Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ ვიცავთ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილ პატიმრებს

05 ივლისი 2017

როგორ ვიცავთ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილ პატიმრებს

„ხართ თუ არა უხასიათოდ? გაქვთ თუ არა სუიციდის შესახებ აზრები? გიცდიათ თუ არა ადრე თვითმკვლელობა?"... ეს ის მარტივი კითხვარია, რომელსაც პატიმარი ციხეში შესვლისთანავე ავსებს. მისი პასუხები შესაბამისი ქულებით ფასდება. თუ ქულებმა საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია, მაშინ იწყება, ე.წ. ინტერვენცია და საქმეში სპეციალისტი ერთვება. სპეციალისტი დამატებითი კითხვებით ცდილობს გაარკვიოს, როგორი ფსიქიკური მდგომარეობა აქვს პატიმარს - დეპრესია იქნება ეს თუ შფოთვა. ამაზეა დამოკიდებული, შეფასდება თუ არა პატიმარი, როგორც სუიციდის საფრთხის მატარებელი.

პენიტენციურ სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამა 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში N8 დაწესებულებაში დაიწყო. მასში სუიციდის მაღალი რისკის სულ 32 პაციენტი ჩაერთო.

 2014 წელს პროგრამას  ხუთი დაწესებულება შეუერთდა, 2015 წელს - ექვსი, და უკვე 2016 წლის თებერვლიდან, როდესაც მინისტრის ბრძანებით  პროგრამა დამტკიცდა, პროგრამის განხორციელებაში ყველა პენიტენციური დაწესებულება ჩაერთო.

ამ დროისთვის პროგრამა 145  ბენეფიციარს ემსახურება, „პრევენციის პროგრამა მათ სუიციდალური პრობლემის დაძლევაში დაეხმარა. 73 მათგანს დაბალი სუიციდალური რისკი განესაზღვრა”, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბარში სოფო მორგოშია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მრჩეველი სამედიცინო დარგში. 

მისი თქმით, პროგრამაზე მონიტორინგი ევროკავშირის ექსპერტებმაც განახორციელეს და მის შედეგს ელოდებიან. „განხილვა ჩატარდება ყველა დაწესებულების კოორდინატორის ჩართულობით, რათა გაიარონ საჭირო ცვლილებები. რა წარმატებები აქვთ და რის გაუმჯობესება შეიძლება და ა.შ.” - ამბობს მინისტრის მრჩეველი.

ევროკონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, პატიმრებზე სიცოცხლის დაცვის პოზიტიური ვალდებულება ვრცელდება. სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, მიიღოს ზომები მათ დასაცავად, „ვინც შესაძლოა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს”. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „ციხის ადმინისტრაციამ იმგვარად უნდა განახორციელოს მისი უფლებამოსილებები, რომ თვითდაზიანების საფრთხეც მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და პატიმრის პირადი თავისუფლებაც არ შეილახოს”.

ამ დროისთვის სუიციდის პრევენციის პროგრამა პენიტენციური დეპარტამენტის ყველა დაწესებულებაში მოქმედებს, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ეფექტურად მოქმედებს პროგრამა.

2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობამ იმატა და 17-ს მიაღწია.

სამედიცინო დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, გარდაცვალების მიზეზები იყო მიოკარდოუმის ინფარქტი,  გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა (იშემიური ტიპის), თრომბოემბოლია, საყლაპავის უცხო სხეული და საყლაპავის პერფორაცია, სეპტიური შოკი და სუიციდი.

2015 წელს სუიციდის მცდელობის მხოლოდ 2 შემთხვევა დადასტურდა, 2016 წელს კი - 5. მეტიც, მათგან ორ შემთხვევაში პატიმარი სუიციდის პრევენციის პროგრამაში იყო ჩართული.

2016 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, სუიციდის პრევენციის პროგრამაში 15 პატიმარი იყო ჩართული.

სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების დოკუმენტაცია შეისწავლა.

დოკუმენტაციის შესწავლის დროს დადგინდა, რომ, რიგ შემთხვევებში, პროგრამაში ჩართულ პატიმრებს ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობის პრობლემები ჰქონდათ. კერძოდ - ოჯახის წევრებთან იშვიათი კონტაქტი ან დაძაბული ურთიერთობა. აღნიშნული მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ასე მაგალითად, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ნახა სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართული ერთ-ერთი მსჯავრდებულის დოკუმენტაცია, სადაც ნათლად ჩანს, რომ მსჯავრდებული განსაკუთრებულად განიცდის ოჯახის წევრებთან მწირ ურთიერთობას.

„სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ორი პატიმარი, რომლებმაც 2016 წელს სუიციდით დაასრულეს სიცოცხლე, პრევენციის პროგრამაში იყვნენ ჩართული. ეს ფაქტი ხომ არ მიუთითებს პროგრამის არაეფექტიანობაზე?” – „ლიბერალის“ ამ კითხვას, მორგოშია პასუხობს, რომ ამ შემთხვევებს პროგრამის  ხარვეზს არ დაარქმევდა. მისი თქმით,  პროგრამისთვის მნიშვნელოვანია სუიციდის რისკის მქონე სუბიექტის იდენტიფიცირება - „ხოლო ის, რომ სუიციდის პროგრამაში ჩართულმა პირმა თვითმკვლელობა სცადა,  ეს პროგრამის არაეფექტურობაზე არ მიუთითებს. მოხდა ინდენტიფიცირება, პრევენციის ჯგუფმა განახორციელა მულტიდისციპლინური დახმარება,  ვერანაირი პრევენციის პროგრამა ბენეფიციარის 100 პროცენტით დაცვას ვერ უზრუნველყოფს”.

მიუხედავად მინისტრის მრჩევლის ოპტიმისტური განწყობისა, ომბუდსმენი მაინც მიიჩნევს საჭიროდ წინადადებით მიმართოს  სასჯელაღსრულების მინისტრს:

 • შეფასდეს სუიციდის პრევენციის პროგრამის მუშაობის ეფექტურობა, რათა მოხდეს ხარვეზების გამოვლენა და, ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, განხორციელდეს პროგრამაში შესაბამისი ცვლილებები.

ასევე საქართველოს მთავარ პროკურორს:

• უზრუნველყოს სუიციდის ყველა შემთხვევის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება. 

სტატია მომზადებულია ორგანიზაციაციხის საერთაშორისო რეფორმისმიერ განხორციელებული პროექტის,„საქართველოსა და სომხეთში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა პრევენციული მონიტორინგის გაძლიერების გზით“, - ფარგლებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^