უკანასკნელ ოცწლეულში თბილისი საგრძნობლად შეიცვლა. ურბანულ გარემოზე, ქალაგეგმარების პრობლემებზე, ძველი თბილისის სახეზე, სოციალურ საცხოვრისებსა და სხვა საინტერესო თემებზე “ლიბერალი” ურბანისტს, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ლადო ვარდოსანიძეს ესაუბრა.
უკანასკნელ ოცწლეულში თბილისი საგრძნობლად შეიცვლა. ურბანულ გარემოზე, ქალაგეგმარების პრობლემებზე, ძველი თბილისის სახეზე, სოციალურ საცხოვრისებსა და სხვა საინტერესო თემებზე “ლიბერალი” ურბანისტს, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ლადო ვარდოსანიძეს ესაუბრა.
რა პრობლემებია ყველაზე აქტუალური დღეისთვის ქალაქში?
ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგდოებრივი სივრცეების ბედია: ბაღ-პარკები, მოედნები, ქუჩები, სანაპიროები, პრომენადები... ერთ-ერთი დიდი პრობლემა საზოგადოებრივი გარემოს კუთხით ტროტუარების მოუწესრიგებლობაცაა. ქვეითი ვარ - ქალაქი სწორედ ამ პოზიციიდან იგრძნობა უკეთ და არა ჯიპის ჩაბნელებული ფანჯრებიდან. ჩვენთან ქუჩის რეკონსტრუქციას მხოლოდ ავტომობილების სავალი ნაწილის რეკონსტრუქციად მიიჩნევენ, მაშინ, როცა ქუჩა შედგება ავტომობილის სავალი ნაწილისგან, ტროტუარებისგან, საინჟინრო მოწყობილობისგან და ა.შ.
ამ პრობლემაზე არანაკლებ მნიშვნელოვნი და, მე ვიტყოდი, ლამის ტრაგიკულია საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა. სანიტარიული კულტურა ქალაქში ძალიან დაბალ დონეზეა და ნელა ვითარდება.
კიდევ ერთი დიდი ხარვეზი ძველ ქალაქში განათების სიჭარბეა. ბევრი არ ნიშნავს კარგს. ღამის განათება გარეფასადებზეა მინათებული, რაც აბსურდია - საცხოვრებელი სახლი შიგნიდან უნდა ანათებდეს. ეს გაცილებით უფრო თბილი, ადამიანური და სარწმუნო იქნებოდა. ეკლესიებსაც ძალიან ცუდად ანათებენ: გუმბათის ჩარდახი ხშირად არ ნათდება და ეკლესიები თავმოკვეთილებივით დგას. მოსახსნელია ფერად-ფერადი განათება ბარათაშვილის ქუჩიდანაც. სინათლის რაოდენობლივ მაჩვენებლებში გამოსახვისკენ სწრაფვა და ,,თბილისი-სინათლის ქალაქის” რიტორიკა გონიერების საზღვრებს სცილდება.
თბილისი უკანასკნელ ხანს ძალიან შეიცვალა. რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე ქალაქგეგმარება?
ზოგადად, თუ ადრე ქალაქგანვითარებში მშენებლობა, დანგრევა ან რეკონსტრუქცია იგულისხმებოდა, დღეს ურბან-მენეჯმენტი მართვის გაცილებით დახვეწილ, რბილ ფორმებზე გადავიდა და კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების თანხვედრას, თანამონაწილეობით, ეწ. პარტისიპათიურ დაგეგმვას ცდილობს.
თანამონაწილეობითი გეგმარების პრაქტიკას დაახლოებით 100 წლის ისტორია აქვს. შოტლანდიელმა ქალაქთმშენებელმა პატრიკ გედდესმა ქალაქგანვითარებაში მოსახლეობის მონაწილეობის სამი სტადია გამოყო: სრული ინფორმირებულობა (რაც ჩვენთან დიდი პრობლემაა, თუნდაც, „ჩაინა- თაუნის” მაგალითი რომ ავიღოთ), მოსახლეობისგან ინფორმაციის მიღება, მათი სურვილების, საჭიროებების შესწავლა, პირდაპირი კავშირი მათთან და მესამე - მოსახლეობის მონაწილეობა საკუთრივ დაგეგმარებაშიც კი, ზოგჯერ ვეტოს უფლებით.
რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით მეტია მოქალაქეების ჩართულობა ქალაქგეგმარებაში. საუკეთესო მაგალითად შეიძლება ინგლისი, ჰოლანდია და, ზოგადად, კლასიკური დემოკრატიის ქვეყნები მოვიყვანოთ, სადაც დემოკრატია მხოლოდ არჩევნების დღეს კი არ ესმით, არამედ მოქალაქეები ყოველდღიურად არიან ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში.
