Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქულ-ქართული ინტერესები

06 მარტი 2013

14 თებერვალს ანკარას ერთდღიანი ვიზიტით საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქართული სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა. თურქეთში პრემიერ მინისტრის თან ახლდნენ საგარე საქმეთა, თავდაცვის, ეკონომიკის, ენერგეტიკის მინისტრები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ თურქეთთან თანამშრომლობის საკითხს განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება.

თურქეთის პრემიერთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და სხვა მინისტრებთან გამართული შეხვედრების შემდეგ მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური კავშირების გაზრდის აუცილებლობას. საქართველოსთვის თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მრავალ საკითხს ეფუძნება, თუმცა ახალი ხელისუფლების პრიორიტებიდან განსაკუთრებით სამი მათგანის გამოყოფა შეიძლება.

თბილისის დაინტერესება უპირველესად უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარეა განპირობებული. თურქეთი არის იმ ორგანიზაციის ანგარიშგასაწევი წევრი, რომელში ინტეგრაციაც „ქართული ოცნებისთვის“ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ანკარას შეუძლია საქართველოს ნატოში გაწევრიანებას საკმაოდ შეუწყოს ხელი. გარდა ამისა, ანკარასა და თბილისს შორის თანამშრომლობის გაღრმავება სამხედრო სფეროში აშკარად გაზრდის ქართული სამხედრო ძალების პოტენციალს და ქვეყნის უსაფრთხოებას.

მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობაც. საქართველოსთვის თურქეთი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.5 მილიარდ დოლარს მიაღწია და ამ ციფრის გაზრდის პოტენციალი საკმაოდ მაღალია. ასევე აღსანიშნავია ახალი ხელისუფლების მესამე პრიორიტეტიც, რაც მას წინა მთავრობის სტრატეგიიდან განასხვავებს. კერძოდ, საუბარია „ქართული ოცნების“ მზადყოფნაზე შიდა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პროცესში აქტიურ მედიატორად ჩართოს თურქული მხარე, რაც პროცესებს ახალ დინამიკას შესძენს.

რაც შეეხება თურქეთის ინტერესებს, ევროკავშირთან გაწელილმა ინტეგრაციის პროცესმა ანკარას საგარეო პოლიტიკას მულტიცენტრისტული ხასიათი შესძინა. თურქეთი დღეს არ არის მხოლოდ დასავლეთთან თანამშრომლობაზე ორიენტირებული ქვეყანა და მის ინტერესებში ხვდება ყველა ის რეგიონი, რომელთანაც ისტორიულად მრავალწლიანი პოლიტ-ეკონომიკური თანაცხოვრება აკავშირებს.  ანკარა ამ რეგიონებში შეღწევას და საკუთარი გავლენის გაზრდას კი მოქნილი საგარეო პოლიტიკითა და ეკონომიკური ინიციატივის საშუალებებით ცდილობს.

სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია თურქეთის განსაკუთრებით დაინტერესება კავკასიის რეგიონით. ოსმალეთის იმპერია შუა საუკუნეებიდან მოყოლებული კავკასიას საკუთარ „უკანა ეზოდ“ მოიაზრებდა. მართალია, დღეს ოფიციალური ანკარა გავლენის სფეროებზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ კავკასიაში მისი ინტერესები უსაზღვროა. პირველ რიგში, თურქეთის ყურადღებას იქცევს კასპიის ზღვის რეგიონის ენერგორესურსები. უხეში გათვლებით კასპიის რეგიონში  მსოფლიო ნავთობის მარაგის 12% და გაზის 15 % არის განთავსებული.  გარდა ამისა, ტერიტორიული სიახლოვიდან გამომდინარე, ენერგორესურსების ტრანსპორტირების მცირე ხარჯები კავკასიის რეგიონს თურქეთის თვალში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთი აღარ კმაყოფილდება იყოს  ენერგორესურსების მხოლოდ ტრანზიტორი ქვეყანა და მისი სტრატეგია მიმართულია იქეთკენ, რომ მსოფლიო ენერგოპოლიტიკაში რესურსების გამანაწილებელ სერიოზულ მოთამაშედ იქცეს. ამ პოლიტიკაში კი საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგანაც ბლოკირებული სომხეთის პირობებში სწორედ ის წარმოადგენს თურქეთისთვის უმოკლეს გზას კასპიის ზღვის ენერგორესურსებზე მისაწვდომად. ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო თურქეთისთვის საინტერესოა როგორც მცირე, თუმცა სტაბილური გასაღების ბაზარი საკუთარი პროდუქციისათვის.

