11 მარტს განათლების ხარისხის მართვის ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა. გადაწყვეტილების მიზეზი ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა გახდა. დარღვევებს უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ავტორიზაციის საბჭოს წევრები განსხვავებულად აფასებენ. ავტორიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის აზრით, უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი დარღვევები აქვს. აგრარული უნივერისტეტის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ აღმოჩენილი დარღვევები ტექნიკური ხასიათისაა და ეს მიზეზები ავტორიზაციის გაუქმებას საფუძვლად არ უნდა დასდებოდა.
ამ დღეებში აგრარული უნივერსიტეტის თემაზე ათობით კომენტარი გაკეთდა, უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებაზე კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ხარვეზები, რომელსაც სტუდენტები ტექნიკურს უწოდებენ, ტექნიკური არ არის და საბჭო, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა წინა ხელისუფლების დროს არის ფორმირებული. თუმცა, რადგან ჯერ-ჯერობით საბჭოს დასაბუთებული წერილობითი ფორმით გადაწყვეტილება არ გამოუქვეყნებია. კითხვები - რამდენად არსებითი იყო დასკვნაში წარმოდგენილი ხარვეზები? უნდა შეეჩერებინა თუ არა საბჭოს უნივერსიტეტისთვის ავტორიზაცია და ხომ არ არის აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული - ღიად რჩება.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომაც,“ რომელიც საბჭოს მოუწოდებს მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, რათა მათი გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, სტუდენტებმა და საზოგადოებამ პოლიტიკურად მოტივირებულად არ აღიქვან.
აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება მოულოდნელი სწორედ იმიტომ იყო, რომ ამ უმაღლესი სასწავლებლის წარმატებაზე მხოლოდ სტუდენტები, ან უნივერსიტეტის რექტორები არ საუბრობდნენ. „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ განცხადების მიხედვით „აგრარულ უნივერსიტეტში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რის შედეგადაც გაიზარდა უნივერსიტეტის პოპულარობა: 2012 წელს მიღებულ სტუდენტთა ეროვნული გამოცდების ქულების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით უნივერსიტეტი ქვეყნის წამყვანი სასწავლო დაწესებულებების პირველ ათეულში მოხვდა.“
ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება ძალაში ოთხ თვეში შევა. სემესტრის დასრულებამდე სტუდენტებს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძლების საშუალება, უნივერსიტეტს კი ხარვეზების გამოსწორების შანსი ეძლევა. ავტორიზაციის საბჭოს საბოლოო დასკვნის შემდეგ, უნივერსიტეტის წარმომადგენლები სასამართლოში საჩივარს შეიტანენ.
უნივერსიტეტის იურისტის განცხადებით, წერილობით დასკვნაში მნიშვნელოვანი სწორედ ის ნაწილია, სადაც საბჭომ უნდა დაასაბუთოს, რატომ იყო აღნიშნული ხარვეზები არსებითი და რატომ იყო ეს გამოსავალი საუკეთესო სტუდენტებისთვის?
ავტორიზაციის საბჭოს დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მონიტორინგის ჯგუფის საბოლოო დასკვნა 12 მარტს განხილვის მონაწილე პირებს უკვე დაურიგდათ.
უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, მონიტორინგის ჯგუფი შესამოწმებლად წინასწარი გაფრთხილების გარეშე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაკა კორძაძის ბრძანების საფუძველზე შევიდა. უნივერსიტეტის წარმომადგენლების თქმით, მონიტორინგის ჯგუფი ცალკე ოთახში “ჩაიკეტა” და უნივერსიტეტის თანამშრომლებისგან ახსნა-განმარტებები არ მოუთხოვია, - ითხოვდა მხოლოდ დოკუმენტების “შეწოდებას”.
ხარისხის მართვის ცენტრის ყოფილი დირექტორის, მაკა კორძაძის განცხადებით, მონიტორინგის ჯგუფს უმაღლეს სასწავლებელში შესვლა გაფრთხილების გარეშეც შეუძლია. „საჩივარი 17 დეკემბერს შემოვიდა, იქ პირდაპირ ეწერა, რომ ავტორიზაცია-აკრედიტაციის სტანდარტები ირღვევა. უნივერსიტეტში შესვლის მიზეზი სწორედ ეს იყო," - ამბობს კორძაძე, რომელიც დირექტორის თანამდებობაზე დეკემბერში დაინიშნა და 2013 წლის 6 იანვარს მინისტრის ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება 12 მარტს გამოიტანა. სხდომა 10 საათს გაგრძელდა. ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ დილის 5 საათზე მიიღო. ავტორიზაციის გაუქმებას მხარი საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი წევრი - იოსებ სალუქვაძე იყო. სალუქვაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია.
