Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნინო ზამბახიძე -“ასეთი ბიზნესის კეთებას პრეცედენტული მნიშვნელობა აქვს”

14 მარტი 2013

ლიბერალი გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავჯდომარესთან, ნინო ზამბახიძესთან. 

როგორ დაიწყეთ საკუთარი საქმიანობა და რას აკეთებდით სანამ საკუთარი ბიზნესი გექნებოდათ?

 

1995-ში არალეგალურად  წავედი ამერიკაში, სადაც ერთი წელი ვიცხოვრე. სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული ცხოვრება მქონდა. ჩემი მშობლები პროფესორები არიან და იმ წლებში ოჯახს უჭირდა.  ამერიკაში ერთ ბანკირთან ვმუშაობდი, საინტერესო ადამიანთან, რომელიც ძალიან მეხმარებოდა. მაშინ 16 წლის ვიყავი, არალეგალურად ვმუშაობდი ქსეროქსის აპარატზე და ძალიან გულდასმით ვეკიდებოდი ამ პროფესიას. მეგონა, ძალიან მაგარი ვიყავი. თან, პირველად ვნახე მსგავსი რამ: ფურცელს დებდი და ქვემოდან მეორე ფურცელი გამოდიოდა. ამერიკაში რაღაც ფული დავზოგე და თბილისში ,,გეპის” მაღაზია გავაკეთე. ჯინსებს თბილისში ვაგზავნიდი და მამაჩემის მეგობარი ყიდდა. რომ ჩამოვედი, ეს კაცი ფულიანად გაქრა, დიდი ვალები დამრჩა და ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია. შემდეგ თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ამავდროულად, ერთ ბერძენთან ვმუშაობდი, თავიდან მდივნად. ზუსტად ერთ წელიწადში კი ჯერ მისი თანაშემწე გავხდი, შემდეგ მოადგილე. მაგრამ ყოველთვის მინდოდა,  ჩემი ბიზნესი მქონოდა. სხვაგვარად ჩემი თავის რეალიზებას ვერ ვახდენდი - არ ვარ ის ადამიანი, ვინც მხოლოდ ოფისში ზის და ვინმეს მითითებებს მიჰყვება. საკუთარი იდეების განხორციელება და ყველა იმ წინააღმდეგობის საკუთარ თავზე გამოცდა მინდოდა, რაც ბიზნესს მოყვება. შემდეგ სხვაგანაც  ვმუშაობდი  მარკეტინგის მენეჯერად. 2005 წელს გავაკეთე ყავის ,,take away” ჯიხურები. ახლა ყავისა და ჩაის დიდი ქსელი გვაქვს, ვამარაგებთ სასტუმროებს და კაფეებს. ერთხელაც, ყავის ბიზნესში ჩემი ბიზნესპარტნიორი ახალციხეში წავიდა სათევზაოდ. იქ დათვრა და ორი ძროხა იყიდა. დამირეკა და მეუბნება - აი, ორი ძროხა გვეყლება და სოფლის რძე და ყველი გექნებაო. მალე მივხვდით, რომ აზრზე არ ვართ რა ვუყოთ ამ ორ ძროხას: ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ, სოფელი არ გვაქვს და სადღაც ახალციხეში ჩვენი ორი ძროხაა. იქედან გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ საჭმელი სჭირდება, მოვლა სჭირდება. ვერ წარმომედგინა, რომ ორ ძროხას ამდენი ინვესტიცია დაჭირდებოდა. აი, სოფლიდან რომ ყველს და კარაქს გიგზავნიან, ეგ თემა წარმომედგინა. შემდეგ ათასწლეულის გამოწვევის პროექტში დავწერეთ საგრანტო წინადადება რძის მიღება და გადამუშავებაზე და 125 ათასი დოლარი მივიღეთ. აი, ასე  გავაკეთეთ რძის გადამამუშავებელი ქარხანა. თუმცა, მივხვდით, რომ მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი. სესხი ავიღეთ და კომბინირებული საკვების ქარხანა გავაკეთეთ - საქონლის კომბინირებულ საკვებს ვამზადებდით და მოსახლეობას რძეში ვუცვლიდით. შემდეგ ჩვენ თვითონაც შევიძინეთ ძროხები. სოფლის მეურონეობაში რაც მეტს აკეთებ, მით მეტი ინვესტიციაა საჭირო. ახლა დაახლოებით 15 ჰექტარი მიწა გვაქვს, სადაც ერთწლიანი კულტურები მოგვყავს. გვაქვს ჭალაც. იქ პატარა ტბა გავაკეთეთ და თევზსარეწის მოწყობა და აგროტურიზმის განვითარება გვინდა. ამ ყველაფერმა ისე ჩამითრია, რომ 2007-ში ახალციხეში წავედი და დღემდე იქ ვარ.

