რადიო "თავისუფლება", სპეციალურად "ლიბერალისთვის"
სტალინის სიკვდილის 60 წლისთავს გერმანული გამოცემა Die Welt ფოტორეპორტაჟს უძღვნის, სათაურით „ იქ, სადაც სტალინს ძველებურად ღმერთივით ეთაყვანებიან.“ კორესპონდენტი ალან პოზენერი გორიდან იუწყება: „სტალინის მშობლიურ ქალაქში დიქტატორს კვლავაც პატივს სცემენ. ქართვლებისთვის ეს მეჩექმის შვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც საბჭოთა იმპერიას მართავდა“. სტალინის სახლ-მუზეუმიდან ერთ-ერთ ფოტოს კი ასეთი წარწერა აქვს: „გორში, თითქოს არც არაფერი ყოფილა, იმ ადამიანის ნივთების ნახვას გთავზობენ, რომელმაც 20 მილიონი ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტა. განაჩენებს კი იგი ხშირად ამ მაგიდაზე აწერდა ხელს“.
იმავე გამოცემის კიდევ ერთ სტატიაში: „სტალინი ცოცხალია!“, ალან პოზენერი ცდილობს საქართველოში სტალინისადმი არსებული დამოკიდებულება ახნას:
„60 წლის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობა პატივს სცემს დიქტატორს. მეორე მხრივ ხელისუფლება ყველანარად ცდილობს სახელმწიფოს ისტორიიდან საბჭოთა პერიოდი ამოშალოს: ნადგურდება შენობები, თბილისში გახსნილია საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი... კომუნისტური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციით ქართველები წარმოჩენილნი არიან, როგორც ჩაგრული ხალხი, რომელიც მიუხედავად უამრავი მსხვერპლისა, გამუდმებით ებრძოდა მჩაგვრელ რუსეთს“, - წერს ავტორი. მას შეკითხვა უჩნდება:
„გამოდის, რომ ქართველები, რომელთა შორის მარტო სტალინი არ დაბადებულა, არამედ ლავრენტი ბერიასა და სერგო ორჯონიკიძის სახით სხვა ჯალათებიც იშვნენ, შემეცნებით დისონანსში ცხოვრობენ - ეთაყვანებიან სტალინს და ვერ იტანენ „საბჭოთა ოკუპაციას“.
Financial Times 2012 წლის ოქტომბერში კარნეგის ფონდის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე წერს, რომლის მიხედვითაც „საქართველოში რესპონდენტთა 45%-ს დადებითი დამოკიდებულება აქვს დიქტატორისადმი, რუსეთში კი სტალინის რეპუტაცია ვლადიმერ პუტინის მმართველობის წლებში გაუმჯობესდა“. სტატიის ავტორ ჩარლზ კლოვერთან საუბარში „ლევადა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევ გუდკოვი ამას პოლიტიკური ლიბერალიზაციით გამოწევული იმედგაცრუებით ხსნის: „სტალინი - დემოკრატიული განვითარების მოჩვენებითი წარუმატებლობის სიმბოლოდ იქცა“. გუდკოვის აზრითვე, პუტინმა შეგნებულად გამოიყენა დიქტატორის სახე, რათა მის მცდელობას რუსეთში ძალაუფლების ვერტიკალი დამყარებულიყო, ხორცი შესხმოდა.
„რაში სჭირდება კრემლს სტალინისადმი ამბივალენტური დამოკიდებულება“,- ამ სათაურით Foreign Policy მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის მაშა ლიპმანის ვრცელ სტატიას აქვეყნებს. პოლიტოლოგის შეფასებით, სტალინის სიკვდილიდან 60 წლის შემდეგაც კი რუსეთის მოქალაქეები ჯერ კიდევ არ დამშვიდობებიან ბელადს. „რუსეთში არ არის კონსენსუსი კომუნისტური წარსულისადმი“. მაშა ლიპმანი პოსტ საბჭოთა ქვეყნებში სტალინისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ კარნეგის ფონდის კვლევის შედგებს აფასებს. „საქართველოში 45% დადებითად ეკიდება მას ალაბათ იმიტომ, რომ ყველაზე ცნობილი (სავალალოდ ცნობილი) ქართველი, ნაციონალისტების მძლავრ სიმბოლოდ რჩება“.
მაშა ლიპმანი აღნიშნავს, რომ სტალინის ძეგლების არ არსებობის მიუხედავად, რუსეთში მისი არსებობა პოლიტიკურ წყობაში იგრძნობა.
„გამოკითხულთა თითქმის 50% მიიჩნევს, რომ სტალინი ბრძენი ლიდერია, რომელმაც სსრკ-ს ძლევამოსილება და აყვავება მოუტანა. 50%- ზე ოდანვ მეტი კი სტალინის რეპრესიებს პოლიტიკურ დანაშაულად მიიჩნევს, რომელსაც შეუძლებელია გამართლება მოუძებნო“.
ნამდვილი დესტალინიზაციისთვის, მაშა ლიპმანის აზრით, საჭიროა რუსულ ნაციონალურ იდენტობაზე შეხედულება გადაიხედოს. ამასთანავე უარი ითქვას „სახელმწიფოს ტრადიციულ კონცეფციასა და საიდუმლო პოლიციის ისტორიულ - პოლიტიკურ ხელშეუხებლობაზე“.
გერმანული Frankfurter Allgemeine სტატიაში „მოსკოვი ისევ დალევს ქართულ ღვინოს“ თბილისის მოლოდინზე წერს: „ღვინის შემდეგ მოსკოვი რუსულ ბაზარზე სოფლის მეურნეობის ქართულ პროდქუტებს დაუშვებს. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მოვლენა გახდებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის... მოსკოვი ახალ პრემიერ ივანიშვილს ეკონომიკურ სასწაულს აჩუქებს. ის კი თავის მხრივ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოქმედი პრეზიდენტის სააკაშვილის პოზიციებს შესასუსტებს“, - წერს სტატიის ავტორი მიხაელ ლიუდვიგი.
მისივე შეფასებით, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების დათბობაზე მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის გამო არ წასულა. გავლენა იქონია იმ ფაქტმაც, რომ ერთი წლის წინ საქართველომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება „არ დაბლოკა“. ეს კი „ უპირობოდ სააკაშვილის დამსახურებაა“. თუმცა ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის აკარძალვას მარტო პოლიტიკური სარჩული არ ედო. „ მაშინ ქართველმა მეღვინეებმა ყური უგდეს ერთერთი მაღალი თანამდებობის პირის რჩევას: „რუსები ყველაფერს დალევენ, რასაც მიაწვდითო“ და მნიშვნელოვნად გააუარესეს საკუთარი პროდუქციის ხარისხი“.
„რუსეთი და უკრაინა ახლოს არიან საბაჟო კავშირში გასაერთიანებლად“, - ირწმუნება იტალური გამოცემა Il Legno Storto. სტატიის ავტორი მატეო კაცულანისთვის ეს ინფორმაცია რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების 5 მარტის შეხვდერის შემდეგ გახდა ცნობილი. „მოსკოვთან ახლოს, ზავიდოვოში პუტინმა და იანუკოვიჩმა უკრაინის საბაჟო კავშირში შესვლის საკითხი განიხილეს. ეს ევროკავშირის მოდელის მსგავსი ევრაზიული ინტეგრაციის პროექტი რუსეთმა შეიმუშავა იმისათვის, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში მოსკოვის პოლიტიკური ჰეგემონია უზრუნველყოს. პუტინმა იანუკოვიჩს შესთავაზა უკრაინის ჩართვა ამ პროექტში, რომელშიც უკვე მონაწილებენ ბელორუსი და ყაზახეთი.“ ავტორის ინფორმაციით, კიევი ამ წინადადებას შესაძლოა რუსეთის მიერ მიწოდებული გაზის საფასურის სანაცვლოდ დათანხმდეს. „გაზპრომმა“ ხომ არც ერთხელ არ მოისურვა უკრაინისთვის მიწოდებული გაზის ტარიფის შემცირება. სანაცვლოდ კრემლმა კიევს გაზსადენების დათმობა მოსთხვა. თანხმობის შემთხვევაში „გაზპრომს“უზარმზარი უპირატესობა უვარდება ხელში ევროკავშირთან, რომელიც 40%-ით ისედაც დამოკიდებულია რუსეთის გაზზე“.
ავტორის შეფასებით, იანუკოვიჩს პუტინთან დაახლოებისკენ თავად ევროკავშირმა უბიძგა მაშინ, როცა 2011 წელს კიევს ასოცირებულ წევრობაზე უთხრა უარი. მიზეზად კი „უკრაინაში დემოკრატიული რეგრესი, ნარინჯისფერი ოპოზიციიდან ათობით პოლიტიკური პირის, მათ შორის ექს - პრემიერ იულია ტიმოშენკოს დაკავება, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა, ძალაუფლების ერთ ხელში მოქცევა და 2010 წლის ადმინისტრაციული არჩევნების ფალსიფიკაცია დაასახელა“.