თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წლის ახალგაზრული ოლიმპიური ფესტივალისთვის ოლიმპიური სოფლისა და კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით, მედიასა თუ ინტერნეტში სხვადასხვა სახის ინფორმაცია გავრცელდა. ცნობა, რომ ჩინური კორპორაცია „ხუალინგი“, რომელიც ამ კოპლექსს აშენებს, 126 ათასი ჩინელის ჩამოსახლებას აპირებდა, საპროტესტო აქციისა და საზოგადოების ვნებათაღელვის მიზეზი გახდა. ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩინურ კორპორაციასთან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ კითხვები ახალი სამთავრობო გუნდის წევრებსაც გაუჩინა.
ვაზისუბანში, პირამიდის ფორმის გამჭვირვალე პოლიციის შენობასთან მარჯვნივ თუ შეუხვევთ და პირდაპირ ივლით, მოასფალტებული გზის ბოლოს დაცვის საგუშაგოს შლაგბაუმს დაყრდნობილ მცველსა და მის რაცია მომარჯვებულ კოლეგას შეამჩნევთ. ჰო, კიდევ ტალახიან გზას, ორ მწკრივად აშენებულ ყვითლად შეღებილ შენობებს და ათამდე ბანერსაც ნახავთ. ბანერებზე ჩანს, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე 420 ჰექტარზე დაგეგმილი კომპლექსის მშენებლობა დასრულებულ სახეს იძენს.
ყვითელი შენობები მთავარი სავაჭრო ზონის პავილიონებია. აქვე იგეგმება სავაჭრო ცენტრის აშენებაც. მასპინძლები გვიხსნიან, რომ ტალახიანი გზა, რომელითაც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ოლიმპიური სოფლის მშენებარე კორპუსებისკენ მივდივართ, ხევის ამოვსების შედეგად გაჩნდა, მიმდებარე ტერიტორია კი, გაწმენდამდე სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელი იყო.
საგუშაგოდან დაახლოებით კილომეტრნახევრის გავლის შემდეგ თუნუქის ფირფიტებით შემოსაზღვრული, მოხრეშილი ტერიტორია იწყება. ოლიმპიური სოფლის კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს 150-მდე ადამიანთან ერთად სამი ამწე ასრულებს.
„ამ ეტაპზე 4 საცხოვრებელი კორპუსი გვაქვს ასაშენებელი, ოთხივე კორპუსი დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობაშია - სარდაფის კედლების არმატურები დამთავრებულია, ყალიბებზე მონტაჟდება და ალბათ ერთ კვირაში ბეტონს ჩავასხამთ. ვფიქრობთ, რომ სექტემბრის ბოლოსთვის თორმეტივე სართულზე რკინა-ბეტონის სამუშაოები დასრულდება, წლის ბოლოს კი მუშაობა სრულად დამთავრდება“, ამბობს კომპანია „მიქსორის“ სამშენებლო სამსახურის უფროსი გია გათენაშვილი.
2015 წელს, თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ოლიმპიურ სოფელს ჩინური კორპორაცია „ხუალინგი“ აშენებს.
საქართველოს ყოფილ მთავრობასთან პროექტზე ხელშეკრულება 2012 წლის 30 მარტს გაფორმდა. კომპანიის მიერ თბილისის ზღვაზე დაგეგმილი მშენებლობის ამსახველ ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ „პროექტის დაგეგმვის, კონტრუქციისა და მოლაპარაკებების დროს საქართველოს პრეზიდენტი პირადად შეხვდა ხუალინგის დელეგაციას და დაესწრო კონტრაქტზე ხელმოწერის ცერემონიას, ხოლო სუფთა, ეფექტური მთავრობისა და კომპეტენტური ლიდერების მიერ გამოჩენილმა მხარდაჭერამ და ყურადღებამ დიდი გავლენა მოახდინა ჯგუფზე, გაამყარა რა “ხუალინგის” თავდაჯერებულობა და სიმტკიცე, განახორციელოს ინვესტირება საქართველოში“.