ფერმერთა საზოგადოება რატომ ჩამოაყალიბეთ?

იქ ჩასულები დიდი პრობლემების წინაშე ვიდექით: რეგიონში ჩადიხარ, არავინ  გიღებს როგორც თავისიანს და მიაჩნიათ, რომ  ფულის საკეთებლად ჩახვედი. მარტო ხარ. ქალისთვის ეს განსაკუთრებით რთულია, რადგან თბილისში ბავშვების დატოვება მომიწია. ამასობაში ოჯახიც დამენგრა.  იოლი არაა როცა ქალი ბიზნესს მისდევ, განსაკუთრებით ფერმერულ მეურნეობას. მაგრამ მალე ყავის ბიზნესში ჩართული ,,სვეცკი” თბილისელი გოგო აღარ ვიყავი: ბოტები ჩავიცვი, ჯიპის საჭეს მივუჯექი და ნამდვილი ფერმერი გავხდი. 5-6 წლის განმავლობაში იმდენ პრობლემას შევეჯახე, რომ მათი გადაჭრის გზებზე დაფიქრება მომიწია. მსხვილი მეურნეობა მქონდა, გავლენიანი სანაცნობო წრე მყავდა, მაგრამ ამ პრობლემებს მაინც ვერ ვჭრიდი და წარმოვიდგინე, როგორ უნდა გაეკეთებინა ეს ფერმერს,  რომელსაც განსაკუთრებული კონტაქტები და კომუნიკაცია არ აქვს. ამასობაში სხვა ფერმერებიც გავიცანი და თანამოაზრეებთან ერთად გადავწყვიტეთ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დაარსება. ორგანიზაციის თავჯდომარედ მე ამირჩიეს, რაკი ჩათვალეს, რომ ყველაზე ენთუზიასტი ვიყავი. 

რა ტიპის ორგანიზაციაა ფერმერთა ასოციაცია და როგორი სტრუქტურა აქვს?

ეს ქოლგა ასოციაციაა, რომელიც ყველა ფერმერის პრობლემას ხელისუფლებამდე მიიტანს. ოთხი მიმართულება გვაქვს: ფერმერთა ადვოკატირება, იაფი რესურსების ხელმისაწვდომობა, განათლების ხელმისაწვდომობა და საწარმოო ჯაჭვების ხელის შეწყობა.  ჩვენი მიზანი ფერმერთა პრობლემების იდენტიფიცირება, შესწავლა და გადაჭრის გზების მოძიებაა.  ფერმერები ზოგდად, ერთი და იმავე პრობლემების წინაშე დგანან, თანაც ისინი წლიდან წლამდე არ იცვლება.

ამ ეტაპზე ფერმერები ასოციაციაში წევრიანდებიან. გვყავს მეცხვარეობაში ჩართული, კენკრის ბაღების, მეღორეობის წარმომადგენლები, მეთხილეები, მემანდარინეები, მეკარტოფილეები… ფიზიკური პირები, რომლებიც  იურიდიულად დარეგისტრირებული არ არიან.  გვყავს ფერმერები, რომლებსაც ერთი ჰექტარი მიწა აქვთ და ფერმერები, რომლებსაც 200 ჰექტარი აქვთ.  ამ ეტაპზე ასოციაცია საწევროს გარეშე მუშაობს, თუმცა, ეტაპობრივად ამ სტრუქტურაზეც გადავალთ.

მალე დასრულდება ჩვენი ვეგბერდი, რომელიც  ხუთ ენაზე იქნება: სომხურად, აზერბაიჯანულად, ქართულად რუსულად და ინგლისურად. ჩვენი ფერმერები სხვადასხვა ეროვნების არიან და გვინდა, რომ ყველასთვის ყველაფერი ხელმისაწვდომი იყოს - არსებობდეს ორგანიზმი, რომელიც ყველაზე ერთნაირად იზრუნებს. თავად სტრუქტურას რაც შეეხება, ასოციაციას ჰყავს საბჭო, რომელიც ყოველ ორ წელიწადში როტაციის პრინციპით შეიცვლება. ყველას - დიდი თუ მცირე მეურნეობის მქონე ფერმერს უნდა ჰქონდეს შანსი, რომ ერთ დღეს ასოციაციის თავჯდომარე გახდეს.

როგორ ხედავთ ფერმერული მეურნეობებისა და ფერმერთა ასოციაციის როლს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში? 

გვინდა ფერმერებს მოტივაცია გავუჩინოთ და პატარა ოჯახური  მეურნეობები მომგებიან საწარმოებად ვაქციოთ. მეც ასე დავიწყე და მინდა საკუთარი გამოცდილება სხვებს გავუზიარო, რომ მათ ამ გზის გავლა გაუადვილდეთ. ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკის აღმავლობას რაღაც ეტაპამდე შეავსებს სოფლის მეურნეობის განვითარება. ფერმერებს ამისთვის დახმარება და ყურადღება სჭირებათ. ჩემთვის ასოციაციას იგივე დატვირთვა აქვს, რაც პროფკავშირებს. ამ ორგანიზაციამ ფერმერთა პრობლემების მოგვარება უნდა დააყენოს დღის წესრიგში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება მხარს დაგვიჭერს. თუ არ დაგვიჭერს, მაშინ აუცილებლად გამოვალთ და ვიჩხუბებთ, რომ მხარს არ გვიჭერენ და პრობლემების გადაჭრას არ ცდილობენ.

განათლებისა და კვალიფიციური კადრების კუთხით რა პრობლემების წინაშე დგას სასოფლო მეურნეობების განვითარება? 

განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ფერმერული მეურნეობების განვითარებას უნდა უძღოდეს წინ. ჩვენთან სოფლის მეურნეობის შესახებ დაწერილი ბოლო წიგნი, რომელიც დონორების დაფინანსებული არაა, 1956 წელსაა დაბეჭდილი. ბოლო დროს მეტ-ნაკლებად გაიზარდა აგრარული უნივერსიტეტის ჩართულობა და ძალიან კარგია. იქ დარჩენილი არიან ძველი, კარგი თეორეტიკოსი კადრები, მაგრამ მათ პრაქტიკოსები სჭირდებათ.  

ზოგადად, ქვეყანაში კვალიფიკაციური კადრების დეფიციტია. რომ დაგჭირდეს, შეიძლება აგრონომი ვერ იშოვო. არ შეიძლება ქვეყანა ერთ აგრონომზე იყოს დამოკიდებული. ჩვენ, მაგალითად, ყველის ტექნოლოგი ვერ  ვიპოვეთ, მომიწია თურქეთში წავსულიყავი და თავად მესწავლა დამზადების ტექნოლოგია. ასევე მომიხდა სურსათის უვნებლობის მენეჯერი გავმხდარიყავი. შემდეგ, პროდუქციის საზღვარგარეთ გატანა რომ გადავწყვიტე, სერთიფიცირებულ ექსპორტის მენეჯერად გახდომა მომიწია. ძალიან კურიოზულია, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ფერმერს სურსათის უვნებლობას ორდღიან ტრენინგზე ვერ ასწავლი. ამისთვის საპილოტო პროექტებია გასაკეთებელი, სადაც სტუდენტობის ჩართვა შეიძლება.

ყველაზე ცუდი ამ დარგში ახალგაზრდების მინიმალური ჩართულობაა. რეგიონში სიარულისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა მშობელს სურს, მისი შვილი ექიმი ან იურისტი გამოვიდეს, ან პოლიტიკაში მოვიდეს. ზოგადად, ახალგაზრდები მეურნეობების წარუმატებლობას რომ უყურებენ, ცდილობენ რეგიონი დატოვონ. მათი მშობლების მეურნეობები მხოლოდ საკვების უზრუნველყოფას ახერხებს, ფერმერულ მეურნეობას ვერ აღიქვამენ როგორც მომგებიან წარმოებას. ეს რომ ბიზნესად ყოფილიყო აღქმული, დღეს ძალიან ბევრი თბილისელი იქნებოდა რეგიონებში  წასული და მეურნეობებიც მეტად განვითარებული იქნებოდა.

კანონმდებლობა რამდენად მოწესრიგებული და კოფორტულია ფერმერებისთვის?

მიმაჩნია, რომ ბევრი რამაა გამოსასწორებელი: მიწის გადასახადი, პირველადი წარმოების საკითხები, სურსათის უვნებლობის კანონის ძალაში შესვლა და აშ. თუმცა, ეს, ბუნებრივია, ეტაპობრივად  უნდა მოხდეს. მარტივად და მალე ამ ყველაფერს ვერავინ გადაწყვეტს. ცუდად დაწყებულის შეცვლა უფრო ძნელია, ვიდრე ნულიდან დაწყება. მე შესაძლებელობა მაქვს აუდიტორთან და იურისტთან მივიდე და რჩევა ვკითხო, მაგრამ ფერმერს ამის შესაძლებლობა არ აქვს. კანონებში კი ბევრი ორაზროვნებაა. 

რა პრობლემები ხვდებათ ფერმერებს იმისთვის, რომ მიწების დამუშავებითა და ფერმერული მეურნეობების გამართვით მოგება მიიღონ?

ყველაზე დიდი პრობლემა ირიგაციის არარსებობაა - ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში ძალიან ბევრი მიწა ურწყავია და  ღმერთზე ვართ დამოკიდებული. ფერმერები ვლოცულობთ, რომ გვალვა არ იყოს. გვალვაში კი ვლოცულობთ, რომ წვიმა მოვიდეს. რომ გვქონდეს ირიგაციის სისტემა, ქარსაცავები, სეტყვისგან დამცავი თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს, ცხადია, ძალიან წაადგებოდა ფერმერული მეურნეობების განვითარებას.

საირიგაციო სისტემების გამართვისთვის რა რესურსებია საჭირო და ვის შეუძლია ინვესტირება?

სახელმწიფოს მონაწილეობა ძალიან კარგი იქნებოდა. დონორებიც ეხმარებიან ასეთ პროექტებს. მაგრამ როცა დონორის პროექტი მთავრდება, ის მეურნეობაც მთავრდება რომელმაც გრანტი მიიღო. მოგებაზე ვერ ან არ გადადიან და ისევ ახალ დონორებს ელოდებიან. სამცხე ჯავახეთის რეგიონში ბოლო წლების სტატისტიკით, დონორებმა 9 მილიონი დახარჯეს ირიგაციის გასაკეთებლად. არადა, ირიგაცია არ არსებობს.  ამიტომ, მიმაჩნია, რომ თავად ფერმერების თანადაფინანსება კარგად იმუშავებს და ასეთ შემთხვევაში ისინი უკვე მოუვლიან და გაუფრთხილდებიან ტექნიკას. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ მეურნეობებმა დონორების გარეშეც უნდა შეძლონ არსებობის გაგრძლება. 

ქვეყანაში ცვალებადმა პოლიტიკურმა გარემომ და ომმა როგორ იმოქმედა თქვენს მეურნეობაზე?

სულ მიკვირს, უცხოელები მეურნეები როგორ გეგმავენ ხოლმე 10 წელიწადს წინასწარ. ჩვენთან ისეთი მდგომარეობაა, როდის რა მოხდება სოფლის მეურნეობაში ერთ დღით ადრეც კი ვერ იწინასწარმეტყველებ. იყო პერიოდი, როცა საერთოდ ვერ ვყიდდით პროდუქციას პოლიტიკური ფაქტორების გამო. ომის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა სესხის გადახდა. ბანკის პროცენტი ცალკე თემაა - აგრარულ სივრცეში სავსებით წარმოუდგენელი პროცენტების გადახდა უწევთ ფერმერებს - წრმოიდგინეთ, რა მოგება უნდა ჰქონდეს ფერმერს, რომ წლიური 36% გადაიხადოს. ჩვენ რომ მოწესრიგებული ირიგაცია და ქარსაცავები გვქონდეს, შეიძლება ფერმერმა ეს თანხა გადაიხადოს, მაგრამ როცა ღმერთზე ხარ დამოკიდებული და არ იცი, როდის მოვა სეტყვა და ქარი როდის ამოვარდება და ამის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, ბანკის პროცენტის გადახდა ხშირად შეუძლებელი ხდება. მერე იწყება ოჯახის ნგრევა: უნდა გაყიდო სახლი, ჩადო მიწა... ვერ წარმოიდგენთ რა პირობებში უწევთ ფერმერებს არსებობა და მიკვირს კიდევ რაღაცის წარმოება რომ შეუძლიათ. ზოგჯერ ენთუზიასტები მგონიან ხოლმე.

