გასულ წელს, "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ", ორგანიზაცია სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (dvv international) ფინანსური მხარადჭერით, განახორციელა პროექტი - „დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“. პროექტის ფარგლებში მომზადდა წიგნი და გამოფენა. ასევე, დოკუმენტური ფილმი "ცოცხლად მოყოლილი ამბები - მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ".
2008 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა გამოსცა წიგნი - "ალჟირის პატიმართა პორტრეტები - სტალინიზმის ისტორიიდან", სადაც თავმოყრილია "ხალხის მოღალატეების" შვილების მოგონებები დედების შესახებ, რომლებიც 1936-38 წლებში აკმოლენსკის ბანაკში გადაასახლეს, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ "მოღალატეთა" ცოლები იყვნენ.
"ლიბერალი" გთავაზობთ მცირე ამონარიდებს და დიდი ტერორის მსხვერპლი ქალების ფოტოებს.
"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" საზოგადოებრივი არქივის მასალების ნახვა შესაძლებელია საიტზე - http://archive.ge/ka/collections
ხათუნა ჭიჭინაძე 1901 წელს დაიბადა. იყო მსახიობი. 1924 წელს რუსთაველის თეატრში ჩაირიცხა მსახიობად. დაპატიმრებადმე, 1937 წლამდე სხვადასხვა თეატრებში თამაშობდა. მას ბრალად ედებოდა ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. დაპატიმრებიდან 6 თვის შემდეგ დანაშაული აღიარა. დახვრეტა მიუსაჯეს 1938 წლის 3 მარტს. რეაბილიტირებულია 1956 წლის 18 ივლისის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით.
“მამის დაპატიმრების შემდეგ ჩვენ სოფელში წაგვიყვანეს. დედა სახლში მარტო დააპატიმრეს. დედა იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. თითქოს თეატრში დედას თაოსნობით იყო ანტისაბჭოთა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, აკაკი კვანტალიანი. ისინი არცერთი არ დაუპატიმრებინათ, არც შეუწუხებიათ. დედა როგორც თითქოს ამ ჯგუფის ხელმძღვანელი. ეს საბაბი იყო დედის დაპატიმრების, ეტყობა ბერიას ჩვენი ოჯახის მიმართ ჰქონდა რაღაც საწინააღმდეგო”- ნანა ყურულაშვილი, ხათუნა ჭიჭინაძის შვილი.
ბარბარე ანდრიასოვა - კიღურაძის მეუღლე შალვა კიღურაძე 1937 წელს დააპატიმრეს და „მავნებლობის“ ბრალდებით დახვრიტეს. ბარბარე კიღურაძე კი, როგორც „ხალხის მტრის ოჯახის წევრი“, შრომა-გასწორების კოლონიაში გადაასახლეს. მან ყაზახეთში, ტემნიკოვსკის ბანაკში ხუთი წელი გაატარა. საქართვეოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა არქიტექტორად. 1999 წელს გამოიცა მისი წიგნი “Eтому престурлению нет срока давности”.
“დედა დააპატიმრეს ამ სახლში და ორთაჭალის ციხეში მიიყვანეს. როგორც მიყვებოდა, როცა საკანში შეიყვანეს ყველა მისი ნაცნობი და მეგობარი იმ საკანში დახვდა. სამი თვე იყვნენ ეს ქალები საქართველოს ციხეში. მერე ღამე, თოვდაო, როგორც ამბობდა, ღია საბარგო მანქანებზე დასვეს და რკინიგზის სადგურისკენ წაიყვანეს. როგორც ჩანს, გაჟონა ინფორმაციამ, რომ ისენი გადასახლებაში მიყავდათ, აქა-იქ ხალხი იყოო შეგროვილი, რომლებიც ხელის აუწევლად და უსიტყვოდ გვანიშნებდნენ, რომ მათ ყველაფერი იცოდნენო. შემდეგ ჩასვეს “ტავარნიაკს” რომ ეძახიან, ისეთ მანქანაში, რომლითაც ადრე ალბათ საქონელი გადაყავდათ. დიდხანს მიდიოდნენ, არაადამიანურ პირობებში მგზავრობდნენ, მაგრამ თან წერილებს წერდნენ, რომლებსაც სადგურებზე ყრიდნენ იმ იმედით, რომ ვინმე მიხვდებოდა ისინი საფოსტო ყუთში ჩაეგდო. თუმცა ჩემს ოჯახს არც ერთი წერილი არ მიუღია. დედა ერთადერთი იყო იმ ქალებში ვისაც უმაღლესი განათლება ჰქონდა და მას აძლევდნენ საშუალებას ბანაკიდან გასულიყო, სადაც აშენებდა საღორეებს, საქონლის სადგომებს, - “ ჰყვება ბარბარე ანდრიასოვა-კიღურაძის შვილი ნინო კიღურაძე.
რაისა აბრამია -მიქაძე მეუღლესთან არჩილ მიქაძესთან ერთად 1937 წელს დააპატიმრეს. მეუღლე იყო საბჭოთა პარტიული მოღვაწე, რომელიც გადაასახლეს და შემდეგ დახვრიტეს. რაისა აბრამია-მიქაძე მოქანდაკე გახლდათ. ის როგორც სამშობლოს მოღალატის ცოლი რეპრესირებული ქალების სპეციალურ ბანაკში - სამშობლოს მოღალატეთა ცოლების აკმოლინსკის ბანაკში (алжир) გადაასახელეს. ის 8 წლის შემდეგ დაბრუნდა.
“მახსოვს ვიღაც კაცები ჩემს სახლში, მამა მეფერებოდა, თეთრი ლაბადა ეცვა. დედა როცა გადასახლებაში მიყავდათ, ფიცრის საწოლები იყო სადაც ქალები თევზებივით იყვნენ ჩაწყობილნი. საშინელი პირობები, ბღავილი, ტირილი. დედამ საკუთარი პერანგის ნაჭერი მოხია, რომელზედაც ფანქრით დაწერა რომ გვასახლებენ, მივყავართ აქა და აქ, თბილისის მისამართიც დააწერა და სთხოვდა ვინც იპოვიდა, გადაეგზავნა, მერე ეს ნაჭერი ასანთის კოლოფში ჩაადო და ერთ-ერთ სადგურზე დატოვა. ჩვენ მივიღეთ ის. მახსოვს როგორ გავშალეთ რუკა და ბიძაჩემი და ოჯახის წევრები ეძებდნენ იმ ადგილს. მახსოვს, როგორ წამიყვანეს დედასთან ციმბირში, სულ სამი საათით შემოყავდა ბადრაგს მაგრამ მე ეს უცხო ქალი მაწუხებდა, ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ამ ქალს ჩემგან. მახსოვს, როცა უკვე მოვდიოდით, დედა აღარ გვაჩვენეს, მოშორებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე იყვნენ მაგრამ მე გავყავი ხელი და მახსოვს როგორ დაესივნენ ქალები ჩემს ხელს, მეფერებოდნენ და ტიროდნენ. “- ჰყვება ჯინა მიქაძე-კალატოზიშვილი, რაისა აბრამია მიქაძის შვილი.
თინათინ ჯიქიას მეუღლე ვლადიმერ ჯიქია, როგორ ქვეყნის მოღალატე 1937 წელს დახვრიტეს, განაჩენი სტალინის მიერაა დამტკიცებული. ამავე წელს 26 წლის თინათინ ჯიქია დააპატიმრეს. მას სამშობლოს ღალატის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შემდეგ ის ბაქოსა და სხვა რამდენიმე ციხის გავლით აკმოლინსკის ქალთა ბანაკში გადაიყვანეს. ის 1940 წელს გაანთავისუფლეს.
“დედაჩემის წასაყვანად ღამე მოვიდა ორი შინსახკომელი. ისინი შედარებით ადამიანურები აღმოჩნდნენ. მისცეს საშუალება მომზადებულიყო, შვილებს დამშვიდობებოდა. დედა ხშირად იგონებდა მშვენიერ, განათლებულ ქალბატონს ნანა ბედიას, გაზეთ “კომუნისტის” რედაქტორის ერიკ ბედიას მეუღლეს, რომელთან ერთადაც ერთ საკანში იმყოფებოდა თბილისის ციხეში. ერთ ღამესაც ის გაიყვანეს დაკითხვაზე ბერიასთან, საიდანაც რამდენიმე საათის შემდეგ დააბრუნეს სასტიკად ნაცემი და დასისხლიანებული. დედამ ის თავისი საბნის ქვეშ შეიწვინა. ნანა ბედიამ დედას უთხრა, რომ მის წამებაში თავად ბერია იღებდა მონაწილეობას. ამის მიზეზი იყოს ის, რომ ერიკ ბედიას წიგნის “ ამიერკავკასიის ბოლშევიკური პარტიის ისტორია” ავტორობა მიისაკუთრა ბერიამ, რის შესახებაც ნანა ბედიამ ხმამაღლა განაცხადა ერთ-ერთ წვეულებაზე. რამდენიმე დღის შემდეგ ის ისევ გაიყვანეს და აღარ დაბრუნებულა,-” ყვება ნანა ჟიქია, თინათინ ჯიქიას შვილი.
ვარვარა ბარქაია - ჭავჭანიძე 1937 წელს დააპატიმრეს. ის სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. მისი მეუღლე მიხეილ ჭავჭანიძე სამხედრო სკოლაში მუშაობდა. შემდეგ აკმოლენსკის ბანაკში გადაიყვანეს. გადასახლებიდან 1946 წელს დაბრუნდა.
“ჩემი და რვა წლის იყო დედაჩემის წასაყვანად რომ მოვიდნენ. ის უფრო ტრამვირებული იყო ვიდრე მე. ის მამასაც დაჭერამდე, წინა დღით გამოემშვიდობა. დედამ მოითხოვა ბავშვს მაინც გამოვემშვიდობებიო.. ძლივს მოგლიჯეს ბავშვს დედა. ბებია დედას ამშვიდებდა არ ინერვიულო, გამოგიშვებენ, დანაშაული არაფერი გაქვს ჩადენილიო. 5 წლის ვიყავი დედა რომ წავიდა და 9 წლის შემდეგ ჩამოვიდა. 14 წლის ვიყავი, ვერ დავუზახე “დედა”. დედამაც ვერ მიცნო. მე ვიცანი..მაგრამ რაღაცნაირად სითამამე არ მქონდა, რომ მივსულიყავი, მოვფერებოდი და ჩავხუტებოდი... ამხელა ტრამვა მომაყენეს. დედა და მამა ჩემთან რომ ყოფილიყო, მე დღეს სულ სხვა ცხოვრება მექნებოდა,- სიუზანა ჭავჭანიძე ვარავარა ბარქაია-ჭავჭანიძის შვილი.