Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვსურს თუ არა სკოლებში კვალიფიციური პედაგოგები

06 ივლისი 2017

მიმდინარე წლის 3 და 4 ივნისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია - „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“.

ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია პრეზენტაციები, რომლებიც  კონფერენციაზე წარმოადგინეს.

ამ პრეზენტაციების მიხედვით მასწავლებელთა სერტიფიცირებასა და მათი მოსწავლეების მიღწევებს შორის პირდაპირი კორელაციაა.

სკოლაში სერტიფიცირებული მასწავლებლების 10 პროცენტით ზრდა ნიშნავს:

მათემატიკაში მოსწავლეთა შედეგების 4 ქულით მატებას (სახელმწიფო შეფასება);

ბუნებაში მოსწავლეთა მიღწევების 37 ქულით მატებას (TIMSS);

ბუნებისმეტყველებაში 26 ქულით მატებას (TIMSS).

ამგვარი შედეგების მიუხედავად, სერტიფიცირების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც სკოლის გარეთ რჩება.

. . .

„ლიბერალი“ თბილისში მცხოვრებ მზია ხარძიანსაც შეხვდა, რომელმაც პროფესიულ უნარებსა და  ინგლისურში გამოცდები 2014 წელს ჩააბარა. მას საჯარო სკოლაში მასწავლებლად დასაქმება სურდა, თუმცა უშედეგოდ.

შორენა ელიაურს „ლიბერალი” ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ესაუბრა. მან  პროფესიული უნარები 2013 წელს ჩააბარა, ხოლო საგნობრივი გამოცდა ისტორიაში - 2014 წელს. გორში, სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. დასაქმება საცხოვრებელ ადგილთან ახლოს სურდა, თუმცა ვაკანსია ვერ იპოვა.

რატომ ვერ საქმდებიან სერტიფიცირებული მასწავლებლები

მასწავლებლობა რეგულირებადი პროფესიაა, რაც ნიშნავს, რომ პედაგოგმა სახელმწიფოს  უნდა დაუდასტუროს კვალიფიკაცია, ხოლო სკოლაში მუშაობის დაწყების შემდეგ უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში უნდა ჩაერთოს.

რაც უფრო მაღალია პროფესიაში შესვლის ბარიერი, მით უფრო პრესტიჟულია პროფესია.  შესაბამისად იზრდება მსურველთა რაოდენობაც და ხარისხიც.  

პოლიტიკის დონეზე მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ზოგადი განათლების შესახებ კანონი დამტკიცდა.

სასერტიფიკაციო გამოცდა პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩატარდა. 2015 წლიდან კი სერტიფიცირება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მოდელით შეიცვალა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” განათლების პროგრამების მენეჯერი თამარ მოსიაშვილი სერტიფიცირების დებულების თანაავტორია. მოსიაშვილი „ლიბერალთან” საუბარში იხსენებს, რომ სერტიფიცირებას „საკმაოდ რთული ბედი აღმოაჩნდა”.

„ილუზია, რომ არასერტიფიცირებული მასწავლებლების ნაცვლად ერთ წელში გვეყოლებოდა სერტიფიცირებული მასწავლებლები, არავის გვქონია. პროცესი თანდათან უნდა განვითარებულიყო, და ხუთი წლის განმავლობაში მასწავლებელს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, მოეპოვებინა სერტიფიკატი, დაედასტურებინა თავისი კვალიფიკაცია, და რაც მთავარია კანონში დათქმული იყო ვადა, როდესაც სერტიფიცირებული მასწავლებელს ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში საქმიანობის დაწყების უფლება ეძლეოდა. ეს ვადა 2015 წლის 1 იანვარი იყო“, - გვიყვება მოსიაშვილი.

სკოლებში ამ დროიდან უნდა დაწყებულიყო ახალი კადრების შესვლის პროცესი, რომლის მთავარი მახასიათებელი უნდა ყოფილიყო სერტიფიცირება, კერძოდ მოქალაქე, რომელიც სახელმწიფოს დადასტურებდა საკუთარ კვალიფიკაციას სკოლაში დასაქმების უფლება ეძლეოდა.