„მე დავეთანხმე, რომ დარღვევები იყო, მაგრამ ამ დარღვევების პირობებშიც კი ჩავთვალე, რომ სტუდენტების ბედი დარღვევებზე მაღლა იდგა. გადაწყვეტილება მხოლოდ სტანდარტებთან შესაბამისობის მიხედვით არ გამომიტანია. ეს არის სპეციფიკური უნივერსიტეტი და არსებობენ სტუდენტები, რომელთაც სწავლის გაგრძელება, სხვა შესაბამის სპეციალობებზე საქართველოს პირობებში საკმაოდ გართულდება. ეს მარტო სტუდენტებს არ ეხებათ, ეს ეხებათ პროფესორ-მასწავლებლებსაც.“- აღნიშნა იოსებ სალუქვაძემ „ლიბერალთან“ საუბრისას.
ავტორიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, კახი ყურაშვილის აზრით მოტანილი ხარვეზები არსებითად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ განცხადება საბჭოს თავჯდომარემ დღეს ხარისხის მართვის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ჟურნალისტებს მისთვის კითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ.
„მთელი რიგი ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა სამწუხაროდ დარჩა რამდენიმე არსებითი ხარვეზი, რომელსაც საბჭო გვერდს ვერ აუვლის. უნივერსიტეტის მიერ რამდენიმე შემთხვევაში გაცემული იყო ბაკალავრის დიპლომი ისე, რომ სტუდენტს არ ჰქონდა კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული 240 სასწავლო კრედიტი. მთელი რიგი დარღვევები იყო აკადემიური პერსონალის სტანდარტთან დაკავშირებით, აგრარულ უნივერსიტეტს რამდენიმე პროგრამა აქვს, რომელსაც ახორციელებს მხოლოდ მოწვეული პროფესორების ხარჯზე და სრული და ასოცირებული პროფესორები არ ჰყავს. თქვენ იცით, რომ აკადემიური პერსონალის შერჩევა უნდა განხორციელდეს ღია კონკურსის საფუძველზე. ასეთი რამდენიმე კონკურსი კანონმდებლობის დარღვევით არის ჩატარებული. რაც ეჭქვეშ აყენებდა ამ აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე ყოფნის კანონიერებას.“ - აღნიშნა კახი ყურაშვილმა.
რა წერია მონიტორინგის ჯგუფის დასკვნებში?
როგორც ზევით აღვნიშნეთ მონიტორინგის სამბჭომ აგრარულ უნივერსიტეტში აღმოჩენილ დარღვევებზე ორი დასკვნა მოამზადა. დასკვნა საკმაოდ ვრცელია და ბევრ სხვადასხვა დეტალს მოიცავს. თუმცა, ყურადღება იმ ხარვეზებზე გავამხვილებთ, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს მნიშვნელოვან დარღვევად ჩაუთვალა.
შუალედურ დასკვნაში წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ ბიბლიოთეკაში 1 700 000 წიგნია აღრიცხული, ის მაინც ვერ აკამაყოფილებს სტუდენტებს ადექვატური საგანამანთლებლო რესურსით, რადგან ბიბლიოთეკაში სილაბუსებში მითითეთბული სავალდებულო ლიტერატურა არ აღმოჩნდა.
მონიტორინგის ჯგუფის დასკვნით, ამ პირობის შეუსრულებლობა ავტორიზაციის სტანდარტს არღვევს. უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამ შენიშვნას აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ საბჭო მათ ათი წიგნის არქონას ედავება და ეს მიზეზი ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო, თუმცა სავალდებულო ლიტერატურის არქონა ერთადერთი მიზეზი არ არის და მონიტორინგის საბჭოს დასკვნა უნივერსიტეტში არსებულ სხვა დარღვევებზეც საუბრობს.