თურქეთისთვის კავკასია მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. რეგიონში არსებული ეთნიკური კონფლიქტები საფრთხეს უქმნის არამატრო ზემოდხსენებულ ეკონომიკურ თუ კულტურულ ინტერესებს, არამედ თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებასაც. სწორედ ამიტომაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შემდეგ ანკარამ წამოაყენა ინიციატივა კავკასიის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლათფორმის შექმნის შესახებ, რაც  ითვალისწინებდა რეგიონში 5 სახელმწიფოს აღიარებას, რომლებიც უნდა გამხდარიყვნენ რეგიონული უსაფრთხოების გარანტი. აღნიშნული ინიციატივით, თურქეთი ცდილობდა არ დაეშვა მესამე ძალის აშშ/ევროკავშირის ჩარევა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში პლატფორმის საშუალებით თურქეთი მიზნად ისახავდა პარტნიორული ურთიერთობები შენარჩუნებას აზერბაიჯანსა და საქართველოსთან იმგვარად, რომ რუსეთთან მოკავშირეობას საფრთხე არ შექმნოდა.

მართალია, რუსული და თურქული ინტერესები კავკასიაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, ერთმანეთს უპირისპირდება, მაგრამ სწორედ ამგვარ ინიციატივებში მონაწილე მხარედ ჩართვის შეთავაზებით ცდილობს ანკარა გარკვეული ბალანსის დაცვას და მოსკოვთან პარტნიორობის შენარჩუნებას. ორ ქვეყანას შორის კი ეკონომიკური თანამშრომლობა სულ უფრო გრანდიოზულ მასშტაბებს იძენს და განსაკუთრებით თურქულ ინტერესებზე მოქმედებს პოზიტიურად. რას შეეხება პოლიტიკურ თანამშრომლობას, გერმანია-საფრანგეთის ლიდერების შემდეგ არც ერთი ორი ქვეყნის მეთაური იმდენჯერ არ ხვდება ერთმანეთს ყოველწლიურად, რომდენჯერაც ერდოღანი და პუტინი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ორი ქვეყანა ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად კონსესუსის მიღწევას სწორედ აქტიური მოლაპარაკებებით ახერხებს.

გარდა ამისა, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ თურქეთი დღეს ეთნიკურ და კულტურულ ნათესაობას განსაკუთრებული ყურადღებას აქცევს. საქართველო კი ამ მხრივ ორმაგად საინტერესოა. პირველ რიგში, როგორც ხიდი ეთნიკურად მონათესავე აზერბაიჯანთან და ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად. მეორეს მხრივ კი თავად საქართველოში რუსული ორასწლიანი მმართველობის განმავლობაში შესუსტებული თურქული კულტურული ელემენტების აღსადგენად.

სწორედ ზემოდხსენებული რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მას შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენები თურქეთში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. ანკარაში არსებობდა გარკვეული შიში, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ ბალანსს და თურქეთის სამომავლო გეგმებს კავკასიაში შესაძლოა საფრთხე შექმნოდა. დისკომფორტს ქმნიდა ის ფაქტი, რომ თურქეთში არ გააჩნდათ სათანადო ინფორმაცია იმის გასაანალიზებლად, თუ რა საგარეო პოლიტიკურ კურს აირჩევს „ქართული ოცნება“.

უნდა ითქვას, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების გამარჯვებასა და საქმიანობას თურქული მედია ნეგატიურისკენ გადახრილი ნეიტრალურობით აფასებდა, ხოლო აკადემიურ-ანალიტიკურ წრეებში, პირიქით, პოზიტიურისკენ გადახრილი ნეიტრალური შეფასებები სჭარბობდა. რაც შეეხება ოფიციალურ ანკარას, ის 14 თებერვლის შეხვედრებამდე დაკვირვებისა და ლოდინის პოლიტიკას ატარებდა. პრემიერის ანკარაში ვიზიტის უაღრესად პოზიტიური გამოხმაურებისა და მიღწეული შეთანხმებების მიუხედავად ანკარას კიდევ გარკვეული ხანი გაჰყვება დაკვირვებისა და ლოდინის პოლიტიკის ნიშნები, სანამ ერთის მხრივ ორივე მხარის მხრიდან პარტნიორობის შესანარჩუნებლად არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და მეორეს მხრივ, მოსკოვსა და თბილისს შორის მომავალი ურთიერთობების კონტურები აშკარად არ გამოიკვეთება.

რაც შეეხება რკინიგზების ყბადაღებულ თემას, ამ მხრივ ანკარასთვის ორივე პროექტი მომგებიანია. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი თავად ანკარა არის და ის თურქეთს უშუალოდ რკინიგზით დააკავშირებს აზერბაიჯანთან. თუმცა ანკარასთვის ეკონომიკური თვალსაზრისით აფხაზეთში  რკინიგზის აღდგენის ინიციატივაც მომგებიანია. პირველ რიგში, ამ პროექტზე მიერთებით თურქეთი რუსეთს დაუკავშირდება რკინიგზით და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობის პირობებში ეს თურქეთისთვის მომგებიანი იქნება. გარდა ამისა, თურქეთში არსებული აფხაზური დიასპორა დიდი ხანია ცდილობს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელებას და რკინიგზის გახსნა ამას შედარებით გაამარტივებს. თუმცა გასათვალისწინებელია ბაქოს ნეგატიური დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ და ანკარაზეა დამოკიდებული, ის მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს და აფხაზური რკინიგზის ინიციატივას წინააღმდეგობას გამოუცხადებს, თუ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ბაქოს დარწმუნებას ეცდება.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^