ეს არ ნიშნავდა იმას, რომ 2015 წლისთვის, თუ, ვთქვათ, მასწავლებელთა 30 პროცენტი იქნებოდა სერტიფიცირებული, 70 პროცენტს სახლში გაშვება ელოდა და მოსწავლეები პედაგოგების გარეშე დარჩებოდნენ. ასე ხსნიდა მთავრობა ამ ცვლილებას „ამგვარი რიტორიკა იყო 2012 წლის შემდგომი ხელისუფლების პირველი სერიოზული შეცდომა, რადგან ეს არ იყო სიმართლე”,  - ამბობს თამარ მოსიაშვილი

სინამდვილეში ვაკანსია არასერტიფიცირებული მასწავლებლების ადგილზე ცხადდებოდა. ანუ, თუ, ვთქვათ, ვთქვათ სკოლაში მუშაობს არასერტიფიცირებული ქიმიის მასწავლებელი. 2015 წლიდან სკოლაში მუშაობის უფლება ეძლეოდა სერტიფიცირებულ პედაგოგს, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლაში მუშაობას დაიწყებდნენ ის ადამიანები, რომლემაც სახელმწიფოს დაუდასტურეს საკუთარი კვალიფიკაცია.

„ასევე არ იყო მართალი, როცა სახელმწიფომ თქვა, თითქოს სისტემის გარეთ  არ გვყავდა სერტიფიცირებული კადრები. უკვე იმ დროისთვის იყო 2000-მდე ადამიანი, რომელსაც სერტიფიკატი ჰქონდა და ელოდებოდა სკოლაში მუშაობის დაწყებას. სახელმწიფომ იმედი გაუცრუა ამ ადამიანებს”, - გვეუბნება მოსიაშვილი - ჩვენ კი მივიღეთ სისტემა, რომელშიც მოტივირებულ კადრს უჭირს დასაქმება. ადამიანებმა არ იციან, როგორ უნდა დაიწყონ სკოლაში მუშაობა. სკოლაში დასაქმების პროცედურები დღემდე ბუნდოვანია.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის თქმით კი სერტიფიცირების პროცესის მთავარი დებულების მიხედვით, ჩანაცვლება წარსულს ჩაბარდა, „რამდენადაც მასწავლებლის საქმიანობის წარმატების შეფასება შეუძლებელია მხოლოდ ტესტური გამოცდის ფორმით, ერთჯერადად ცოდნის შემოწმების საფუძველზე არ იძლევა სრულფასოვან ინფორმაციას მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შესახებ“.

მინისტრის მოადგილე განგვიმარტავს, რომ მოქმედი სისტემის მიხედვით მასწავლებლის საქმიანობა კომპლექსურად შეფასდება: „ახალი სქემა უზრუნველყოფს მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

მასწავლებელი სხვადასხვა განხორციელებული აქტივობებით აგროვებს კრედიტ-ქულებს, რაც მას საშუალებას აძლევს სქემის ერთი დონიდან უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს, რასაც მიყვება მნიშვნელოვანი სამოტივაციო პაკეტები. რაც შეეხება მასწავლებლის პროფესიაში შესვლას, სქემის მიხედვით გაწერილია კონკრეტული გზები, თუ როგორ შეიძლება პროფესიაში შევიდნენ სხვადასხვა განათლებისა თუ გამოცდილების კადრები“.

ეს არგუმენტები დამაჯერებლად არ ჟღერს თამარ მოსიაშვილისთვის. მისი თქმით,  ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც 2015 წელს დაგეგმილი რეფორმა 3 წლით გადაავადა კარგად დაწყებული პროცესი შეაჩერა. „ამასთან კანონში სერტიფიცირების ცნება გააქრეს, და ადამიანების, რომლებმაც სახელმწიფოს დაუდასტურეს კვალიფიკაცია, აღიარება ვერ მოხდა, ახალგაზრდა და მოტივირებული  კადრები ვერ ახერხებენ სკოლაში დასაქმებას.”.

განათლების ექსპერტი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების მიმღებნი საგანმანათლებლო სისტემას უყურებენ, როგორც ელექტორატს. მათ არ სურთ პოლიტიკური უკმაყოფილება, და თავისებურად ყოველთვის გუნდრუკს უკმევენ მასწავლებლებს, „რაც დამამცირებელია ამ ღირსეული პროფესიისთვის ”.  

როგორც, სტატიის დასაწყისშია აღნიშნული, საერთაშორისო და ეროვნული შეფასების მიხედვით, სერტიფიცირებული მასწავლებლების მოსწავლეებს მაღალი შედეგები აქვთ, ასევე პრობლემურია სოფლად მცხოვრები მოსწავლეების შედეგები.

განათლების სისტემის მთავარ  გამოწვევად კვლავ რჩება სკოლის კარის გახსნა კვალიფიციური მასწავლებლებისთვის.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^