Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტეფანწმინდა ურბანულ ქაოსში და ტურისტული სეზონისთვის მოუმზადებელი ინფრასტრუქტურა

06 ივლისი 2017
„სულ ვამბობ ხოლმე, რომ ვარ ორი მინისტრი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთის მინისტრი“ - გიორგი კვირიკაშვილი.

თბილისიდან ჩრდილოეთით, თერგის ხეობაში დაბა სტეფანწმინდა მდებარეობს. ყაზბეგის მყინვარწვერისა და გერგეტის სამების შთამბეჭდავი ხედებით გამორჩეული, სალი კლდეებით შემოსაზღვრული და მწვანე ფერის გამაში ჩაკარგული სახლების სახურავებით; ადგილი, სადაც ვიზიტორების ნაკადი წელიწადის ნებისმიერ დროს არ წყდება.

დაბაში, ალექსანდრე ყაზბეგის სახლში, დღეს სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი ფუნქციონირებს, რომელსაც ამჟამად რეკონსტრუქცია უტარდება. მუზეუმში ადგილობრივი ცხოვრების შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვიგებთ, თუმცა დღეს ამ ადგილს შთამბეჭდავი მთების გამო უფრო სტუმრობენ. გერგეტის სამებამდე მისასვლელი off road ტურები ვიზიტორების მატებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

2016 წელს საქართველომ 6 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. ეს ძალიან კარგი ამბავი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეექვსმილიონე ტურისტის შთამბეჭდავი დახვედრით აღნიშნა და ამით გაუსვა ხაზი საქართველოთი ვიზიტორების უფრო და უფრო მეტ დაინტერესებას.

ეს ფანტასტიკური ამბავი თითქოს ფასს კარგავს, როცა საქართველოს ტურისტული ადგილების მონახულებისას იქ არსებული სიტუაცია და ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება იმ ესთეტიკას, რასაც ტურისტებით დატვირთული ადგილი ცოტათი მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. ესთეტიკა კი ყველაზე მცირედია იმ პრობლემებს შორის, რაც, მაგალითად, დაბა სტეფანწმინდას დღეს აქვს.

წელს ტურისტული სეზონის გახსნისთანავე ყურადღება სტეფანწმინდაში არსებულმა ურბანულმა ქაოსმა და ინფრასტრუქუტურულმა მოუწესრიგებლობამ უფრო მიიქცია, ვიდრე  კავკასიონის დათოვლილი კლდეების შთამბეჭდავმა ხედებმა.

დავიწყოთ თავიდან:

ავტოსადგურად ქცეული ქალაქის ცენტრი

სტეფანწმინდაში ჩასვლისთანავე ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის გასწვრივ, ქალაქის მთავარ მოედანზე სახელდახელოდ და ქაოსურად მოწყობილ მასიურ პარკინგზე მოხვდებით, სადაც მანქანები დამსვენებლებს გერგეტის სამებამდე აყვანას სთავაზობენ. მშვენიერი სერვისია, თუმცა გაურკვეველია, რატომ გახდა საჭირო ქალაქის ცენტრის, ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ურბანული ადგილის ავტოსადგურად ქცევა. 

ცხადია, სტეფანწმინდაში ვიზიტი გერგეტის მონახულების გარეშე არ ჩაივლის. გადაუხვიეთ სამების გზაზე და პირველივე, რაც თვალში მოგხვდებათ, მარჯვნივ ტყეში განთავსებული უამრავი სამარშრუტო ტაქსი და სხვა ტიპის მანქანაა, რომლებსაც, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ექსკურსანტები ჩამოჰყავთ. ტყე პარკინგადაა ქცეული - სავსე მანქანებით, სხვადასხვა ტიპის გამონაბოლქვითა და ამ გარემოში მორბენალი ბავშვებით.

გზა

გასცდებით ტყის ამ ქაოსს და ყურადღებას ახლა გზა მიიქცევს, რომელიც დასახლებულ პუნქტში მთლიანად გაუმართავია. გზის საფარი არ აგია დაბის იმ ნაწილში, საიდანაც გერგეტისკენ ადის გზა და, შესაბამისად, მუდმივად მტვერი დგას. მტვერი კი არა - უფრო ბუღი. ეს გზა პარალელურად ქვეითებისაცაა, ანუ ადგილობრივები მუდმივ მტვერში ცხოვრობენ. და იმ ვიზიტორებს, რომლებმაც ფეხით გადაწყვიტეს აქაურობის მონახულება, ამ საშინელ ქაოსში უწევს მოძრაობა. ამაზე საწყალი სანახაობა არსად გენახოთ

Offroad გერგეტამდე

დასახლებულ პუნქტს გასცდებით თუ არა, აქტიური ოფროადის გზა  და თავგადასავლები იწყება, რაც, მე თუ მკითხავთ, დიდად სახალისო რამეა და ეს გზა ასეთი უნდა იყოს. სეზონზე ვიზიტორების სიმრავლესთან ერთად ეს მონაკვეთიც გადატვირთულია. ამიტომ, გზის სივიწროვის გამო ხშირად სამანქანო რიგში გიწევთ ლოდინის რეჟიმში ყოფნა. შთამბეჭდავი, ყავისფერი ციყვები ადამიანებს არ ერიდებიან, ისე ეზიდებიან სანოვაგეს ფუღუროებისკენ, ხოლო ფეხით მოსიარულეები მანქანების რაოდენობას გაცილებით აღემატებიან ვიწრო, ძალიან დახრილ ბილიკებზე. თუ გაგიმართლათ, გარემოთი ბოლომდე დატკბობას მოახერხებთ, თუ არადა, შეიძლება ადგილობრივი მძღოლების მხრიდან არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

ამ ვიწრო გზაზე სამანქანო რიგში დგომისას (მძღოლებს ხშირად მოპირდაპირე მხრიდან მომავალი მანქანებისთვის გზის დათმობა უწევთ) ტაძრამდე აყვანა-ჩამოყვანის ბიზნესით დაკავებული ადგილობრივი მძღოლის ან ტურკომპანიის წარმომადგენლის ავტომობილის გაუთავებელი სიგნალი ირთვება. გამოუცდელებმა თავიდან შეიძლება იფიქრონ, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება, მაგრამ სინამდვილეში გზის დათმობას ითხოვენ, აგრესიულად და უზრდელურად. თუმცა, რადგან გზა ვიწროა და ფიზიკურად არ არის დათმობის საშუალება, ყველა უცვლელად იკავებს თავის სამანქანო რიგს. სიგნალები უფრო აქტიურ ფაზაში შედის და ერთ-ერთ მონაკვეთში საავარიო სიტუაციის შექმნისა და საშიში მანევრის შემდეგ ეს კონკრეტული „მოსიგნალე“ ახერხებს გასწრებას.

შემდეგ იწყება ნერვების მოშლა, გაღიზიანებული მგზავრობა და გერგეტთან ისევ ქაოსური პარკინგი; მართლაც შთამბეჭდავი ხედები, ღრუბლებში ჩაძირული სტეფანწმინდა და ბევრი ფოტო.

უკან წამოსვლისას ძალაუნებურად პოზიტიურ განწყობაზე ხართ. შუა გზაზე ისევ მანქანების დატვირთული მოძრაობაა და ისევ სიგნალები იწყება. ამჯერადაც ადგილობრივი ცდილობს რაღაც ხერხებით ამ კოლონის სათავეში ჩადგომას. ასიგნალებს განუწყვეტლივ, ოღონდ ჯერ სადღაც შორიდან, შემდეგ როგორღაც ახერხებს წინ გადმონაცვლებას და ახლა ხელებით განიშნებთ რაღაცას და სწორედ იმ მომენტში, როცა ფიქრობთ, რომ რაღაც მოხდა, ისევ ძალიან სწრაფი და საშიში მანევრით ასწრებს კოლონას წინ.

ისევ ნერვების მოშლა, მანქანებიდან ისმის ლანძღვა-გინება და ერთ მომენტში ფიქრობ - არის კი მზად ადგილობრივი მოსახლეობა შესაბამისი მომსახურების შესათავაზებლად?

თუ პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ამ ეტაპზე მეექვსმილიონე ტურისტის დახვედრასთან ერთად ადგილობრივების გადამზადებაზეც იზრუნებდა, კარგი იქნებოდა პირველ რიგში ადგილობრივებისთვის ეფექტური ინფრასტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად და მომსახურების სფეროს გასაუმჯობესებლად. ყველაზე მეტად კი, დღეს საქართველოს ტურისტულ რეგიონებს მომსახურების სფეროს განვითარება აკლიათ, თორემ ბუნება და კერძები რომ გადასარევი გვაქვს, ამაზე ვინღა დავობს?!

კაფე-რესტორნები

ფოტოებზე  ჩანს სტეფანწმინდის კაფე-რესტორნებში არსებული სიტუაცია. ღია კაფეები, სტეფანწმინდის ბუნება/კულტურისთვის შეუსაბამო ვიზუალით. საკვები ობიექტები - ყოველგვარი ვიზუალური კონტექსტიდან ამოვარდნილი. ვერ გაიგებ სტეფანწმინდაში ისვენებ თუ რომელიღაც ღატაკი სახელმწიფოს სოფელში.

ახალი მშენებლობები

 სტეფანწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს ახალი მშენებლობები. მაგალითად, იქ, სადაც გერგეტის ხედი იყო, ახლა მას ნაწილობრივ სასტუმრო ფარავს და რატომღაც ეს ნორმალურია. თუმცა ერთი რამ, რაც ამ ახალ მშენებლობებს აუცილებლად შეამჩნევთ, მათი არქიტექტურული სტილია, რომელიც გაურკვეველია, საიდან მოვიდა აქ და რა შუაშია სტეფანწმინდის ხასიათთან. ამ ქვების ნაირსახეობითა და ბუნებრივი საშენი მასალით მდიდარ მხარეში, რატომ უნდა მოგაფიქრდეს ფოტოებზე აღბეჭდილი მასალებითა და ფერებით ნაგებობების მშენებლობა, დიდად გაურკვეველი ამბავია.

გამოსავალი

სტეფანწმინდა საქართველოს განძია. აქ ყველაფერია: კულტურა, ტრადიციები, ხალხი, ბუნება და ისტორია, რომელმაც ეს ადგილი დღემდე ასეთი სახით შემოგვინახა.

თუმცა ROOMS-ის კომფორტული სასტუმროდან დანახული ხედები და ინფრასტრუქტურა სულაც არაა ისეთი კომფორტული, როცა ამას უშუალოდ ქალაქის ურბანული ნაწილიდან შეხედავთ. ამიტომ სანამ თბილისისა და ბათუმის მსგავსად ამ ქალაქსაც დავკარგავთ, ზომები ახლავე უნდა მივიღოთ.

სტეფანწმინდის გენერალური გეგმა

როგორც საქართველოს ყველა ქალაქი, სტეფანწმინდაც გენგეგმის გარეშე ვითარდება. ნებისმიერი ქალაქის ურბანული ქაოსიდან გამოსავალი კი გენგეგმის გამართულობაა და რადგან სტეფანწმინდას ურბანული განვითარების გეგმა საერთოდ არ გააჩნია, ამ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი დაბისთვის გენერალური გეგმის მომზადება უნდა იყოს. ამ ეტაპზე ეს ცოტა არარეალურადაც კი ჟღერს თბილისის გენგეგმის შემყურე, მაგრამ ეს პატარა დაბაა და გენგეგმის შედგენა აქ შედარებით ადვილად მოსაგვარებელი ამბავია.

სწორად შედგენილი გენგეგმა ქალაქის ჰარმონიულად ფუნქციონირების გასაღებია.

რაც შეეხება გენგეგმის შემსრულებელ ჯგუფს, მე პირადად გენგეგმაზე გამოცხადებული კონკურსების არ მწამს, რადგან საქართველოს ამ ეტაპზე არ ჰყავს კონკურენტუნარიანი არქიტექტორ-ურბანისტთა გუნდები, რომლებიც გენგეგმის დამუშავების პროექტს ჩაიბარებენ. ჩემი აზრით, აქ უნდა გამოცხადდეს კონკურსი თითოეული წევრის შესარჩევად და სამუშაო გუნდის შესაკრებად, სადაც ასევე იქნებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც მსგავს თემებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ. ქვეყანაში უამრავი კარგი ახალგზარდა არქიტექტორია, რომლებიც სიამოვნებით დასთანხმდებიან ერთ გუნდში მუშაობის იდეას და თავისი გამოცდილების გაზიარებას. გუნდმა უნდა შექმნას გენგეგმა, რომლითაც ეს ქალაქი იხელმძღვანელებს და რამდენიმე წელიწადში მივიღებთ მხოლოდ ტურისტებისთვის კი არა, ადგილობრივებისთვისაც კომფორტულად საარსებო ქალაქს.

გენერალურ გეგმაზე უნდა მოხდეს ზონირება: საცხოვრებელი, საწარმოო და რეკრეაციული ზონები ერთმანეთს უნდა გაემიჯნოს; დაგეგმარდეს გზები, ტროტუარები, ველობილიკები და სხვა სამოძრაო ზოლები. უნდა განისაზღვროს სიმაღლის კოეფიციენტები, განაშენიანების ინტენსივობა და დაწესდეს შეზღუდვები. და რამდენიმე წლის შემდეგ ქვით ნაშენი მამაპაპური სახლის გვერდით ყვითელი ფერის მაღალსართულიანი სასტუმრო აღარ შეგვხვდება, რადგან ამ გენგეგმით განისაზღვრება ქალაქის არქიტექტურული იერსახე, რაც მსგავს და ამ ფოტოებში წარმოდგენილ არსებული არქიტექტურის „ნიმუშებს“ აკრძალავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^