რაც ყველაზე ცუდია, სოფლის მეურნეობის განავითარებაზე რისკის აღება არც ერთ ბანკს არ სურს. ჩემი და პარტნიორის სახლები იპოთეკით დავტვირთე, რომ სესხი ამეღო. ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტია. მაქვს მიწები, ქარხანა…დაახლოებით მილიონის ღირებულების აქტივი, მაგრამ ბანკს ეს არ უნდა და მაინცდამაინც ვაკეში და ვერაზე უნდა სახლი,  რომ იოლად და მალე გაყიდოს.

თქვენ რისი გაკეთება მიგაჩნიათ ეფექტურად სოფლის განვითარებისთვის?

მე რასაც ვისურვებდი ჩემთვისაც და დანარჩენი ფეერმერებისთვისაც, პირველ რიგში, იაფი სესხია. ამაზე საუბრობს ახალი მთავრობა, რაც მისასალმებელი და ძალიან კარგი პროექტია.  თუ მართლა 3%-იანი სესხი გაკეთდა, ძალიან ბევრი ჩემნაირი ადამიანი ბიზნესს უფრო განავითარებს. ისინიც, ვინც მეურნეობა გარკვეული ინვესტიციის ჩადების შემდეგ შეაჩერა, ბანკის მაღალპროცენტიანი სესხის გამო, გააგრძელებენ მუშაობას.

აუცილებელია სადაზღვეო მექანიზმის ამუშავებაც. სადაზღვეო კომპონენტი ყველაზე მნიშვნელოვანია ფერმერის საქმიანობაში. საჭიროა არა სადაზღვეოსთვის, არამედ ფერმერისთვის მორგებული პორტფოლიოები. ამას  ძალიან რთული მექანიზმები სჭირდება, მაგრამ თუ ამუშავდა, ვფიქრობ, გაცილებით გამარტივდება ფერმერების ცხოვრება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამსხვილდეს დანაწევრებული მიწებიც. დღეს ეს პრობლემაა: კომუნისტების დროს და შემდეგ უკვე შევარდნაძის დროს, ფერმერებს გადაეცათ 600-600 კვადრატული მეტრი ფართობები, ჰექტარიც არა. ნახევარ ჰექტარზე მოსავლის აღება და ასეთი პატარა მიწის დამუშავება არაეფექტურია. ამის მოსაგვარებლად, მთელ მსოფლიოში აპრობირებული ფორმა კოოპერატივებია.  ფერმერები იკრიბებიან, ერთად ხნავენ, თესავენ, რისკსაც და მოგებასაც ინაწილებენ. ამის კარგი მაგალითია ესპანური “კოპოლივა”.  ახლა ეს ყველაზე დიდი მწარმოებელი ორგანიზაციაა, მაგრამ სწორედ ასეთი ფერმერული მცირე ჯგუფების გაერთიანებებისგან წარმოიშვა, რომელიც შემდეგ უფრო და უფრო გაიზარდა და სხვა გაერთიანებებს შეუერთდა. ერთობლივი შესყიდვებიც, მექანიზაციაც, ხარისხის კონტროლიც  ბევრად უფრო იაფია და კოოპერაცია გაყიდვების კუთხითაც ეფექტურია.

თქვენ როგორ აღიქვამთ საკუთარ საქმიანობას. ეს მხოლოდ ბიზნესია?

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის უფრო პატრიოტიზმია, ვიდრე ბიზნესი. ვერ ვიტყვი, რომ უახლოესი 10 წლის მანძილზე ეს ბიზნესი მოგებას მომცემს, სესხების პროცენტების და სხვა პრობლემების გამო, მაგრამ, ნაწილობრივ, ახლა ასეთი ბიზნესის კეთებას პრეცედენტული მნიშვნელობა აქვს.

ბევრჯერ მიფიქრია, იმავეს გავაკეთებ თუ არა ამ გზის გავლა თავიდან რომ მომიწიოს. და ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს - კი, იმავეს გავაკეთებ და იმავე წერიტილამდე მოვალ. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^