Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ბრალდებებს უყენებს მშობელი 122-ე საშუალო სკოლის პედაგოგებს და რა პასუხი აქვს სკოლას

06 ივლისი 2017

122-ე საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგს მე-5 კლასელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მშობელი, მარიამ საკანდელიძე დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს.  სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ სკოლა შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს მოსწავლის ინტეგრაციისთვის.

10 წლის ლუკას ჰიპერაქტიურობის სინდრომი აღენიშნება. ის ინდივიდუალურ მიდგომასა და მხარდაჭერას საჭიროებს.  მშობელი ამბობს, რომ ჰიპერაქტიურობის გამო მის შვილს სწავლის პროცესში მუდმივად ექმნებოდა პრობლემები. ლუკას ორი სკოლის შეცვლა მოუხდა.

ახლა კი ის 122-ე საჯარო სწავლობს, სადაც, როგორც მარიამ საკანდელიძე ამბობს, შვილი განათლების სამინისტროს რჩევით ორი წლის წინ გადაიყვანა.

როგორც მშობელი იხსენებს, თავიდან სკოლის დირექტორი კეთილგანწყობილი იყო, თუმცა სწავლის პროცესის დაწყებისთანავე ნაცნობმა პრობლემებმა იჩინა თავი. მშობელი ამბობს, რომ  სკოლის დირექტორმა ოჯახს ბავშვის შინ სწავლებაზე გადასვლა ან სხვა სკოლაში გადაყვანა მოსთხოვა, რაზეც მშობლები არ დასთანხმდნენ. 

მისი თქმით, განათლების სამინისტროში უკვე მესამე საჩივარი შეიტანა და ბოლო შემთხვევამდე საჯაროდ არ სურდა საუბარი სკოლაში არსებულ პრობლემებზე.

მშობელი  ამბობს, რომ ლუკა აგრესიას მის გარშემომყოფების მიმართ მხოლოდ პროვოცირების შემთხვევაში ავლენს და თუ საგაკვეთილო პროცესი კარგად არის ორგანიზებული, მას გაკვეთილზე გაჩერებაც შეუძლია და ასეთ გარემოში თავსაც კარგადაც გრძნობს.

„ჩემს შვილს გაკვეთილზე გაჩერებაც შეუძლია, თუ გაკვეთილი კარგად არის ორგანიზებული. ასეთ გარემოში თავისუფლად და კარგად გრძნობს თავს. საჭირო იყო სპეცპედაგოგი, რომელიც სულ მის გვერდზე იქნებოდა. თვითონ არასოდეს ავლენს პირველად აგრესიას. ასეთი ფაქტები პროვოცირების შემთხვევაში ხდება ხოლმე“, - ამბობს მაკა საკანდელიძე.

ბოლო შემთხვევა სასწავლო წლის მიწურულს მოხდა. მომხდარის შესახებ მაკა საკანდელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განათლების სამინისტროსგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.

„ამ პოსტის დაწერის მიზეზი კი არის ჩემი შვილის დამრიგებლის (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) მხრიდან განხორციელებული ზეწოლა ჩემი შვილის თანაკლასელ გოგონაზე, რათა მას მობილური ტელეფონით ფარულად გადაეღო ჩემი შვილის ქცევები მის გაკვეთილზე. გოგონამ დავალება შეასრულა, თუმცა მეგობრის მიმართ დანაშაულის გრძნობა გაუჩნდა და ატირდა. მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ეს არ იყო ფარული გადაღების პირველი შემთხვევა. დამრიგებელს მანამდეც დაუვალებია ბავშვებისთვის მათი ერთ-ერთი მასწავლებლის გაკვეთილის ფარული გადაღება. ყველაზე დიდი ირონია ის არის, რომ დამრიგებელმა, რამდენიმე დღით ადრე ბავშვებს წაუკითხა ლექცია ბულინგის თემაზე. უკვე მესამე საჩივარი მაქვს შეტანილი განათლების სამინისტროში იმ შემთხვევების გამო, რომლებიც ჩემი შვილის მიმართ განხორციელდა. რამდენი ხანია ველი შესაბამის რეაგირებას სამინისტროდან, მაგრამ ამაოდ... იმედი მაქვს, ამჯერად მაინც იქნებიან ამ ფაქტის მიმართ ადეკვატური“, - წერს მაკა საკანდელაძე.

მშობელი ამბობს, რომ ლუკას თანაკლასელების მშობლებმა მას დაუდასტურეს, რომ ბავშვები ლუკას ქცევის ამსახველ კადრებს მასწავლებლის დავალებით იღებდნენ, თუმცა მშობლებმა საჯაროდ ეს ფაქტი უარყვეს.

პირველი საჩივარი მშობელმა სამინისტროში სკოლის დირექტორის სახელზე მიმდინარე წლის სექტემბერში შეიტანა.

