“ხუალინის საერთაშორისო სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც ქუთაისის ავტოქარხნის ტერიტორიაზეა, ჯერ მშენებლობა არ დამთავრებულა, ამიტომაც, იქ ჯერ არავის უშვებენ. დახურული კარი კი აჩენს მითს “ჩინურ კვარტალზე”.
ქარხნის ჩამოშლილი ნაცრისფერი კედლები რამდენიმე წელია, რაც ყვითელმა ფასადებმა შეცვალა. იქ, სადაც ადრე საბჭოთა ინდუსტრიის სიამაყე - ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ოფიციალური შესასვლელი იწყებოდა, ახლა წითელი ჩინური ფანარებია ჩამოკიდებული, ხოლო ყვითლად შეღებილ კედლებზე ჩინური წარწერები - იეროგლიფებში შემდეგი იკითხება: „ხუალინის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა,“ რაც განმარტავს კიდეც იმ ტერიტორიის მესაკუთრის ვინაობას.
აქ ჯერ ისევ ახალი წელია - ჩინური ახალი წელი. წითელი ფანარებიც ამ საახალწლო განწყობის შესაქმნელად თითქმის ყველგან ჰკიდია. გარდა იმისა, რომ რამდენიმე მცირე საწარმოო ფუნქციონირებს, მათ შორის ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო, აქ არის სასტუმრო და რამდენიმე დასასვენებელი ობიექტი შენდება, როგორც კომპანიაში ამბობენ, ყველა ტიპის მომხმარებლისთვის, და არა მხოლოდ ჩინელებისთვის. პროექტები ჯერ კიდევ დაუსრულებელია, ამიტომ, კარი ყველასთვის ღია არ არის და იქ მოხვედრა მხოლოდ საშვებითაა დასაშვები. ეს კი ქუთაისში ქმნის მითს „ჩინური კედლის“ მიღმა არსებულ „ჩინური კვარტლზე.“
„ხშირად სტერეოტიპების დამკვიდრებას თავად ჩვენ ვუწყობთ ხელს. მათი ხასიათის გაგებაში ხელს გვიშლის ჩინური კულტურის და ტრადიციების სათანადოდ არცოდნა“- ამბობს ხათუნა ბაგრატიონი, ჩინური ენის სპეციალისტი, რომელიც უკვე 14 წელია საქართველოში ჩამოსულ ჩინელებს ადგილობრივ გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება.
მისივე თქმით, ჩინელების საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლა ისეთივე პროცესია, როგორიც ქართველების საზღვარგარეთ - იტალიასა თუ საბერძნეთში სამუშაოდ წასვლა. „მე ძირითადად მცირე მეწარმეებთან - პატარა მაღაზიების პატრონებთან მიხდება შეეხება, არ მინახავს არც ერთ მათგანი აქ სახლის ყიდვაზე ოცნებობდეს, როგორც კი ფული გაუჩნდებათ, ევროპაში გარბიან. წლებია მათ სასამართლოში და ნოტარიუსთან დავყვები, უამრავ საბუთთან მაქვს კავშირი, მაგრამ, საქართველოს მოქალაქის პასპორტით ერთი ჩინელიც კი არ მინახავს “ - ამბობს ხათუნა ბაგრატიონი.
სიან ლი იანი 30 წლამდე ჩინელი გოგონაა, რომელიც საქართველოში ექვსი წელია ცხოვრობს. მან ჩინეთში რუსული ენის ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა „ხუალინის“ კომპანიაში თარჯიმნად მუშაობს. ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, მისი ამხანაგებისგან განსხვავებით, სამუშაო რომ იშოვა და აქ რომ მოხვდა. მართლმადიდებლურადაც მოინათლა, თუმცა, დაბრუნებას მაინც თავის სამშობლოში გეგმავს.
„კლიმატთან და აქაურ საკვებთან შეუსაბამობა ერთ-ერთი ის მიზეზი არის, რაც მათ საქართველოში დამკვიდრებას გამორიცხავს. ავად რომ გახდებიან, ჩვენებურ მედიკამენტებსაც ვერ ეგუებიან და სამკურნალოდ უკან ჩინეთში მიდიან- გვიყვება ხათუნა ბაგრატიონი - ისე, საოცრად თბილი და გულისხმიერი ადამიანები არიან, 2008 წლის ომის დროს, რამდენიმე ნაცნობი ჩინელი მირეკავდა და თავშესაფარს ჩემი შვილებისთვის, მათთან, ჩინეთში მთავაზობდა“.
„ერთი სული მაქვს, საქმეს როდის მოვრჩები, პენსიაში როდის გავალ და ჩემს სახლში დავბრუნდები. ისეთი დატვირთული ვარ, შვილის ქორწილშიც ვერ წავედი. ჩინეთში დღეში ერთი კოლოფი სიგარეტი მჭირდებოდა, აქ ორ კოლოფს ვეწევი, იმიტომ რომ მოწევით მონატრებას ვკლავ “- ამბობს „ხუალინის“ გენერალური დირექტორი, ხე პენ ლი. მან ახლადაშენებულ სასტუმროში ჩინური ტრადიციების შესაბამისად და საახალწლო განწყობით მიგვიღო.
ხე პენ ლი იმ დისკოფორტებზე იუმორით ყვება, რაც საქართველოში ცხოვრებას თან ახლავს, ქუთაისის ნესტიანი ჰაერის, ავტოქარხნის კოღოებისა თუ საკვებით გამოწვეული ალერგიების ჩათვლით. არამიმზიდველი კლიმატი ჩინელებისთვის მიმზიდველია ეკონომიკური კუთხით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სერიოზულ საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს, აქ განსხვავებულია დაბეგვრის მექანიზმებიც, ამიტომ ასეთი ზონა ყოველთვის მიმზიდველია ინვესტორისთვის, მით უმეტეს, რომ მიწაც, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ძვირი არ ღირს.
„ინდუსტრიული ზონა არის ძალიან კარგი - საუკეთესო საშუალება ბიზნესის განვითარებისათვის, ამიტომ სახელმწიფომ ხელი ყველანაირად უნდა შეუწყოს ასეთი ინვესტიციების შემოდინებას“- ამბობს ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი მალხაზ ჭრელაშვილი.
„ქვეყანა თუ ჩაკეტავს კარს, არ განვითარდება“- ამბობს ხე პენ ლი - 20 წლის შემდეგ საქართველო ჩინეთზე უკეთესად იქნება განვითარებული, პატარა ქვეყნები ადვილად ვითარდებიან. საქართველომ კი კარჩაკეტილობით ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას.“
ქუთაისში ბოლო წლებში, 8 ჩინელი ბავშვი დაიბადა. ხათუნა ბაგრატიონის თქმით, მხოლოდ ერთი იზრდება აქ. დანარჩენები მშობლებმა უკანვე ჩინეთში გააბრუნეს. მიზეზი ერთადერთია, მშობლები ჩინელ ბავშვებს თავიდანვე არიდებენ იმ უხერხულობას, რასაც იწვევს მათდამი ხელის მითითება და ალალბედზე წარმოთქმული ფრაზა: „აი, ის ჩინელია.“