სულხან-საბა ორბელიანს აქვს ქალაქის საუკეთესო განმარტება - გაოცდები, იმდენად ღრმადა აქვს გაგებული ქალაქის არსი: ,,თანამრავლობასა და თანასახლობასა ქალაქ სახელედების ვინათგან ვერ კმაეყოფის ერთი კაცი თავსა თვისსა, არამედ რათა შევეწეოდეთ ერთი მეორესა და სარგებელსა მივანაყოფებდეთ,” - ანუ, უწინარესად, ქალაქი ადამიანთა ერთობაა და არა შენობა-ნაგებობები, ქუჩები და ბაღ-პარკები, ქალაქი ვართ ჩვენ.
ჯერ კიდევ ისიდორე სევილიელი ამბობდა, რომ ქალაქი არის არა ქვები, არამედ მასში მცოვრები ადამიანები; თანაცხოვრების წესი - ,,civitas ” და არა განაშენიანების ხასიათი, ,,urbs”.
ქალაქგეგმარების იდეალების განსახორციელებლად რა პოლიტიკური ეკონომიკური და სოციალური გარემოებებია მნიშვნელოვანი?
თანამედროვე ქალაქი ზოგადად, კაპიტალიზმმა შექმნა. შუა საუკუნეებში ქალაქურმა კულტურამ თავის მწვერვალს იქ მიაღწია, სადაც კაპიტალიზმი იყო განვითარებული. ეს მარტო წარმოებას კი არა, ეთიკურ სისტემებსაც ეხება, გაიხსენეთ ე.წ. „პროტესტანტული ეთიკა“ და ა.შ. ჩვენთან, ისტორიულად უფრო რაინდული ეთიკა იყო დომინანტური და ვაჭრობა ყოველთვის უარყოფით შინაარსს ატარებდა.
დღეს კი ურბანისტი არ შეიძლება მემარცხენე არ იყოს, რადგანაც ჩვენ ვემსახურებით ქალაქის თემს, საზოგადოებას, ვზრუნავთ საჯარო სივრცეებზე, ბაღებზე, პარკებზე, სადაც ხანდახან ძალიან დაუდევრად იჭრება „მოცულობითი“ არქიტექტურა, რომელიც კერძო დაკვეთებს ასრულებს.
ზოგადად, ეს მწვავე საკითხია. მემარცხენეობით 1920-იან წლებში მთელი მსოფლიოს ინტელექტუალური ელიტა იყო ,,დაავადებული”. მაშინ რაკი ახალ საზოგადოებას აშენებდა, განსაკუთრებული ნდობა და მოლოდინი ჰქონდათ საბჭოთა კავშირისადმი. იმ პერიოდში აქ ჩამოვიდნენ მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორები - კორბუზიე, გერმანელი არქიტექტორები, რომლებმაც სამრეწველო ქალაქები დააპროექტეს. მოგვიანებით, საბჭოთა სახელმწიფოს ტერორისტული ბუნების გამოვლენის შემდეგ ეს რწმენა გაქარწყლდა და ინტელექტუალების დამოკიდებულებაც შეიცვალა. თუმცა, საბჭოთა ქალაქმშენებლობის სისტემა ამის მიუხედავდ, გაცილებით მწყობრი იყო, ვიდრე ჩვენი დღევანდელი პრაქტიკაა. ეს ადვილი ასახსნელიცაა: ქალაქმშენებლობის ობიექტი ქალაქის ტერიტორია იყო, სუბიექტი კი -სახელმწიფო. ამიტომ, დაგეგმვაც, დაპროექტებაც და ექსპერტიზაც უადვილდებოდა. დამოუკიდებლობამ რადიკალური სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები მოგვიტანა და დღეს ქალაქგანვითარების უამრავი სუბიექტი გვყავს: ასეთია ყველა, ვინც ქალაქში რაიმე უძრავ ქონებას ფლობს. ეს კი ძალიან ართულებს ურბან-მენეჯმენტს და აღრევა, რაც დღეს გვაქვს, გარდამავალ ეტაპზე მყოფი საზოგადოებისთვის ბუნებრივია. თუმცა, ამაში არ ვგულისხმობ საზოგადოებრივი სივრეცეების განადგურებას. პირველ რიგში, ბაღ-პარკებისას - ეს გამორიცხული უნდა იყოს.
რა შემოგვრჩა საბჭოთა კავშირის არქიტექტურიდან და რა მნიშვნელობა აქვს ამ ძეგლების შენარჩუნებას?