ვიდეომასალაში თბილისის მერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალიაც ფიგურირებენ.
კორპორაცია „ხუალინგი“ ჩინურ კომპანიათა იმ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო როგორც ჩინეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, შუა აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში მსხვილი დეველოპერული პროექტების განხორციელებაა.
თბილისის ზღვაზე მიმდინარე საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობასთან დაკავშირებით მომზადებულ ვიდეორგოლში პროექტის კონცეპტუალური სქემაა ასახული. ეკონომიკური ზონა მოიცავს ერთ ღერძს, ორ ფრთას, სამ არეს და სიმბოლურად პეპლის ფორმა აქვს, „კომპაქტური განლაგებითა და მოსახერხებელი ობიექტებით“ - „ხუალინგის” საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც რეგიონული, ეკონომიკური განვითარებისა და მომავალი ურბანული ზრდისკენ არის მიმართული, ახალ საერთაშორისო რეგიონულ კომერციულ სავაჭრო ცენტრად უნდა გადაიქცეს“.
აქვე აღნიშნულია, რომ „ხუალინგ“ ჯგუფი 1988 წელს, სინძიანში დაარსდა და ჩინეთში 4 განვითარებულ საბითუმო ბაზართან ერთად, 4 მილიონ კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართს ფლობს.
საქართველოში ინვესტირება ჯგუფმა 2007 წლის ბოლოს დაიწყო. კომპანიას 48 000 კუბური მეტრი ხე-ტყის მოპოვებზე აქვს ლიცენზია, დაიწყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა ქუთაისში, 2012 წელს, კომპანია Xinjiang Hualing Industry & Trade (Group) Co. Ltd. „ბაზისბანკის“ აქციათა 90%–იანი წილის მფლობელი გახდა. როგორც „ბაზისბანკის“ საიტზე ვკითხულობთ, ეს გარიგება პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინურმა კერძო კომპანიამ კომერციულ ბანკში აქციათა მნიშვნელოვანი წილი შეიძინა.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ მინიმუმ 150 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ინვესტირების, 3800 სპორტსმენის განთავსებისთვის საჭირო 50 000 მ2 საცხოვრებელი ფართის კორპუსების, მინიმუმ 200 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს, 100 000მ2 ფართობის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრისა და 50 000 მ2 ფართის საცხოვრებელი ბინების აშენების ვალდებულება აიღო.
ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების პერიოდში, ოლიმპიური სოფელი ქართულ მხარეს 3 თვის ვადით უსასყიდლოდ გადაეცემა, მისი დასრულების შემდეგ კი, საინვესტიციო პროექტით შექმნილი უძრავი ქონებით სარგებლობა და მისი შეძენა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.
თბილისის ზღვაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, მედიასა და სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმებსა, თუ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ამ ტერიტორიაზე 126 ათასი ჩინელის ჩამოსახლება იგეგმებოდა.
კომპლექსის მშენებლობისა და 126 ათასი ჩინელის ჩამოსახლების შესახებ 2012 წლის 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა.
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია პროექტის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მიაწოდა.
„სამი მინისტრი მოვიდა ჩემთან, მოიტანეს პროექტი, რომ ასეთი საოცრება შენდება თბილისის ზღვაზე. ვერკვევით ჩვენ ამაში, წინასწარ არ მინდა პასუხი გაგცეთ, 126 ათასი კომპაქტურად დასახლებული [ჩინელი] ალბათ არ იქნება სასურველი. ყველა სახელმწიფოს აქვს კანონი ამასთან დაკავშირებით... საოცარია, რომ ეს საიდუმლო იყო და საზოგადოებამ არ იცოდა... მინისტრები დავაწყნარე და ვუთხარი, რომ კონტრაქტში მაინცდამაინც ჩინელების ჩამოსახლების შესახებ არ წერია და თუ ასეთი რაოდენობის ინვესტიცია ჩაიდება, ჩვენ მას მივესალმებით. კონტრაქტი არ იძილევა იმ ეჭვების საფუძველს, რაც გაჩნდა, მაგრამ ამათი სიჩუმე კი იძლევა იმის საფუძველს, რომ შეთანხმება შეიძლება პირობითი იყო, ამას გავარკვევთ,” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ვაზისუბნის დასახლებაში მიმდინარე მშენებლობას „ქართული დასის“ ლიდერიც გამოეხმაურა. ჯონდი ბაღათურია აცხადებდა, რომ ჩინურ კომპანიასთან ფარულად გაფორმებული მსხვილი კორუფციული შეთანხმების მიხედვით, თბილისთან ახლოს ჩინური ქალაქისა და სოფლების აშენება იგეგმებოდა, სადაც ჩინეთის 127 ათასი მოქალაქე უნდა ჩამოესახლებინათ.