მაგალითად, დასკვნის იმ ნაწილში სადაც საუბარია ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე, წერია, რომ აუდიტორიები, სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, სპორტული დარბაზები, სააქტო დარბაზი (კულტურის სახლი), აკადემიური პერსონალის სამუშაო ოთახები, შეხვედრის ოთახები, ადმინისტრაციის კაბინეტები და დამხმარე ფართი არაა უნივერსიტეტის მფლობელობაში, რადგან ხელშეკრულებას, რომელიც უნივერსიტეტს “აგრომეტთან” 2012 წლის 02 აპრილს აქვს გაფორმებული, ვადა 2012 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. თუმცა უნივერსიტეტის იურისტი ლალი ბეგაშვილი ამბობს, რომ “აგრომეტთა” დადებული ხელშეკრულების მიხედვით, თუ მხარეეები არ შეწყვეტენ ხელშეკრულებას ის ავტომატურად გრძელდება. ლალი ბეგაშვილი ეჭვობს, რომ მონიტორინგს ან გამორჩა ხელშეკრულების ეს პუნქტი, ან განზრახ არ გაითვალისწინა.
მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის მიხედვით, „საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ სტუდენტის სტატუსის მოპოვების, მისი მობილობის, სტატუსსის შეწყვეტის რეგულირების ნაწილებში საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამოა. ეს წესი დაწესებულების აკადემიური საქმიანობის ძირითად ნაწილს არეგულირებს. 11 მარტს გამართულ სხდომაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შეუსაბამობები გამოსწორებულია და ამის დასამტკიცებლად საბჭოს თავჯდომარეს - კახი ყურაშვილს - უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე „საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ ნახვა მოსთხოვეს. ამოჩნდა, რომ უნივერსიტეტს წესში ცვლილებები შეტანილი ჰქონდა. თუმცა სამბჭომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა.
როგორც კახი ყურაშვილმა აღნიშნა, უნივერსიტეტის მიერ რამდენიმე შემთხვევაში გაცემული იყო ბაკალავრის დიპლომი ისე, რომ სტუდენტს არ ჰქონდა კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული 240 სასწავლო კრედიტი. დასკვნაში საუბარია ორ სტუდენტზე, რომლებიც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანებით ბიზნესის მართვის სპეციალობის მეოთხე კურსზე ჩარიცხა.
სტუდენტებმა 4 სემესტრი სომხეთის აგრარულ უნივერსიტეტში გაიარეს. ამის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში და 2012 წლის 27 აგვისტოს რექტორის ბრძანებით “ბიზნესის და მართვის” სპეციალობის კურსდამთავრებულების ბაკალავრის კვალიფიკაცია მიენიჭათ.
აღმოჩნდა, რომ ამ ორ სტუდენტს სომხეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე არ მიუმართავთ ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრისთვის. მონისტორინგის ჯგუფის ვიზიტის შემდეგ, მარიამ ჭყონიამ და დავით გოგილაშვილმა სომხეთის ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში მიღებული განათლების აღიარების თაობზე ცენტრში განაცხადი 2013 წლის 8 და 12 თებერვალს შეიტანეს და მოხდა მათი განათლების აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ შეცდომა გამოსწორდა, მონიტორინგის ჯგუფმა ჩათვალა, რომ დაირღვა “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონი.
დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტს საგანამანათებლო პროგრამების განსახორციელებლად საკმარისი რაოდენობის აკადემიური პერსონალი არ ჰყავს და რამდენიმე ფაკულტეტზე საგანამანთლებლო პროგრამას მხოლოდ მოწვეული ლექტორების ხარჯზე ახორციელებს. ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევებსაც, როცა პირებმა აკადემიური თანამდებობები კონკურსის გარეშე დაიკავეს.
შუალედურ დასკვნაში წერია, რომ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე საგანამანთლებლო პროგრამებს 9 აკადემიური პირი და 40 მოწვეული პერსონალი ახორციელებს.
აკადემიური პირებს, მონიტორინგის დასკვნის მიხედვით, ხელშეკრულებების ვადები ამოწურული აქვს. მონიტორინგის ვიზიტის შემდეგ, უნივერისტეტმა ყველა პირს გაუგრძელა ხელშეკრულება. თუმცა ვადაგასული ხელშეკრულებები ერთადერთი დარღევა არ იყო და დასკვნის მიხედვით ფაკულტეტზე მომუშავე აკადემიური პერსონალის ნაწილი კანონით დადგენილი კვალიფიკაციის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
მონიტორინგის გადაწყვეტილებით, 7 აკადემიური პერსონალიდან ორ პირს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა კანონის დარღვევით აქვს დაკავებული - ისინი არ არიან დოქტორანდები, ან დოქტორები. ერთ პირს საბჭოს დასკვნის მიხედვით, არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია. ის ასწავლის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე და აქვს ფიზიკოსის დიპლომი.