როგორც გითხარით, 20-იანი წლების საბჭოთა არქიტექტურა მსოფლიო ავანგარდში იყო. იმ დროის ყველაზე ცნობილი შენობა მსოფლიო არიტექტურაში ვლადიმერ ტატლინის კოშკია, რომელიც მან III ინტერნაციონალს მიუძღვნა. ამ კოშკის ფორმები დღესაც ხშირად მეორდება დეკონსტრუქტივისტულ არქიტექტურაში. თუნდაც ფუქსასის შემოქმედება დეკონსტრუქტივიზმისა და არქიტექტურული ბიონიკის სინთეზია. ბიონიკა ცოცხალი ორგანიზმების მიბაძვაა ფორმებით. დეკონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი ისაა, რომ ხაზგასმით აგრესიულია გარემოს მიმართ - არსებულ გარემოში იჭრება, არანაირ ყურადღებას არ აქცევს მას და ბოლომდე უარყოფს კონტექსტუალიზმს, ისე იჭრება თანამედროვე ქალაქების სხეულში. ამის მაგალითია თუნდაც იუსტიიის სახლი თბილისში.
მაგრამ, განსაკუთრებით სკანდალურია რიყის დარბაზები - ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ფორმები, აშკარა ძალადობა გარემოზე. ვფიქრობ, რიყეზე ფუქსასის მილები უნდა დაიშალოს.
მსოფლიოში დეკონსტრუქტივიზმის დადებითი მაგალითებიც გვაქვს. მაგალითად, ბილბაოში გუგენჰაიმის მუზეუმი. თუმცა ამ ეფექტის მისაღწევად იქ წყლის სარკეებია გამოყენებული, რაც უფრო მისაღებია და არ მუშაობს ძველი ქალაქის ვიზუალურ დამორჩილებაზე. ჩვენ შემთხვევაში კი ეს საკონცერტო დარბაზი ძველი ქალაქის შუაგულშია ჩასმული, პანორამაში ძალიან აგრესიულად მონაწილეობს და ფარდასავით ეფარება ავლაბრის აღმართს, საიდანაც ძველი თბილისის საუკეთესო ხედი იყო.
რიყის ტერიტორიის ათვისებაზე საბჭოთა ხელისუფლების დროს რამდენიმე კონკურსი იყო გამოცხადებული, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მოგვცა კარგი შედეგი და არც ერთი ნამუშევარი არ დამტკიცდა. ყველა წინა მთავრობა ფრთხილობდა რიყესთან მიმართებით და სარეზერვოდ ინახავდა ამ ტერიტორიას.
ლეკალური ფორმების გამოყენება ზოგადად დამახასიათებელია თანამედროვე არქიტექტურისთვის. გარკვეულწილად, ეს მართი კუთხის დიქტატზერეაქციაა, რომელიც 60-70-იან წლებამდე დომინირებდა და მთელი გეგმარებითი ფილოსოფია მართი კუთხის ფილოსოფიაზე იყო აგებული. ესეც 20-იანი წლებიდან მოდის, როდესაც მინიმალიზმის არქიტექტურა დომინირებდა. 20-იან წლებში, ავანგარდის დამკვიდრების პარალელურად, რუსეთში იდეოლოგიურად უარყოფილ იქნა მოდერნი და დაახლოებით 60-ანი წლების შუა პერიოდამდე აკრძალული იყო.
მოდერნი იყო ტოტალური არქიტექტურისა და დიზაინია სტილი, როდესაც არქიტეტორი შენობასაც აგეგმარებდა და ინტერიერის ელემენტებსაც. ეს სტილი ბუნებას მეტად ბაძავდა, ვიდრე ანთროპოგენულ ფორმებს.
სასტუმრო „რედისონს“ რაც შეეხება, სხვა შემთხვევაა - ადრე აქ იყო სასტუმრო „ივერია“, რომელიც რეგიონული არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენდა თავისი ღია აივნების სისტემით, სამშენებლო მასალით (თეძმის ცისფერი ტუფი). ამჟამად გვაქვს ტექნოლოგიურად, ალბათ, უკეთესი შენობა, მაგრამ უკვე უცხვირპირო, მოქალაქეობის არმქონე ინტერნაციონალური სტილის ნაგებობა - შენობა-აპატრიდი. ვერც ერთი არქიტექტორი ვერ ამოიცნობს, სად არის აშენებული: ფრანკფურტში, შანჰაიში, მოსკოვში თუ თბილისში.
მოდერნული მემკვიდრეობის შენარჩუნების თაობაზე რა შეიძლება ითქვას?