მშობელი ამბობს, რომ დირექტორი ცდილობს ლუკას ქცევასთან დაკავშირებული ფაქტების გაზვიადებას და ამ გზით ცდილობს, მშობელს  ბავშვის სკოლიდან გადაყვანა აიძულოს.

 „ამა წლის 30 სექტემბერს გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დერეფანში ბავშვებთან თამაშის დროს ლუკას ხელი შემთხვევით მოუხვდა მის მეგობარ გიორგი გოცირიძეზე, რომელსაც მორყეული სარძევე კბილი მოძვრა. სკოლის წარმომადგენლებმა ლუკა დაადანაშაულეს იმაში, რომ მან განზრახ დაარტყა ამხანაგს და კბილი მოტეხა. ლუკა უარყოფდა ბრალდებას და ცდილობდა, აეხსნა მათთვის, რომ ეს იყო შემთხვევითობა. იმის გამო, რომ არ უსმენდნენ ლუკა აძვრა ღია ფანჯარაზე და დაიმუქრა, რომ, თუ არ მოუსმენდნენ გადახტებოდა. ამის შემდეგ ლუკა ჩაიყვანეს მანდატურის ოთახში, სადაც ის დააშინეს. 

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ის ბავშვები და მათი მშობლები, რომლებსაც ჩვენ ინციდენტის შემდეგ გავესაუბრეთ, ადასტურებენ, რომ ლუკას ეს განზრახ არ გაუკეთებია. ეს არ ჩანს არც ვიდეოკამერაზე, რომელიც  სკოლაშია დაყენებული. ვინაიდან სკოლის ადმინისტრაციის არცერთი წარმომადგენელი ინციდენტს არ შესწრებია, ხოლო ჩვენი ინფორმაციით ჩხუბი არ მომხდარა, მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა დირექტორის მხრიდან პრობლემის განზრახ გაზვიადებას იმ მიზნით, რომ ჩვენ ბავშვი სხვა სკოლაში გადაგვეყვანა“, - ვკითხულობთ მშობლის განცხადებაში. 

მშობელი განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და ამბობს, რომ სამინისტრომ მის განცხადებაში ასახული ფაქტების მოსაკვლევად  და სიმართლის დასადგენად არაფერი გააკეთა. დროულად არ გამოუთხოვია სკოლიდან კამერების ჩანაწერი იმის დასადასტურებლად, რომ ლუკას განზრახ არ დაურტყამს ხელი თანაკლასელისთვის.

მშობელს არც უკანასკნელი ფაქტის მოკვლევის იმედი აქვს, თუმცა იმედოვნებს, რომ საკითხით სახალხო დამცველი და სხვა უწყებები დაინტერესდებიან.

სკოლისა და პედაგოგის პოზიცია

დაავალა თუ არა პედაგოგმა ლუკას თანაკლასელებს ლუკას ქცევის ამსახველი კადრების გადაღება  და სთხოვს თუ არა დირექტორი მშობელს ბავშვის სკოლიდან გადაყვანას - ამ და სხვა კითხვებით „ლიბერალმა“ სკოლის დირექტორსა და კლასის დამრიგებელს მიმართა. „ლიბერალი“დაინტერესედა, რას აკეთებს სკოლა ლუკას სკოლაში ინტეგრეციისთვის? 

კლასის დამრიგებელი თინა აბაშიძე მშობლის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ არასოდეს არავისთვის დაუვალებია ლუკასთვის სურათების გადაღება.

„მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ თქვენც და მშობელსაც - სად უნდა წამეღო ეს სურათები? რად მინდოდა? მე მას ყოველ დღე ვუყურებ? რაში უნდა დამჭირვებოდა? ყველაფერს ხომ ზღვარი აქვს. ბრალდებასაც  ხომ ზღვარი აქვს. სად უნდა წამეღო, ფეისბუქზე უნდა ამეტვირთა, თუ სადმე უნდა გადამეგზავნა. მე დიდი ხანია სასკოლო სისტემაში ვარ. თანაც ისეთი სულელი ვარ, რომ მე-5-კლასელს ამას დავავალებდი? რა ლოგიკაა ამაში? მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო ობიექტური. ბავშვი განვითარებულია, მას არ სჭირდება ინდივიდუალური საგანმანთლებლო გეგმა. მას აქვს ქცევის კორექციასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ კუთხით ვმუშაობთ“, - განუცხადა „ლიბერალს“ კლასის დამრიგებელმა ნინო აბულაძემ. მისივე თქმით, ის და სკოლის მენეჯმენტი შესაძლებლობების ფარგლებში ძალისხმევას არ იშურებენ ლუკას კლასში ინტეგრაციისთვის და მისი შეფასებით. 