სამი პირი არ ჩაითვალა აკადემიურ პერსონალად, რადგან მათი დანიშვნის შესახებ გაფორმებული ბრძანების მიუხედავად დაწესებულების რეესტრში ამ პირების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, რაც მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის ავტორიზაციის სტანდარტის დარღვევაა.
კანონმდებლობით დადგენილ ყველა მოთხოვნას მხოლოდ პროფესორი მარინე ლუარსებიშვილი აკმაყოფილებს.
შესაბმისად, მონიტორინგის ჯგუფის დასკვნით, საგანამანთლებლო პროგრამა არ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მოწვეული პერსონალის, მკვლევარების ან მასწავლებლების მიერ. ამასთან არ დასტურდება, რომ ეს პირები აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის საფუძველზე არიან შერჩეულები.
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაც მხოლოდ მოწვეული პერსონალის მიერ ხორციელდება. უნივერსიტეტის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ხორციელდება “მილევად” რეჟიმში და ამიტომ არ ჰყავთ სრული და ასოცირებული პროფესორები, თუმცა უნივერისტეტმა გაითვალისწინა მონიტორინგის რეკომენდაცია და 7 თებერვალს გამოაცხადა კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად. თუმცა, რადგან 2013 წლის 14 მარტამდე კონკურსის შედეგები ცნობილი არ იყო, ჩაითვალა, რომ შემოწმების პერიოდში პროგრამა აკადემიური პერსონალის გარეშე ხორციელდებოდა. ასეთივე ტიპის ხარვეზები დაფიქსირდა დანარჩენ 5 ფაკულტეტზეც.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას აფასებენ დარგის სპეციალისტებიც. ავტორიზაციის საბჭოს ყოფილი თავჯდომარის ლიკა ღლონტის აზრით, განათლების ხარისხის შემოწმების სისტემა მანკიერია და ის პროცესის ნაცვლად ქაღალდებს ამოწმებს.
„ეს ყველა ვარიანტში პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებაა. სისტემა ისეა აწყობილი, რომ ჩვენ ვამოწმებთ ქაღალდებს და არა პროცესებს. ასე რომ მოდავება ყველაფერზე შეიძლება. კრიტერიუმები ხარისხსს არ ასახავს. დროა ასეთი სახის კრიტერიუმებით შეფასებას შევეშვათ, მართლა ხარისხის შეფასებაზე გადავიდეთ და მოვახდინოთ პროცესის ინტერნაციონალიზაცია. ჩვენ ვამოწმებთ ფურცლებს, საბუთებს და არა პროცესს და სწავლის შედეგებს. დამერწმუნეთ, რომ ასეთივე დეტალური შემოწმება სხვაგანაც, რომ ჩატარდეს ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ გადარჩება. ჩემი თავჯდომარეობის დროს იყო ასეთი შემთხვევა, როცა აკრედიტაცია არ გავეცით იმიტომ, რომ ბრძანებების წიგნი არ იყო განასკვული. ეს არის აბსურდული სიტუაცია, რადგან კრიტერიუმები იძლევა ამის საშუალებას." - ამბობს ლიკა ღლონტი.
ხარისხის მართვის ცენტრის ყოფილი დირექტორის მაკა კოძაძის შეფასებით, მთელი ეს პროცესები არაგაზომვად კრიტერიუმებზეა დაფუძნებული. ავტორიზაციის საბჭოს ყველა წევრი თავისებურად აკეთებს ინტერეპრატაციას და ასეთ დროს მანიპულირება თავისუფლად შესაძლებლია.
„ეს სისტემა იმდენად გაუმჭირვალე და დასჯაზე ორიენტირებულია, რომ თუ მოინდომეს ყველას გამოიჭერენ. სისტემა იძლევა ამის საშუალებას, ამიტომ ყველას შეუძლია ამით ბოროტად სარგებლობა. ვერავინ იტყვის, რომ ამ სისტემით შესაძლებელია სამართლიანობის მიღწევა.“ - ამბობს მაკა კორძაძე.
ხარვეზების არსებობას ადასტურებს, როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები ასევე დარგის სპეცილისტები. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ეს ხარვეზები განათლების ხარისზე გავლენას არ ახდენს და შესაბამისად ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, დაუსაბუთებელი და უსამართლოა.