ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში 100-ზე მეტი ოჯახი უკიდურესი სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობს. ერთ დროს ჩაის ფაბრიკის მუშებისთვის აშენებული სახლები დღეს უიმედობის თავშესაფარია.
დამტვერილ ქუჩებში მიჯრით აშენებული ხის ძველი სახლებიდან რამდენიმე წყვილი თვალი ერთდროულად გვიყურებს. ინტერესით გვათვალიერებენ გამვლელებიც - როგორც ჩანს, აქ სტუმრებს დიდად შეჩვეულები არ არიან. არადა, კომპაქტური დასახლების ცენტრი ონარიაში ზუგდიდის ცენტრალური მოედნიდან სულ ოთხიოდ კილომეტში, სოფელ ჭითაწყარში მდებარეობს.
ონარიის დასახლება 1992-1993 წლების საომარი მოქმედებების შემდეგ ათეულობით დევნილი და ამდენივე ადგილობრივი სოციალურად დაუცველი ოჯახის თავშესაფარი გახდა. საბჭოთა დროს სახელდახელოდ ჩაის ფაბრიკის მუშებისთვის აშენებულ 31 საცხოვრებელ კორპუსს შორის ქუჩებს სახელები ჰქვია, მაგრამ აქაურობას ერთი სახელი აქვს - უკიდურესი სიღატაკე.
კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და დანომრილი სახლებიც გამოჩნდა.
„სახლები მე დავნომრე, მუშაობა ასე უფრო გამიადვილდა, აღვწერეთ საცხოვრებლები და დავდიოდით აქაურების პრობლემების გამოსაკვლევად“, - ამბობს არჩილი, რომელსაც რამდენიმე გამვლელი ცნობს და ხელსაც ართმევს. არჩილ თოდუა, ჩემი მეგზური, 2011 წელს ჩეხური ორგანიზაციის PIN (People in Need) პროექტის ფარგლებში სოციალური ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა და ადგილობრივების პრობლემები შეისწავლა.
ნახევრადმონგრეულ ღობეზე გადავდივართ, არჩილს საგანგებოდ იმ ღელესთან მივყავართ, რომელიც ონარიის დასახლების მკვიდრთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ღელეს, დასახლებიდან ათიოდ მეტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს შენობიდან საკანალიზაციო მილი უერთდება. ანტისანიტარიამ აქაურებს ჭები დაუბინძურა, რაც ტიფისა და სხვა დაავადებების მიზეზ არაერთხელ გამხდარა. სნეულებათა შორის აქაურთა შორის საჭმლის მომნელებელი სისტემის, კარდიოლოგიური, რევმატიული დაავადებები და ფსიქიკური აშლილობა ჭარბობს.
„სამმართველომ გვითხრა, რომ კანალიზაციის საკითხი მათ არ ეხებოდათ. გამოსავალი იმაში ვიპოვეთ, რომ პროექტის ფარგლებში დასახლებაში სამი ჭა გავთხარეთ, ამ ჭებში წყალი არ ბინძურდება“, - ამბობს არჩილი. თუმცა, პრობლემა ამით არ მოგვარებულა: ონარიელების უმრავლესობას ამ ჭებიდან წყლის ამოსაქაჩი ტუმბოს შესაძენი თანხა არ აქვს. წყალს ისევ ხელით ეზიდებიან.
აქ ქარისა და წვიმისაც ეშინიათ. ძველი სახურავებიდან წყალი ბევრგან ჟონავს, კედლები დაბზარულია. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ აშენებული კორპუსების რეაბილიტაცია პრაქტიკულად შეუძლებელია.
„დილაობით რომ ვგვი, ლამის კილოგრამობით გამაქვს ბათქაში და მტვერი. მეუბნებოდა სამინისტრო, გადაგიყვანთ სხვა ადგილასო, მაგრამ იმ სოფელში რა გავაკეთო, მიწა იქ არ იქნება და სამსახური, აქ კიდევ ქალაქთან ახლოს მაინც ვარ“, - ამბობს 58 წლის გალიდან დევნილი ნაზი თაკალანძე.
2011 წელს PIN-მა ონარიის დასახლებაზე სოციალური მდგომარეობის ანალიზი გამოაქვეყნა. დოკუმენტში, რომლის ავტორი არჩილ თოდუაა, საყოფაცხოვრებო და ინსტიტუციურ საჭიროებებთან ერთად, პროსტიტუციის პრობლემაზეც არის საუბარი.
“სიღარიბის მაღალი დონე და ნულოვანი შემოსავლები აქ მცხოვრებთა გარკვეულ ნაწილს (ქალები) იძულებულს ხდის, ჩაებან პროსტიტუციაში. ონარიაში მცხოვრებ, კომერციული სექსით დაკავებულ ქალბატონთა ზუსტი რაოდენობის დადგენა, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, ვერ შევძელით, თუმცა რამდენიმე ბენეფიციართან თუ რესპონდენტთან პირადი საუბრისას დადგინდა კომერციულ სექს მუშაკთა სავარაუდო ოდენობა და ეს რიცხვი დაახლოებით ოცს უტოლდება. ონარიის დასახლებაში პროსტიტუციის მაჩვენებელი, საკმაოდ მაღალია, და ამიტომ სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებით დაავადებულ პირთა რაოდენობაც დიდია “, - ვკითხულობთ კვლევაში.
სამწუხაროდ, პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებთან და მათ ახლობლებთან არც სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და არც ფსიქოლოგები დადიან.
ფსიქოლოგის აუცილებლობაზე საუბრობს ონარიის საშუალო სკოლის დირექტორი სოფიო ავალიანი. სკოლაში სულ 125 მოსწავლე სწავლობს, მათგან 87 სოციალურ დაუცველი ოჯახებიდან არის. დირექტორი ამბობს, რომ წელს მხოლოდ ამ კატეგორიის მოსწავლეებმა მიიღეს სახელმძღვანელოები, 2011 წელს კი არასამთავრობო სექტორის დახმარებით წიგნები და სხვა სასკოლო ნივთები ყველამ მიიღო.
„უმრავლესობა ისეთი ტრავმირებული ოჯახებიდან არის, რომ აუცილებელია მათთან დამატებით მუშაობა... ხშირად ფეხსაცმელიც კი არ აქვთ, რომ სკოლაში იარონ. ვეხმარებით, როგორც ხელი მიგვიწვდება - ხან ტანსაცმლით, ხან საკვებით“, - ამბობს სოფიო ავალიანი.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა რამდენიმე წლის წინ სკოლასთან საერთო სააბაზანო ააშენა, ზოგადად კი ცხელი წყალი და შხაპი აქაურებისთვის ფუფუნებაა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის თანაშემწე ინგა შონია ამბობს, რომ საერთო სააბაზანოები ზუგდიდში რამდენიმე ადგილას აშენდა, თუმცა ამ დროისთვის ონარიის კომპაქტურ დასახლებაში კომიტეტი არცერთ პროექტს არ ახორციელებს.
„მკვადრი მკვდარს რომ აეკიდება, ისე ვართ მე და ჩემი და. ძმიშვილები ზუგდიდში არ არიან, ხშირად კი ჩამოდიან, მაგრამ საკუთარი ოჯახები ჰყავთ და მაინც ვერ იცლიან ჩვენთვის, ხოდა, გადის დრო მოგონებებით და კარგის მოლოდინით. ჩვენ უკვე ისეთი ასაკის ვართ, რომ მომავალზე კი არა საფლავზე უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ არ მინდა, რომ ჩვენი იმედები დასამარდეს“, - ამბობს ფაფალა ქარდავა. არც დას აქვს ნაკლებ უჩვეულო სახელი - ფაფალა და ფუფულა ონარიის დასახლებაში ყველამ იცის - დანგრევის პირამდე მისულ სახლში სტუმრებს ცხელი ჩაი და გულირიფშზე მოგონებები ელით.
ლუკას აფხაზეთი არ უნახავს, მაგრამ უფროსი მეზობლების საუბარს ყურადღებით უსმენს. პირველ კლასშია, სწავლასთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი „ჭრელაა“, ხან წყალს დაუსხამს, ხანაც მასთან ერთად დარბის ეზოში. ლუკა თავისი ხბოთი ბავშვობაში წაკითხული ერთი მოთხრობის ილუსტრაციას მაგონებს.
სახლი, სადაც ლუკა ცხოვრობს, გზის პირზეა, მოპირდაპირე მხარეს კი ჩაის პლანტაციაა, რომელსაც თითქმის 25 წელია, მკრეფავის ხელი არ მიკარებია. შესახლების შემდეგ დევნილმა და სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფმა ადგილობრივმა ოჯახებმა პლანატაციები ისე მოაწესრიგეს, რომ იქ სიმინდის მოყვანა დაიწყეს, თუმცა არცერთ მათგანს მიწა საკუთრებაში არ გადასცემია. ახლა ეს მიწები ერთ-ერთი იტალიური კომპანიის საკუთრებაა, რომელმაც ათეულობით ჰექტარზე თხილი გააშენა და მოსავლის ექსპორტს ეწევა.
2013 წლიდან პრობლემაა დევნილთა მიერ 100 კვ/სთ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადიც. ონარიაში გვითხრეს, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს ეს თანხა ჯერ არ გადაურიცხავს. სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი ირაკლი ქოჩუა გვეუბნება, რომ შეფერხება ტექნიკური ხასიათისაა.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამინისტროსა და „ენერგოპროს“ შორის. როგორც კი პროცესი დასრულდება, თანხაც დაირიცხება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ონარიაში დევნილებს ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნებათ“, - ამბობს ირაკლი ქოჩუა. მისგანვე ვიგებთ, რომ ონარიის ძველი სახლების რეაბილიტაცია შეუძლებელია და 167 დევნილს ეტაპობრივად გადაიყვანენ ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე მშენებარე კორპუსებში. ამ ეტაპისთვის ზუგდიდში ასეთი 8 კორპუსის აშენებაა გადაწყვეტილი, იქ ბინას 280 დევნილი ოჯახი დაიდებს, თუმცა ეს დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია, ადგილზე ჯერ მხოლოდ საძირკველია ჩაყრილი. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც ონარიაში უსახლკარობის გამო შესახლდნენ, მუნიციპალიტეტს მათთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა არ აქვს, არც 2013 წლის ადგილობრივ ბიუეჯტშია რაიმე თანხა გამოყოფილი მათ დასახმარებლად.
„თქვენ იცით, რომ საკმაოდ მწირი ბიუჯეტი გვაქვს: ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს ჭების გათხრაა. ასევე მომართვის შემთხვევაში, შესაძლებელია მოქალაქეებს შესაბამის სამინისტროებთან ვუშუამდგომლოთ“, - ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა.
იტალიური კომპანიის თხილის პლანტაციებიდან უკან დასახლებაში ვბრუნდებით. სახლებიდან იმავე მზერას ვამჩნევთ, როგორც შემოსვლის დროს, - როგორც ჩანს, აქ სტუმრებს დიდად შეჩვეულები არ არიან.