თავიდან, საბჭოთა პერიოდის არქიტექტურის ნაწარმოებები ძეგლებად აღირიცხა. კულტურული ძეგლების დაცვის შესახებ კანონის პირველ რედაქციაში ძეგლების გაყიდვა იკრძალებოდა. იმისთვის, რომ გაეყიდათ, 2006-ში კულტურის მინისტრმა ბრძანებით ძეგლის სტატუსი მოუხსნა როგორც „იმელის“ შენობას, ისევე ბათუმის „ინტურისტს“. ორივე ერთი და იმავე ავტორის, შჩუსევის ნამუშევარია. „იმელი“ გაიყიდა და რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში. შემდეგ, შეგნებულად გამოშიგნეს, არადა იქ არაჩვეულებრივი ფურნიტურა იყო - სახელურები, ჭაღები დერეფნებში, ინტერიერში გამოყენებული იყო ძვირფასი ხის ჯიშები, და ეს ყველაფერი შჩუსევის სახელოსნოში იყო დაპროექტებული. ეს შენობა მარტო არქიტექტურის კი არა, ისტორიის ძეგლიც იყო - დროებით აქ მუშაობდა საქართველოს პარლამენტი, როცა რუსთაველზე პარლამენტის შენობა დანგრეული იყო. ამ შენობის გაყიდვა შეცდომა გახლდათ. ძალიან საინტერესოა „იმელის“ ფასადების რადიკალური განსხვავება რუსთაველის მხრიდან და უკანა მხრიდან. „იმელი“ იმ პერიოდში შენდებოდა, როდესაც კონსტრუქტივიზმიდან სტალინურ არქიტექტურაზე მოხდა გარდატეხა და სოციალურ-პოლიტიკური დაკვეთა შეიცვალა - ეს აისახა წინა ფასადის შეცვლაში. უკანა ფასადი კონსტრუქტივიზმის სტილში დარჩა, რომელიც საბჭოეთში 30-იან წლებამდე გრძელდებოდა. ამდენად ეს შენობა საბჭოთა არქიტექტურის, მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების გადაშლილი წიგნია. ეს არის ერთდროულად შენობა-მოწმე, შენობა-ბრალმდებელი და შენობა-მსხვერპლი.
მის დღევანდელ ბედს რაც შეეხება, ობიექტი ინვესტორს იმ პირობით გადაეცა, რომ, მის უკან ცათამბჯენის აშენების სანაცვლოდ, ამ შენობის რესტავრაცია მოხდეს. ახლა ბრძოლა იმაზეა, რაც შეიძლება მცირე რაოდენობის სართულებზე შეთანხმდნენ ქალაქი და ინვესტორი. სამწუხაროდ, ჩვენ ამ შენობის მიმართ შეგნებულად ჩადენილი ცოდვების გამოსწორება გვიწევს.
თბილისი თავის დროზე ნომინირებული იყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად. მაშინ უარი მივიღეთ და რეკომენდაციები მოგვცეს, გამოგვესწორებინა კანონმდებლობა, დაგვეხვეწა ძველი ქალაქის მართვის ფორმები, აღგვენუსხა არქიტექტურული ძეგლები და შეგვეწყვიტა უმსგავსი მშენებლობები. მშენებლობების გარდა, ყველა საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარდა. ახლა ლამის შტურმით იღებენ მთაწმინდას, სულ უფრო მაღლა მიდის განაშენიანება და მთაწმინდის პროფანაცია ხდება. პირველ პლანზე ჩვენთან წამოვიდა არა ურბანული გარემოს ფასეულობები, არამედ ფასები, რაც დიამეტრიულად განსხვავებული ცნებებია.
თბილისში თანამედროვე უბნების მშენებლობას როგორ შეაფასებთ?