„სკოლა ყველა პროგრამაში ჩართულია. ჩართულია სამინისტროს მულტიდისციპლინარული კომისიაც და მოწვეულია სპეციალისტი, რომელიც თავად მშობელმა შეარჩია. ლუკა ჩემთან ოქტომბერში გადმოვიდა, მსგავსი რამ, რომ მშობელთან პრობლემა მქონოდა ან არ მეთანამშრომლა, მე არ მქონია. სამეგობრო წრე შეიქმნა. ყველაფერი გავაკეთე რომ 8 მოსწავლე ამ პროცესში ჩართულიყო. მშობლების მობილიზება გავაკეთე, რომ ეს ბავშვი მიეღოთ და ყველას ერთად აღმოგვეჩინა მხარდაჭერა“, - ამბობს პედაგოგი. მისივე თქმით, ის მზად არის დატოვოს კლასის დამრიგებლობა.

იგივეს ამბობს სკოლის დირექტორი, რომელმაც ჩვენთან საუბარისას ყველა ის აქტივობა ჩამოთვალა, რომელიც სკოლამ ლუკას ინტეგრაციისთვის დაგეგმა და განახორციელა.

ის ამბობს, რომ სკოლა სამინისტროში არსებული მულტიდისციპლინური გუნდის მხარდაჭერით ცდილობდა სწორი სტრატეგიების შემუშავებას; ასევე ილიას უნივერსიტეტის მხარდაჭერით შექმნეს „მეგობრობის წრე“; პედაგოგებმა გაირეს პოზიტიური ქცევის მართვის ტრენინგები; წლის ბოლოს კი მშობლის მონაწილეობით აიყვანეს სპეცპედაგოგი, რომელიც კვირაში ორჯერ ლუკასთან ერთად იჯდა ყველა გაკვეთილზე. 

„ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ბავშვმა მოახერხოს ადაპტაცია. ამ ბოლოს გვქონდა ინტელექტუალური თამაში: „რა? სად? როდის?“ ლუკამ მონაწილეობა მიიღო, ჩემპიონი გახდა. ვცდილობთ, რომ მისი მონაწილეობა გაიზარდოს. ბავშვს საკმაოდ კარგი გონებრივი მონაცემები და აკადემიური მოსწრება აქვს. ვცდილობთ, ამ ქცევითი პრობლემების მოგვარებას.  ვცდილობთ, მაგრამ მშობელი ხან კმაყოფილია, ხანაც - უკმაყოფილო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შესაძლებლობების ფარგლებში. ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ ინკლუზიური განათლება ახალია და ჩვენც ვსწავლობთ“, - ამბობს დირექტორი.

კითხვაზე - მოსთხოვა თუ არა მან მშობლებს ბავშვის სკოლიდან გადაყვანა? - პასუხობს: „სექტემბერში ერთ-ერთი ინციდენტის დროს მშობელმა მითხრა, თქვენმა სკოლამ მუშაობა არ იცისო და მეც ვუთხარი, მაშინ სხვა სკოლაში გადაიყვანეთ ქალბატონო-მეთქი“, - ამბობს სკოლის დირექტორი.

ბოლო შემთხვევის თაობაზე სკოლაში დისციპლინური კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც კლასის დამრიგებლის მიმართ მშობლის ბრალდებებზე იმსჯელეს. რა დაადგინა დისციპლინურმა კომიტეტმა, ჯერ უცნობია. დირექტორის თქმით, გადაწყვეტილება სხდომიდან სამ დღეში გახდება ცნობილი.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლის, ეკა დგებუაძის თქმით, სამინისტროში ინკლუზიური განათლების დეპარტამენტი შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სკოლის გაძლიერებისთვის არაერთი ღონისძიება დაგეგმა.

„ჩვენი დეპარტამენტიდან ერთი სემესტრი იარა ორმა სპეციალისტმა. მუშაობდნენ ბავშვთან, მშობელთან, პედაგოგებთან. გარდა ამისა, 122-ე საჯარო სკოლაში დავიწყეთ ქცევის პოზიტიური მართვის პროექტი, რომელიც სექტემბერშიც გაგრძელდება.  სამინისტრომ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური გააკეთა, რომ სკოლას გარედან დახმარებოდა. რაც შეეხება სკოლის გაძლიერებას და ბავშვის მხარდაჭერას, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ: ჩავატარეთ ტრენინგი და ჩვენი სპეციალისტი უშუალოდ იმ კლასის გაძლიერებაზე მუშაობდა, რომელშიც ეს ბავშვი იღებს განათლებას. შიგნით უკვე მშობელსა და დირექტორს შორის რა ურთიერთობაა, მე ამაზე პასუხი არ მაქვს. ინკლუზიური სამმართველოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა“, - ამბობს ეკა დგებუაძე, ინკლუზიური განათლების სამმართველოს უფროსი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^