მოლაპარაკება ორ პოლიტიკურ ძალას: „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მცირეხნიანი გამოდგა - დახურულ კარს მიღმა მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესმა მხოლოდ ათ დღეს გასტანა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულმა განცხადებამ მოლაპარაკების ჩაშლის თაობაზე, ყბადაღებული კოჰაბიტაცია, კიდევ ერთხელ, შორეულ თუ ახლო პერსპექტივაში გადაანაცვლა.
პოლიტიკური დიალოგის ოფიციალური მოტივი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე შეთანხმება და საერთო აზრზე შეჯერება იყო. თუმცა, სრულიად მოულოდნელად მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი არა საქართველოს კონსტიტუციის რომელიმე პრინციპი, არამედ საჯარო მოხელეთა სრული ამნისტიის საკითხი გახდა.
სწორედ იმ დღეს, როდესაც თბილისში ბაჩანა ახალაიას საქმესთან დაკავშირებული გახმაურებული პროცესი მიმდინარეობდა, ქუთაისში საქართველოს პარლამენტში, თავად პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალების“ მოთხოვნა საჯარო გახადა - უპირობო და სრული ამნისტია ყველა საჯარო მოხელეს (პრეზიდენტიდან მუნიციპალიტეტის რიგით თანამშრომლამდე) 2012 წლის 1 ნოემბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა. მოთხოვნის ასეთი, თავდაპირველი ფორმა შიგა მოლაპარაკების შედეგად ფორმულირდა და „ნაციონალურმა მოძრაობა“ განსხვავებულ ვარიანტზე შეჯერდა. მათ ახლა უკვე პრეზიდენტის, მინისტრებისა და პარლამენტის წევრების გარდა, სხვა დანარჩენების ამნისტია მოითხოვეს. „ქვეყანაში საჭიროა სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა. თუ ამ მშვიდობას სჭირდება ლიდერების დასჯა, მზად ვართ, ყველა დანარჩენს დაანებონ თავი“-ეს უკვე მოგვიანებით მოლაპარაკებების ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა
„ჩვენ ვერ დავეთანხმებით მათ ვერსიას, რადგან მათი ვერსიით ამნისტიას ექვემდებარება კუდის უფროსები, პროკურობები, მინისტრის მოადგილეები. ეს უსამართლობაა და ხალხს ჩვენთვის ასეთი იმუნიტეტი არ მოუცია“ - განაცხადა, ჩვენთან საუბრისას, უმრავლესობის ლიდერმა, თინა ხიდაშელმა, რომელიც უპირობოდ იცავს საკუთარი გუნდის ვერსიას, რომლის თანახმადაც სრული ამნისტია ეხება საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებებისა.
იმას, რასაც უმრავლება ამნისტიას უწოდებს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა - „ თვისობრივი განსხვავებაა პატიებასა და პოლიტიკურ ზეწოლას შორის. ის, რაც ხდება თვოთმმართველობების, სამინისტროებისა და დაბალი რანგის მოხელეებთან მიმართებაში, არის პოლიტიკური ზეწოლა და სხვა არაფერი, სწორედ ამის შეჩერებას ვითხოვთ ჩვენ“ - ამბობს უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე.
მოკლედ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკება ჩაიშალა. არადა, თითქოს საკვანძო საკითხებზე შეთანხმება ორივე მხარეს შორის მიღწეული იყო - „ქართული ოცნება“ თანხმდებოდა კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ ნებისმიერი სხვა კონსტიტუციური ცვლილებისათვის საჭირო კვორუმის გაზრდას 2/3-დან 3/4-მდე,
საგარეო პოლიტიკური საკითხების კონსტიტუციაში ჩაწერას იმ სახით და იმ ფორმით, რასაც „ნაციონალები“ ითხოვდნენ, პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებისთვის კენჭისყრის გადადებას წლის ბოლომდე, კონსტიტუციის 2010 წლის მოდელის მხოლოდ ნაწილის ამოქმედებას ისე, რომ პრეზიდენტს ვადის ამოწურვამდე დარჩენოდა გუბერნატორების დანიშვნის უფლება, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად კვლავ კვალიფიციური უმრავლესობა ყოფილიყო საჭირო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის გართულებული პროცედურები დარჩენილიყო უცვლელად და სხვა.
„როდესაც საქმე საქმეზე მივიდა და დაინახეს, რომ ჩვენ ყველაფერზე ვთანხმდებოდით, მთავარი ამოცანა მიღწეული იყო და მათთან დავაში არ შევსულვართ, იძულებულნი გახდნენ შემოეტანათ ისეთ საკითხი, რისთვისაც მთელი ეს ამბავი დაიწყო. უმცირესობას სინამდვილეში საერთოდ არ აქვს საკონსტიტუციო თემატიკის ინტერესი“- ამბობს თინა ხიდაშელი.
მართალია მოლაპარაკება ჩაიშალა, მაგრამ გაიწელა დრო. დრო, რომელიც ნაციონალურ მოძრაობაზე მუშაობს. “ნაციონალური მოძრაობა” ოპერაცია “აპრილისთვის” ემზადება. 19 აპრილს იგეგმება ფართომასშტაბიანი მიტინგი, რომლის მთავარი მიზანიც, პარტიის ლიდერის, ვანო მერაბიშვილიც განცხადებით, ქართველი ხალხის შეკრება და იმის თქმაა, რომ “ჩვენი მომავალი არის ევროპული გზა.“ ვანო მერაბიშვილის ეს ინიციატივა, პარლამენტში უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა კონკრეტულად ახსნა და მას „ადამიანთა განწყობების მანიპულაცია“ უწოდა.
ადამიანთა განწყობები კი მანიპულირების გარეშეც რეალობასთან ერთად იცვლება. სადაც ხარ იქაური ქუდი უნდა დაიხუროს პრინციპით, რეგიონებში საჯარო მოხელეებმა “ქართული ოცნების” ქუდები დაიხურეს. არადა, სწორედ რომ საშუალო და ქვედა დონის მოხელეებია ის ძალა, რომელიც „ნაციონალებისთვის“ სასიცოცხლო ფუნქციის შემძენია. „ლიდერები აქ ვართ, სხვა დანარჩენს დაანებონ თავი”, - დავით ბაქრაძის ეს განცხადება არ არის მხოლოდ თვითგვემის პოზა, ეს ჩაშლილი მოლაპარაკებების მიზეზიც არის - პოლიტიკური ვაჭრობა ძალთა თანაფარდობაზე. დაკარგული მცირე მოხელეთა რგოლი წაგებული არჩევნებია, ამიტომაც არის, რომ ნაციონალური მოძრაობა რეგიონული გუნდის შენარჩუნებას თვით საკონსტიტუციო ცვლილებების ღირებულებას უტოლებს. „პრაქტიკულად შეთანხმებული ვართ ყველა მუხლზე, ვთანხმდებით საკონსტიტუციო მოდელზე, ეს ყველაფერი ვერ მოხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში 15 000 ადამიანია დაკითხული, მხოლოდ ერთადერთი ნიშნით - ისინი არიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული.“
ნაციონალური მოძრაობის პოზიციის მიუხედავად, უმრავლესობა ორი კვირის ვადაში მოამზადებს კანონპროექტს საჯარო მოხელეთა ამნისტიის შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ის პრინციპები, რაც უკვე შესთავაზეს ოპოზიციას.
და კიდევ ერთი, ჩაშლილი მოლაპარაკებების ფონზე, კვლავაც საორჭოფოდ რჩება საკითხი, წარსდგება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ანგარიშით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტი ისევ არჩევანის წინაშე დააყენა: „თქვენ ბრძანებთ, რომ ბრძანდებით საქართველოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი და ჩვენც სწორედ საქართველოს კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ. მზად ხართ თუ არა დაუბრუნოთ საქართველოს პარლამენტს ის უფლება, რომელიც ეკუთვნის მას, მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში და საზოგადოებში? ამაზე თქვენი მზაობა რაც უფრო მალე გაცხადდება მით უფრო მალე მოგვარდება სხვა ბევრი პრობლემა. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ამ კითხვაზე თქვენი პასუხი განსაზღვრავს არა იმას, თქვენ პარლამენტში გამოხვალთ თუ არა, არამედ იმას, პარლამენტი შეძლებს თუ ვერ შეძლებს თქვენს მოსმენას.“
არის თუ არა ეს ერთგვარი ულტიმატუმი წაყენებული პრეზიდენტისადმი პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან? ეს კითხვა თინა ხიდაშელს დავუსვით, რაზეც გვიპასუხა: „ულტიმატუმი საკრალური სიტყვა ხომ არ არის მუდმივად რომ კითხულობთ? ჩემი პასუხი ასეთი იქნება - ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს.“