ურბანიზაციაში ორი ფაზა გამოიყოფა, ქალაქებში ყველაფრის კონცენტრირება და შემდეგ, გარკვეული ფუნქციების გასვლა ქალაქიდან - სუბურბანიზაცია. ზოგადად, ჩვენი კულტურა ადამიანის მობილობაზე ორიენტირებული არაა და ადგილზე დაფუძნებისადმია მიდრეკილი. ამის კარგი მაგალითია ის, რომ როდესაც ეკონომიკური ზრდა დაიწყო ქვეყანაში, მოქალაქეებმა საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მიშენება-დაშენებებით დაიწყეს. განსხვავებული არჩევანი გააკეთა ძალიან შეძლებულმა ვიწრო ფენამ, რომელსაც ურჩევნია ცალკე იცხოვროს, საკუთარ სოციალურ ჯგუფთან ერთად. გაჩნდა მოსახლეობის შეძლებული კატეგორია, რომელსაც რამდენიმე მანქანა და მძღოლი ჰყავს, გადაადგილების პრობლემა არ აქვს და ურჩევნია ერთმანეთს შეუთავსოს ურბანული და ბუნებაში ცხოვრების სიკეთეები: სუფთა ჰაერი, მიწასთან ურთიერთობა, სიმშვიდე, ჩიტების ჭიკჭიკი და ა.შ. და ასე გაჩნდა ე.წ. ,,კარჩაკეტილი”, დახურული სამეზობლოები. მაგალითად, „კრწანისის ველი“, „ამერიკული სოფელი“, დიღმის საცდელი მეურნეობის ვენახებში გაშენებული კოტეჯები სამმეტრიანი ყრუ კედლებით და ა.შ. ამით ქალაქი აღრმავებს თავის სოციალურ განშრევებას. თუმცა, ეს ნებისმიერი ქალაქისთვის დამახასიათებელი ტენდენციაა. საბჭოთა კავშირის დროსაც, ვაკე და გლდანი ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ მაშინ ეს დაპირისპირება დაფარული იყო. ამას საჯაროდ არ ამბობდნენ, რაკი ერთიანი საბჭოთა ხალხის იდეა არსებობდა. დღეს კი სააშკარაოზეა გამოტანილი საზოგადოებაში მდიდარი ადამიანის უპირატესობა
თბილისში პრაქტიკულად არ არსებობს სოციალური საცხოვრებლები, რა პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ქალაქს საბინაო ფონდთან მიმართებით?
ჩვენთან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბინების მასობრივი და გაუაზრებელი პრივატიზება მოხდა. მოსახლეობამ იმთავითვე შეითვისა მესაკუთრის როლი და უფლებები, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა მესაკუთრის მოვალეობებზე. დასავლურ კულტურაში ეს მომენტი მკაფიოდაა გამოკვეთილი და გერმანიის მიწის კონსტიტუციაში სიტყვასიტყვითაა ჩაწერილი: ,,საკუთრება ავალდებულებს”. შენი საკუთრებით სარგებლობა არ უნდა ნიშნავდეს სხვათა უფლებების შელახვას.
საბჭოთა მმართველობის დროს ქვეყანაში თითქმის მთელი საბინაო ფონდი სოციალური იყო და ბინის მიღების რეალური თუ ილუზორული შანსი ყველას ჰქონდა. ჩვენ კი სოციალური საცხოვრისი აბსოლუტურად დავკარგეთ, რაც დიდი დარტყმაა სოციალური სისტემისთვის და უგულებელყოფილია იმ ადამიანთა ინტერესები, რომლებსაც ბინა არ აქვთ. ითვლება, რომ ქირით ცხოვრება ჩვენს ნორმებში არ შედის. ლამის მთელი მსოფლიოს ნახევარი ქირით ცხოვრობს - ახალგაზრდა ოჯახები, სტუდენტები თუ სხვები, და ეს სავსებით ნორმალურია. მთავარია, რა შემოსავალი აქვს ადამიანს და რას იხდის ქირაში. დასავლეთში ითვლება, რომ სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარმა, ანუ პრეტენდენტმა, შემოსავლის 25-30%-ზე მეტი არ უნდა გადაიხადოს ბინაში. სოციალური საცხოვრისის პრივატიზება არ შეიძლება.
საქართველოში საბინაო საჭიროებების ზუსტი სტატისტიკაც არ არსებობს. 2002 წლის აღწერის დროს პირველად დაფიქსირდა უსახლკარო ოჯახები, რაც გარკევულწილად 90-იანებში სოფლიდან ქალაქად მიგრაციის შედეგიცაა, რაკი გარემო, ინფრასტრუქტურა და საარსებო რესურსები მხოლოდ ქალაქებში იყო თავმოყრილი.
იშვიათია ქვეყანა, სადაც არ იარსებებს მუნიციპალური საცხოვრისი და სადაც ამ პრობლემაზე არ ზრუნავს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტები.
რამდენიმე წლის წინ შვეიცარიის განვითარების სააგენტომ ვარკეთილში პირველი სოციალური საცხოვრისი ააშენა. ახლა ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამ სააგენტოსა და ერთ-ერთი შვეიცარული უნივერსიტეტის ხელშეწყობით, სტუდენტური საცხოვრისის პროექტზე ვმუშაობთ. მერიამ უკვე უსასყიდლოდ გამოყო ორი ნაკვეთი. კონკურსის გამარჯვებულ პროექტს კი, იმედი გვაქვს, სათანადო სრულყოფის შემდეგ, დაამტკიცებენ და საბინაო მშენებლობის ეს მიმართულება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება.