოთეკით დატვირთა, “თიბისი ლიზინგმა” ეს ნაკვეთი იმაზე ხუთჯერ ძვირად შეაფასა, ვიდრე “მვპ”-მ სახელმწიფოსგან შეიძინა.
თბილისის მერიისგან მიწის იაფად გადაცემის სანაცვლოდ, შპს “მვპ”-ს ხელშეკრულებით გარკვეული ვალდებულებების შესრულება დაეკისრა. კომპანიას 2011 წლის მარტის ბოლომდე უნდა აეშენებინა ჟურნალისტიკის სკოლა, გაზეთ “24 საათის” ოფისი, უნდა მოეწყო ჟურნალისტთა კლუბისა და შეხვედრების ცენტრი, ასევე, ტრენინგები და სემინარები უნდა გაემართად ჟურნალისტებისთვის. აღნიშნული ობიექტების ექსპლუატაციაში შეყვანა 2011 წლის მარტამდე უნდა დასრულებულიყო.
ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტების ნაცვლად, დღეს ამ ადგილას მხოლოდ “მვპ”-ს კუთვნილი პოლიგრაფიული საწარმოა განთავსებული, სადაც ევროპიდან ჩამოტანილი სტამბის დანადგარებია დამონტაჟებული და წიგნების საბეჭდადაა გამართული.
სახელმწიფო შეკვეთები
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით “24 საათის” სტამბამ სოლიდური სახელმწიფო შეკვეთები შეასრულა. ჩვენ რამდენიმე შეკვეთით დავინტერესდით. 24 საათის სტამბას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაახლოებით 400 ათასი ლარის პროდუქციის დაბეჭდვა შეუკვეთა, მათ შორის თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებისთვის რამდენიმე მილიონი ბიულეტინის.
2010 წლის 17 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “მვპ”-ს ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ანუ ტენდერის გარეშე, 3500 ცალი საარჩევნო ადმინისტრაციის გადამზადებისთვის საჭირო ტესტების და პასუხების წიგნის დაბეჭდვა შეუკვეთა. ამ მომსახურებაში ცესკომ ჯამში 32 ათასი ლარი გადაიხადა. ჩვენ ხელშეკრულებაში არსებული პროდუქციის აღწერის დეტალები ორ ქართულ სტამბას წერილობით გავუგზავნეთ და ვკითხეთ, რა დაჯდებოდა მათ სტამბებში ამ პარამეტრების მქონე პროდუქციის ბეჭდვა.
სტამბების მიერ გამომგაზვნილი ფასი “24 საათის” გამომცემლების ფასს ბევრად ჩამორჩება: “24 საათმა” 1 ცალი წიგნის დაბეჭდვაში 9 ლარი მიიღო, სტამბების მიერ გამოგზავნილი ფასით კი, ერთი წიგნს დაახლოებით 5 ლარად დაბეჭდავდნენ. ორივე სტამბის მიერ შემოთავაზებული ფასი “24 საათის” დამფძუნებლებისთვის გადახდილი ფასის დაახლოებით ნახევარია.
2011 წლის თებერვალსა და მარტის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაკვეთით, შპს “მვპ”-მ დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი ცალი ვაუჩერი დაბეჭდა. ელექტროენერგიის, სურსათის და სოფლის მეურნეობის ვაუჩერებს ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად არიგებდნენ.
ვაუჩერების ბეჭდვაში “24 საათის” სტამბას ჯამში დაახლოებით 130 ათასი ლარი გადაუხადეს, 1 ვაუჩერის ბეჭდვა საშუალოდ ხუთნახევარი თეთრი დაჯდა. ჩვენ წინა შეკვეთის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, ვაუჩერების პარამეტრები სტამბებს გადავუგზავნეთ და მათი ფასი ვიკითხეთ. აღმოჩნდა, რომ პოლიგრაფიული საწარმო “ტორი” ანალოგიურ ვაუჩერს 24 საათზე 3-ჯერ იაფად, ანუ 1 თეთრ ნახევრად დაბეჭდავდა, “ფავორიტ პრინტი” კი - დაახლოებით 3.5 თეთრად.
კიდევ ერთი კონტრაქტით 2012 წლის 11 ივლისს შპს “მვპ”-ს სოციალური მომსახურების სააგენტომ 840 ათასი ცალი სამუშაოს მაძიებლის აღრიცხვის ბარათი შეუკვეთა და ერთი ცალის დაბეჭდვაში 4 თეთრი გადაუხადა. ჩვენ მიერ გადამოწმებისას, ხელშეკრულებაში აღწერილი 1 ბარათის ბეჭდვის ფასად “ფავორიტი პრინტმა” - 2,8 მეთედი თეთრი, “ტორიმ” კი - 2,6 მეათედი თეთრი მოგვწერა, რაც იმაზე დაახლოებით 40%-თ იაფია, რაც სახელმწიფომ “მვპ”- ს გადაუხადა.
“24 საათის” დამფუძნებელთა და სახელმწიფოს თანამშრომლობა ვარდების რევოლუციიდან მოკლე დროში დაიწყო. 2004 წლის თებერვალში გაზეთმა “ალიამ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით - “24 საათი” “საქართველოს რესპუბლიკას” ჩაენაცვლა”. საქმე ეხებოდა სახელმწიფო უწყებების განცხადებების ექსკლუზიურად, მხოლოდ “24 საათში” გამოქვეყნებას, გაზეთების გამომცემლების ნაწილი ამ ფაქტს უარყოფითად შეხვდნენ. თუმცა, 2006 წლის იანვარში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ ტენდერების შესახებ სახელმწიფო დაწესებულებების განცხადებები მხოლოდ გაზეთ “24 საათში” უნდა გამოქვეყნებულიყო.
მას შემდეგ სახელმწიფო განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა გაზეთ “24 საათში” ქვეყნდება, ასე გაგრძელდა 2010 წლის შემდეგაც, მიუხედავდ იმისა, რომ 2010 წლის ოქტომბერში ოფიციალური ინტერნეტგვერდი შეიქმნა, სადაც ყველა შემსიყდველი და მიმწოდებელი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული და, კანონით, ყველა სახელმწიფო შესყიდვა ამ ვებგვერდის გამოყენებით მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, “24 საათში” სახელმწიფო განცხადებები დღემდე რამდენიმე გვერდზე იბეჭდება.
ჩვენს ხელთ არსებული ხელშეკრულებების მიხედვით, სააგენტოს ვებგვერდიდან 1 განცხადების გაზეთში გადატანასა და გამოქვეყნებაში სახელმწიფო დაწესებულებები “24 საათს” 50 ლარს უხდიან. ეს გადაწყვეტილება კითხვებს უჩენს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ სულხან სალაძეს.
“პირველი, ელექტრონული განცხადების გამოქვეყნება აუცილებელი იყო ვებგვერდზე და ეს იყო აუცილებელი პირობა იმისა, რომ ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადებულიყო. მეორე, ჩნდება შეკითხვა, რა აუცილებლობა იყო, რომ იგივე განცხადება გამოქვეყნებულიყო “24 საათში”, და მესამე, თუკი დაინტერესებულ მხარეს უნდოდა, რომ ეს ინფორმაცია სხვა საშუალებითაც გავრცელებულიყო, მაშინ რატომ და რა კრიტერიუმებით იყო მაინცა და მაინც შერჩეული გაზეთი “24 საათი” ინფორმაციის გავრცელების არეალად?” - მიაჩნია სულხან სალაძეს.
სახელმწიფოს გადაწყვეტილების მართებულობა განცხადებების მხოლოდ “24 საათში“ გამოქვეყნების შესახებ დღემდე ეჭვს ბადებს, ვინაიდან ოფიციალური ინფორმაციით “24 საათის” ტირაჟი 5000 დან 5500 ცალამდე მერყეობს, აქედან 3000 ორგანიზაციებს აქვს გამოწერილი, 2000-2500 ცალი კი, თავისუფალ გაყიდვაშია, ეს მაშინ, როდესაც, თუნდაც გაზეთ “კვირის პალიტრის” ტირაჟი, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 35 ათასია.
“6 წლის განმავლობაში ერთი მედია საშუალებისთვის ამ უფლება-მოსილების ექსკლუზიურად გადაცემა, ბუნებრივია, ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს, მით უფრო იმ ფონზე, რომ საზოაგდოებაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს მედია საშუალება არ არის იმხელა მოცულობის ტირაჟის მქონე, რომ ამ კუთხით სახელმწიფოსთვის ინტერესს წარმოადგენდეს. სახელმწიფოს პოლიტიკაც უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ მოცემული თანხის პირობებში შეერჩია ისეთი მედია საშუალება, რომელსაც შეიძლება უფრო მაღალი ტირაჟი ჰქონოდა”, - ამბობს სალაძე.
ჩვენ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სამართლებრივი დახმარებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი, სასამართლოს დავის გზით, მოვიპოვეთ სახელმწიფო დაწესებულებებსა და “მვპ”-ს შორის 2005 წლიდან 2011 წლის ჩათვლით გაფორმებული ხელშეკრულებების დიდი ნაწილი.
მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ “24 საათის” გამომცემლებს ამ წლებში დაახლოებით 2,5 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო შეკვეთა აქვთ მიღებული. თბილისის მერიიდან - 172 ათასი ლარი, განათლების სამინისტროდან - 155 ათასი, გარემოს დაცვის სამინისტროდან - 79 ათასი, ფინანსთა სამინისტროსგან -58 ათასი, იუსტიციის სამინისტროსგან - 55 ათასი და ა.შ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია არასრული და ყველა სახელმწიფო დაწესებულებას არ მოიცავს, რაც გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო შეკვეთების ჯამური მოცულობა 2.5. მილიონზე უფრო მეტია.
სატენდერო და საკონკურსო განცხადებების გამოქვეყნების გარდა, “24 საათს” სახელმწიფო დაწესებულებები ფულს უწყების საქმიანობის, ან ხელმძღვანელის რეკლამირებაშიც უხდიდნენ. მაგალითად, შ.ს.ს-ს მომსახურების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, “მვპ”-მ 61 ათასი ლარი მიიღო “24 საათში” სააგენტოს საქმიანობის ამსახველი საიმიჯო მასალების გამოქვეყნებაში.
უზენაესმა სასამართლომ “მვპ”-სთან ჯამში 8000 ლარის ღირებულების 3 ხელშეკრულება გააფორმა. აქედან ორი ხელშეკრულება “24 საათში” სტატიების გამოქვეყნების შეკვეთას ეხებოდა, ერთი ხელშეკრულებით კი, ისევ “24 საათში” სამართლის ძლიერი ბლოკი უნდა მომზადებულიყო, რისთვისაც სამი თვის განმავლობაში გაზეთმა 6000 ლარი მიიღო.
ჩვენ უზენაესი სასამართლოდან ამ შეკვეთის შესრულების დამადასტურებელი საგაზეთო ნომრები გამოვითხოვეთ, აღმოჩნდა, რომ ნაყიდ საგაზეთო ფართზე უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელების ინტერვიუებია გამოქვეყნებული, ისინი ქართული მართლმსაჯულების წარმატებებზე საუბრობენ და სასამართლოს საქმიანობას დადებითი კუთხით წარმოაჩენენ.
ნიშანდობლივია ისიც, რომ მასალების არც დასაწყისში და არც ბოლოს არ არის მითითებული, რომ პუბლიკაციები სარეკლამო შინაარსისაა და დაკვეთითაა დამზადებული, რაც ეთიკური პრინციპების დარღვევად მიაჩნია “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელ დირექტორს, თამარ კორძაიას. “როდესაც გაზეთი ჰყიდის თავის გვერდს, იღებს ამაში საფასურს და არ უთითებს, რომ ამ მასალაში ფულია გადახდილი, მაშინ იგი აწვდის არასწორ ინფორმაციას თავის მკითხველს, მარტივად რომ ვთქვათ, ატყუებს მას”, - თვლის თამარ კორძაია.
კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელზეც ყურადღება გავამახვილეთ, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და “მვპ”- ს წარმომადგენელს შორის 2010 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, 40 ათასი ლარის სანაცვლოდ “მვპ”-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველთვიური ჟურნალის “მაუწყებელის” დაბეჭდვის ვალდებულება აიღო. ნიშანდობლივია ის, რომ ხელშეკრულებას “მვპ”-ს სახელით ხელს მამუკა ფაჩუაშვილი აწერს, რომელიც იმჟამადაც და დღესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია. შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის კონტროლი ევალება.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი ფუნქცია არის, მაგალითად, ბიუჯეტის დამტკიცება, ასევე, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა და ამ ფონზე, როდესაც სამეურვეო საბჭოს წევრს, რომელსაც მინიმუმ ერთი ხმა აქვს, ბიუჯეტის მოსმენისას, მას აქვს ინტერესი ეკონომიკური. თურმე, შემოსავალს იღებს იმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც არის. შესაბამისად, არ შეგვიძლია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის იქნება მიუკერძოებელი, როდესაც აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის საქმიანობას”, - ამბობს კორძაია.
ყველა ზემოთ მოყვანილ საკითხზე “24 საათის” გამომცემლების კომენტარის მოპოვება ჩვენ ხელთ არსებული ყველა მეთოდით ვცადეთ, ორჯერ მივედით “24 საათის” ოფისში, გაზეთში დაფიქსირებულ ელექტრონულ ფოსტაზე გავუგზავნეთ შეტყობინება და ვცადეთ ტელეფონით დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. სახლში მივაკითხეთ “24 საათის” ერთ-ერთ დამფუძნებელს და ხელმძღვანელს მამუკა ფაჩუაშვილს, რომელმაც ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
“24 საათის” გამომცემლები საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არიან, მათ იწვევენ სატელევიზიო გადაცემებში, სთხოვენ ქვეყანაში და მედიაში არსებული მდგომარეობის შეფასებას, მათ ხშირად, როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედია საშუალების მფლობელებად წარმოაჩენენ, არადა მათ სახელმწიფოსგან მილიონობით ლარის სახელმწიფო დაკვეთა მიიღეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბოლომდე გვქონდა იმედი, რომ საზოგადოებას ფილმში წამოჭრილ საკითხებზე მათ პოზიციასაც მივაწოდებდით, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.