დავით თინიკაშვილის თვალსაზრისი
სექსისტური, მიზოგინური და სხვა მომიჯნავე „ღირებულებების“ მქონე მამაკაცი გუშინწინდელ 8 მარტს ყველა ნაცნობ ქალს ენაწყლიანად ულოცავდა, არ იშურებდა რა მათთვის კომპლიმენტებს. ამასთან სულაც არ იყო ძნელად შესამჩნევი. თუ როგორი მომხმარებლის თვალით უყურებდა ამ დროს მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს. არადა ყველამ, ვინც იცნობს, საკმარისზე მეტად იცის მისი დამოკიდებულების შესახებ გენდერულ-ფემინისტურ საკითხებზე და გარყვნილი დასავლეთის მიერ „შემოგდებულ“ სხვა ფრონცკობებზე. სამაგიეროდ ზნეობრივი (გარეგნულად მაინც) და ქართველი ვაჟკაცია თავზე ჯვრებგამოსახული სკუფიითა და წვერით.
ხშირად ასეთი მამულიშვილები ფრიად მორწმუნენი არიან ხოლმე, რაც იმას ნიშნავს, რომ გენდერულ თანასწორობის საკითხებზე ზოგიერთი „მამაოს“ მიერ წარმოთქმული ქადაგებებით კარგად არიან ნაკვები. აბა, როგორ გინდა, ძმაო, ქალმა შვილები უნდა გაგიჩინოს, თან აუცილებლად ბიჭები (გოგოები რა სახსენებელია), მერე მათ აღზრდას შეალიოს თავისი დღე და მოსწრება; სახლში რომ მოხვალ, გემრიელი საჭმელი უნდა დაგახვედროს; იმ დღეს თუ გარეთ ვინმეზე გაბრაზდი, მაგრამ იმას ვერ შეჰბედე ვერაფერი, ცოლი ხომ სახლში გყავს? საღამოს დაბოღმილი მისულმა მოძებნე რაღაც საბაბი და წაუთაქე ერთი-ორი, მერე რა მოხდა? მორჩილების ცეცხლს ცოტა გაღვივება სჭირდება, რომ არ განელდეს. ღმერთმა დაგვიფაროს მორწმუნენი, ფუი ეშმაკს და ცოლის თავზე წამოჯდომას ხომ მუდმივი პრევენციები სჭირდება?
ასეთი „ვაჟკაცები“ არც ცოლს მიღმა ქალებზე ამბობენ უარს. მაგრამ მათი დამოკიდებულება არც მათ მიმართ არის განსხვავებული - შეიძლება წამოთაქებას ვერ უბედავდნენ, მაგრამ ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ისინიც მამაკაცის სიამოვნებისთვის არიან გაჩენილი. „აბა, რა იქნებოდა კაცების ცხოვრება ქალების გარეშე?“ - ქართულ სუფრაზე წარმოთქმული ეს და მსგავსი მაგიური ფრაზები თითქმის ყოველთვის კონსუმერულ შინაარსს ატარებს. სამაგიეროდ, რა გინდა, ძმაო, რვა მარტს კომპლიმენტებითა თუ საჩუქრებით ყოველთვის ვანებივრებ ცოლს, საყვარელს თუ ნაცნობ ქალებს (რომელთა შორისაც მომავალი პოტენციური საყვარლებიც შეიძლება იყვნენ). აბა, როგორ? პავლე მოციქულსაც დაიმოწმებენ და გეტყვიან, რომ „მუშაკი ღირსია თავისი სასყიდლისა“. აბ,ა საიდან ეცოდინება ამ უბადრუკს, რომ 1909 წელს რვა მარტი სწორედ ემანსიპირებულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ ქალებს მიეძღვნათ და არა უბრალოდ ქალებს, რომელთა „მოხმარებაც“ ან დეკორატიული ფუნქციით გამოყენება კარგი "პონტია" და ღირსებას მატებს მას, ვინც ამის გაკეთებას მოახერხებს. ასევე მოგვიანებით, 1977 წელს გაერომ 32/142 რეზოლუციით ყველა ქვეყანას მოუწოდა 8 მარტი გამოცხადებულიყო ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღედ. ქალის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა არ იყოს მოხმარებული და დაჩაგრული საწინააღმდეგო სქესის მიერ.
ასეთია ჩვენი რეალობა და მასზე დაუსრულებლად შეიძლება სარკასტულას წერა. საჭიროა დროზე შეჩერდეს და შემდეგ საბოლოოდ აღმოიფხვრას ამგვარი ცნობიერება ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილში მაინც, რომლებსაც ამგვარი გარდაქმნის პოტენცია აქვთ. თორემ არავის აქვს იმის ილუზია, რომ ყველა კეთილშობილი და შეგნებული მოქალაქე გახდება. მთავარი იმის მიღწევაა, რომ ზემოთ აღწერილი მიმართებანი კარგ ტონად და მამაკაცის ღირსების შემადგენელ ნაწილად აღარ ითვლებოდეს.
საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით და იმ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვის დაწყება, რაც ქალის მდგომარეობას უკავშირდება. მაგ., საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციამ World Vision ქალთა დღესთან დაკავშირებით წამოიწყო ახალი პროგრამა, რომელსაც ეწოდება Strong Women Strong World, რომლის მიზანია სხვადასხვა სახის რესურსის ქალებში ინვესტირება, მესამე სამყაროს ქვეყნებში ქალთა უფლებებზე ზრუნვა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველ დღე ათასი ქალი იღუპება მშობიარობისას. მაგ., ავღანეთში, ბოლივიაში, ეთიოპიასა და სხვა მსგავს ქვეყნებში შვილის გაჩენა დიდი საფრთხის შემცველია. ამიტომ პროგრამის Strong Women Strong World პირველადი მიზანი სწორედ ამ პრობლემასთან გამკლავებაა უახლოეს მომავალში.
შეიძლებოდა სხვა აქტოვობების დასახელებაც, რომლებსაც დასავლური ორგანიზაციები ანხორციელებენ ამ მიმართულებით. ამ მიმართულებით არა მხოლოდ ორგანიზაციებს, არამე ეკლესიებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ამერიკაში, მაგ., ქრისტიანული ეკლესიები 8 მარტს კონფერენციებსა და ვორქშოპებს აწყობენ ქორწინების, ოჯახში ქალის მიმართ ძალადობის და სხვა მსგავს საკითხებზე.
საქართველოში და ზოგადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი რა ხდება? ინტერნეტ სივრცეში რვა მარტთან დაკავშირებით თვალში აუცილებლად მოგხვდებათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადება სათაურით "ეკლესია გირჩევთ, არ იზეიმოთ რვა მარტი" (Церковь не советует праздновать 8 Марта), რომელშიც ყველაზე საინტერესო, ვფიქრობ, შემდეგი წინადადებაა: „როგორც კიევის საპატრიარქოს პრეს-ცენტრი იუწყება, ეკლესია მორწმუნეებს ურჩევს იზეიმონ რელიგიული და უკრაინული დღესასწაულები, რომელებიც დედა-ქალს განადიდებენ" (Как сообщает пресс-центр Киевской патриархии, Церковь советует верующим отмечать религиозные и всеукраинские праздники, восхваляющие женщину-мать). ანუ ქალი მოაზრებულია მხოლოდ როგორც რეპროდუქციული არსება. რა დროს ქალის უფლებებზე საუბარია? განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ 8 მარტის ნაცვლად მორწმუნეებმა და ეკლესიის ერთგულმა შვილებმა სჯობს მენელსაცხებლე დედათა კვირა აღნიშნონ, როგორც ქრისტიანული დღესასწაული.
ცნობილმა რუსმა თეოლოგმა, დიაკონმა ანდრეი კურაევმა, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს რუპორად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მთელი სტატია დაწერა ამ თემაზე სათაურით „ შეიძლება ვიზეიმოთ 8 მარტი?" (Можно ли не праздновать 8 марта?), რომელიც ასე პოპულარულია დღეს მორწმუნეთა შორის და რომელიც ქართულადაც უთარგმნიათ და გამოუქვეყნებიათ ერთ-ერთ მართლმადიდებლურ საიტზე. ეს სტატია, გარდა იმისა, რომ აშკარად ანტისემიტურია, შეიცავს ფაქტოლოგიურ უზუსტობებსაც. კურაევის აზრით, ებრაელმა კლარა ცეტკინმა, რომელსაც სრულიად ბუნებრივი ასოციაციები აკავშირებდა საკუთარი ერის ისტორიასთან, სწორედ იუდაური რელიგიური დღესასწაული - ფურიმი შემოგვაპარა ექსპლუატატორთა წინააღმდეგ ამხედრებულ ქალთა დღის აღსანიშნავად 1909 წელს კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც იმ წელს რვა მარტს ემთხვეოდა. ფურიმის დღესასწაული, რომელიც მოძრავია და ყოველ წელს ერთ დღეს არ აღინიშნება, უკავშირდება ძვ. წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში მცხოვრები ებრაელი ქალის - ესთერის მოხერხებულ ქმედებას, რომელმაც საკუთარი ერი გადაარჩინა სპარსელების ხელით განადგურებისგან (დაწვრილებით იხ. ბიბლია, ესთერის წიგნი). კურაევი გვიმტკიცებს, რომ 8 მარტის აღნიშვნით მრავალეროვანი კაცობრიობა რეალურად იუდაურ დღესასწაულს ულოცავს ერთმანეთს და ქება-დიდებას ასხამს ქალბატონ ესთერს, „თუნდაც შეუგნებლად“.
მთელს ამ კონსპირაციულ ნარატივში ერთ-ერთი საკვანძო უზუსტობა ის გახლავთ, რომ კლარა ცეტკინი არ იყო ებრაელი და მას არც არავინ ყოლია ებრაელი/იუდეველი წინაპარი. სინამდვილეში კლარა ცეტკინი იყო სუფთა არიელი გერმანელი. შესაბამისად, მისი აღზრდა და სიმპათიები ნამდვილად არ უკავშირდებოდა იუდაურ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. გარდა ამისა, კოპენჰაგენში გამართულ ხსენებულ კონფერენციაზე კლარა ცეტკინის წინადადებით მიღებულ იქნა რეზოლუცია იმის შესახებ, რომ ყოველწლიურად აღენიშნათ ქალთა დღე, „რომელსაც, პირველ რიგში, აგიტაციის სახე ექნებოდა ქალებისთვის საარჩევნო ხმის მინიჭების მიზნით“. ამრიგად, რეზოლუციიდან კარგად ჩანს, რომ ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშნვნა ჩაფიქრებულ იქნა არა როგორც დღესასწაული (მით უმეტეს იუდაურ-რელიგიური შინაარსით), არამედ როგორც წმინდად პოლიტიკური ღონისძიება.
გარდა ამისა, გაუგებარია, როგორ იქნებოდა შესაძლებელი, რომ ათეისტური საბჭოთა კავშირის მმართველთ იუდაური რელიგიური მოტივებით ეხელმძღვანელათ ქალთა დღის აღსანიშნავი დღის დაწესების თუ შენარჩუნების დროს. არაფერს ვამბობთ რუსი თეოლოგის იმ მაგიური წარმოდგენის შესახებ, რომლის თანახმადაც თურმე შესაძლებელია რომელიმე რელიგიური დღესასწაულის „შეუგნებლად“ აღნიშვნა და მისი პატივისცემა.
არ მოსდის რა თვალში ესთერის ისტორია, კურაევი ბიბლიის ამ წიგნის დაკნინებასაც ცდილობს: „ესთერის წიგნის ებრაულ ტექსტში არც ერთხელ არაა ნახსენები ღვთის სიტყვა. ეს ისტორიული თქმულებაა და არა ღვთის გამოცხადება“. მაგრამ რელიგიურ წრეებში ავტორიტეტად მიჩნეული ეს თეოლოგი რატომღაც ივიწყებს თუნდაც პავლე მოციქულის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც „მთელი წმინდა წერილი ღვთივთაგონებულია“ (2 ტიმ. 3,16). წმინდა წერილში კი სწორედ ძველი აღთქმის წიგნები იგულისხმება, რადგან პავლეს დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა ახალი აღთქმის წიგნები. გარდა ამისა, ხსენებული სასულიერო პირი არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ძველი აღთქმის სხვა მართლებთან ერთად პატივს მიაგებს ესთერსაც ქრისტეს შობის დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე.
ერთი სიტყვით, სანამ 8 მარტი ჩვენთვის მხოლოდ პრანჭიკელობის დღე იქნება ყოველგვარი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გარეშე იმ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომელთაც ის ეძღვნება, სანამ პოლიტიკური ელიტა, საზოგადოება და ეკლესია ხელს არ შეუწყობს რიგით მოქალაქეებში გენდერული თანასწორობის შესახებ შეგნების ამაღლებას, მანამდე ნუ მივიჩნევთ თავს ცივილიზებულ ხალხად და ნუ მოვდგებით იმის მტკიცებას, რომ ქართველები დიდი კულტურის ხალხი ვართ და ჯერ კიდევ რუსთაველი ამბობდა „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადიაო“. რა მერე, რომ ამბობდა?
P. S. ციტატა წიგნიდან: „შეკითხვაზე, თქვენი აზრით, რა უნდა მოიმოქმედოს კაცობრიობამ მომდევნო ათწლეულების მანძილზეო, მარკესმა უპასუხა: ადამიანთა მოდგმის გადარჩენის მხოლოდ ერთადერთ გზას ვხედავ - 21-ე საუკუნეში მთელი ძალაუფლება ქალებს უნდა გადაეცესო. მისი აზრით, მამაკაცებს არ შეუძლიათ საკუთარი კერძო ინტერესები გადადონ გვერდზე და გლობალური გადარჩენის საკითხებზე დაფიქრდნენ“ (რუბენ პელაიო. გაბრიელ გარსია მარკესი. თბ., ქართული ბიოგრაფიული ცენტრი 2011, გვ. 174).
მგონი მარკესი კარგად იცნობდა ქალისა და კაცის ბუნებას.