თბილისში დაგეგმილი თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურომ სტატია სათაურით - „ქართველების პროტესტი ჩინელების საქართველოში ყოფნის გამო იზრდება" გამოაქვეყნა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს „ეროვნული ფრონტის“ წარმომადგენლები გასული წელს, ჩინურ კომპანიასა და საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი შეთანხმების გასაჯაროებასა და ახალი მთავრობის მიერ ქვეყანაში ჩინელთა შემოსვლასა და დასაქმებაზე შეზღუდვების დაწესებას მოითხოვდნენ.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობის გარშემო შექმნილი სიტუაციის გასარკვევად, კორპორაცია „ხუალინგის“ წარმომადგენლებმა 2013 წლის 18 თებერვალს პრეს-კონფერენცია გამართეს.
კორპორაციის ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქართულ ბაზარზე გამოჩენის პირველი დღიდან „ხუალინგი“ქართული კანონმდებლობის შესაბამისად და მისი სრული დაცვით მოქმედებს. ასევე, განუხრელად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ინვესტირება შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„ხუალინგის“ წარმომადგენლები 126 ათასი ჩინელის შესაძლო ჩამოსახლების თემასაც შეეხნენ და განმარტეს, რომ ბოლო დროს მედიით გავრცელებული ხმები მცდარი, მოარული მოსაზრებაა და ამ ინფორმაციის წყარო კორპორაციისთვისაც უცნობია.
„ჩვენი პროექტით შექმნილი ქონებით სარგებლობა და მისი შესყიდვა შესაძლებელი იქნება ყველა ქვეყნის მოქალაქისათვის, თუმცა, პირველ რიგში ეს საქართველოს ბაზარზეა გათვლილი. მრავალწლიანი პროექტის პირვანდელი სახეც და შინაარსიც ქართულ ბაზარსა და მის მოთხოვნილებებზე იყო გათვლილი. მთელს ტერიტორიაზე - 420 ჰექტარზე დაახლეობითი და კონკრეტული გეგმარება გვაქვს. ოლიმპიური სოფელი თითქმის 10,8 ჰექტარს იკავებს, 2015 წლამდე უნდა დავასრულოთ, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი პროექტის შემდგომი ეტაპების განხორციელებაა დაგეგმილი. თბილისის ზღვის პროექტში ახლა 659 ადამიანია დასაქმებული, აქედან 531 საქართველოს მოქალაქეა. კორპორაციის ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ჩვენი მთავარი საქმიანობა დეველოპერული პროექტებია“, - განაცხადა „ხუალინგის“ გენერალურმა დირექტორმა ვანგ შენგსინმა.
ვანგ შენგისინის თქმით, საქართველოს მთავრობისგან მათ წინააღმდეგობა არ ჰქონიათ, თუმცა მიუხედავად ამისა, ნებისმიერ დროს მზად არიან ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ახლანდელ მთავრობასთან შეხვედრები გვქონდა, შევხვდით პარლამენტის ვიცე - სპიკერსაც, რომელმაც სამშენებლო ობიექტიც დაათვალიერა. ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთანაა ხელმოწერილი, ასე, რომ ყველა მისი პირობა, ისევე როგორც ჩვენთვის, ღიაა მთავრობისა და მისი წევრებისთვისაც. ვფიქრობ, ხელისუფლებასთან დეტალური საკითხები იქნება გასარკვევი”, - განმარტა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კომპლექსის მშენებლობის თემას საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნიაც გამოეხმაურა, რომელმაც თბილისის მერი კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გასული წლის 14 თებერვალს გიგი უგულავამ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მშენებლობის ნებართვის ბრძანება გასცა.
ქალაქ თბილისის მერის # 1 ბრძანების - „თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ მესამე პუნქტში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან/და ქვეყნისათვის სოციალური ან/და ეკონომიკური თვალსაზრით მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის განხორციელება სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმების გარეშეა შესაძლებელი.
ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ აღნიშნული ბრძანების გამოცემის შემდეგ საქართველოში ჩინური კომპანია „ხუალინგი“ შემოვიდა, რაც ადასტურებს ფაქტს, რომ თბილისის მერის მიერ გაცემული ბრძანება თბილისის ზღვაზე ჩინური კომპანიის მიერ მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელებას უწყობდა ხელს.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს 2012 წლის ივნისის გადაწყვეტილებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩინური კომპანია 5 წლის განმავლობაში გადასახადებისგან თავისუფლდება, საქმიანობის მეექვსე წლიდან კი მხოლოდ მიზერული თანხის გადახდა მოუწევს. ზაზა გაბუნია აღნიშნავს, რომ თბილისის მერის ასეთი გადაწყვეტილება პროექტთან დაკავშირებით მისი სხვა ინტერესების შესახებ აჩენს ეჭვს.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ საკითში ჩემთვის მთავარი დედაქალაქის მერის როლია. 7 წლის განმავლობაში მან #1 ბრძანება 2012 წლის 14 თებერვალს გამოსცა. 28 თებერვალს, საქართველოში კომპანია „Hualing International Special Economic Zone“ დარეგისტრირდა, შემდეგ კი სამშენებლო პროცესი დაიწყო. ეს ქრონოლოგიური ხაზი მეტყველებს იმაზე, რომ ბრძანების სახით გამოცემული გადაწყვეტილება არ იყო ზოგადი ხასიათის და პირდაპირ უკავშირდებოდა კონკრეტული კომპანიის ინტერესებს. რატომ იღებს თბილისის მერი ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობის უფლებას ყოველგვარი შეთანხმების გარეშე რთავს?! აქ რაღაც გარკვეული გარიგების ნიშნებს ვხედავ, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს. თბილისის მერს რაიმე სახის ფინანსური ინტერესი რომ არ ჰქონოდა, შეუძლებელია რომელიმე კომპანიისთვის ასეთი კარტ-ბლანში მიეცა. ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით საკმარისი წინაპირობაა, რომ გამოძიება დაიწყოს, მაგრამ ძალიან ფრთხილად; ეს არ ნიშნავს, რომ ოლიმპიური სოფლის მშენებლობას ხელი უნდა შეეშალოს, თუმცა მის საფარ ქვეშ სხვა საქმიანობის, მათ შორის შესაძლო კორუფციული საქმიანობის განხორციელება აღკვეთილი უნდა იქნას, რისთვისაც პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს მივმართე“, - ამბობს ზაზა გაბუნია.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხზე სამინისტროს სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა კორპორაცია „ხუალინგთან“ გაფორმებულ კონრაქტში არის ისეთი მუხლები, რომლებიც კითხვებს აჩენს - „კონტრაქტის ზოგიერთი მუხლი პირადად მე არ მოწმონს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეს არის საფუძველი რიგი ქმედებებისა. კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები განხილვის სტადიაშია და დღეს მე რომ ვაფორმებდე ამ ხელშეკრულებას, გაცილებით სხვაგვარი პირობებით მოვაწერდი კონტრაქტს ხელს“.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კორპორაციის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრისას საართველოში ჩინელების შესაძლო ჩამოსახლების შესახებაც გაჟღერდა ინფორმაცია.
„კომპანიის დამფუძნებელთან შევხვედრისას, მან კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია და თქვა, რომ ობიექტები ღიად გაიყიდება, თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ ღია გაყიდვა საბაზრო პროცესია და შედეგის პროგნოზირებას დღეს ვერ გავაკეთებთ. გენ-გეგმის მიხედვით რიცხვი 126 ათასი ამ ტერიტორიაზე მოსახლე და მომუშავე ადამიანების რაოდენობაა. ეს რიცხვი არ ნიშნავს, რომ კომპლექსში მაინცდამაინც 126 ათასი ადამიანი უნდა ჩამოსახლებულიყო. ბოლო ინფორმაციით, ისინი ამცირებენ იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ამ ტერიტორიაზე განთავსდებიან. დღეს სხვა სახის კომენტარის გაკეთება, სამწუხაროდ, არ შემიძლია“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.
პროექტთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს კორპორაცია „ხუალინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი პასუხობს. თინათინ შიშინაშვილი ამბობს, რომ კორპორაციას, მერიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება საიდუმლო არ ყოფილა - „როგორც მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, სტრუქტურა ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას აპირებს. დოკუმენტში არაფერია დასამალი. არც ტერიტორია გაყიდულა ერთ ლარად, სხვა ფასად არის გასხვისებული. ობიექტი მინიმუმ 150 მილიონი ლარის ჩადებითა და შემდგომი ვალდებულებებით არის დატვირთული. კომერციული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული და ყველანაირად ცდილობს ადგილობრივი ბაზრის ათვისებას, საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქეების ორგანიზებული, მასობრივი ჩამოსახლება არ იგეგმება. როდესაც ოლიმპიადის შემდგომი ეტაპის განვითარება დაიწყება, პროექტში შესაძლოა ქართველი, ჩინელი ან სულაც სხვა ქვეყნის ინვესტორები ჩაერთონ“.
თინათინ შიშინაშვილის თქმით, სამშენებლო ნებართვის აღებასთან დაკავშირებით კორპორაციას არანაირი შეღავათები არ აქვს, არც გადასახადებისგან არის გათავისუფლებული და არც თბილისის მერის # 1 ბრძანება ეხება - „ჩვეულებრივად ვიბეგრებით და ყველა გადასახადს ვიხდით. ერთდაერთი შეღავათი მხოლოდ ოლიმპიური სოფლის მშენებლობისთვის შემოტანილ მასალაზე ვრცელდება“, -ამბობს კორპორაცია „ხუალინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
ურბანისტ-არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე პროექტი ძირითადად ქართველ მომხარებელზე არ არის გათვლილი, ამასთანავე, დასათვლელია, თუ რამდენად აიტანს თბილისის წყალმომარაგება, გაზმომარაგება და ენერგო მომარაგება გაზრდილ დატვირთვას.
„ქალაქის ინფრასტრუქტურასა და სატრანსპორტო სისტემაზე ამხელა სიმძიმის დაწოლა, მთელი თბილისის განსახლების სისტემის სრულ მეტამორფოზას გამოიწვევს. ჩვენ გვაქვს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, სადაც, ურბანისტული გაგებით ასეთი ინექცია გათვალისწინებული არ არის. სატრანსპორტო საკომუნიკაციო სისტემა, სოციალური მომსახურების სისტემა - არ ვიცი არის თუ არა ეს ყველაფერი გეგმაში გათვალისწინებული. თანაც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ შემთხვევაში სარეკრიაციო ზონაა ათვისებული და არ მგონია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ეს დადებითი მოვლენა იყოს. ძნელია მარჩიელობა, თუკი თბილისში საცხოვრებელი უბანი იყო ასაშენებელი, რატომ არ გამოცხადდა კონკურსი?! ქართული საზოგადოებისთვის სულერთი არ უნდა იყოს რა მოხდება დედაქალაქში“, - ამბობს ლადო ვარდოსანიძე.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული პროექტის გარშემო გავრცელებული უამრავი ინფორმაციის მიუხედავად, 2015 წელს, თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ოლიმპიურ სოფელის მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს.